TL;DR
NFT სესხები არის კრიპტო სამყაროში არსებული სესხის სახე, როდესაც NFT-იები გამოიყენება უზრუნველყოფის სახით.
NFT სესხის ცნებით ხდება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) დანერგვა ციფრული ხელოვნების, საკოლექციო ნივთების, ვირტუალური უძრავი ქონებისა და სხვა უნიკალური ტოკენიზებული აქტივების სამყაროში.
მთავარი საზომები, რომლებიც NFT სესხების შემოწმებისას უნდა გაითვალისწინოთ, არის სესხისა და ღირებულების შეფარდება (LTV), ლიკვიდაციის განაკვეთი და NFT-ის ქვედა ზღვრული ფასი.
NFT სესხების უპირატესობებს შორის არის ლიკვიდურობის განბლოკვა და მყისიერი წვდომა სესხებზე NFT-ების მფლობელებისთვის, თუმცა მას თან ახლავს რისკები, მათ შორის ფასების მერყეობა, ლიკვიდურობის ნაკლებობა და პოტენციური რეგულაციური რისკები.
რა არის NFT?
NFT, ან არაჩანაცვლებადი ტოკენი არის ბლოკჩეინზე შენახული კრიპტოგრაფიული ტოკენი, რომელიც წარმოადგენს ციფრულ აქტივს. კრიპტოვალუტებისგან, მაგალითად Bitcoin და Ethereum განსხვავებით, რომლებიც ჩანაცვლებადი და ერთმანეთის იდენტურია, NFT-იები უნიკალური და „არაჩანაცვლებადია“. თითოეულ NFT-ს აქვს სხვადასხვა მახასიათებლები და ღირებულება.
ჩვეულებრივ, NFT-იები წარმოადგენს ერთადერთი ეგზემპლარის, მაგალითად ხელოვნების ნიმუშის, ვიდეოთამაშის პერსონაჟების და სკინების, საკოლექციო ბარათების, ვირტუალური უძრავი ქონებისა და სხვა ციფრული პროდუქტების ფლობის საბუთს. ეს ნიშნავს, რომ არაჩანაცვლებადი ნივთებით ვაჭრობისას სტანდარტიზებული შკალის გამოყენება შეუძლებელია, რადგან მათი ღირებულება გამომდინარეობს მათივე უნიკალურობიდან და მყიდველის მიერ განსაზღვრული სუბიექტური შეფასებიდან გამომდინარეობს.
NFT-იების მასობრივი მიღება იზრდება, რადგან შემქმნელები მათ ციფრული ქმნილებების მონეტიზებისთვის იყენებენ, შემგროვებლები უნიკალური ციფრული აქტივებისთვის, ბრენდები კი მათი დახმარებით კლიენტებთან უფრო ახლო კავშირს ამყარებენ.
რა არის NFT სესხები?
NFT სესხები, როგორც სახელი მიგვანიშნებს, არის კრიპტო სივრცეში არსებული სესხის ტიპი, როდესაც უზრუნველყოფისთვის NFT-იები გამოიყენება. ტრადიციულად DeFi სამყაროში სესხის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება ჩანაცვლებადი ტოკენები, როგორიცაა Bitcoin და Ether. თუმცა NFT-იების ფასისა და პოპულარობის ზრდასთან ერთად პლატფორმები NFT-იების მფლობელებს სესხის უზრუნველყოფისთვის თავიანთი აქტივების გამოყენების საშუალებას აძლევენ.
განსაკუთრებით ძვირფასი NFT კოლექციები კონკრეტული ერთეულების ფასს ათობით ათას დოლარამდე ზრდიან. NFT სესხები NFT-იების მფლობელებს საშუალებას აძლევენ ლიკვიდურობა მარტივად მოიპოვონ ისე, რომ NFT-იების გაყიდვა არ დასჭირდეთ. NFT სესხის ცნებით ხდება DeFi-ს დანერგვა ციფრული ხელოვნების, საკოლექციო ნივთების, ვირტუალური უძრავი ქონებისა და სხვა უნიკალური ტოკენიზებული აქტივების სამყაროში.
