Bitcoin და Stock to Flow მოდელი
მთავარი
სტატიები
Bitcoin და Stock to Flow მოდელი

Bitcoin და Stock to Flow მოდელი

გამოქვეყნებული Apr 13, 2020განახლებული Dec 11, 2023
6m

რა არის Stock to Flow მოდელი?

მარტივად რომ ვთქვათ, Stock to Flow (SF ან S2F) მოდელი წარმოადგენს კონკრეტული რესურსის სიუხვის გაზომვის საშუალებას. Stock to Flow თანაფარდობა არის რეზერვებში არსებული რესურსის რაოდენობის შეფარდება წლიურად წარმოებულ რაოდენობასთან.

ჩვეულებრივ Stock to Flow მოდელი გამოიყენება ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაში. მოდით ეს მოდელი განვიხილოთ ოქროს მაგალითზე. მსოფლიოს ოქროს საბჭოს შეფასებით, მთელი ისტორიის მანძილზე დაახლოებით 190 000 ტონა ოქროა მოპოვებული. ამ რაოდენობას (მთლიან მოცულობას) უწოდებენ stock-ს (მარაგს). ასევე, წელიწადში ხდება დაახლოებით 2500-3200 ტონა ოქროს მოპოვება. ამ რაოდენობას უწოდებენ flow-ს (შემოდინებას).

ამ ორი მნიშვნელობის მეშვეობით ჩვენ შევიძლია გამოვთვალოთ Stock to Flow თანაფარდობა. თუმცა რეალურად რას ნიშნავს ეს? ფაქტობრივად, ეს გვაჩვენებს წლიურად კონკრეტული რესურსის ბაზარზე შემოსული მარაგის ოდენობას მთლიან მარაგთან მიმართებაში. რაც უფრო მაღალია Stock to Flow თანაფარდობა, მით უფრო ნაკლები ახალი რესურსი შედის ბაზარზე მთლიან მარაგთან შედარებით. თეორიულად, Stock to Flow თანაფარდობის მაღალი მაჩვენებლის მქონე რესურსს ღირებულების შენარჩუნება უფრო ხანგრძლივი პერიოდით უნდა შეეძლოს.

ამის საპირისპიროდ, ხარჯვადი მასალების და სამრეწველო პროდუქტების Stock to Flow თანაფარდობის მაჩვენებელი, როგორც წესი, დაბალია. რა არის ამის მიზეზი? მათი ღირებულება ჩვეულებრივ დაკავშირებულია მათ განადგურებასთან ან მომხმარებასთან, მარაგი კი მხოლოდ მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით იქმნება. ამ რესურსების ქონებრივი ღირებულება ყოველთვის მაღალი არ არის, ამიტომ ისინი იშვიათად გამოიყენება საინვესტიციო აქტივების სახით. გამონაკლის შემთხვევაში, თუ არსებობს მოლოდინი, რომ სამომავლოდ ამ რესურსების დეფიციტი შეიქმნება, მათი ფასი შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ზოგადად მათი წარმოების მოცულობა მოთხოვნის შესაბამისია.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ იშვიათობა რესურსის ფასეულობის განმსაზღვრელი არ არის. მაგალითად ოქრო სულაც არ არის იშვიათი – მისი მარაგი ხომ 190 000 ტონას შეადგენს! Stock to Flow თანაფარდობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქტივი ფასეულია იმიტომ, რომ მისი წლიური წარმოება არსებულ მარაგთან შედარებით მცირე და სტაბილურია.


რა არის ოქროს Stock to Flow თანაფარდობა?

ისტორიულად, ძვირფას ლითონებს შორის ოქროს Stock to Flow თანაფარდობა ყოველთვის ყველაზე მაღალი იყო. ზუსტად რამდენია ეს? დავუბრუნდეთ წინა მაგალითს – მოდით გავყოთ 190 000 ტონა მთლიანი მარაგი 3200-ზე და მივიღებთ Stock to Flow თანაფარდობას, რომელიც არის ~59. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოების არსებული ტემპით,  190 000 ტონა ოქროს მოპოვებას დაახლოებით 59 წელი დასჭირდება.

თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოქროს მოპოვების ყოველწლიური მაჩვენებელი მხოლოდ მიახლოებითი მონაცემია. თუ წლიური მოპოვების (შემოდინების) მაჩვენებელს გავზრდით 3500-მდე, Stock to Flow თანაფარდობა შემცირდება ~54-მდე.

მოდით გამოვთვალოთ ოქროს არსებობის მთლიანი მარაგის საერთო ღირებულება. ეს მაჩვენებელი შეიძლება კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციას შევადაროთ. თუ დავუშვებთ, რომ ერთი უნცია ოქროს ღირებულება დაახლოებით 1500 აშშ დოლარია, ოქროს მთლიანი მარაგის ფასი დაახლოებით 9 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება. ერთი შეხედვით ეს უზარმაზარი თანხაა, თუმცა თუ ამ ოქროს ერთ კუბში გავაერთიანებთ, ის ერთ ფეხბურთის სტადიონზე დაეტევა!

