TL;DR
ანალიზის პროცესის განხილვამდე, მნიშვნელოვანია გავეცნოთ DeFi პროექტების ძირითად ასპექტებს.
ინვესტორებმა უნდა მოიძიონ პროექტები, რომლებიც მათ საჭიროებას შეესაბამება და უნდა შეაფასონ მათ უკან მდგარი გუნდები.
DeFi პროექტის სიცოცხლისუნარიანობისა და ეფექტურობის განსაზღვრისთვის ასევე მნიშვნელოვანია მისი საბაზისო ტექნოლოგიის გაცნობაც.
პროექტის საზოგადოების სიძლიერე და მომხმარებლებს შორის მისი პოპულარობა პოტენციური წარმატების მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
რისთვის გამოიყენება DeFi პროტოკოლები?
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სწრაფმა ზრდამ ინოვაციური პროდუქტებითა და სერვისებით, რევოლუცია მოახდინა ფინანსურ სამყაროში. შედეგად, მომხმარებლებმა მიიღეს უპრეცედენტო წვდომა ფინანსურ სერვისებსა და პროდუქტებზე შუამავლების, მაგალითად ბანკებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების საჭიროების გარეშე.
DeFi-ს აქვს დემოკრატიზებული ფინანსები, რაც ინტერნეტ-კავშირის მქონე ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა გასესხება, სესხება, ვაჭრობა და ციფრული აქტივებით საპროცენტო სარგებლის გამომუშავება. ბაზარზე უამრავი DeFi პროექტი ჩნდება, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ უნდა გააანალიზოთ ისინი ეფექტურად. ინვესტორებმა პროექტის ტოკენების შეძენამდე საფუძვლიანი მოკვლევა უნდა განახორციელონ.
DeFi-ს საფუძვლების გაგება
უშუალოდ ანალიზის პროცესზე გადასვლამდე, აუცილებელია გავეცნოთ DeFi პროექტების საფუძვლებს. DeFi აღნიშნავს ბლოკჩეინ ქსელებზე დაფუძნებულ ფინანსურ აპლიკაციებს, რომელთა მიზანია ტრადიციული ფინანსური სერვისების ღია, ნებართვისა და ნდობის საჭიროების არმქონე ალტერნატივების შექმნა. ჩვეულებრივ, ეს პროექტები მოიცავს ფუნქციებს, როგორიცაა გასესხება და სესხება, დეცენტრალიზებული ბირჟები და შემოსავლის ფარმინგი.
ტექნოლოგიის ღია, ნებართვის საჭიროების არმქონე ბუნებიდან გამომდინარე, არაერთი ინდივიდი თუ გუნდი ქმნის მრავალგვარ აპლიკაციას სხვადასხვა გამოყენებისთვის, როგორიცაა მომხმარებლებისთვის პირად მონაცემებზე უპრეცედენტო კონტროლის მინიჭება და კუთვნილ ციფრული აქტივების სრულად ფლობის შესაძლებლობა. DeFi სამყაროს ახალმა მომხმარებლებმა ეს პროექტები სიფრთხილით, სკეპტიციზმით უნდა შეაფასონ.
რატომ არის მნიშვნელოვანი DeFi-ს საფუძვლიანი მოკვლევა?
DeFi-ს უნიკალური მახასიათებლებისა და სწრაფად ცვალებადი სექტორის თანმხლები რისკების გამო, საფუძვლიანი მოკვლევის ჩატარება აუცილებელია. DeFi ინვესტიციები ხშირად მოიცავს რისკებს, როგორიცაა პოტენციური rug pull, ჰაკერული თავდასხმები და ინვესტორის კაპიტალის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვა. პროექტის საფუძვლების, გუნდის, ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ზომების გულდასმით შესწავლა ინვესტორებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების გარდა, პოტენციური თაღლითობისა და დაბალი დონის პროექტების თავიდან აცილების საშუალებას აძლევს.
