მთავარი დეტალები
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლების ეფექტურად შეფასებისთვის საჭიროა საფუძვლიანი ინფორმაციის ფლობა იმ on-chain ინდიკატორებთან დაკავშირებით, რომლებიც თითქმის სრულად განსხვავდება ტრადიციული ფინანსური ანალიზის ინსტრუმენტებისგან.
ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობის (TVL) მაჩვენებელი მიუთითებს კონკრეტულ პროტოკოლში განხორციელებული დეპოზიტის ოდენობაზე და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პლატფორმის მასშტაბის შედარების მიზნით.
P/S (Price-to-Sales) კოეფიციენტი გამოითვლება პროტოკოლის საბაზრო კაპიტალიზაციის გენერირებულ შემოსავალზე გაყოფით, რაც გვაწვდის ზოგად ინფორმაციას მისი ღირებულების რეალურ მონაცემებთან შესაბამისობაზე/შეუსაბამობაზე.
ტოკენის მარაგის მონაცემები, უნიკალური მისამართების რაოდენობა და ინფლაციის მაჩვენებლები გვაწვდის დამატებით ინფორმაციას DeFi პროექტის შეფასებისას.
ინდივიდუალურად გამოყენებული არც ერთი ინდიკატორი გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას კონკრეტულ ერთეულთან დაკავშირებით. ყველაზე ეფექტურ პრაქტიკას რამდენიმე ინდიკატორის გაერთიანება და პარალელურად, საკუთარი მოკვლევის წარმოება წარმოადგენს.
შესავალი
დეცენტრალიზებული ფინანსების სივრცე მუდმივად ვითარდება და მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიცაა ახალი პროტოკოლების გაშვება და ტოკენომიკასთან და ბაზრის პირობებთან დაკავშირებული ცვლილებები. ზემოაღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად ართულებს DeFi პროექტების ეფექტურობისა და სანდოობის სწორად შეფასებას. ფუნდამენტური ანალიზის ფარგლებში შესაძლებელია სტრუქტურირებული მიდგომების გამოყენება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა რაოდენობრივი მაჩვენებლების გამოყენება პროტოკოლის ღირებულების რეალურ მონაცემებთან შესაბამისობის/შეუსაბამობის განსაზღვრის მიზნით.
გამომდინარე იქიდან, რომ DeFi სივრცის ძირითადი ნაწილი საჯარო ბლოკჩეინებზეა დაფუძნებული, მნიშვნელოვანი მონაცემების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია თითქმის ყველასთვის. წინამდებარე სტატიაში განხილულია შვიდი ინდიკატორი, რომელიც ძირითადად გამოიყენება DeFi პროტოკოლების შეფასების მიზნით. აღნიშნულ ინდიკატორებთან დაკავშირებით ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებათ საჭირო მოკვლევის უფრო ეფექტურად წარმოებაში.
1. ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობის (TVL) მაჩვენებელი
ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობის (TVL) მაჩვენებელი წარმოადგენს DeFi პროექტში განხორციელებული დეპოზიტის ჯამური ოდენობის მაჩვენებელს. მაგალითად, დეცენტრალიზებულ ბირჟაზე ან სესხების პლატფორმაზე TVL წარმოადგენს კაპიტალს, რომელიც მის ლიკვიდურობის პულებში ან სესხის კონტრაქტებშია განთავსებული. არსებითად, ეს არის საზომი იმისა, თუ რამდენად სანდოდ მიიჩნევენ აქტივების მფლობელები კონკრეტულ პროტოკოლს.
TVL ინდიკატორის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა პროტოკოლის მასშტაბის შედარება. რაც უფრო მაღალია პროტოკოლის TVL, მით უფრო სანდოდ და ეფექტურად შეიძლება მივიჩნიოთ ის. გარდა ამისა, TVL ინდიკატორის გამოყენება შესაძლებელია კონკრეტული პროტოკოლის კაპიტალის მიხედვით შეფასების შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.
აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ TVL შეიძლება შეიცვალოს აქტივების ფასების ცვლილების პარალელურად. პროტოკოლის TVL შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს დეპოზიტის სახით შეტანილი ტოკენების ღირებულების ზრდის ან შემცირების შესაბამისად, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელზე არ მოქმედებს ისეთი ფაქტორების ცვლილება, როგორიცაა მომხმარებელთა აქტიურობის დონე. TVL-ის შედარება როგორც USD, ისე ადგილობრივი ტოკენების კონტექსტში დაგეხმარებათ ზემოხსენებული საკითხის დაზუსტებაში. DeFi Llama გახლავთ ყველაზე ხშირად გამოყენებული მითითება სხვადასხვა პროტოკოლის TVL-ზე დაკვირვებისას.