შედარებისთვის, Bitcoin-ის ქსელის საერთო ღირებულების ისტორიული მაქსიმუმი, 300 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა 2017 წლის ბოლოს, ამ სტატიის წერის მომენტში კი ეს მაჩვენებელი 120 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


Stock to Flow და Bitcoin

თუ იცით როგორ მუშაობს Bitcoin, რთული არ იქნება იმის გაგება, თუ რატომ არის ეფექტური მასთან მიმართებაში Stock to Flow მოდელის გამოყენება. არსებითად, ეს მოდელი Bitcoin-ებს განიხილავს, როგორც ოქროს ან ვერცხლის მსგავ იშვიათ ქონებას.

ოქროს და ვერცხლს ხშირად დანაზოგის საშუალებას უწოდებენ. იშვიათობის და „შემოდინების“ დაბალი ტემპის გამო, თეორიულად მათ შეუძლიათ საკუთარი ღირებულება ხანგრძლივი პერიოდით შეინარჩუნონ. უფრო მეტიც, ძალიან რთულია დროის მოკლე პერიოდში მათი მარაგის მნიშვნელოვნად გაზრდა.

Stock to Flow მოდელის მომხრეების აზრით, Bitcoin მსგავს რესურსს წარმოადგენს. ის იშვიათი აქტივია, მისი წარმოება შედარებით ძვირადღირებული პროცესია, ხოლო მისი მაქსიმალური მარაგი 21 მილიონ მონეტას შეადგენს. ასევე, Bitcoin-ის ახალი მონეტების გამოშვების წესები პროტოკოლის დონეზეა გაწერილი, რაც ამ პროცესს სრულად პროგნოზირებადს ხდის. ასევე შეიძლება გსმენიათ Bitcoin-ის ჰალვინგის შესახებ, რომლის დროსაც, სისტემაში გაშვებული ახალი მონეტების ოდენობა ნახევრდება ყოველი 210 000 ბლოკის დამატების შემდეგ (დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ).

მაინინგის მეშვეობით გამოშვებული BTC-ის მთლიანი მარაგი (%) და ბლოკის სუბსიდია (BTC).

მაინინგის მეშვეობით გამოშვებული BTC-ის მთლიანი მარაგი (%) და ბლოკის სუბსიდია (BTC).


ამ მოდელის მომხრეების განცხადებით, ამ თვისებების ერთობლიობა ქმნის იშვიათ ციფრულ რესურსს, რომლის უნიკალური მახასიათებლები მისი ღირებულების ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნების საშუალებას იძლება. ამასთანავე, ისინი თვლიან, რომ Stock to Flow მოდელსა და საბაზრო ღირებულებას შორის არსებობს სტატისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელობანი კავშირი. ამ მოდელზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Stock to Flow თანაფარდობის სტაბილური შემცირების წყალობით, დროთა განმავლობაში Bitcoin-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ითვლება, რომ Bitcoin-თან მიმართებით Stock to Flow მოდელის გამოყენება პირველად განხილული იყო სტატიაში Bitcoin-ის ღირებულების მოდელირება მისი იშვიათობის გათვალისწინებით, რომლის ავტორია PlanB.


როგორია Bitcoin-ის Stock to Flow თანაფარდობა?

Bitcoin-ის ამჟამინდელი ცირკულირებადი მარაგი დაახლოებით 18 მილიონი მონეტაა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 0,7 მილიონი ემატება. სტატიის წერის მომენტში, Bitcoin-ის Stock To Flow თანაფარდობა დაახლოებით 25 იყო. 2020 წლის მაისში განხორციელებული ჰალვინგის შემდეგ, ეს თანაფარდობა დაახლოებით 50-მდე გაიზარდა.

ქვემოთ მოცემულ სურათზე, თქვენ ხედავთ Bitcoin-ის Stock to Flow თანაფარდობის 365-დღიან მოძრავ საშუალოსა და მის ფასს შორის ურთიერთკავშირს. BTC ფასის აღმნიშვნელ ფერად ზოლზე ასევე მოცემულია Bitcoin-ის ჰალვინგის თარიღები.


Bitcoin-ის Stock-to-Flow მოდელი. წყარო: LookIntoBitcoin.com

Bitcoin-ის Stock-to-Flow მოდელი. წყარო: LookIntoBitcoin.com


მოდით თვალი შევავლოთ Bitcoin-ის (BTC) მიმდინარე ფასს.