როგორ მუშაობს NFT სესხები?
NFT სესხები კრიპტო სესხების მსგავსად მუშაობს. გაგაცნობთ NFT სესხის გამარტივებულ მაგალითს:
პირველი ნაბიჯი: მომხმარებელი ითხოვს სესხს
NFT-ის მფლობელი NFT-ით უზრუნველყოფილ სესხს მოითხოვს პლატფორმაზე, რომელიც ასეთ სესხს გასცემს.
მეორე ნაბიჯი: NFT-ის შეფასება
პლატფორმა, ან პლატფორმაზე მყოფი სხვა მომხმარებლები NFT-ის ღირებულებას შეაფასებენ. ამის გაკეთება ურო მარტივია, თუ NFT-ის აქვს სტაბილური მეორეული ბაზრის ფასის ისტორია, მაგრამ შეიძლება გართულდეს ნაკლებად გავრცელებული NFT-იებისთვის, თითოეული NFT-ის უნიკალურობიდან და მათი ღირებულების სუბიექტური ბუნებიდან გამომდინარე.
მესამე ნაბიჯი: სესხის დაზღვევა
NFT-ის ღირებულებაზე შეთანხმების შემდეგ, გამსესხებელი NFT-ის მფლობელს სესხს მისცემს, ძირითადად სტეიბლკოინის სახით. შემდეგ NFT დაიბლოკება სმარტ კონტრაქტში სესხის გადახდამდე. ჩვეულებრივ, სმარტ კონტრაქტი განსაზღვრავს სესხის პირობებს, მათ შორის სასურველ თანხას, ხანგრძლივობასა და საპროცენტო განაკვეთს.
მეოთხე ნაბიჯი: სესხის დაფარვა
მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის შემდეგ NFT განიბლოკება და მსესხებელს დაუბრუნდება. მაგრამ თუ მსესხებელი სესხს ვერ დაფარავს, NFT ავტომატურად გაიგზავნება გამსესხებელთან სმარტ კონტრაქტის მეშვეობით. ამ პროცესს ლიკვიდაცია ეწოდება.
მომხმარებელს NFT სესხების გამცემი პლატფორმა მოძიება შეუძლია პლატფორმის პროდუქტების გვერდზე ან DeFi DApp-ების მეშვეობით. თუ NFT სესხის აღებას აპირებთ, სჯობს საფუძვლიანად გამოიკვლიოთ პლატფორმა, სესხის პირობები, რეპუტაცია და წარსული გამოცდილება.
NFT სესხების მთავარი მახასიათებლები
უზრუნველყოფის სახით NFT-ის გამოყენება არის პროცესი, რომელიც მოითხოვს კარგად გესმოდეთ მთავარი საზომები, რომლითაც იზომება სესხის სარგებლიანობა. ტერმინები იგივეა რაც კრიპტო სესხებში, თუმცა ისინი ისეა შექმნილი, რომ გაითვალისწინოს NFT-ით უზრუნველყოფის შედეგად დამატებული დეტალებიც.
საპროცენტო განაკვეთი
NFT-ის უზრუნველყოფით სესხის აღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ საპროცენტო განაკვეთს. გაიგეთ რა პროცენტის გადახდა მოგიწევთ სესხის დაფარვამდე. ასევე, გაიგეთ განსხვავება APR-სა და APY-ს შორის.
სესხისა და ღირებულების (LTV) შეფარდება
სესხისა და ღირებულების (LTV) შეფარდება არის სესხის თანხის შეფარდება უზრუნველყოფის ღირებულებასთან. მაგალითად, თუ 100 DAI ღირებულების უზრუნველყოფით 50 DAI-ს ისესხებთ, LTV შეფარდება იქნება 50%. ეს შეფარდება მფლობელისთვის რისკის საზომია, რადგან იზრდება რისკი, რომ სესხი ნაკლებად უზრუნველყოფილი აღმოჩნდეს თუ უზრუნველყოფის (NFT-ის) ფასი შემცირდება.