კვლევის შედეგად ინვესტორს შეუძლია მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, შეამციროს რისკები და ამოიცნოს საინვესტიციო შესაძლებლობები, რომლებიც შეესაბამება მის საინვესტიციო მიზნებსა და რისკების დასაშვებ დონეს. ასე იქმნება ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველი, რაც DeFi-ს ჩახლართულ და დინამიკურ სამყაროში გადაადგილებას ამარტივებს.
ამისთვის საჭიროა DeFi-თ დაინტერესებულმა დიზაინებმა ახალი პროექტების გაცნობისას შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინონ.
DeFi პროტოკოლის შესაფასებელი პოპულარული მაჩვენებლები
არსებობს რამდენიმე პოპულარული მაჩვენებელი, რომლებიც DeFi პროექტების შედეგებისა და პოტენციალის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მათ შორისაა ტოკენის 24 საათიანი მოცულობა, ინფლაციის დონე, ფასი და საბაზრო კაპიტალიზაცია.
ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL)
ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL) არის DeFi პროტოკოლზე დაბლოკილი თანხის ჯამური რაოდენობა. შეგიძლია TVL წარმოიდგინოთ, როგორც ლიკვიდურობის პროვაიდერების მიერ ერთ პროტოკოლში შეტანილი თანხის ჯამური რაოდენობა. მაგალითად, 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, Uniswap-ის TVL $4 მილიარდზე მეტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა Uniswap-ში $4 მილიარდზე მეტი შეიტანეს. TVL დაგეხმარებათ შეაფასოთ კონკრეტული DeFi პროტოკოლით მომხმარებლების დაინტერესების დონე, ასევე მისი გამოყენებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რომელ DeFi პროტოკოლს აქვს უფრო მეტი „ბლოკირებული“ აქტივი. დიდი ოდენობით TVL-ს მოზიდვა ჩვეულებრივ სიძლიერის მაჩვენებელია.
საბაზრო კაპიტალიზაცია
საბაზრო კაპიტალიზაცია წარმოადგენს DeFi პროტოკოლის ტოკენების ცირკულირებადი რაოდენობის ჯამურ ღირებულებას. მის გამოსათვლელად, ტოკენის მიმდინარე ფასი ბრუნვაში მყოფი ტოკენების რაოდენობაზე უნდა გავამრავლოთ. საბაზრო კაპიტალიზაცია გვეხმარება პროტოკოლის ზომისა და მნიშვნელობის შეფასებაში. თუმცა საბაზრო კაპიტალიზაცია უნდა განვიხილოთ სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა პროტოკოლის გამოყენება, გავრცელება და კონკურენცია.
24 საათიანი მოცულობა
24 საათიანი მოცულობა ზომავს კონკრეტულ DeFi პროტოკოლში 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ვაჭრობების ჯამურ ღირებულებას. 24 საათიანი მოცულობის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს აქტიურ ვაჭრობასა და უკეთეს ლიკვიდურობას, რაც სიცოცხლისუნარიან ეკოსისტემასა და საბაზრო ინტერესზე მიუთითებს. 24 საათიანი მოცულობის დაბალი მაჩვენებელი კი არის პროტოკოლის ტოკენების მცირე რაოდენობით ყიდვისა და გაყიდვის ნიშანი, რაც დაბალ ლიკვიდურობაზე მიუთითებს. 24 საათიანი მოცულობის დაბალი მაჩვენებელი შეიძლება მიანიშნებდეს ტრეიდერებისა და ინვესტორების მხრიდან ნაკლებ ინტერესზე.
ინფლაციის დონე
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ინფლაციის დონე. ინფლაციის დონე აღნიშნავს, თუ რა სიხშირით იქმნება ახალი ტოკენები DeFi პროტოკოლში. ინფლაციის დაბალი დონე უკეთესია, რადგან ის ტოკენის უფრო მეტად კონტროლირებად რაოდენობასა და დროთა განმავლობაში უფრო მაღალ ღირებულებზე მიანიშნებს. თუმცა, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროტოკოლი მონაწილეების დაინტერესებასა და ტოკენის იშვიათობას შორის ბალანსს იცავს, უნდა შევაფასოთ ზოგადი ტოკენომიკა და გადანაწილების მოდელი. ამ საკითხს სტატიაში უფრო საფუძვლიანად განვიხილავთ.