Stock to Flow მოდელის ნაკლოვანებები

მიუხედავად იმისა, რომ Stock to Flow მოდელი რესურსის იშვიათობის გაზომვის საინტერესო საშუალებას წარმოადგენს, ის არ ითვალისწინებს ზოგადი სურათის ყველა ასპექტს. მოდელი ეფექტურია იმდენად, რამდენადაც ზუსტია მისი პროგნოზები. ერთი მხრივ, Stock to Flow ეფუძნება მოსაზრებას, რომ ამ მოდელის მეშვეობით გაზომილი იშვიათობა განსაზღვრავს ქონების ღირებულებას. Stock to Flow მოდელის კრიტიკოსების აზრით, ეს მოდელი ვერ იმუშავებს, თუ Bitcoin-ს არ ექნება სხვა სასარგებლო თვისება, გარდა იშვიათობისა.

იშვიათობა, პროგნოზირებადი შემოდინება და გლობალური ლიკვიდურობა ოქროს შედარებით სტაბილურ დანაზოგის საშუალებად აქცევს, რაც განასხვავებს მას ფიატ-ვალუტებისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია დევალვაცია.

ამ მოდელის მიხედვით, დროთა განმავლობაში Bitcoin-ის არასტაბილურობაც შემცირდება. ამ მოსაზრებას ადასტურებს Coinmetrics-ის ისტორიული მონაცემებიც.

 Bitcoin-ის 180-დღიანი ფასის ცვლილებების 200-დღიანი მოძრავი საშუალო. წყარო: Coinmetrics.io

Bitcoin-ის 180-დღიანი ფასის ცვლილებების 200-დღიანი მოძრავი საშუალო. წყარო: Coinmetrics.io


აქტივის ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა გაითვალისწინოთ მისი არასტაბილურობა. თუ არასტაბილურობის პროგნოზირება შესაძლებელია გარკვეულ დონეზე, ღირებულების განსაზღვრის მოდელი უფრო საიმედოა. თუმცა, Bitcoin ცნობილია ფასის ძლიერი მერყეობით.

მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილურობის შემცირება მაკრო დონეზე შესაძლებელია, Bitcoin-ის ფასს თავიდანვე თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ფასის რეგულირება ღია ბაზარზე უმეტესწილად მომხმარებლების, ტრეიდერების და სპეკულანტების მიერ ხდებოდა. თუ ამასთან ერთად გავითვალისწინებთ მის შედარებით დაბალ ლიკვიდურობას, Bitcoin-ის ფასის ძლიერი მერყეობის ალბათობა, სხვა აქტივებთან შედარებით, უფრო მაღალია. ამგვარად, აღნიშნული მოდელი შეიძლება ამ ასპექტსაც არ ითვალისწინებდეს.

ამ მოდელზე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს სხვა გარე ფაქტორებმაც, მაგალითად შავი გედის მოვლენებმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეხება ფაქტიურად ნებისმიერ მოდელს, რომელიც გამოიყენება აქტივის ფასის პროგნოზირებისთვის ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით. არსებითად, შავი გედის მოვლენა მოულოდნელობის ეფექტზეა დაფუძნებული. ისტორიული მონაცემები კი უცნობ მოვლენებს ვერ ასახავს.


შეჯამება

Stock to Flow მოდელი ზომავს რესურსის არსებული ხელმისაწვდომი მარაგის მოცულობასა და მისი წარმოების სიჩქარეს შორის ურთიერთკავშირს. ის ჩვეულებრივ გამოიყენება ძვირფას ლითონებთან და სხვა საქონელთან მიმართებით, თუმცა ზოგი თვლის, რომ მისი გამოყენება Bitcoin-თან დაკავშირებითაც შეიძლება. 

ამ მხრივ, Bitcoin შეიძლება განვიხილოთ, როგორც იშვიათი ციფრული რესურსი. ანალიზის ამ მეთოდის მიხედვით, Bitcoin-ის უნიკალური თვისებები მას აქცევს აქტივად, რომელსაც შეუძლია ღირებულების შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. 

თუმცა ნებისმიერი მოდელი ეფექტურია იმდენად, რამდენადაც ზუსტია მისი პროგნოზები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოდელმა შეიძლება ვერ გაითვალისწინოს Bitcoin-ის ღირებულების განსაზღვრის ყველა ასპექტი. უფრო მეტიც, ამ სტატიის წერის მომენტში, Bitcoin-ის შექმნიდან ათ წელზე ოდნავ მეტია გასული. ზოგი თვლის, რომ ღირებულების გრძელვადიანი პერიოდით განსაზღვრის მოდელებს საიმედო პროგნოზისთვის უფრო მეტი მონაცემები ესაჭიროება.

Binance Sensei
I am powered by ChatGPT and trained with 1,000+ articles and glossary entries from Binance Academy. My responses are provided on an “as is” basis for general information only, without any representation, warranty or guarantee of completeness or accuracy. See full terms and conditions here