LTV-ს შეფარდების მაქსიმალური ზღვარი პლატფორმების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ხშირად ის 50%-დან 75%-მდე მერყეობს. უფრო მერყევი აქტივებისთვის LTV-ს მაქსიმალური შეფარდება უფრო დაბალია ფასის რყევის დასაბალანსებლად. NFT სესხებისთვის LTV-ს შეფარდება ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე კრიპტო სესხებისთვის, რადგან მათი ფასები უფრო მერყევია, ღირებულების შეფასება კი - უფრო რთული.
ლიკვიდაციის კოეფიციენტი
ეს მონაცემი არის LTV-ს შეფარდება რომლის შემთხვევაშიც სესხის დასაფარად უზრუნველყოფის ლიკვიდაცია მოხდება. თუკი მსესხებლის LTV-ს შეფარდება ლიკვიდაციის კოეფიციენტს მიაღწევს, პლატფორმა მის უზრუნველყოფას სესხის დასაფარად გაყიდის. NFT სესხების შემთხვევაში გამსესხებელს NFT-ის ფლობის მოთხოვნა შეუძლია.
მაგალითად, თუ პლატფორმის ლიკვიდაციის კოეფიციენტი არის 75% და მომხმარებლის LTV უზრუნველყოფის ფასის დაცემის გამო ამ ნიშნულს მიაღწევს, მაშინ მოხდება ამ უზრუნველყოფის ლიკვიდაცია. ხშირად ასეთ დროს ხდება საჯარიმო გადასახადის დაკისრებაც, რაც მსესხებლებს კიდევ უფრო წაახალისებს რომ ლიკვიდაცია თავიდან აირიდონ.
მსესხებლისთვის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია, რადგან ლიკვიდაცია ნიშნავს მათი NFT-ის დაკარგვას.
NFT-ის ქვედა ზღვრული ფასი
NFT-ის ქვედა ზღვრული ფასი ეწოდება კოლექციის ყველაზე იაფად შეფასებული ერთეულის ღირებულებას და კოლექციონერების მიერ პროექტის სასურველობის შესაფასებლად გამოიყენება. მყიდველები ამ მონაცემის მიხედვით ხვდებიან რა მინიმალური ინვესტიციაა საჭირო კონკრეტული პროექტის NFT-ის შესაძენად.
ქვედა ზღვრული ფასები გავლენას ახდენს სესხის პირობებზე მაშინაც კი თუ უზრუნველსაყოფად გამოყენებული NFT-ის მახასიათებლები კოლექციის უიაფეს NFT-ზე გაცილებით იშვიათია. კოლექციის ქვედა ზღვრულ ფასს გავლენის მოხდენა შეუძლია სესხების ლიმიტსა და LTV შეფარდებაზე. მაგალითად, თუ მსესხებელს უზრუნველყოფისთვის უნიკალური, იშვიათი მახასიათებლების მქონე NFT-ის გამოყენება უნდა, სავარაუდოა რომ მას სურს შედარებით მაღალი სესხის აღება, ამავე დროს უფრო გავრცელებული NFT-იებით კი უფრო მცირე სესხების აღება შეიძლება.
ეს შეფარდებები მნიშვნელოვანია DeFi-ში უზრუნველყოფილი სესხების დინამიკის გასაგებად და შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს პლატფორმისა და უზრუნველყოფის მიხედვით. NFT-ით უზრუნველყოფილი სესხების სივრცე ჯერაც ახალი და განვითარებადია, ამიტომ ეს კოეფიციენტები ძალიან განსხვავდება ჩანაცვლებადი ტოკენებით უზრუნველყოფისგან. კოეფიციენტებზე გავლენას ახდენს NFT-იების შედარებით არალიკვიდური ბუნება და ღირებულების შეფასების სირთულეც.
NFT სესხების უპირატესობები
NFT სესხებს არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორის:
ლიკვიდურობის განბლოკვა
მაღალი ფასის მქონე NFT-იების მფლობელებს ლიკვიდურობის განბლოკვა აქტივის გაყიდვის გარეშე შეუძლიათ. ეს მომგებიანი მათთვის, ვისაც NFT-ის გრძელვადიანი მომავლის სჯერა, მაგრამ თანხა დაუყოვნებლივ სჭირდება.