2. Price-to-Sales კოეფიციენტი
P/S (Price-to-Sales) კოეფიციენტი ტრადიციული აქტივების ინდიკატორებს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კონტექსტს არგებს და გამოითვლება პროტოკოლის საბაზრო კაპიტალიზაციის შემოსავლის მაჩვენებელზე გაყოფით. დაბალი კოეფიციენტი მიუთითებს პროტოკოლის გენერირებულ შემოსავალთან მიმართებაში არასათანადოდ შეფასებაზე, ხოლო მაღალი კოეფიციენტი - პირიქით.
DeFi სივრცეში შემოსავლის გენერირება, როგორც წესი, ძირითადად ვაჭრობის საკომისიოების, საპროცენტო სპრედებისა და პროტოკოლის დონეზე დაწესებული გადასახადების მეშვეობით ხდება. ბლოკჩეინ ანალიზის პლატფორმების უმეტესობა საჯაროდ აქვეყნებს აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რაც ამარტივებს P/S კოეფიციენტის გამოთვლას. გარდა ამისა, ზოგი ანალიტიკოსი იყენებს Price-to-Fees კოეფიციენტს, რომელიც დაფუძნებულია მომხმარებელთა მიერ გადახდილი საკომისიოების ოდენობაზე, ნაცვლად პროტოკოლის მიერ გენერირებული შემოსავლისა.
თუმცა, აუცილებელია აღნიშნულ ინდიკატორთან დაკავშირებული ნაკლოვანებების გათვალისწინებაც. ზოგიერთ შემთხვევაში, არ ხდება წახალისების მიზნით გამოშვებული ტოკენების შემოსავლიდან დაქვითვა, რამაც შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება შეგვიქმნას პროტოკოლის მომგებიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია P/S ინდიკატორის არა ინდივიდუალურად, არამედ სხვა მაჩვენებლებთან ერთად გამოყენება.
3. ტოკენების მარაგი ბირჟებზე
იმაზე დაკვირვება, თუ ტოკენების მთლიანი მარაგის რა ნაწილი ინახება ცენტრალიზებულ ბირჟებზე, გვაძლევს ზოგად წარმოდგენას მოკლევადიანი გაყიდვის წნეხის შესახებ. დიდი ოდენობით ტოკენების სავაჭრო ბირჟებზე გადატანის შემთხვევები შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ მფლობელები მათ გასაყიდად ამზადებენ. ხოლო როდესაც ტოკენები პერსონალურ კრიპტო საფულეებში ან სტეიკინგის კონტრაქტებში ინახება, ეს, როგორც წესი, იმაზე მიანიშნებს, რომ მომხმარებლები უპირატესობას მათ შენახვას და არა მათი მეშვეობით ვაჭრობას ანიჭებენ.
როგორც ზემოხსენებულ, ისე აღნიშნულ შემთხვევაშიც, აუცილებელია ამ ინდიკატორთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებაც. დიდი ოდენობით ტოკენების მფლობელებმა შესაძლოა ფინანსები ბირჟაზე გაყიდვის გარდა სხვა მიზნით გადაიტანონ, როგორიცაა მაგალითად უზრუნველყოფის სახით გამოყენება დერივატივებით ვაჭრობის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, ბირჟაზე განთავსებული მარაგის წილის მაჩვენებელი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც კრიპტოვალუტების მფლობელთა შესაძლო განზრახვის საბოლოო და უტყუარი ინდიკატორი.
4. ბირჟებზე ტოკენების ბალანსთან დაკავშირებული ცვლილებები
ბირჟებზე ტოკენების ბალანსთან დაკავშირებ ულ ცვლილებებზე დაკვირვებით, თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ არა მხოლოდ სტატიკური, არამედ დროში ცვალებადი მონაცემებითაც. ახლო წარსულში დიდი ოდენობით ტოკენების სავაჭრო ბირჟაზე გადატანამ შესაძლოა ახლო მომავალში გაყიდვის წნეხის ზრდა გამოიწვიოს. ამის საპირისპიროდ, ტოკენების პირად საფულეებში ან სტეიკინგის კონტრაქტებში გადატანის შემთხვევები, შესაძლოა, ტოკენების დაგროვების ტენდენციის ინდიკატორად აღვიქვათ.
ნებისმიერი მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური ცვლილებები შესაძლოა წინ უსწრებდეს ფასების მაღალი მერყეობის პერიოდებს. On-chain ანალიზის ინსტრუმენტები დაგეხმარებათ აღნიშნულ მოძრავ ნაკადებზე დაკვირვებაში, თუმცა მონაცემებზე ყურადღებით დაკვირვება, ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს ინდივიდუალური მსჯელობისა და ანალიზის უნარების გამოყენებას.
