რა არის დეცენტრალიზებული დერივატივები და როგორ მუშაობენ ისინი DeFi-ში?
მთავარი
სტატიები
რა არის დეცენტრალიზებული დერივატივები და როგორ მუშაობენ ისინი DeFi-ში?

რა არის დეცენტრალიზებული დერივატივები და როგორ მუშაობენ ისინი DeFi-ში?

გამოქვეყნებული Apr 25, 2023განახლებული Dec 11, 2023
8m

TL;DR

  • დეცენტრალიზებული დერივატივები წარმოადგენენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებით ვაჭრობაც დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX) შეიძლება. დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi) მათი პოპულარობა იზრდება.

  • ტრადიციული დერივატივებისგან განსხვავებით, დეცენტრალიზებული დერივატივები ღირებულებას იღებენ საბაზისო აქტივებისგან, ანუ ძირითადად კრიპტოვალუტებისგან.

  • ისინი სმარტ კონტრაქტებით მუშაობენ და კონტრაქტების პირობების ავტომატურად განხორციელება შეუძლიათ.

რა არის დერივატივები? 

დერივატივები არის ფინანსური კონტრაქტები, რომელთა ღირებულება მოდის საბაზისო აქტივებისგან, როგორიცაა აქციები, კრიპტოვალუტა, ფიატ ვალუტა ან საქონელი. დერივატივი უნდა წარმოიდგინოთ როგორც კონტრაქტი ორ მხარეს შორის, რომელიც საბაზისო აქტივის სამომავლო ფასს ან ღირებულებას ეფუძნება.

არსებობს დერივატივების რამდენიმე ტიპი, მაგალითად ოფციონები, ფიუჩერსები და სვოპი. განსხვავებების მიუხედავად, ისინი ეფუძნება ერთსა და იმავე პრინციპს, რომელიც გულისხმობს რომ ინვესტორმა აქტივის ფლობის გარეშე ისარგებლოს მისი ფასის სამომავლო ცვლილებით.

დერივატივები არის პოტენციური რისკების თავიდან არიდებისთვის ჰეჯირების ან ლევერიჯის გამოყენებით მოგების გაზრდის საშუალება. მაგალითად: ტრეიდერს შეუძლია მცირე ოდენობით კაპიტალის ლევერიჯით იყიდოს ფიუჩერსების კონტრაქტი, რომელიც საბაზისო აქტივის დიდ მოცულობას აკონტროლებს. 

ტრეიდერების ნაწილი დერივატივებს იყენებს პორტფოლიოს დივერსიფიცირების მიზნით აქტივების სხვადასხვა კლასების და ბაზრების ასათვისებლად. ამის საწინააღმდეგოდ, ჰეჯინგი გულისხმობს დერივატივზე საპირისპირო პოზიციის დაკავებას არსებული ინვესტიციის პოტენციური ზარალის გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩახლართული ბუნებისა და ლევერიჯის შესაძლებლობის გამო, დერივატივებს ახლავს რისკები, რომლებმაც შესაძლოა ზარალი გაზარდოს. ამიტომ, დერივატივებით ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია გვესმოდეს მისი თანმდევი რისკები და პოტენციური შედეგები.

რა არის დეცენტრალიზებული დერივატივები კრიპტოში?

დეცენტრალიზებული დერივატივებიც ღირებულებას საბაზისო აქტივებისგან იღებს, მაგრამ მათი გამოყენებით ვაჭრობა ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროტოკოლებით ხდება. კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული დერივატივები ყველაზე მეტად გავრცელებულია DeFi-ში, თუმცა შესაძლებელია სხვა ტიპის აქტივებზე, მაგალითად აქციებზე მიბმული დეცენტრალიზებული დერივატივების შექმნაც. 

კრიპტო დერივატივების კონტრაქტების გამოყენებით ყველას შეუძლია აქტივის ფასის სამომავლო ცვლილებისგან სარგებლის მიღება ან პოზიციების ჰეჯირება გამჭვირვალე, ნდობის საჭიროების არმქონე გარემოში. პროტოკოლებს, რომლებიც დეცენტრალიზებულ დერივატივებს ქმნის, ხშირად აქვს დაბალი შესასვლელი ბარიერი, რათა კრიპტო საფულის დაკავშირება ყველამ მოახერხოს.