ფასისა და გაყიდვების თანაფარდობა
ფასისა და გაყიდვების თანაფარდობა გამოიყენება იმის გასაგებად, არის თუ არა DeFi პროტოკოლი ნაკლებად ან ზედმეტად შეფასებული. ფასისა და გაყიდვების თანაფარდობის გამოსათვლელად DeFi პროტოკოლის სრულად გამოშვებული ტოკენების საბაზრო კაპიტალიზაცია უნდა გავყოთ წლიურ შემოსავალზე. რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, უფრო არასათანადოდაა შეფასებული პროტოკოლი და პირიქით. ამ შემთხვევაში გამოიყენება იგივე პრინციპი, რომლითაც ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე ფასისა და გაყიდვების შეფარდებით აქციის ნაკლებად ან ზედმეტად შეფასებას განსაზღვრავენ.
უნიკალური მისამართების რაოდენობა
უნიკალური საფულის მისამართების რაოდენობა არის მაჩვენებელი, რომელიც კონკრეტულ DeFi პროტოკოლში მონაწილეთა რაოდენობას ზომავს. ტრადიციული Web2-ის აპლიკაციების უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობის საზომის მსგავსია, რითაც იზომება მომხმარებელთა ჩართულობა. მისამართების მზარდი რაოდენობა პოპულარობისა და გავრცელების კარგი ინდიკატორია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საზომით მანიპულირება შესაძლებელია, ამიტომ ინვესტორებმა ის სხვა ინდიკატორებთან ერთად უნდა გამოიყენონ.
DeFi პროექტის გუნდის შეფასება
ინვესტორებმა უნდა მოიძიონ პროექტები, რომლებიც მათ საჭიროებას შეესაბამება და უნდა შეაფასონ მათ უკან მდგარი გუნდები. ამის გასაკეთებლად უნდა გამოიკვლიოთ პროექტის ოფიციალური ვებსაიტი, whitepaper, ლიდერების გუნდი, გუნდის წევრების წარსული გამოცდილება და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც მნიშვნელოვანია გუნდის წევრებისა და მათი ცოდნის შესაფასებლად.
ეძებეთ გამოცდილი დეველოპერები, მრჩევლები და ინდუსტრიის ექსპერტები, რომლებსაც წარმატებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. შეაფასეთ გუნდის გამჭვირვალობა, ყურადღებიანობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა პლატფორმებზე, როგორიცაა Twitter, Reddit, Telegram და Discord. ღია საკომუნიკაციო არხებში აქტიური ჩართულობა და პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად გაზიარება ნიშნავს, რომ პროექტის უკან მდგარ გუნდი მოწადინებულია მიაღწიოს დასახულ მიზანს.
მეორე მხრივ, ინვესტორის წინასწარმა მოკვლევამ შესაძლოა გამოავლინოს, რომ პროექტის გუნდი უგულვებელყოფს სოციალურ მედიაში დასმულ კითხვებს და ინფორმაცია მის შესახებ არ არის გამჭვირვალე. ეს ფაქტორები ყოველთვის თაღლითობის ნიშანი არ არის, თუმცა წარმოადგენს საყურადღებო ნიშნებს, ამიტომ ინვესტორებმა მსგავს პროექტებში ჩართვამდე სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
წვდომა DeFi ტექნოლოგიაზე
DeFi პროექტების მიერ გამოყენებული ტექნოლოგია მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი მომგებიანობისა და ეფექტურობის შესაფასებლად. ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია ბლოკჩეინ პლატფორმა, რომელზეც დაფუძნებულია პროექტი.
