TL;DR
საჯარო ბლოკჩეინები ყველასთვის ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად. თქვენ ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მათ კონსენსუსის მექანიზმებში იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ კონკრეტულ მოთხოვნებს. Bitcoin-ი, Ethereum-ი, და BNB Chain-ი წარმოადგენს საჯარო ბლოკჩეინების მაგალითებს, რომლებიც, როგორც წესი, გამჭირვალე და დეცენტრალიზებულია.
მეორე მხრივ, კერძო ბლოკჩეინებზე წვდომისთვის საჭიროა მოწვევა. ისინი ჩვეულებრივ გამოიყენება კერძო ბიზნესის საქმიანობაში და დაკავშირებულია კონკრეტულ დანიშნულებასთან. ძალაუფლება ვალიდატორების მცირე ჯგუფის ხელშია, რომლებიც იღებენ ქსელთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმეტესობას. გამჭირვალობა შეიძლება შეზღუდული იყოს, თუმცა განახლების დრო და მასშტაბირებადობა ხშირად მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
შესავალი
ოდესმე გიფიქრიათ, რა ტიპისაა ბლოკჩეინი, რომელსაც თქვენ იყენებთ და რას ნიშნავს proof-of-work (PoW) და proof-of-stake (PoS)? თითოეული ბლოკჩეინი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საჯარო ან კერძო. ამ ორი კატეგორიის რაობის ცოდნა დაგეხმარებათ მეტი გაიგოთ ბლოკჩეინის მახასიათებლების და ცვალებადობის შესახებ.
რა არის კერძო (Permissioned) და საჯარო (Permissionless) ბლოკჩეინები?
არსებობს ბლოკჩეინის რამდენიმე ტიპი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ბლოკჩეინი შეიძლება იყოს კერძო ან საჯარო. თქვენ ალბათ უკვე იცით საჯარო ბლოკჩეინების შესახებ, რომელთა გამოყენება და გაშვება ნებისმიერს შეუძლია. ასევე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი ქსელის გამოყენება და ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა. Bitcoin-ი, BNB Chain-ი და Ethereum-ი საჯარო ბლოკჩეინების მაგალითებს წარმოადგენს.
კერძო ბლოკჩეინში მონაწილეობისთვის საჭიროა მონაწილეობის ნებართვა. ეს ბლოკჩეინები ჩვეულებრივ გამოიყენება დახურულ სისტემაში, როგორიცაა ორგანიზაცია ან კომპანია. მაგალითად, საკუთარი მომარაგების ჯაჭვის სისტემისთვის კერძო ბლოკჩეინის შესაქმნელად, კომპანია შეიძლება იყენებდეს Hyperledger Fabric ბლოკჩეინის სტრუქტურას. ამ ქსელში მონაწილეობისთვის, საჭიროა სპეციალური ნებართვის მიღება ადმინისტრატორისგან.
მოკლე ისტორია და წინაპირობა
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ისტორია იწყება სატოში ნაკამოტოს მიერ Bitcoin-ის whitepaper-ის გამოქვეყნებიდან. ამ whitepaper-ში აღწერილია საჭარო ბლოკჩეინი, სადაც ნეიტრალური მომხმარებლები ახორციელებენ კონსენსუსის გენერირებას. საჯარო ბლოკჩეინის ტრენდის განვითარება გაგრძელდა და Bitcoin-ის მოდელი ბლოკჩეინების მრავალ თაობას დაედო საფუძვლად. Bitcoin-ის და მისი შთამომავლების მახასიათებლები და ბუნება გამოიყენება საჯარო ბლოკჩეინებში, რომლებში მონაწილეობასაც ნებართვა არ სჭირდება.
ბლოკჩეინის მახასიათებლები ასევე მიმზიდველი გამოდგა კერძო და დახურული ორგანიზაციებისთვის. მისმა შეუცვლელობამ, გამჭირვალობამ (ზოგიერთ ასპექტში) და უსაფრთხოებამ წარმოშვა სურვილი, ან საჭიროება, რომ შექმნილიყო ისეთი ბლოკჩეინის უფრო კერძო, დახურულ პროცესზე მორგებული ვარიანტი.
ამ იდეის განხორციელებისთვის, ბლოკჩეინის დეველოპერებმა შექმნეს კერძო სისტემები, ანუ პერსონალიზებული ბლოკჩეინები, მესამე მხარის მიერ გამოსაყენებლად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთ ამგვარ სტრუქტურას წარმოადგენს Hyperledger Fabric-ი. ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი კერძო სტრუქტურების მაგალითებს ასევე წარმოადგენს Quorum, MultiChain და Ethereum Geth.
ძირითადი მახასიათებლები
ქვემოთ მოცემული მახასიათებლები ყოველთვის მხოლოდ კერძო ან საჯარო ბლოკჩეინს არ მიესადაგება. თუმცა ზოგადად, ხშირ შემთხვევაში, თითოეული მახასიათებელი აღწერს ბლოკჩეინის კონკრეტულ არქეტიპს.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
საჯარო ბლოკჩეინები: უპირატესობები
დეცენტრალიზაციის პოტენციალი. ყველა საჯარო ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული არ არის, თუმცა ჩვეულებრივ მათ გააჩნია მაღალი დეცენტრალიზაციის პოტენციალი. ნებისმიერს შეუძლია კონსენსუსის მექანიზმში მონაწილეობა ან საჯარო ქსელის გამოყენება, თუ მათ ამის სურვილი ან სათანადო რესურსები გააჩნიათ.
