TL;DR
ტრადიციული ცენტრალიზებული შენახვის სერვერებისგან განსხვავებით, რომლებიც იმართება ერთი სუბიექტის ან ორგანიზაციის მიერ, დეცენტრალიზებული შენახვის სისტემა მონაცემებს ინახავს გეოგრაფიულად განაწილებულ ნოდებში, რომლებიც ერთმანეთს peer-to-peer (P2P) ქსელის მეშვეობით უკავშირდება.
დეცენტრალიზებული მონაცემთა შენახვის ქსელი იყენებს ბლოკჩეინს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების დონის გაზრდას მონაცემთა ფაილების შეცდომებისგან დაცვით, შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკების შემცირებით და ერთი სერვერის გაუმართაობით გამოწვეული მონაცემთა დაკარგვის საფრთხის გამორიცხვით.
შესავალი
2006 წელს, ბრიტანელმა მათემატიკოსმა კლაივ ჰამბიმ დაამკვიდრა ფრაზა: „მონაცემები ახალი ნავთობია“. ეს სიტყვები არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც დღეს, რადგან პერსონალური მონაცემები მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ონლაინ აქტივობებთან.
დღეისათვის, პერსონალური მონაცემები ჩვენი ციფრული იდენტობის ნაწილია, რომელიც ჩვეულებრივ ცენტრალიზებულ სერვერებზე ინახება. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალიზებული შენახვის ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომია, თქვენ სრულად მაინც ვერ აკონტროლებთ, თუ ვისთვის და როგორ ხდება ამ მონაცემების გაზიარება, რაც ზრდის მათი დაკარგვის ან კონფიდენციალურობის დარღვევის ალბათობას და კიბერშეტევებისგან უფრო დაუცველს ხდის.
თუმცა, Web3-ის განვითარებამ შეცვალა ონლაინ კომუნიკაციის მეთოდები, რაშიც დიდი წვლილი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გაჩენამ შეიტანა.
ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციების გაშვება შესაძლებელია დამოუკიდებლად, მესამე მხარის კუთვნილი სისტემის საჭიროების გარეშე, რაც ქმნის დეცენტრალიზებულ ინტერნეტს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარ მონაცემების უკეთ კონტროლი და ონლაინ აქტივობებში უფრო უსაფრთხოდ მონაწილეობა. უფრო მეტიც, დეცენტრალიზებული შენახვის სისტემის განვითარების წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარ მონაცემებზე წვდომა და მათი შენახვა განაწილებულ ქსელში, ნაცვლად ცენტრალიზებული სერვერისა.
ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული შენახვა
ცენტრალიზებული შენახვა
მონაცემთა ცენტრალიზებული შენახვა მრავალი წლის განმავლობაში დომინანტურ სისტემად ითვლებოდა. მონაცემების შენახვის ეს მეთოდი საჭიროებს მონაცემების მართვის და შენახვის პროვაიდერს, რომელიც ჩვეულებრივ ერთ ლოკაციაზე განთავსებულ ერთ ან რამდენიმე სერვერს იყენებს.
ამ მეთოდის გამოყენება მონაცემებთან წვდომას და მათ მართვას ამარტივებს. ქლაუდ-ტექნოლოგია წარმოადგენს ცენტრალიზებული სისტემის ტიპურ მაგალითს, სადაც მონაცემები ინახება ერთი ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ არსებულ სერვერებზე. ასეთებია Amazon, Google, ან Dropbox.
თქვენი კომპიუტერიდან მონაცემების ცენტრალიზებულ შენახვის სერვერზე გადატანის დროს, ამ მონაცემთა უსაფრთხოება ჩვეულებრივ უზრუნველყოფილია 128-bit SSL შიფრაციის ტექნოლოგიის მეშვეობით. ცენტრალიზებულ შენახვის სერვერზე მოხვედრის შემდეგ, მათი შიფრაციისთვის ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას 256-bit შიფრაციის სტანდარტი.
დეცენტრალიზებული შენახვა
მონაცემთა ცენტრალიზებულ შენახვას თავისი ნაკლოვანებები აქვს. მიუხედავად იმისა, თუ რა დონის უსაფრთხოების ზომებს იყენებს მონაცემთა შენახვის პლატფორმა, ის ყოველთვის ინახავს შიფრაციის გასაღებებს. ეს ყოველთვის დაკავშირებულია ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის და კონტროლის პოტენციურ პრობლემებთან. გარდა ამისა, ჰაკერებისთვის ყოველთვის უფრო მარტივია ერთი სუსტი წერტილის მიზანში ამოღება და ერთად თავმოყრილ დიდი მოცულობის მონაცემებზე წვდომის მოპოვება.
