მთავარი დეტალები
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ფარგლებში შესაძლებელია ახალი ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა. დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAO-ები) ამის მთავარი მაგალითია.
ბლოკჩეინები, როგორც განაწილებული ქსელები, DAO-ებს ავტონომიურად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს, ცენტრალური მმართველობის საჭიროების გარეშე.
DAO-ები გახლავთ ორგანიზაციული მოდელი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია საზოგადოებრივ განვითარებასა და მართვაზე.
შესავალი
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, შესაძლებელი გახდა ახალი ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა. დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAO-ები) იმ ინოვაციური ორგანიზაციების ნათელი მაგალითია, რომლებიც მოქმედებენ ავტონომიურად, ცენტრალური მმართველობის საჭიროების გარეშე.
პირველი DAO-ს გაშვება მოხდა 2016 წელს, მისი ყველა წევრის ერთი მმართველი ორგანოს სახით გაერთიანების მიზნით. DAO შესაძლოა მრავალ სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს, იქნება ეს მომხმარებელთა ფულადი რესურსების გაერთიანება ვენჩურული ინვესტიციების განხორციელების მიზნით, თუ off-chain მონაცემების მთლიანობის ვალიდაცია.
რა არის DAO?
DAO იშიფრება როგორც დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია. ეს გახლავთ კონცეფცია, რომელსაც საფუძველი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ფარგლებში ჩაეყარა და რომელიც იძლევა ისეთი ორგანიზაციების შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც მართავს კოდი და არა ცენტრალიზებული ორგანო, ან კონკრეტული პირები.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, DAO გახლავთ საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც იმართება კომპიუტერული კოდით. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციის მოქმედების წესები მის დიზაინშია ინტეგრირებული, მას შეუძლია ავტონომიურად ფუნქციონირება, ცენტრალური მმართველობის საჭიროების გარეშე.
ტრადიციული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, DAO-ები არ აძლევს ცალკეულ პირს, ან ჯგუფს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების საშუალებას. ნაცვლად ამისა, საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია გარკვეული იდეის შეთავაზება და ამ იდეებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება. ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ გადაწყვეტილებებს იღებს მთელი ჯგუფი და არა ძალაუფლების მქონე რამდენიმე ადამიანი.
კრიპტო ენთუზიასტებს მოსწონთ DAO-ები, იმიტომ, რომ მათი მეშვეობით ჯგუფური მუშაობა უფრო სამართლიანი ხდება. ნაცვლად ტრადიციული მოდელებისა, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს რამდენიმე „მნიშვნელოვანი“ პირი, აქ ნებისმიერ წევრს აქვს პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანის და აზრის გამოხატვის უფლება. ეს მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტული კომპანიებისგან, სადაც მთელი ძალაუფლება, როგორც წესი, აღმასრულებელი პირების და მსხვილი მეწილეების ხელშია.
როგორ მუშაობს DAO-ები?
DAO-ში, ორგანიზაციის მუშაობის წესები და მითითებები ჩაწერილია კოდში, რისთვისაც, როგორც წესი გამოიყენება, ბლოკჩეინის სმარტ კონტრაქტები. ეს სმარტ კონტრაქტები ავტომატურად ახორციელებენ გარკვეულ ქმედებებს, წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ორგანიზაცია მოქმედებს შეთანხმებული წესების შესაბამისად, კონკრეტული ადამიანის ჩარევის საჭიროების გარეშე.
როგორც წესი, DAO-ს წევრები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ ორგანიზაციის ტოკენების ან აქციების ფლობის გზით. ეს ტოკენები წარმოადგენენ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, სადაც თითოეული წევრი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, მათ მფლობელობაში არსებული ტოკენების რაოდენობის შესაბამისად.
როდესაც ჩნდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება, როგორიცაა შეთავაზების მიღება, ან ფინანსების განაწილება, წევრებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში, საკუთარი ტოკენების გამოყენებით. ამ დემოკრატიული პროცესით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოების ერთიანი სურვილის საფუძველზე.
ხშირ შემთხვევაში, DAO-ებს გააჩნიათ ხაზინები, ან ფინანსების პულები, რომლებიც ერთობლივად იმართება წევრების მიერ. ამ თანხების გამოყენება შესაძლებელია პროექტების დასაფინანსებლად, ახალი ბიზნესებში ინვესტიციის ჩასადებად, ან საზოგადოების მიერ შემოთავაზებული ინიციატივების მხარდასაჭერად.
