რა არის Tron (TRX)?

რა არის Tron (TRX)?

განახლებული Aug 29, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Tron არის EVM-თან თავსებადი პირველი დონის ბლოკჩეინი, რომელიც სმარტ კონტრაქტების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) გასაშვებად იყენებს Tron-ის ვირტუალურ კომპიუტერს (TVM).

  • ქსელის მუშაობა დაფუძნებულია Delegated Proof of Stake (DPoS) კონსენსუსის მექანიზმზე და იძლევა ტრანზაქციების სწრაფად და იაფად განხორციელების შესაძლებლობას.

  • TRX წარმოადგენს ქსელის ადგილობრივ ტოკენს და გამოიყენება Tron ეკოსისტემაში ტრანზაქციებთან, სმარტ კონტრაქტებთან, მმართველობასთან და დეცენტრალიზებულ ფინანსებთან (DeFi) დაკავშირებული აქტივობების მხარდასაჭერად.

რა არის Tron?

Tron არის EVM-თან თავსებადი პირველი დონის ბლოკჩეინი, რომელიც სმარტ კონტრაქტების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) გასაშვებად იყენებს Tron-ის ვირტუალურ კომპიუტერს (TVM). თავდაპირველად Tron გაეშვა, როგორც კონტენტის გაზიარების დეცენტრალიზებული ქსელი. დროთა განმავლობაში, ის გარდაიქმნა ფართო დანიშნულების ეკოსისტემა, რაც მოიცავს დეცენტრალიზებულ ფინანსებსა და (DeFi) სტეიბლკოინებს. ქსელის ადგილობრივი ტოკენი არის TRX, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, სმარტ კონტრაქტების აღსრულებისთვის და ქსელის მმართველობაში მონაწილეობისთვის.

ისტორია

Tron-ის შემქმნელია ჯასტინ სუნი, ჩინელი მეწარმე, რომელიც ადრე Ripple-ში მუშაობდა. Tron Foundation დაარსდა 2017 წელს სინგაპურში და მისი მიზანია პროექტის განვითარების მხარდაჭერა. TRX შეიქმნა 2017 წლის აგვისტოში, პროექტის მონეტის პირველადი შეთავაზების ფარგლებში. თავდაპირველად მისი გაშვება მოხდა Ethereum ქსელზე ERC-20 ტოკენის სახით. 2018 Tron-მა საკუთარი mainnet გაუშვა, რის შემდეგაც TRX ტოკენები გადატანილ იქნა ამ ბლოკჩეინზე.

როგორ მუშაობს Tron

Delegated Proof of Stake (DPoS)

ქსელი იყენებს Delegated Proof of Stake (DPoS) კონსენსუსის მექანიზმს. ამ მოდელში, TRX-ის მფლობელები საკუთარ ტოკენებს განათავსებენ სტეიკინგზე და სანაცვლოდ იღებენ ხმის მიცემის და 27 სუპერ წარმომადგენლის (SR) არჩევაში მონაწილეობის უფლებას. ეს SR-ები პასუხისმგებელნი არიან ტრანზაქციების ვალიდაციაზე, ბლოკების შექმნაზე და მმართველობასთან დაკავშირებული სიახლეების შემოთავაზებაზე. ეს პროცესი ციკლურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები რეგულარულად ტარდება. პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ, SR-ები და კენჭისყრის მონაწილეები იღებენ TRX ჯილდოებს.

სისტემური რესურსები

Tron ტრანზაქციების მხარდაჭერა უზრუნველყოფილია სამი სისტემური რესურსით: გამტარუნარიანობით, ენერგიით და ხმის უფლებით. 

  • გამტარუნარიანობა: აღნიშნავს ტრანზაქციის ზომას ბიტებში.

  • ენერგია: აღნიშნავს გამომთვლელი რესურსის ღირებულებას, რაც საჭიროა ქსელზე სმარტ კონტრაქტების აღსრულებისთვის.

  • ხმის უფლება: მისი მოპოვება შესაძლებელია TRX-ის სტეიკინგის მეშვეობით და გამოიყენება SR-ების არჩევნებში მონაწილეობისთვის.

თუ მომხმარებელს არ აქვს საკმარისი გამტარუნარიანობა ან ენერგია, ტრანზაქციის განხორციელებისთვის მან უნდა დაწვას საკუთარი TRX. რესურსების განაწილების ეს მოდელი ხელს უწყობს ქსელის გამოყენების რეგულირებას და უზრუნველყოფს მავნე კონტრაქტების მიერ ზედმეტი რესურსების მოხმარების პრევენციას.

Tron-ის ვირტუალური კომპიუტერი (TVM)

DApp-ების მხარდაჭერის მიზნით, Tron იყენებს Tron-ის ვირტუალურ კომპიუტერს, რომელიც თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM). მსგავსი თავსებადობა დეველოპერებს აძლევს Solidity-ზე დაწერილი სმარტ კონტრაქტების Tron-ზე გადატანის შესაძლებლობას, რაც მინიმალურ ცვლილებებს მოითხოვს, თუმცა რეკომპილაცია მაინც საჭიროა.

