მთავარი დეტალები
Starknet წარმოადგენს Ethereum-ზე გაშვებულ მეორე დონის მასშტაბირების სისტემას, რომელიც იყენებს ვალიდურობის მტკიცებულებებს და გვთავაზობს სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს და ამავდროულად დაცულია Ethereum-ის უსაფრთხოების სისტემით.
ქსელი ტრანზაქციების დამუშავებას ახორციელებს off-chain და Ethereum-ზე აგზავნის კრიპტოგრაფიულ მტკიცებულებებს ვერიფიკაციისთვის.
Starknet-ზე მასშტაბირებადი დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შესაქმნელად, დეველოპერები იყენებენ Cairo-ს - სპეციალურ პროგრამირების ენას.
შესავალი
Starknet არის მეორე დონის სისტემა, რომელიც იყენებს ინფორმაციის მასშტაბირებად გამჭვირვალე არგუმენტების (STARK) მტკიცებულებებს სწრაფი, იაფი და მასშტაბირებადი ტრანზაქციების განხორციელებისთვის. ის დეველოპერებს აძლევს მაღალეფექტური, იაფი და ძლიერი კრიპტოგრაფიული დაცვის მქონე დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შექმნის შესაძლებლობას უსაფრთხოების ან დეცენტრალიზაციის დონის შემცირების გარეშე.
რა არის STARK-ები?
STARK-ები, ანუ „ინფორმაციის მასშტაბირებადი გამჭვირვალე არგუმენტები“, წარმოადგენს კრიპტოგრაფიული მტკიცებულების ტიპს, რომლებიც გამოიყენება გამოთვლების სისწორის ვერიფიკაციისთვის თავად გამოთვლის განმეორების საჭიროების გარეშე.
Starknet-ის კონტექსტში, STARK-ები გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ off-chain ტრანზაქციების დამუშავება სწორად მოხდა, შემდეგ კი კომპაქტური ზომის მტკიცებულებები იგზავნება Ethereum-ზე. ეს Ethereum-ს ეხმარება ტრანზაქციების დიდი ზომის პაკეტების უფრო ეფექტურად და იაფად დამუშავებაში.
STARK-ები არ გვთავაზობს კონფიდენციალურობას და, ტრადიციული ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებისგან (ZKP) განსხვავებით, ისინი ფოკუსირებულია გამოთვლების საიმედოობის მტკიცებულების გენერირებაზე. STARK-ები იმის გამოა განსაკუთრებით მძლავრი, რომ მათი მუშაობა არ არის დამოკიდებული ნდობაზე დამყარებულ სისტემაზე, მათი მასშტაბირება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც გამოთვლები რთულდება და ისინი უფრო მეტადაა დაცული მომავალი საფრთხეებისგან, მაგალითად პოტენციური კვანტური შეტევებისგან.
რა არის Starknet?
Starknet არის მეორე დონის მასშტაბირების სისტემა, რომლის დანიშნულებაა Ethereum-ის ტრანზაქციების უფრო სწრაფად და იაფად დამუშავება. თითოეული ტრანზაციის პირდაპირ Ethereum-ის მთავარ ბლოკჩეინზე დამუშავების ნაცვლად, Starknet მათ off-chain ამუშავებს.
შემდეგ ქსელი ქმნის STARK მტკიცებულებებს, რომელთა დანიშნულებაა იმის მათემატიკური მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ ტრანზაქციები სწორად განხორციელდა. ეს მტკიცებულებები, ცვლილებების მოკლე აღწერასთან ერთად, იგზავნება Ethereum-ზე, სადაც ხდება მათი ვერიფიკაცია და დასრულება.
როგორ მუშაობს Starknet?
1. სეკვენსერი: ტრანზაქციების მართვა
სეკვენსერი პასუხისმგებელია ტრანზაქციების მიღებასა და ორგანიზებაზე. ის პაკეტებად აერთიანებს ტრანზაქციებს, ამოწმებს მათ ვალიდურობას და პაკეტიდან იღებს არავალიდურ ტრანზაქციებს (მაგალითად, არასაკმარისი თანხის ან შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში).
ბლოკებში ემატება მხოლოდ ვალიდური ტრანზაქციები, რომლებიც იგზავნება შემდგომი ვალიდაცისთვის. რადგან ეს პროცესი off-chain ხორციელდება, სეკვენსერს გაცილებით მეტი ტრანზაქციის დამუშავება შეუძლია.