5. უნიკალური მისამართების რაოდენობა
ტოკენებთან დაკავშირებული უნიკალური მისამართების რაოდენობა ხშირად გამოიყენება პროტოკოლის მომხმარებელთა ბაზის ზრდისა და ათვისების ინდიკატორად. მისამართების რაოდენობის სტაბილური ზრდა შეიძლება მიუთითებდეს პროტოკოლის მიმართ ინტერესის მატებაზე, ხოლო უცვლელი ან კლებადი მაჩვენებელი, შესაძლოა, სტაგნაციის ნიშანი იყოს.
თუმცა, ამ ინდიკატორით მანიპულირება მარტივია. ერთ კონკრეტულ პირს შეუძლია შექმნას ათასობით მისამართი და მათზე გაანაწილოს ტოკენები, ფართოდ გავრცელების შთაბეჭდილების შექმნის მიზნით. უნიკალური მისამართების რაოდენობა უნდა აღვიქვათ, როგორც მეორეხარისხოვანი მონაცემი და ნებისმიერი დასკვნის გამოტანამდე, უნდა განვიხილოთ სხვა ინდიკატორებთან ერთად.
6. არასპეკულაციური გამოყენება
რეალურად, DeFi ტოკენი ფასებზე ზემოქმედების გარდა სხვა დანიშნულებითაც უნდა გამოიყენებოდეს. არა-სპეკულაციური გამოყენება ნიშნავს ტოკენების გადატანას და გამოყენებას ფუნქციური მიზნებისთვის, რაც გულისხმობს ტრანზაქციების საკომისიოების გადახდას, კონკრეტულ მომსახურებაზე წვდომას, ან governance ტოკენებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას. რაც უფრო მაღალია არა-სპეკულაციური აქტივობის წილი, მით უფრო მაღალი შეიძლება იყოს ტოკენის მოთხოვნის რეალური მაჩვენებელი.
აღნიშნული ინდიკატორის მიახლოებით განსაზღვრა შეგიძლიათ on-chain გადარიცხვების აქტივობის შეფასებითა და დეცენტრალიზებულ და ცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებზე განხორციელებული სავაჭრო აქტივობის გაფილტვრით. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებით მიღებული მაჩვენებელი მიუთითებს ყიდვისა და გაყიდვის გარდა სხვა დანიშნულებით გამოყენებული ერთეულების წილზე. 2024-2025 წელს რეალური აქტივების ტოკენიზაციისა და DeFi-ს ორგანიზაციულ დონეზე გავრცელების მაჩვენებლის ზრდის ფონზე წარმოიქმნა არა-სპეკულაციური გამოყენების დამატებითი საყურადღებო კატეგორიები.
7. ინფლაციის მაჩვენებელი
პროტოკოლის ინფლაციის მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ხდება ახალი ტოკენების შექმნა და ცირკულირებად მარაგში დამატება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტოკენის მიმდინარე მარაგი შედარებით დაბალია, ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი, შესაძლოა, აღნიშნული ოდენობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებდეს. დროთა განმავლობაში ამან, შესაძლოა, არსებული ჰოლდინგების ღირებულების შემცირება გამოიწვიოს.
ზოგიერთი პროტოკოლის ფარგლებში ხდება ახალი ტოკენების გამოშვება ლიკვიდურობის პროვაიდერების წახალისების მიზნით. აღნიშნულმა მიდგომამ შესაძლოა TVL-ის ინფლაცია და აქტიურობის დონის მაჩვენებლების ცვლილება გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ შექმნის მცდარ შთაბეჭდილებას მოთხოვნასთან დაკავშირებით. პროტოკოლის შეფასებისას, რეკომენდებულია მისი შემოსავლისა და მოხმარების მაჩვენებლების მომხმარებელთა აქტივობის რეალურ დონესთან და წახალისების მიზნით გამოშვებული ტოკენების ოდენობასთან შედარება.
არ არსებობს მაღალი და დაბალი ინფლაციის უნივერსალური ზღვარი. მსგავს შემთხვევებში, ყველაზე მნიშვნელოვან როლს კონტექსტი თამაშობს. პროტოკოლის შემუშავებისა და განვითარების საწყის ეტაპზე შესაძლოა გამართლებული იყოს შედარებით დიდი ოდენობით ტოკენების გამოშვება ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა, უკვე სტაბილური პროტოკოლების შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც ფიქსირდება მაღალი ორგანული მაჩვენებელი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მცირე, ან ნულოვან ინფლაციას.
ხშირად დასმული შეკითხვები
რას ნიშნავს ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობის (TVL) მაჩვენებელი DeFi კონტექსტში?
ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობის (TVL) მაჩვენებელი მიუთითებს DeFi პროტოკოლში ინვესტირებული ფინანსების ჯამურ ოდენობაზე. აღნიშნული ინდიკატორის მეშვეობით შესაძლებელია ზოგადი ინფორმაციის მიღება მომხმარებელთა მიერ პროტოკოლში განთავსებული კაპიტალის ჯამურ ოდენობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა პლატფორმის მასშტაბის შედარების მიზნით.
