მთავარი დეტალები
კრიპტო ონკანი არის ვებსაიტი ან აპლიკაცია, რომელთა მეშვეობით მომხმარებლები იღებენ მცირე ოდენობით კრიპტოვალუტას მარტივი დავალებების შესრულების სანაცვლოდ, როგორიცაა captcha თავსატეხების ამოხსნა, ვიდეოების ყურება ან ქვიზების შევსება.
Bitcoin-ის ონკანებზე ჯილდოების გაცემა ხდება satoshi-ებში, რაც წარმოადგენს BTC-ის უმცირეს დენომინაციას (1 BTC = 100 000 000 satoshi).
Testnet-ის ონკანებს სხვა დანიშნულება აქვს: ამ დროს ხდება ღირებულების არმქონე სატესტო ტოკენების გაცემა, რაც დეველოპერებს აძლევს Testnet-ზე გაშვებულ სმარტ კონტრაქტებთან და ბლოკჩეინ-აპლიკაციებთან ურთიერთქმედების საშუალებას რეალური თანხის ხარჯვის გარეშე.
კრიპტო ონკანი არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მცირე ოდენობით კრიპტოვალურას მარტივი დავალებების შესრულების სანაცვლოდ. მისი სახელწოდება არის მეტაფორა: როგორც რეალური ონკანიდან გამომავალი წყლის წვეთებით შესაძლებელია ჭიქის ავსება, ასევე კრიპტო ონკანის მეშვეობით მიღებული მცირე ოდენობით კრიპტოებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის დაგროვება. ეს კონცეფცია სათავეს იღებს Bitcoin-ის ისტორიის ადრეული პერიოდიდან და მას შემდეგ ის ჩამოყალიბდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორმატის სახით, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიის აუდიტორიაზეა გათვლილი, დაწყებული მცირე ჯილდოების გამომუშავების მსურველი ინდივიდუალური მომხმარებლებით და დამთავრებული დეველოპერებით, რომლებიც ბლოკჩეინის აპლიკაციის ტესტირებაზე მუშაობენ.
რა არის Bitcoin-ის ონკანი?
Bitcoin-ის ონკანი წარმოადგენს კრიპტო ონკანს, რომელიც ჯილდოებს Bitcoin-ში (BTC) გასცემს. პირველი Bitcoin-ის ონკანი შეიქმნა 2010 წელს, დეველოპერ გევინ ანდერსენის მიერ. მისი მეშვეობით მომხმარებელი იღებდა 5 BTC-ს მარტივი captcha თავსატეხის ამოხსნის სანაცვლოდ. მისი მეშვეობით, საერთო ჯამში გაცემულ იქნა 19 715 BTC, რამაც ხელი შეუწყო Bitcoin-ის ქსელის მომხმარებელთა და მფლობელთა პირველი ტალღის ფორმირებას. იმ პერიოდში BTC-ის ღირებულება ძალიან დაბალი იყო, ამიტომ ჯილდოების მსგავსი განაწილება პრაქტიკულ ღონისძიებად ითვლებოდა.
თანამედროვე Bitcoin-ის ონკანების მიერ გაცემული ჯილდოების ოდენობა გაცილებით ნაკლებია. ჯილდოები გაიცემა satoshi-ებშ, რაც წარმოადგენს BTC-ის უმცირეს ერთეულს (1 BTC = 100 000 000 satoshi). Bitcoin-ის ონკანების მიერ დავალების შესრულების სანაცვლოდ გაცემული თანხები რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულ satoshi-მდე მერყეობს, რაც Bitcoin-ის დღევანდელი ღირებულების გათვალისწინებით ძალიან მცირე თანხებს წარმოადგენს. მომხმარებლები მიღებულ ჯილდოებს აგროვებენ ონკანის საფულეში, სანამ თანხის ოდენობა გატანის მინიმალურ ზღვარს არ მიაღწევს, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ ეს თანხა საკუთარ კრიპტო საფულეში გადაიტანონ.
როგორ მუშაობს კრიპტო ონკანები?
კრიპტო ონკანების უმეტესობის მუშაობა საერთო პრინციპზეა დაფუძნებული. მომხმარებელი ხსნის ანგარიშს ონკანის ვებსაიტზე ან აპლიკაციაშია, აკავშირებს ან ქმნის კრიპტო საფულის მისამართს და შემდეგ კი ჯილდოების მისაღებად იწყებს დავალებების შესრულებას:
captcha თავსატეხების ამოხსნა
მოკლე სარეკლამო ვიდეოების ყურება
სტატიების წაკითხვა ან ქვიზების შევსება
ბრაუზერის თამაშების გახსნა
პალტფორმაზე ახალი მომხმარებლების მოწვევა
მომხმარებლის ჯილდოები გროვდება ონკანის ბალანსზე, სანამ თანხა არ მიაღწევს გატანის მინიმალურ ლიმიტს. აღნიშნული ლიმიტი სხვადასხვა პლატფორმაზე განსხვავებულია. ონკანის ოპერატორები თანხას გამოიმუშავებენ ძირითადად მომხმარებლებისთვის რეკლამების ჩვენების მეშვეობით დავალებების შესრულების დროს. ამ რეკლამებიდან შემოსული თანხის ნაწილი გაიცემა მომხმარებელზე კრიპტო ჯილდოების სახით. რადგან ამ პლატფორმების ეკონომიკა დამოკიდებულია რეკლამებიდან მიღებულ შემოსავალზე, ჯილდოების ზომა, როგორც წესი, მცირეა.