ამ თანხების გამოყენებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები წარმოდგენილია ორგანიზაციის წევრების მიერ და მათთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობენ საზოგადოების წევრები. შეთავაზების მიღების და დადასტურების შემდეგ, სმარტ კონტრაქტები ავტომატურად ახორციელებენ საჭირო ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად თანხების გადარიცხვა, ან ახალი ტოკენების დამზადება.
გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება DAO-ების მთავარი პრინციპებია. ყველა გადაწყვეტილება და ტრანზაქცია ბლოკჩეინზე ჩაიწერება, რაც მათ საჯაროდ ხელმისაწვდომს და ვერიფიცირებადს ხდის. გამჭირვალობით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ორგანიზაციის წევრებს შეუძლიათ ენდონ ორგანიზაციის ერთიანობას და აიღონ პასუხისმგებლობა ერთმანეთის ქმედებებზე.
გარდა ამისა, რადგან DAO-ები მუშაობს დეცენტრალიზებულ ქსელზე, მათზე არ მოქმედებს ცენზურა და ისინი დაცულია გაყალბებისგან, რაც უფრო მეტად ზრდის სანდოობის და საიმედოობის დონეს. გარკვეული თვალსაზრისით, DAO-ები კორპორაციის, ან ეროვნული სახელმწიფოს მსგავსად ფუნქციონირებს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ DAO ირჩევს უფრო დეცენტრალიზებულ მეთოდებს.
DAO-ები და პრინციპალი-აგენტის პრობლემა
DAO-ების მეშვეობით ხდება ეკონომიკის სივრცეში პრინციპალი-აგენტის სახელით ცნობილი პრობლემის გადაჭრა. ეს პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას („აგენტი“) შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს სხვა პირის ან ორგანიზაციის სახელი („პრინციპალი“). თუ აგენტს სურს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედება, მას შეუძლია უგულებელყოს პრინციპალის ინტერესები.
პრობლემას უფრო მეტად ამძაფრებს ის, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საჭიროზე ნაკლები ინფორმაციის მიმოცვლას პრინციპალსა და აგენტს შორის. პრინციპალმა შესაძლოა ვერასდროს გაიგოს, რომ მათი უფლებებით სარგებლობენ და ასევე, მას არ აქვს არავითარი საშუალება იმაში დასარწმუნებლად, რომ აგენტი მის სასარგებლოდ მოქმედებს.
ეს პრობლემა ხშირად იჩენს თავს ისეთ სიტუაციებში, სადაც ხმის მიცემით არჩეული ოფიციალური თანამდებობის პირები მოქმედებენ მოქალაქეების სახელით, ბროკერები მოქმედებენ ინვესტორების სახელით, ან მენეჯერები მოქმედებენ აქციების მფლობელების სახელით.
ბლოკჩეინის მიერ მხარდაჭერილი გამჭირვალობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფით, ეფექტური დიზაინის მქონე DAO-ებს შეუძლიათ ამ პრობლემის გარკვეული ასპექტების გადაჭრა. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ DAO მოახერხებს ინფორმაციის ასიმეტრიულობის თავიდან არიდებას და წახალისებების თანაბრად განაწილებას საზოგადოების წევრებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ტრანზაქცია იწერება ბლოკჩეინზე, DAO-ები მოქმედებენ სრული გამჭირვალობით და უფრო მეტად მდგრადები არიან თაღლითობის მიმართ.
DAO-ების უპირატესობები
დეცენტრალიზებული
ტრადიციულ ორგანიზაციებში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ცენტრალური მართვის რგოლი იღებს. DAO-ს შემთხვევაში, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებს საზოგადოების ყველა წევრი.
გამჭირვალე
გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად საჭიროა DAO-ს თითოეულმა წევრმა საკუთარ თავზე აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა. DAO-ს ფარგლებში ხმის მიცემა ხდება ბლოკჩეინის მეშვეობით და ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. ნებისმიერ პირს შეუძლია ტრანზაქციის ჩანაწერების ნახვა. ეს საზოგადოების წევრებს აძლევს მოტივაციას იმოქმედონ კეთილსინდისიერად და არა საზოგადოებისთვის საზიანოდ.
საზოგადოებაზე ორიენტირებული
DAO-ს აქვს შესაძლებლობა გააერთიანოს ადამიანები მთელი მსოფლიოდან, ერთი საერთო მიზნის მისაღწევად. თითოეულ წევრს გააჩნია პროექტში გარკვეული წვლილის შეტანის შესაძლებლობა. ტრადიციული კორპორატიული სტრუქტურებისგან განსხვავებით, ნებისმიერ პირს შეუძლია საკუთარი იდეების წარდგენა და ორგანიზაციული მოქმედების კურსის შეთავაზება, დეცენტრალიზებული მართვის მექანიზმის ფარგლებში.