ციფრული ხელოვნების სივრცეში DeFi-ს შეტანა
NFT სესხები NFT-ის მფლობელებისთვის არის საშუალება DeFi პროცესში მონაწილეობა სესხის აღებით მიიღონ. ეს შესაძლოა განსაკუთრებით მომგებიანი იყოს ხელოვანებისა და კოლექციონერებისთვის, ვისაც DeFi-ში საკუთარი ციფრული აქტივების გამოყენება სურთ.
საკრედიტო ისტორია არ მოწმდება
ისევე როგორც სხვა DeFi სესხების შემთხვევაში, NFT-ით უზრუნველყოფილ სესხებს საკრედიტო ისტორიის შემოწმება არ სჭირდება. ეს მნიშვნელოვანია დაბალი საკრედიტო ქულის მქონე ინდივიდებისთვის ან მათთვის, ვისაც ტრადიციულ საბანკო სერვისებზე წვდომა არ აქვს.
NFT სესხების რისკები
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ NFT სესხებს თან ახლავს რისკები. NFT-იების ღირებულება შესაძლოა ძალიან არამდგრადი და ძნელად განსასაზღვრი იყოს. NFT-იები ტრადიციულ კრიპტოვალუტებზე ნაკლებად ლიკვიდურია, რაც ნიშნავს, რომ მსესხებლის გაკოტრების შემთხვევაში, გამსესხებელს თანხის დასაბრუნებლად NFT-ის გაყიდვა შესაძლოა გაუჭირდეს.
NFT სესხების რისკები მოიცავს შემდეგს:
ფასის არასტაბილურობა
NFT-ის ფასი შეიძლება ძალიან არასტაბილური იყოს, რაც სესხის უზრუნველსაყოფად მის შეფასებას ართულებს. ამის გამო შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც NFT-ის ფასი სესხის ღირებულებაზე ქვევით იწევს, რასაც ლიკვიდაცია მოჰყვება.
ლიკვიდურობის ნაკლებობა
ხშირად NFT-იები სხვა კრიპტო აქტივებზე ნაკლებად ლიკვიდურია. მსესხებლის გაკოტრების შემთხვევაში გამსესხებელს შესაძლოა თანხის ასანაზღაურებლად NFT-ის გაყიდვა გაუჭირდეს.
სმარტ კონტრაქტების რისკები
NFT სესხები, სხვა DeFi პროტოკოლების მსგავსად სმარტ კონტრაქტებით იმართება. ამ კონტრაქტებს შესაძლოა ჰქონდეს ბაგები და სისუსტეები, რომლებსაც ჰაკერები გამოიყენებენ და შესაძლოა თანხა და NFT-იები დაკარგოთ.
რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები
ისევე როგორც DeFi-ს სხვა ასპექტების მსგავსად, NFT სესხებთან დაკავშირებით არსებობს რეგულაციური გაურკვევლობები. სამომავლო რეგულაციებმა შესაძლოა შეცვალოს NFT სესხების მომგებიანობა ან შესაბამისობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნილებები გააჩინოს.
შეჯამება
NFT-იების პოპულარობა იზრდება, რადგან მათი დახმარებით ხდება აქტივების დიდი დიაპაზონის ტოკენიზება, ციფრული ხელოვნებიდან უძრავ ქონებამდე. NFT სესხები DeFi-ს განვითარების საინტერესო გზას წარმოადგენს და უნიკალური ციფრული აქტივების მფლობელებს სთავაზობს ლიკვიდურობის სხვადასხვა შესაძლებლობას.
NFT სესხები მფლობელებისთვის საკუთარი აქტივების ლიკვიდურობის განბლოკვის საშუალებას აძლევს, თუმცა არსებობს რისკებიც. მნიშვნელოვანია მომხმარებლებს ეს რისკები კარგად ესმოდეთ როგორც NFT სესხების, ისე სხვა DeFi პროტოკოლების შემთხვევაში.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.