კრიპტო ონკანის ტიპები
Bitcoin-ის ონკანები
Bitcoin-ის ონკანები პირველ და ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს. ამ პლატფორმებზე ჯილდოები გაიცემა satoshi-ების სახით და ხშირ შემთხვევაში მათ მომხმარებელს წარმოადგენს ის ხალხი, რომელთაც სურთ Bitcoin-ით ვაჭრობის გამოცდა მისი შეძენის გარეშე. არსებობს რამდენიმე აგრეგატორი ვებსაიტი, სადაც ერთ გვერდზე მოცემულია რამდენიმე Bitcoin-ის ონკანი, რაც მომხმარებელს აძლევს ჯილდოების რამდენიმე წყაროდან ერთდროულად მოთხოვნის შესაძლებლობას.
ალტკოინის და ტოკენის ონკანები
Bitcoin-ის ონკანების გარდა არსებობს სხვა კრიპტოვალუტების ონკანები, მათ შორის Ethereum-ის (ETH), BNB-ის, Litecoin-ის და სხვა მცირე ზომის ტოკენების ონკანები. ახალი ბლოკჩეინის პროექტებში ხოგჯერ ონკანები გამოიყენება ტოკენების ადრეულ მომხმარებლებს შორის განაწილების და პირველადი სამომხმარებლო ბაზის ჩამოყალიბების მიზნით. ამ ონკანების მუშაობის პრინციპი Bitcoin-ის ონკანების ანალოგიურია, თუმცა ამ დროს ჯილდოების გაცემა ადგილობრივ ტოკენებში ხდება.
Testnet-ის ონკანები
Testnet-ის ონკანების დანიშნულება ფუნდამენტურად განსხვავდება ჯილდოების ონკანების დანიშნულებისგან. Testnet არის ბლოკჩეინის ქსელის პარალელური ვერსია, რომელიც გამოიყენება პროგრამების შეუშავებისა და ტესტირებისთვის. Testnet-ის ტოკენებს არ აქვს რეალური ღირებულება და არსებობს მხოლოდ სიმულირებული ქსელის გარემოში. დეველოპერებს და მომხმარებლებს ეს ტოკენები ესაჭროებათ სმარტ კონტრაქტების გასაშვებად, დეცენტრალიზებული აპლიკაციების ტესტირებისთვის და ახალ პროტოკოლებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად რეალური თანხებით გარისკვის გარეშე.
Testnet-ის ონკანები ამ ღირებულების არმქონე ტოკენებს გასცემს მოთხოვნის საფუძველზე, რისთვისაც, როგორც წესი, საჭიროა საფულის მისამართის შეყვანა. ამ ტიპის ონკანების მაგალითებია Ethereum Sepolia ონკანები, Solana devnet ონკანები და BNB testnet ონკანები.
თუ აპირებთ ახალი აპლიკაციის შექმნას ან მის ტესტირებას, Testnet-ის ონკანი წარმოადგენს სატესტო ქსელში გაზის საკომისიოებისთვის საჭირო ტოკენების მიღების სტანდარტულ საშუალებას.
Learn-and-Earn პლატფორმები
მსგავს მოდელს იყენებს Learn-and-Earn პლატფორმა, თუმცა ამ შემთხვევაში კრიპტიპვალუტის ჯილდოების მისაღებად მომხმარებელმა ზოგადი დავალებების შესრულების ნაცვლად უნდა გაიაროს საგანმანათლებლო მოდულები და შეავსოს ქვიზები. Binance Academy-ს აქვს საკუთარი Learn and Earn პროგრამა, რომელიც ამ მოდელს ეფუძნება და ტოკენის ჯილდოებ სთავაზობს იმ მომხმარებელს, რომელიც წაიკითხავს სტატიას პროექტის შესახებ და გაივლის მოკლე ქვიზს. ტრადიციული ონკანებისგან განსხვავებით, Learn-and-Earn პროგრამები კონკრეტულ ბლოკჩეინ-პროექტებთან თანამშრომლობს, რომლებიც ჯილდოებს გასცემენ მომხმარებელთა მიზნობრივი განათლების სანაცვლოდ.