კრიპტო დერივატივების პროტოკოლები მომხმარებლებს აქტივებისა და გასაღებების კონტროლს უნარჩუნებს, ამიტომ ცენტრალიზებული პლატფორმისთვის ან მესამეულ მეურვისთვის გადარიცხვა არ სჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს საკუთარი აქტივების სხვადასხვა პროტოკოლებს შორის მოძრაობა გამოტანის დამღლელი პროცესის გარეშე შეუძლიათ.

როგორ მუშაობს დერივატივების DEX-ები?

დერივატივების DEX-ები ბლოკჩეინზე მუშაობს და ტრანზაქციების შუამავლების გარეშე განხორციელებას უზრუნველყოფს. ბლოკჩეინი არსებობს როგორ უცვლელი, ჩარევისგან დაცული ლეჯერი, რომელშიც ყველა ტრანზაქცია და აღსრულებული კონტრაქტი დეცენტრალიზებული სახით იწერება. ამის გამო, ტრანზაქციის დადასტურებისა და ბლოკჩეინზე დამატების შემდეგ, მისი შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია.

დეცენტრალიზებული დერივატივების პროტოკოლების აგება შესაძლებელია სხვადასხვა ბლოკჩეინებზე, როგორებიცაა Ethereum, BNB Chain, Solana, ან თუნდაც მე-2 დონის ბლოკჩეინები. თუმცა ბლოკჩეინები ერთმანეთისგან განსხვავდება უსაფრთხოების, მასშტაბირებისა და ტრანზაქციის ღირებულების მიხედვით, რაც მომხმარებლის გამოცდილებასა და ზოგად შედეგებზე ახდენს გავლენას.

დერივატივების ზოგიერთი DEX ორიენტირებულია კროს-ჩეინ შესაბამისობასა და ურთიერთჩანაცვლებადობაზე, რაც მომხმარებლებს სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა სმარტ კონტრაქტები, რომლებსაც ტრანზაქციების შესრულება შუამავლების გარეშე შეუძლიათ. ისინი წარმოადგენს თვითაღსრულებად კონტრაქტებს, რომელთა წესები და პირობები პირდაპირ მათ კოდშია გაწერილი. ისინი ავტომატურად აღასრულებენ ტრანზაქციებსა და სხვა ფუნქციებს (მაგ. სტეიკინგი და მართვა) წინასწარ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისას.

პროტოკოლები ხშირად იყენებენ ბლოკჩეინ oracle-ებს ფასის კონტროლისა და რეალურ სამყაროში არსებულ აქტივებთან კავშირის შესანარჩუნებლად. Oracle-ები განსხვავდებიან დეცენტრალიზაციის დონით, მონაცემთა სიზუსტითა და განახლების სიხშირით, რაც პლატფორმის სანდოობას განაპირობებს.

დეცენტრალიზებული დერივატივების პროტოკოლები ხშირად ეფუძნება დეცენტრალიზებული მმართველობის მოდელს, რომელიც მომხმარებლებს გადაწყვეტილების პროცესში სხვადასხვა დოზით მონაწილეობის საშუალებას აძლევს. თუმცა ზოგიერთ პროტოკოლს აქვს შედარებით დეცენტრალიზებული მმართველობის სტრუქტურა, სხვები კი უფრო ცენტრალიზებულ მიდგომას იყენებენ.

დეცენტრალიზებული დერივატივების პროტოკოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტოკენებიც. მაგალითად, დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) დახმარებით ზოგიერთი პლატფორმა ტოკენების მფლობელებს მმართველობაში მონაწილეობის და პროტოკოლის განახლების ან სხვა ცვლილებების შესახებ ხმის მიცემის საშუალებას აძლევს.

ხანდახან ტოკენები გამოიყენება სტეიბლკოინების ნაცვლად, როგორც ვაჭრობის დროს საჭირო უზრუნველყოფა; ამას გარდა, DEX-ები ადგილობრივ ტოკენებს მარკეტ-მეიკერების წასახალისებლად იყენებენ. მაგალითად, ის გამოიყენება ვაჭრობის საკომისიოს მისაღებად და იმ მარკეტ-მეიკერებისთვის გადასანაწილებლად, რომლებიც პლატფორმას ლიკვიდურობას უნარჩუნებენ.