DAO-ს მაგალითები
MakerDAO: MakerDAO გახლავთ DeFi პროექტი, რომელსაც გააჩნია კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი - DAI, რომელიც მიბმულია აშშ დოლარზე.
Aave: Aave გახლავთ Ethereum-ზე დაფუძნებული თანხების ბაზარი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მრავალი სხვადასხვა აქტივის სესხება და გასესხება, იქნება ეს სტეიბლკოინები, თუ ალტკოინები. Aave პროტოკოლი იმართება AAVE-ს მფლობელების მიერ.
Uniswap: Uniswap არის დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) პროტოკოლი, რომელიც ფუნქციონირებს როგორც DAO და მომხმარებლებს აძლევს სხვადასხვა კრიპტოვალუტის გაცვლის საშუალებას, შუამავლის საჭიროების გარეშე.
Yearn.Finance: Yearn.Finance (YFI) წარმოადგენს DeFi პლატფორმას, რომელიც ახდენს სარგებლის ფარმინგის სტრატეგიების და სხვა DeFi შესაძლებლობების ავტომატიზაციას. ის ფუნქციონირებს როგორც DAO, სადაც საზოგადოების წევრები აკონტროლებენ პროტოკოლის განახლებებს და პროტოკოლის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.
არის თუ არა Bitcoin DAO?
Bitcoin-ს ადამიანების გარკვეული ჯგუფი DAO-ს ადრეულ მაგალითად მიიჩნევს. ის მოქმედებს დეცენტრალიზებული მიდგომით და იმართება კონსენსუსის პროტოკოლით, მონაწილეებს შორის ყოველგვარი იერარქიის არსებობის გარეშე.
Bitcoin პროტოკოლი განსაზღვრავს სისტემის წესებს, ხოლო Bitcoin (BTC) როგორც ვალუტა წარმოადგენს ერთგვარ წამახალისებელ ჯილდოს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას. ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ სხვადასხვა მონაწილემ შეძლოს ერთობლივად მუშაობა იმაზე, რომ Bitcoin-მა განაგრძოს დეცენტრალიზებული ავტონომიური ქსელის სახით ფუნქციონირება. Bitcoin-ის შემთხვევაში, საერთო მიზანს წარმოადგენს თანხის შენახვა და გადატანა ცენტრალური მმართველობის რგოლის მიერ სისტემის კონტროლის საჭიროების გარეშე.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს DAO-ს ფენომენის ერთი, უნივერსალური განსაზღვრება. დღესდღეობით, ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი ორგანიზაციების აღსაწერად, რომლებიც მუშაობს არსებული ბლოკჩეინის პარალელურად და იმართება მათი საზოგადოების მიერ, სმარტ კონტრაქტების გამოყენებით. სწორედ ეს განსაზღვრება ხდის მათ Bitcoin-ისგან განსხვავებულს.
კიდევ რისთვის შეიძლება DAO-ების გამოყენება?
უფრო კომპლექსური DAO-ების გამოყენება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, მაგალითად დეცენტრალიზებული ვენჩურული ფონდებისთვის ან სოციალური მედიის პლატფორმებისთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია DAO-ების მეშვეობით იმ მოწყობილობების ფუნქციონირების კოორდინაცია, რომლებიც დაკავშირებულია ნივთების ინტერნეტთან (IoT).
გარდა ამისა, არსებობს DAO-ების ქვეჯგუფი, რომელსაც დეცენტრალიზებული ავტონომიური კორპორაციები (DAC-ები) ეწოდება. DAC გვთავაზობს ტრადიციული კომპანიის, მაგალითად ოფიციალური ონლაინ სატრანსპორტო კომპანიის, მსგავს სერვისებს. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ის ფუნქციონირებს ტრადიციული ბიზნესებისთვის დამახასიათებელი კორპორატიული მმართველობითი სტრუქტურის გარეშე.
მაგალითად, ავტომობილს, რომელიც არ იმყოფება რომელიმე სუბიექტის მფლობელობაში და გვთავაზობს სატრანსპორტო მომსახურებას, როგორც DAC-ის ნაწილი, შეუძლია იმუშაოს ავტონომიურად, განახორციელოს ტრანზაქციები სხვა ადამიანებთან და სხვა სმარტ მოწყობილობებთან მიმართებაში. ბლოკჩეინის oracle-ების გამოყენებით, მას სმარტ კონტრაქტების გააქტიურება და გარკვეული დავალებების დამოუკიდებლად შესრულებაც შეუძლია.