მაგალითად, მძლავრი და გამოცდილი ინფრასტრუქტურის გამო, Ethereum პოპულარული არჩევანია. სხვა 1-ელი დონის ბლოკჩეინებიც მასშტაბირებადი DeFi აპლიკაციებისთვის საიმედო ალტერნატივებს წარმოადგენენ. DeFi ტოკენების ფლობით დაინტერესებულმა ინვესტორებმა უნდა აწონ-დაწონონ ბლოკჩეინის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
კიდევ ერთი კრიტიკული ასპექტია DeFi პროექტის სმარტ კონტრაქტების შეფასება. სმარტ კონტრაქტები არის ბლოკჩეინზე არსებული თვითაღსრულებადი კონტრაქტები, სადაც ხელშეკრულების წესები პირდაპირ კოდშია გაწერილი. DeFi პროექტებისთვის აუცილებელია რეგულარულად შეისწავლონ საკუთარი სმარტ კონტრაქტები პოტენციური სისუსტეების აღმოსაფხვრელად და მომხმარებელთა თანხის დასაცავად იმის მიუხედავად, რომ ეს აუდიტი უსაფრთხოების გარანტია არ არის. თუმცა პროექტის სმარტ კონტრაქტების აუდიტის ისტორიის შესწავლა აჩვენებს რას აკეთებს გუნდი მომხმარებლების დასაცავად.
DeFi ტოკენების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ურთიერთთავსებადობა, რაც განსხვავებულ პლატფორმებსა და პროტოკოლებს შორის უხარვეზო კომუნიკაციასა და ინტერაქციას უზრუნველყოფს. ამგვარად მარტივდება ტოკენების გაგზავნა, ვაჭრობა და გამოყენება დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე (DApps) და ბლოკჩენის ქსელებზე. ინვესტირებამდე, მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს DeFi ტოკენის ურთიერთთავსებადობა.
DeFi პროექტების ტოკენომიკის ანალიზი
ტოკენომიკა არის პროექტის ტოკენის ეკონომიკა და მის მიერ შეთავაზებული წამახალისებელი ჯილდოები. ინვესტორებმა პირველ რიგში უნდა გაიგონ ტოკენის მიზანი ეკოსისტემაში და მისი გადანაწილების მოდელი.
ეს მოიცავს ისეთი ფაქტორების შესწავლას, როგორიცაა ხელმისაწვდომი ტოკენების ჯამური რაოდენობა და თუ როგორ ნაწილდება ისინი მხარეებს შორის. ეს მხარეები შეიძლება იყვნენ გუნდის წევრები, საზოგადოების წევრები, მრჩეველები ან სხვა მონაწილეები. განაწილების მოდელი განსაზღვრავს, თუ როგორ განაწილდება ტოკენები, რაც აისახება ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა დეცენტრალიზაცია, პროექტის მმართველობა და ბაზრის მანიპულაციის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტოკენის გამოშვების მექანიზმებიც. ასეთი მექანიზმებია მაინინგი, სტეიკინგი და სხვა მეთოდები, რომლითაც ტოკენები იქმნება და ნაწილდება დროთა განმავლობაში. ამ მექანიზმების შეფასება ინვესტორებს დაეხმარება გაიგონ, არის თუ არა ტოკენი ინფლაციური ან დეფლაციური, მისი იშვიათობა და მონაწილეებისთვის განკუთვნილი წამახალისებელი ჯილდოები.
პროექტის შემოსავლის წყაროების შეფასებაც მნიშვნელოვანია. ტოკენის მდგრადობისა და პოტენციური ღირებულების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს იმის ცოდნა, თუ როგორ იღებს პროექტი შემოსავალს და ახერხებს ოპერაციების მდგრადობის შენარჩუნებას. ეს შესაძლოა მოიცავდეს შემოსავალს ტრანზაქციის საკომისიოებიდან, პლატფორმის გამოყენებიდან და სხვა წყაროებიდან.