კრიპტოში არსებული დეცენტრალიზებული დერივატივების ტიპები

ფიუჩერსების კონტრაქტები

ფიუჩერსების კონტრაქტები არის ფინანსური შეთანხმება, რომელიც ტრეიდერებს საბაზისო აქტივის ფასის სამომავლო ცვლილებისგან სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს. ფიუჩერსების კონტრაქტი თავისი არსით არის შეთანხმება, აქტივის წინასწარ განსაზღვრული ფასით, შერჩეულ თარიღზე ყიდვის ან გაყიდვის შესახებ.

ტრადიციულ ფინანსებში ფიუჩერსების კონტრაქტებით ვაჭრობა ცენტრალიზებულ ბირჟებზე (CEX) მიმდინარეობს. DeFi-ს შემთხვევაში ტრეიდერებს ფიუჩერსების კონტრაქტებზე წვდომა დეცენტრალიზებულ, ნებართვის საჭიროების არმქონე გარემოში შეუძლიათ სადაც ერთმანეთთან შუამავლის გარეშე, ბლოკჩეინ ქსელში ივაჭრებენ.

დეცენტრალიზებული ფიუჩერსები შესაძლოა იყოს სამუდამო ან ჰქონდეს ამოწურვის ფიქსირებული თარიღი. სამუდამო ფიუჩერსების კონტრაქტები შექმნილია ტრადიციული ფიუჩერსების კონტრაქტების გამოცდილების გადმოსაღებად ამოწურვის თარიღის ან გადახდის გარეშე. ისინი DeFi დერივატივების კონტრაქტების ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს.

უვადო ფიუჩერსების კონტრაქტები ჩვეულებრივი ფიუჩერსების კონტრაქტებთან შედარებით უფრო მეტი მოქნილობისა და ხელმისაწვდომობისთვის არის შექმნილი. თუმცა მათაც თან ახლავს რისკები, მათ შორის მაღალი ლევერიჯი და მაღალი საკომისიოს შანსი.

ოფციონების კონტრაქტები

ოფციონების კონტრაქტი არის ფინანსური კონტრაქტის სახე, რომელიც მფლობელს აძლევს უფლებას — თუმცა არა ვალდებულებას — განსაზღვრულ დროს (ამოწურვის თარიღი), კონკრეტულ ფასად გაყიდოს საბაზისო აქტივი; იგივე ეხება კრიპტოვალუტასაც. ოფციონების კონტრაქტის გამოყენება შეიძლება ციფრული აქტივის ფასის მერყეობის თავიდან ასარიდებლად ჰეჯირებისთვის ან სამომავლო ფასის ცვლილებების სავაჭროდ.

მაგალითად, თუ ინვესტორს აქვს ETH და მისი სამომავლო ვარდნის საშიშროება აწუხებს, შეუძლია იყიდოს ფუთ-ოფციონი, რომელიც სპოტ ფასისგან დამოუკიდებლად, ETH-ის წინასწარ განსაზღვრულ ფასად გაყიდვის საშუალებას მისცემს. ამგვარად ის პოტენციურ ზარალს შეამცირებს, თუ ETH-ის ფასი წინასწარ განსაზღვრულზე ნაკლები გახდება.

მეორე მხრივ, ოფციონები ასევე გამოიყენება კრიპტოვალუტის ფასის სამომავლო ცვლილებისგან სარგებლის მისაღებადაც. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი იყიდის ქოლ-ოფციონს, რომელიც მას უფლებას აძლევს იყიდოს საბაზისო აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად, თუ მისი ფასი სტრაიკ ფასს აღემატება.

სინთეტიკური აქტივები

სინთეტიკური აქტივები — ასევე ცნობილი როგორც „სინთები“ — არის სხვადასხვა აქტივების ციფრული სახე, რომელიც ამ აქტივების ფლობისა და ვაჭრობის ხელმისაწვდომ გზებს ქმნის. სინთეტიკური აქტივები თავისი არსით არის ტოკენიზებული დერივატივები, რომლებიც იყენებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას საბაზისო აქტივის ღირებულების და სხვა მახასიათებლების გამეორებისთვის, მაგალითად ინფლაციის.