Ethereum და „The DAO“
DAO-ს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მაგალითი ცნობილია როგორც „The DAO“. მის შემადგენლობაში შედის კომპლექსური სმარტ კონტრაქტები, რომლებიც მუშაობენ Ethereum-ის ბლოკჩეინის პარალელურად და უნდა მოქმედებდნენ ავტონომიური ვენჩურული ფონდის სახით.
2016 წლის მაისში, DAO ტოკენები გაიყიდა მონეტის პირველადი შეთავაზების (ICO-ები) ფარგლებში და მომხმარებლები უზრუნველყო აქტივების წილის ფლობის და ხმის მიცემის უფლებით ამ დეცენტრალიზებული ფინანსების სივრცეში. თუმცა, გაშვებიდან ძალიან მცირე დროში The DAO-ს თანხების თითქმის მესამედი მოიპარეს კრიპტოვალუტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმის დროს.
ამის შედეგად, Ethereum გაიყო ორ ბლოკჩეინად, hard fork-ის განხორციელების შემდეგ. ერთ ბლოკჩეინზე განხორციელდა თაღლითური ტრანზაქციების გაუქმება, ისე, თითქოს ჰაკერული თავდასხმა არასდროს მომხდარა. ამ ბლოკჩეინს დღესდღეობით Ethereum-ის ბლოკჩეინი ეწოდება. მეორე ბლოკჩეინი, რომელიც ფილოსოფიის „კოდი არის კანონი“ ერთგულია, თაღლითურ ტრანზაქციებს ხელშეუხებელს ტოვებს. ამ ბლოკჩეინს დღესდღეობით Ethereum Classic ეწოდება.
DAO-ების უარყოფითი მხარეები
სამართლებრივი
DAO-ების გარშემო არსებული მარეგულირებელი გარემო ჯერ კიდევ მრავალ გაურკვევლობასთანაა ასოცირებული, რადგან იურისდიქციების უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული მათი მიდგომა ამ ტიპის ორგანიზაციის მიმართ. მუდმივად გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსი შესაძლოა მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცეს DAO-ების ფართოდ გავრცელების საკითხში.
კოორდინირებული თავდასხმები
DAO-ების სასარგებლო თვისებები (დეცენტრალიზაცია, უცვლელობა, სანდოობა) ასევე მოიცავს მუშაობისა და უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს. DAO-ს პრაქტიკული მაგალითები გვიმტკიცებს, რომ ეს ახალი ორგანიზაციული ფორმა შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხეების გამომწვევი გახდეს, თუ არ მოხდება მისი სტრუქტურის სათანადოდ შემუშავება.
დეცენტრალიზაცია
შეიძლება ითქვას, რომ დეცენტრალიზაცია არა მდგომარეობა, არამედ დიაპაზონია, რომლის ფარგლებშიც თითოეული დონე შეესაბამება გამოყენების სხვადასხვა გზას. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდეს სრული ავტონომიის ან დეცენტრალიზაციის დანერგვა.
მართალია DAO-ები მონაწილეთა უპრეცენდენტო რაოდენობას აძლევს თანამშრომლობის და ერთობლივად მუშაობის საშუალებას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ არის შექმნილი DAO-ს სტრუქტურა, პროტოკოლში გაწერილი მმართველობითი წესები შესაძლოა ცენტრალიზაციის წერტილად იქცეს.
შეჯამება
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ DAO-ები გახლავთ ინოვაციური მიდგომა ორგანიზაციული მმართველობის მოდელის მიმართ, რომელიც იყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ინკლუზიური, დემოკრატიული და გამჭირვალე საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით.
DAO-ები ორგანიზაციებს აძლევენ საშუალებას, გათავისუფლდნენ ტრადიციული იერარქიების და სტრუქტურების მიერ წამოყენებული ვალდებულებებისგან. ნაცვლად მონაწილეთა ქმედებების მაკონტროლებელი ცენტრალური რგოლისა, ხდება მმართველობის წესების ავტომატიზაცია და წევრების მიმართვა საერთო მიზნისკენ - მაქსიმალური სარგებლის მიღება ქსელისგან.
ეფექტური DAO-ს შექმნის საიდუმლო მდგომარეობს კონსენსუსის ეფექტური წესების გამოყენებაში, რომელთა მეშვეობითაც გადაიჭრება მონაწილეთა კოორდინაციასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემები. რეალური გამოწვევა, რომელსაც DAO-ების ინტეგრაციისას შესაძლოა წავაწყდეთ, უფრო მეტად ტექნოლოგიურია, ვიდრე სოციალური.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.