მეორე მხრივ, დეცენტრალიზებულ სისტემებში, მონაცემები ინახება არა ერთ ლოკაციაზე განთავსებულ სერვერზე, არამედ გეოგრაფიულად განაწილებულ კომპიუტერების ქსელში. ეს საშუალებას გვაძლევს შევინახოთ დიდი მოცულობის მონაცემები ცენტრალური სერვერის ან პროვაიდერის საჭიროების გარეშე, რაც გვეხმარება ცენზურასთან ან კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების პრევენციაში.
როგორ მუშაობს დეცენტრალიზებული შენახვის სისტემა?
დეცენტრალიზებული შენახვა მოიცავს მონაცემთა განთავსებას მრავალ კომპიუტერზე ან ნოდზე, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება P2P ქსელის მეშვეობით, როგორიცაა BitTorrent ან InterPlanetary File System (IPFS) პროტოკოლი.
დეცენტრალიზებული შენახვის სისტემაში ატვირთული მონაცემები იყოფა მცირე ნაწილებად და შესანახად ეგზავნება ქსელში ჩართულ სხვადასხვა ნოდებს. თუ გჭირდებათ თქვენს ფაილთან წვდომა, ქსელი იწყებს სხვადასხვა ნოდებში შენახული ნაწილების გაერთიანებას და გაძლევთ აწყობილი ფაილის ჩამოტვირთვის საშუალებას.
გარდა ამისა, დეცენტრალიზებული შენახვის სისტემის ნოდებს არ შეუძლიათ თქვენი ფაილის ნახვა ან შეცვლა, რადგან კრიპტოგრაფიული ჰეშირების მექანიზმი ავტომატურად შიფრავს ქსელში შენახულ მონაცემებს. თავიანთ მონაცემებზე წვდომისთვის, მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ საკუთარი პირადი გასაღებები, რაც უზრუნველყოფს ამ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის პრევენციას.
დეცენტრალიზებული შენახვის უპირატესობები ცენტრალიზებულ სისტემასთან შედარებით
მონაცემთა დეცენტრალიზებული შენახვის სისტემას შეუძლია თავიდან აგვაცილოს გარკვეული პრობლემები, რომლებიც დამახასიათებელია ტრადიციული ცენტრალიზებული შენახვის სერვერებისთვის. ქვემოთ მოცემულია დეცენტრალიზებული შენახვის ქსელების რამდენიმე უპირატესობა მის ცენტრალიზებულ ანალოგთან შედარებით.
გაუმჯობესებული უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
ტრადიციული ცენტრალიზებული შენახვის ქსელები უფრო მეტად დაუცველია კიბერშეტევების მიმართ, რადგან ყველა მონაცემი ერთ ლოკაციაზე ინახება. ხოლო დეცენტრალიზებული შენახვის სისტემები კი გვთავაზობს უფრო მკაცრ უსაფრთხოების ზომებს, რადგან მონაცემები, ერთ სერვერში განთავსების ნაცვლად, გადანაწილებულია მრავალ ნოდს შორის.
ჰაკერებისთვის გაცილებით რთულია დეცენტრალიზებული შენახვის ქსელის გატეხა და ინფორმაციის მოპარვა. უფრო მეტიც, მომხმარებლებს არ სჭირდებათ პერსონალური ინფორმაციის გაგზავნა დეცენტრალიზებულ სისტემაში მონაცემების შენახვის უფლების მისაღებად, რასაც ანონიმურობა უფრო მაღალ დონეზე აჰყავს.
ერთი სუსტი წერტილის არარსებობა
მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა ცენტრალიზებული შენახვის ქსელებთან წვდომა და მათი მართვა უფრო ადვილია, მონაცემთა გადაცემის დროს შეცდომების დაშვების უფრო მეტი შანსი არსებობს, რაც მათი დაკარგვის ალბათობას ზრდის. დეცენტრალიზებული შენახვის ქსელი შედგება მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული ნოდისგან, რაც ზრდის რეზერვირების შესაძლებლობას და ამცირებს მონაცემთა დაკარგვის ალბათობას, რათა მომხმარებლებმა შეძლოს საკუთარ ფაილთან წვდომა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი ნოდი მწყობრიდან გამოვა.
ჩამოტვირთვის უფრო მაღალი სიჩქარე
თუ ქსელის ტრაფიკი მის გამტარუნარიანობაზე მაღალი იქნება, ცენტრალიზებული შენახვის სისტემა შეიძლება შეფერხდეს. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წყალობით, დეცენტრალიზებული შენახვის სისტემას შეუძლია ქსელის დატვირთვის შემცირება, რადგან მისი ნოდები მთელს მსოფლიოშია გადანაწილებული.