რით განსხვავდება კრიპტო ონკანები Airdrop-ებისა და Bounty-ებისგან
კრიპტო ონკანები ხშირად ერევათ ტოკენების განაწილების სხვა მეთოდებში:
Airdrop-ები: Airdrop-ის დროს ჯილდოების საფულეებში გადაგზავნა ხდება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის და მონაწილეობის უფლების კრიტერიუმების შესამაბისად, როგორიცაა კონკრეტული ტოკენის ფლობა. მომხმარებლებს არ ესაჭიროებათ დავალებების შესრულება; ტოკენები ავტომატურად იგზავნება შესაბამის საფულეებში. ონკანები კი თითოეული ჯილდოს სანაცვლოდ მოითხოვს აქტიურ მონაწილეობას.
Bounty-ები: A Bounty არის კონკრეტული დავალება ან დავალებების ნაკრები, რომელსაც აქვეყნებს ბლოკჩეინის პროექტი და მისი შესრულების სანაცვლოდ მომხმარებელს სთავაზობს ერთჯერად ჯილდოს. ამის მაგალითებია ბაგების ანგარიშები, თარგმნა ან მარკეტინგში მონაწილეობა. Bounty-ებში მონაწილეობა საჭიროებს უფრო სპეციალიზებულ უნარებს, ვიდრე ონკანის დავალებები, სანაცვლოდ კი მომხმარებლები იღებენ არა მრავალჯერად მცირე ჯილდოებს, არამედ შედარებით დიდ ერთჯერად ანაზღაურებას.
კრიპტო ონკანების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ონკანები გვთავაზობს კრიპტოვალუტის სივრცეზე წვდომის დაბალ ბარიერებს, არსებობს მათთან დაკავშირებული გარკვეული რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:
თაღლითობები და მალვეარები: ზოგიერთი ვებსაიტი გაშვებულია, როგორც ონკანი, თუმცა რეალურად ის შექმნილია პერსონალური მონაცემების მოპარვის ან მომხმარებლის მოწყობილობაზე მალვეარის ინსტალაციის მცდელობის მიზნით. გამოიყენეთ მხოლოდ პოპულარული და გადამოწმებადი რეპუტაციის მქონე პლატფორმები და არ ენდოთ საიტს, რომელიც გთხოვთ საფულის პირადი მისამართის ან სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის გაგზავნას.
დახარჯულ ძალისხმევასთან შეუსაბამო ჯილდოები: ონკანების უმეტესობის მიერ შემოთავაზებული ჯილდოები ძალიან დაბალია. ზოგჯერ დავალებების საათობით შესრულების სანაცვლოდ მიღებული კრიპტოს ღირებულება ერთ დოლარსაც ვერ აღწევს. სანამ ონკანის დავალებების შესრულებას დაიწყებთ შეაფასეთ, არის თუ არა შემოთავაზებული ჯილდოები დახარჯული ძალისხმევის პროპორციული.
გატანის მინიმალური ლიმიტები: ბევრი ონკანის წესების მიხედვით, გატანის უფლების მისაღებად, მომხმარებელის მიერ დაგროვებული ჯილდოს ოდენობა გარკვეულ ზღვარს ზემოთ უნდა იყოს. თუ პლატფორმა ამ ლიმიტის მიღწევამდე დაიხურება ან შეცვლის გამოყენების პირობებს, დაგრვებული ჯილდოები შეიძლება დაიკარგოს.
თავად ჩაატარეთ მოკვლევა (DYOR). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ონკანებს ეხება. სანამ პლატფორმისთვის დროის დათმობას ან პერსონალური ინფორმაციის გაზიარებას გადაწყვეტთ, გაეცანით დამოუკიდებელი მომხმარებლების შეფასებებს და საზოგადოების წევრების უკუკავშირს, რაც დაგეხმარებათ პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებაში.
ონკანი და Airdrop
ჯილდოების სანაცვლოდ, ონკანი მომხმარებლისგან მოითხოვს დავალებების აქტიურად შესრულებას. Airdrop კი ტოკენებს ავტომატურად ანაწილებს მონაწილეობის უფლების მქონე მომხმარებლების საფულის მისამართებზე განსაზღვრული გრაფიკის ან მონაწილეობის კრიტერიუმების შესაბამისად. ამ დროს დავალებების შესრულება არ მოგეთხოვებათ.
შეჯამება
კრიპტო ონკანები წარმოგვიდგენს კრიპტოვალუტის ეკოსისტემასთან ურთიერთქმედების მარტივ მეთოდს გასართობი ან საგანმანათლებლო საშუალებების შეთავაზების გზით. ის გვთავაზობს კრიპტოს გამომუშავების შესაძლებლობას ფინანსების ინვესტირების გარეშე, თუმცა მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სიფრთხილე და მოვერიდოთ თაღლითობებს ან დახარჯულ ძალისხმევასთან შეუსაბამო ჯილდოებს. ონკანის პროგრამაში მონაწილეობამდე ყოველთვის თავად ჩაატარეთ მოკვლევა და გაითვალისწინეთ მასთან დაკავშირებული რისკები.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.