უსაფრთხოების ზომების შემოწმება
DeFi სივრცეში დაფიქსირებული უსაფრთხოების გარღვევის შემთხვევების გამო მნიშვნელოვანია შევაფასოთ პროექტის უსაფრთხოების ზომები. მოიძიეთ სანდო მესამე მხარის კომპანიების ჩატარებული აუდიტები, რაც არის ნიშანი, რომ პროექტი პროაქტიულად ცდილობს პოტენციური სისუსტეების გამოვლენასა და სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ბაგების აღმოჩენის პროგრამების არსებობა ნიშნავს, რომ პროექტი უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად ეკიდება. ბაგის აღმოჩენისთვის ჯილდოს გაცემის პროგრამით, ორგანიზაცია განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს, მითითებებსა და ჯილდოებს ინდივიდებისთვის, ვინც აღმოაჩენს უსაფრთხოების სისუსტეებს. ხშირად მსგავს პროგრამებში განსზღვრულია მოქმედების სფერო და მითითებულია კონკრეტული სისტემები, პლატფორმები და პროგრამები, რომლებიც „ბაგებზე ნადირობისთვის“ შეიძლება იქნას გამოყენებული.
„ბაგებზე მონადირის“ მიერ სისუსტის აღმოჩენის შემდეგ, ის ორგანიზაციას უგზავნის დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილია პრობლემა, მისი ზეგავლენა და მისი გამოვლენისთვის საჭირო ქმედებები. შემდეგ ორგანიზაცია აღნიშნულ სისუსტეს გადაამოწმებს და დადასტურების შემთხვევაში, მონადირეს ჯილდოს ან წინასწარ განსაზღვრულ ფულად პრემიას გადასცემს.
სისუსტეების აღმოჩენის მიზნით ამ პროცესში მონაწილეობა აჩვენებს პროექტის გუნდის სურვილს თავიდან აიცილოს პოტენციური პრობლემები და მათ შესამცირებლად პროაქტიულად იმოქმედოს.
DeFi საზოგადოებებისა და დანერგვის გაანალიზება
პროექტის საზოგადოების სიძლიერე და მომხმარებლების მიერ მისი გამოყენება პოტენციური წარმატების ინდიკატორებია. ეს ინდიკატორები გვაწვდის ფასეულ ინფორმაციას პროექტის მომგებიანობის, სამომავლო ზრდის და ბაზარზე მისი პოპულარობის შესახებ.
პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია მათი განწყობების, აქტიური ჩართულობისა და ზოგადად ენთუზიაზმის უკეთ გასაგებად. ეს ინტერაქცია საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ მხარდაჭერის, ჩართულობისა და ნდობის დონე საზოგადოებაში.
სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა Twitter, Reddit, Telegram, ან Discord პროექტის საზოგადოების შესახებ ბევრ ინფორმაციას შეიცავს. ამ პლატფორმებზე ინვესტორები უნდა დააკვირდნენ დისკუსიებს, კომენტარებს და აქტიურობის დონეს, შეაფასონ დადებითი განწყობების ნიშნები, აქტიური დისკუსიებისა და მონაწილეების მზარდი რაოდენობა. დადებითი მოლოდინები საზოგადოების ნდობასა და ენთუზიაზმზე მიუთითებს.
შეჯამება
DeFi პროექტის გაანალიზება აუცილებელია ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად სწრაფად განვითარებად დეცენტრალიზებული ფინანსების სივრცეში. ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა პროექტის გუნდი, ტექნოლოგია, ტოკენომიკა, უსაფრთხოება და საზოგადოების ჩართულობა, ინვესტორებს პროექტის პოტენციალის შესახებ ბევრი რამის გაგება შეუძლიათ.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის უნდა განახორციელოთ მხოლოდ იმ თანხის ინვესტიცია, რისი დაკარგვაც ძლიერ არ დაგაზარალებთ. ზემოხსენებული ფაქტორები ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, თუმცა ეს სია სრული არ არის და ინვესტორები DeFi პროექტებს სიფრთხილით, სკეპტიკურად უნდა მოეკიდონ.
დამატებითი საკითხავი:
რა არის DeFi-ის რეალური სარგებელი?
DeFi შემოსავლის ფარმინგის შესახებ საკუთარი მოკვლევის ჩატარების ოთხი გზა
რა გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტი DeFi-ზე: დაპირებები და ილუზიები
რა არის Flash სესხები DeFi-ში?
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..