მართალია სინთეტიკური აქტივები სტეიბლკოინებს ჰგავს, მაგრამ ისინი შედარებით უფრო დივერსიფიცირებულია, რადგან წარმოადგენენ აქტივების უფრო ფართო სპექტრს, მათ შორის აქციებს, ძვირფას მეტალებს, ალტკოინებს, ოფციონებს და ფიუჩერსებს. ამას გარდა, ისინი საბაზისო აქტივის ფასს წარმოადგენენ, მაგრამ არ იყენებენ მათ პირდაპირი უზრუნველყოფისთვის.

შესაბამისად, სინთეტიკური აქტივების მიზანია გამოიყენოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამჭვირვალობა და ღიაობა, რითაც ნებისმიერ წერტილში მყოფ ყველა მსურველს აქტივებზე წვდომა სხვადასხვა ეტაპების გავლის გარეშე შეეძლება. ეს არის ნებართვის საჭიროების არმქონე საინვესტიციო გარემოს შექმნილის ნაწილი, რომელიც ტრადიციულ აქტივებთანაც არის დაკავშირებული.

რა გამოწვევის წინაშე დგანან დერივატივები DeFi-ში?

DeFi დერივატივების გამოყენებამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი თანმხლები რისკების შესახებ. ჩვეულებრივ, ამის გაკეთება უფრო რისკიანია, ვიდრე უბრალოდ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, რადგან DeFi დერივატივები ჩახლართულ, მერყევ ფინანსურ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. ამიტომ პოტენციური მოგებაც და ზარალიც უფრო დიდია, ვიდრე კრიპტო ვაჭრობის შემთხვევაში.

კითხვის ნიშნები ჩნდება ლიკვიდურობასთან დაკავშირებითაც. DEX-ები ჯერაც შედარებით სიახლეა და პოტენციურად უფრო მცირე სავაჭრო მოცულობამ შესაძლოა დერივატივებით დაუყოვნებლივ ვაჭრობა გაართულოს. პრაქტიკულ დონეზე DEX-ები ტრადიციულ კრიპტო ბირჟებთან შედარებით ნაკლებად არიან მომხმარებელზე მორგებული. ახალბედებისთვის, ვინც არაკასტოდიალურ საფულეებს არ იცნობს, DEX-ზე საფულის დაკავშირება, პაროლის დავიწყება ან თუნდაც აღდგენის ფრაზის დაკარგვა გავრცელებულ პრობლემებს შორის არის.

ამას გარდა, ცენტრალიზებული პლატფორმების უმეტესობას აქვს რეალურ დროში ვაჭრობის საშუალება, რაზეც დაბლოკვის დრო გავლენას ვერ ახდენს. თუმცა DEX-ები იყენებენ on-chain შეკვეთების წიგნს, რაც შესაძლოა პრობლემად იქცეს, რადგან გადატვირთული ქსელი გაზრდილი საკომისიოს მიზეზი ხდება.

DeFi დერივატივებით ვაჭრობისას ასევე უნდა გვახსოვდეს უსაფრთხოების რისკი. ჰაკერები DEX-ებსაც ემუქრებიან და მათი სისუსტეების სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. მაგალითად, რადგან DeFi პროტოკოლებს სმარტ კონტრაქტები აკონტროლებს, კოდში ერთმა ბაგმაც კი შესაძლოა კონტრაქტის ჩამოშლა გამოიწვიოს.

უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა DeFi პლატფორმებმა სმარტ კონტრაქტების პრობლემების გამო მნიშვნელოვნად იზარალეს. რისკის შესამცირებლად ჩაატარეთ თქვენი საკუთარი მოკვლევა (DYOR), გაიგეთ მეტი პლატფორმის გუნდის, დერივატივების ტიპებისა და სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოების შესახებ.

შეჯამება

DeFi დერივატივების პუპულარიზაციასთან ერთად ინვესტორებს ნდობის საჭიროების არმქონე გარემოში საბაზისო აქტივის ფასის ცვლილებისგან სარგებლის მიღება შეუძლიათ. ბლოკჩეინ ტექნოლოგია განვითარებას განაგრძობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ DeFi დერივატივების ახალი ტიპები გაჩნდება. ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებამდე გაითვალისწინეთ სავაჭრო გამოცდილება და რისკები, გულმოდგინედ შეაფასეთ პოტენციური ზარალი, რომლის გაწევის უფლებასაც თავს მისცემთ.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.