ჯგუფური კონსენსუსი. მომხმარებლებს შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეხება ქსელის ცვლილებებს. ვალიდატორებს და ქსელის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მხარი არ დაუჭირონ გადაწყვეტილებებს და არაპოპულარულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქსელის forked ვერსიების შექმნა.
მარტივი წვდომა. ნებისმიერს შეუძლია შექმნას საფულე და შეუერთდეს საჯარო ქსელს, რადგან ამ ქსელებთან წვდომა მარტივია და ამისთვის უმნიშვნელო ბარიერების გადალახვაა საჭირო.
საჯარო ბლოკჩეინები: ნაკლოვანებები
მასშტაბირებადობასთან დაკავშირებული გამოწვევები. საჯარო ბლოკჩეინებს უნდა შეეძლოთ მომხმარებელთა დიდ რაოდენობასთან და მაღალი მოცულობის დატვირთვასთან გამკლავება. მასშტაბირებადობის გასაუმჯობესებლად ქსელის განახლებების ეფექტურად დანერგვისთვის საჭიროა ჯგუფური კონსენსუსი.
ბოროტგანმზრახველები. რადგან საჯარო ბლოკჩეინებში მონაწილეობა ყველას შეუძლია, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ამ ქსელებს ვინმე ბოროტი განზრახვით შეუერთდება.
ზედმეტი გამჭვირვალობა. საჯარო ბლოკჩეინებში, ინფორმაციის უმეტესობის ნახვა ნებისმიერს შეუძლია, რამაც პოტენციურად შეიძლება კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პრობლემები წარმოშვას.
კერძო ბლოკჩეინები: უპირატესობები
მასშტაბირებადობა. ჩვეულებრივ, კერძო ბლოკჩეინი გამოიყენება ორგანიზაციის მიერ, რომელიც, გარკვეულ დონეზე, აკონტროლებს ვალიდატორებს. შესაბამისად, ქსელის განახლებები შედარებით მარტივად ხორციელდება.
მარტივი პერსონალიზაცია. კერძო ბლოკჩეინი შესაძლოა კონკრეტული მიზნით იყოს შექმნილი, რაც მას ეფექტურს ხდის კონკრეტული ფუნქციის შესრულებისთვის. როდესაც საჭიროა ცვლილებების შეტანა, ბლოკჩეინის პერსონალიზაცია მარტივად ხდება.
გამჭირვალობის კონტროლირებული დონე. კერძო ბლოკჩეინის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, თუ რა დონის გამჭვირვალობაა საჭირო მისი კონკრეტული დანიშნულებით გამოყენებისას.
შესვლა მხოლოდ მოწვევის საფუძველზე. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია ბლოკჩეინში მონაწილეობა.
კერძო ბლოკჩეინები: ნაკლოვანებები
ცენტრალიზაცია. უფლებები გააჩნია მხოლოდ ცენტრალურ ორგანოს ან ბლოკჩეინის მფლობელის მიერ არჩეულ ვალიდატორების ჯგუფს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქსელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღებაში ყველა მონაწილე ვერ იქნება ჩართული.
თავდასხმების მიმართ დაუცველობა. როგორ წესი, კერძო ბლოკჩეინს შედარებით მცირე რაოდენობის ვალიდატორი ჰყავს, რის გამოც, კონსენსუსის მეანიზმი შედარებით ნაკლებადაა დაცული თავდასხმებისგან.
ცენზურის რისკი. ბლოკჩეინის ოპერატორის მიერ შეთავაზებული ქსელთან დაკავშირებული შეთანხმებები და განახლებები შეიძლება დაექვემდებაროს ცენზურას. საკმარისი რაოდენობის მონაწილის შეთანხმების შემთხვევაში, ბლოკჩეინზე ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს.
რომელი გამოვიყენოთ, კერძო (Permissioned) თუ საჯარო (Permissionless) ბლოკჩეინი?
ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია. თუ გსურთ შექმნათ ყველასთვის ღია სერვისი, თქვენ გჭირდებათ საჯარო ბლოკჩეინი. თუმცა, საჯარო ბლოკჩეინის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პრინციპების და მიზნების სტრანდარტული ნაკრები. ფაქტიურად, თქვენი ბლოკჩეინი შეიძლება იყოს ცენტრალიზებული და ამავდროულად საჯარო. ასევე შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ გამოიყენოთ კონფიდენციალურობის ელემენტები.
თუ გსურთ ბლოკჩეინის გამოყენება დახურულ ორგანიზაციაში, მაგალითად კომპანიაში ან სამთავრობო უწყებაში, უმჯობესია გამოიყენოთ კერძო ბლოკჩეინი. კიდევ ერთხელ, არ არის საჭირო, რომ თქვენს ბლოკჩეინს გააჩნდეს კერძო ბლოკჩეინისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება; ის შეიძლება იყოს სრულად გამჭვირვალე და ყველას შეეძლოს მისი დათვალიერება.
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, როგორც კრიპტო ინვესტორს ან ტრეიდერს, მხოლოდ საჯარო ბლოკჩეინებთან მოგიწევთ მუშაობა, მაინც სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს კერძო ბლოკჩეინები და რა განმასხვავებელი თვისებები გააჩნია მათ. მარტივია გქონდეთ ერთი წარმოდგენა განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის (DLT) შესახებ, რომელიც შეესაბამება გამჭვირვალე, საჯარო და დეცენტრალიზებული კრიპტოს მოდელს. თუმცა ეს პარამეტრები შეიძლება შეიცვალოს — სინამდვილეში, ბევრი კერძო ორგანიზაცია იყენებს კერძო ბლოკჩეინებს, რომლებიც მსგავსი ტიპის ბლოკჩეინებისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.