2. დამმტკიცებელი: მტკიცებულების გენერირება
დამმტკიცებელი იღებს დამუშავებულ ბლოკს და აღრიცხავს ტრანზაქციის აღსრულების თითოეულ საფეხურს (აღსრულების ეტაპებს) და სისტემის მდგომარეობის ცვლილებებს (მდგომარეობებს შორის სხვაობებს). ამის შემდეგ დამმტკიცებელი ამუშავებს ამ მონაცემებს და შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე ირჩევს მის რომელიმე ნაწილს საბოლოო STARK მტკიცებულების გენერირებისთვის, რაც წარმოადგენს იმის მათემატიკურ გარანტიას, რომ ტრანზაქციების აღსრულება სწორად მოხდა.
3. ანგარიშსწორება Ethereum-ზე
ეს მტკიცებულება და საბოლოო მდგომარეობის ცვლილებები იგზავნება Ethereum-ზე სადაც მის ვერიფიკაციას ახორციელებს ორი სმარტ კონტრაქტი:
ვერიფიკატორი კონტრაქტი ამოწმებს მტკიცებულების სიზუსტეს. თუ მონაცემები შესაბამისი და ვალიდურია ხდება მისი დამტკიცება.
ამის შემდეგ, Starknet Core კონტრაქტი ახდენს Starknet-ის მდგომარეობის განახლებას Ethereum-ზე ვერიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე.
დადასტურების შემდეგ, განახლებული მდგომარეობა ემატება Ethereum-ის ბლოკში, სადაც ის ხდება მუდმივი ჩანაწერების ნაწილი. რადგან მტკიცებულება ადასტურებს off-chain გამოთვლების ვალიდურობას, აღარ არის საჭირო ტრანზაქციების ხელახლა აღსრულება Ethereum-ზე, რაც გვეხმარება ქსელის გადატვირთვის თავიდან აცილებასა და ხარჯების შემცირებაში.
Starknet-ის ძირითადი მახასიათებლები
Cairo: Starknet’-ის პროგრამირების ენა
სმარტ კონტრაქტების შესაქმნელად, Starknet იყენებს სპეციალურ პროგრამირების ენას, სახელწოდებით Cairo, რომელიც შემუშავებულია იმ პროგრამების კოდების დასაწერად, რომელთა ვერიფიცირება შესაძლებელი იქნება STARK მტკიცებულებების მეშვეობით. ის დეველოპერებს აძლევს Starknet-ზე მასშტაბირებადი აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას კრიპტოგრაფიის სფეროში საექსპერტო ცოდნის გარეშე.
Cairo-ს ეკოსისტემა მოიცავს დეველოპერების ინსტრუმენტებს, რომელთა შორისაა Dojo - ღია კოდზე დაფუძნებული თამაშების ძრავა, რომლითაც შესაძლებელია სრულად on-chain თამაშების შექმნა, ასევე Starknet React - ბიბლიოთეკა, რომელიც ამარტივებს Starknet-ის DApp-ებისთვის ვებ-ინტერფეისების შექმნას.
ადგილობრივი ანგარიშის აბსტრაქცია
Starknet-აქვს ადგილობრივი ანგარიშის აბსტრაქციის მხარდაჭერა, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს Web3 აპლიკაციებში დაამატონ Web2-ის მსგავსი მომხმარებლის ინტერფეისი. ეს მოიცავს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა passkeys, სადაც მომხმარებელს ავტორიზაციის გავლა შეუძლია seed ფრაზების და სესიის გასაღებების გარეშე, რაც მას რამდენიმე ტრანზაქციის ერთდროულად დადასტურების შესაძლებლობას აძლევს. ფუნქცია paymasters გვთავაზობს „უგაზო“ ტრანზაქციებს, სადაც მომხმარებელი ტრანზაქციის საფასურს იხდის ERC-20 ტოკენებით, ასევე შესაძლებელია გაზის საფასურის სხვის ნაცვლად გადახდა.
Cartridge Controller წარმოადგენს Starknet-ის სმარტ კონტრაქტის საფულის მაგალითს, რომლის წყალობითაც ამ ფუნქციების თამაშში გადატანაა შესაძლებელი. მისი ფუნქციები მოიცავს ერთი დაწკაპუნებით შესვლას, მოთამაშის იდენტიფიკაციას, მიღწევებს, ის ასევე მუშაობს თამაშის ძრავასთან და frontend ინსტრუმენტებთან ერთად.