ნაკლები ხარჯი
რადგან შენახული მონაცემები მრავალ ნოდზეა გადანაწილებული, ხელმისაწვდომი შენახვის სივრცე დეცენტრალიზებულ სისტემაში გაცილებით მეტია. ამის გამო შენახვის ღირებულება გაცილებით დაბალია ცენტრალიზებული შენახვის პლატფორმებთან შედარებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ სარგებელი მიიღონ მათი სისტემების მასშტაბის გაზრდის მეშვეობით.
გაზრდილი მონაცემთა მთლიანობა
მონაცემთა მთლიანობა გულისხმობს მონაცემების უნარს შეინარჩუნოს იგივე ხარისხი მათი არსებობის განმავლობაში. მონაცემთა მთლიანობის შენარჩუნება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ცენტრალიზებული შენახვის სისტემებისთვის, რადგან სერვერის მწყობრიდან გამოსვლის ან ვებ-გვერდის სხვა სერვერზე გადატანის შემთხვევაში, მონაცემები შეიძლება დაიკარგოს. დეცენტრალიზებული შენახვის სისტემის შემთხვევაში, მონაცემებთან წვდომა შესაძლებელია შეუზღუდავი პერიოდით, ხოლო ჰეშირების წყალობით კი, მათ მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება.
რა შეზღუდვები გააჩნია დეცენტრალიზებული შენახვის სისტემას?
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალიზებულ სისტემასთან შედარებით, მონაცემთა დეცენტრალიზებული შენახვის სისტემას უამრავი უპირატესობა გააჩნია, არსებობს ასევე შეზღუდვები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. მაგალითად, რადგან დეცენტრალიზებული შენახვის სისტემებში მონაცემთა შენახვის და მათთან წვდომის პროცესი დამოკიდებულია ნოდების ქსელზე, ამ მონაცემებთან წვდომას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ცენტრალიზებული შენახვის სისტემების შემთხვევაში.
ანალოგიურად, დეცენტრალიზებული შენახვის სისტემა შეიძლება უფრო მეტად დაცული იყოს მონაცემთა ფლობის კუთხით, თუმცა შეიძლება დაუცველი იყოს სხვა ტიპის უსაფრთხოების პრობლემებისა და რისკებისგან. მავნე ნოდებს ქსელში შენახული მონაცემების უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ. გარდა ამისა, დეცენტრალიზებული შენახვის სისტემები დამოკიდებულია ქსელის ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობაზე. შესაბამისად, ქსელში შენახულ მონაცემებზე წვდომა შეიძლება შეფერხდეს ქსელის გაუმართაობის შემთხვევაში.
ასევე პრობლემას წარმოადგენს დეცენტრალიზებული შენახვის სისტემების სტანდარტიზაციის არარსებობა. სხვადასხვა პროტოკოლებში შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა შიფრაციის მეთოდები და ავთენტიფიკაციის მექანიზმები, რაც ურთიერთთავსებადობას ართულებს. გარდა ამისა, კვლავ გადაუჭრელი რჩება დეცენტრალიზებულ შენახვის სისტემებში შიფრაციასთან და გასაღებების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები.
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებული შენახვის სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფ ტექნოლოგიას წარმოადგენს და მასიურად გამოყენებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია Web3 რევოლუციაში. თუმცა, რადგან მომხმარებლებს ესაჭიროებათ მონაცემთა შენახვის უფრო ეკონომიური, ეფექტური და უსაფრთხო მექანიზმი, დეცენტრალიზებული პლატფორმების, მაგალითად BitTorrent-ის პოპულარობის ზრდა შესაძლოა მოსალოდნელზე უფრო მალე მოხდეს.
გარდა ამისა, ტრადიციულ მონაცემთა შენახვის სისტემებთან დაკავშირებულმა მონაცემთა მოპარვის შემთხვევების გახშირებამ, მონაცემთა შენახვის ხარჯების გაზრდამ და ცენზურამ შესაძლოა ხალხს დეცენტრალიზებულ პროდუქტებზე გადასვლისკენ უბიძგოს. მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებული შენახვის სისტემებს შეუძლია აღმოფხვრას მათი ცენტრალიზებული ანალოგებისთვის დამახასიათებელი ხარვეზები, მათაც გააჩნია გარკვეული ხარვეზები. დეცენტრალიზებული სისტემის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, თუმცა დღეისათვის, ცენტრალიზებული შენახვის სისტემა კვლავ ბევრი მომხმარებლის რჩეულ სისტემად და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბაზარზე.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.