DeFi კონტექსტში, არის თუ არა სასურველი დაბალი P/S კოეფიციენტის შენარჩუნება ნებისმიერ შემთხვევაში?
დაბალი P/S კოეფიციენტი შესაძლოა მიუთითებდეს პროტოკოლის არასათანადო შეფასებაზე გენერირებულ შემოსავალთან შედარებით. თუმცა, ეს ყოველთვის დადებით ცვლილებებზე არ მიუთითებს. დაბალი შემოსავლისა და საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს პროტოკოლის მომხმარებელთა აქტივობის ნაკლებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, რეკომენდებულია P/S კოეფიციენტის სხვა, ისეთ მონაცემებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა TVL, უნიკალური მისამართების რაოდენობა და გამოყენების მონაცემები.
არის თუ არა შესაძლებელი DeFi ინდიკატორებით მანიპულირება?
დიახ, არსებობს DeFi ინდიკატორები, რომელთა მანიპულირებაც მარტივადაა შესაძლებელი. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ ხელოვნურად გაზარდონ უნიკალური მისამართების რაოდენობა, რისთვისაც რამდენიმე სხვადასხვა საფულის შექმნაა საჭირო. TVL-ის ხელოვნურად გაზრდა შესაძლებელია რეკურსიული უზრუნველყოფის სტრატეგიების მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია ბირჟებზე მიმდინარე ტოკენების ბალანსების ცვლილებების არასწორად ინტერპრეტირება. On-chain მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასთვის, თუმცა მათი სათანადო ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია კონტექსტის გათვალისწინება და სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს გამოყენება.
სად არის შესაძლებელი DeFi ინდიკატორებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება?
On-chain ანალიზის პლატფორმები აღნიშნული ტიპის მონაცემების ძირითად ნაწილს ერთ სივრცეში აერთიანებს. მაგალითად, TVL-ზე დაკვირვების მიზნით, მომხმარებლები ძირითადად DeFi Llama-ს იყენებენ. Token Terminal ქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა პროტოკოლის მიერ გენერირებული შემოსავლისა და P/S კოეფიციენტის შესახებ. ამასთან, ინდივიდუალური ბლოკჩეინ ექსპლორერების მეშვეობით შესაძლებელია კონკრეტული მისამართის დონეზე მიმდინარე აქტივობებზე და ტოკენების ნაკადებზე დაკვირვება.
თანაბრად ეფექტურად მუშაობს თუ არა აღნიშნული ინდიკატორები ყველა DeFi პროტოკოლთან მიმართებაში?
სხვადასხვა ინდიკატორი განსხვავებულად მუშაობს სხვადასხვა ტიპის პროტოკოლთან მიმართებაში. TVL ყველაზე ეფექტურად გამოიყენება სესხების პლატფორმებთან და ლიკვიდურობის პულების მქონე ბირჟებთან მიმართებაში. რაც შეეხება P/S კოეფიციენტს, ის ძირითადად საკომისიოების გენერირების პროტოკოლებისთვის გამოიყენება. უნიკალური მისამართების რაოდენობის მაჩვენებელი შესაძლოა მეტი მნიშვნელობის მატარებელი იყოს ისეთ ქსელებთან მიმართებაში გამოყენებისას, რომელთათვისაც ძირითად ფაქტორს მომხმარებელთა შორის ფართო გავრცელება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ინდიკატორები შესაფასებელი პროტოკოლის ტიპის მიხედვით შეარჩიოთ.
შეჯამება
DeFi ბაზრების ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით შეფასება საკმაოდ რთულია. წინამდებარე ანალიზში განხილული ინდიკატორები ეფექტურია სისტემური ანალიზის საწყის ეტაპზე გამოყენებისთვის. TVL და P/S კოეფიციენტები, ბირჟაზე არსებული მარაგის მონაცემები, უნიკალური მისამართების რაოდენობის მაჩვენებელი, არა-სპეკულაციური გამოყენების შემთხვევების სტატისტიკა და ინფლაციის მაჩვენებელი გახლავთ ინდიკატორები, რომლებიც დაკავშირებულია პროტოკოლის ეფექტურობისა და გავრცელების კონცეფციების სხვადასხვა ასპექტთან. აღნიშნული ინდიკატორების ერთობლივად გამოყენებითა და საკუთარი მოკვლევის წარმოებით შეძლებთ უფრო საფუძვლიანი ინფორმაციის მოპოვებასა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტების ბაზრების არაპროგნოზირებადი ბუნებისა და იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ არც ერთი ინდიკატორი წარმოადგენს სამომავლო ეფექტურობის აბსოლუტურ გარანტიას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.