ვალიდურობა და ოპტიმისტური როლაფები
ოპტიმისტური როლაფებისგან განსხვავებით, რა დროსაც ტრანზაქციები ვალიდურად ითვლება მათ შემოწმებამდე, სისწორის დასადასტურებლად Starknet იყენებს ვალიდურობის მტკიცებულებებს. ის გვთავაზობს ტრანზაქციების დამუშავების სწრაფად დასრულებას (რადგან არ არის საჭირო შემოწმების პერიოდის ლოდინი) და ძლიერ კრიპტოგრაფიულ გარანტიებს.
თუმცა ოპტიმისტური როლაფების ინტეგრაცია გაცილებით მარტივია და ასევე უფრო მეტად თავსებადია Ethereum-ის ინსტრუმენტებთან. ორივე მიდგომას საკუთარი ნაკლოვანებები გააჩნია, ამიტომ როლაფის არჩევანი დამოკიდებულია კონკრეტულ მიზანზე, დაყოვნების დასაშვებ დონეზე, თავსებადობაზე და ნდობაზე.
გამოწვევები
Starknet არ გვთავაზობს Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM) თავსებადობას, რითაც ის გამოირჩევა სხვა მეორე დონის სისტემებისგან, როგორებიცაა zkSync Era და Scroll, რომლებიც დეველოპერებს აძლევს არსებული Solidity კოდის და Ethereum-ის ინსტრუმენტების მრავალჯერადად გამოყენების შესაძლებლობას.
Starknet-ის შემთხვევაში, დეველოპერებს მოეთხოვებათ Cairo-ს გამოყენების ცოდნა, რომელიც წარმოადგენს სპეციალურად STARK მტკიცებულებების მოსამზადებლად შექმნილ პროგრამირების ენას. მიუხედავად იმისა, რომ Cairo გვთავაზობს გარკვეულ ტექნიკურ უპირატესობებს, მისი შესწავლა მოითხოვს დროს, რაც ანელებს ინტეგრაციის პროცესს და ართულებს არსებულ აპლიკაციებზე მიგრაციას.
STRK ტოკენი
STRK ტოკენი წარმოადგენს Starknet პროტოკოლის ადგილობრივ utility ტოკენს. ეს ტოკენი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა მმართველობაში მონაწილეობა, ტრანზაქციის საკომისიოების გადახდა და სტეიკინგი.
მმართველობა: STRK-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მმართველობის პროცესში და ხმა მისცენ სხვადასხვა შემოთავაზებებს, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს სისტემის განახლებებს ან Starknet-ის ოპერაციულ სისტემაში ცვლილებების შეტანას. ზოგიერთი შემოთავაზების მხარდაჭერის ან ინიცირებისთვის შესაძლოა დაწესებული იყოს STRK-ის მინიმალური ლიმიტი.
ტრანზაქციის საკომისიოები: STRK შესაძლოა გამოყენებულ იქნეს Starknet-ზე ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად. STRK-ის გამოყენების დროს, სეკვენსერის მიერ მისი ნაწილი კონვერტირდება ETH-ში, რომელიც გამოიყენება Ethereum-ის გაზის საფასურის გადასახდელად.
სტეიკინგი: STRK-ის სტეიკინგზე განთავსების ორი ვარიანტი არსებობს:
როგორც ვალიდატორი: სტეიკინგზე განათავსეთ მინიმალური ოდენობის STRK, შეასრულეთ ქსელის პასუხისმგებლობები და მიიღეთ ჯილდოები.
როგორც დელეგატორი: გადაეცით ტოკენები ვალიდატორს და მიიღეთ წილი ვალიდატორის მიერ გამომუშავებული ჯილდოებიდან ვალიდატორის ნოდის გაშვების საჭიროების გარეშე.
შეჯამება
ვალიდურობის მტკიცებულებების, კერძოდ კი STARK-ების გამოყენებით, Starknet გვთავაზობს სხვადასხვა მიდგომას Ethereum-ის მასშტაბირებისთვის. ამ როლაფის მიზანია ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდა და ხარჯების შემცირება Ethereum-ის უსაფრთხოების გარანტირებით სარგებლობის პარალელურად. სხვადასხვა მახასიათებლებით, როგორიცაა პროგრამირების ენა Cairo და ადგილობრივი ანგარიშის აბსტრაქცია, Starknet დეველოპერებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა on-chain გეიმინგი და ინფრასტრუქტურა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.