EVM-ის მსგავსად, TVM უზრუნველყოფს ბლოკჩეინის მდგომარეობის შენარჩუნებას და ყველა ნოდის შეთანხმებულად მუშაობას. მათ შორის ძირითადი განსხვავება რესურსების მოდელში მდგომარეობს, კერძოდ „ენერგიის“, ანუ გამომთვლელი სიმძლავრის ერთეულის ანალოგს Ethereum-ზე წარმოადგენს გაზი.

გამოყენების გზები

სტეიბლკოინები 

Tron-ის ტრანზაქციის სიჩქარის და დაბალი საკომისიოების წყალობით, მან პოპულარობა მოიპოვა, როგორც სტეიბლკოინების, კერძოდ Tether-ის (USDT) ქსელმა. 2025 წლის მარტში, ქსელს დაემატა ფუნქცია, რომელიც ტრანზაქციების საკომისიოს გადასახდელად TRX-ის ნაცვლად USDT-ის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ამისათვის საჭიროა GasFree საფულის გამოყენება, რომლის აქტივაციის ღირებულებაა 1 USDT. ამის შემდეგ, თითოეული ტრანზაქციის ღირებულება იქნება ფიქსირებული 1 USDT, რომლის გადახდაც მომხმარებელს პირდაპირ USDT-ში შეუძლია.

2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქსელზე რეგისტრირებულია 68 მილიონი ანგარიში, რომელთა საერთო ბალანსი შეადგენს 82,6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების USDT-ს. ყოველდღიურად ქსელზე ხორციელდება დაახლოებით 2 მილიონი ტრანზაქცია. მსგავსი მასშტაბის აქტივობების წყალობით, Tron გარდაიქმნა სტეიბლკოინების საერთაშორისო ტრანზაქციების ცენტრალურ პლატფორმად და USDT-ის გაშვებისა და გადარიცხვების ერთ-ერთ ძირითად ქსელად.

დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)

Tron წარმოადგენს DeFi აპლიკაციების გაშვების პოპულარულ პლატფორმას. ქსელზე გაშვებულია ისეთი პროტოკოლები, როგორიცაა JustLend - სესხების აღების და გაცემის სერვისი და JustStable - სტეიბლკოინების პლატფორმა. დაბალი ტრანზაქციის საკომისიოების წყალობით, Tron იდეალურია სტეიბლკოინების გადარიცხვისთვისა და სარგებლის ფარმინგისთვის.

არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები) და გეიმინგი

ქსელს აქვს არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) შექმნის და ამ ტოკენებით ვაჭრობის მხარდაჭერა, რისთვისაც იყენებს Ethereum-ის ERC-721-ის მსგავს სტანდარტს. Tron ასევე გვთავაზობს ბლოკჩეინზე გაშვებული თამაშების და ციფრული საკოლექციო ნივთების მხარდაჭერას.

კრიტიკა და აზრთა სხვადასხვაობა

Tron-ის მმართველობის მოდელი, რომელიც შედგება „სუპერ წარმომადგენლების“ სახელით ცნობილი 27 ვალიდატორისგან, განსხვავდება სხვა ქსელებში გამოყენებული მოდელებისგან, სადაც ვალიდატორების მონაწილეობასთან დაკავშირებით მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს, რაც აჩენს კითხვებს მის ცენტრალიზაციასთან დაკავშირებით. პროექტს ასევე აკრიტიკებდნენ Ethereum-ისა და InterPlanetary File System-ის (IPFS) მასალების საკუთარ whitepaper-ში წყაროების მითითების გარეშე გამოყენების გამო. 

ქსელის დამფუძნებელი, ჯასტინ სუნი, წარმოადგენს გამორჩეულ, ზოგჯერ პოლარიზებულ ფიგურას, რომელიც ცნობილია აგრესიული მარკეტინგული მიდგომის წყალობით. კრიტიკის მიუხედავად, Tron-ის მომხმარებელთა ბაზა საკმაოდ შთამბეჭდავია და ის აგრძელებს დიდი რაოდენობით ტრანზაქციების მხარდაჭერას.

TRX ტოკენი

TRX წარმოადგენს Tron ეკოსისტემის ადგილობრივ utility ტოკენს. Tron-ის პროტოკოლსა და ეკოსისტემაში ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • ტრანზაქციის საკომისიოები: გადახდების განხორციელებისას და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებისას საჭიროა TRX -ის გამოყენება.

  • რესურსების განაწილება: TRX-ის სტეიკინგის სანაცვლოდ, მომხმარებლები იღებენ გამტარუნარიანობას და ენერგიას, რაც ხმარდება ტრანზაქციების და სმარტ კონტრაქტების ოპერაციების განხორციელებას და მათ აღარ უწევთ საკომისიოების გადახდა.

  • მმართველობა: TRX-ის სტეიკინგზე განთავსების სანაცვლოდ, მომხმარებლები იღებენ სუპერ წარმომადგენლების არჩევაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას.

  • ეკოსისტემაში გამოყენება: TRX შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც DeFi პროტოკოლების უზრუნველყოფის აქტივი, NFT-ების პლატფორმაზე ვაჭრობის ვალუტა და ანგარიშსწორების აქტივი სტეიბლკოინის გადარიცხვისას.

ტოკენის მარაგი 

TRX-ის მუშაობა ეფუძნება გამოშვების და წვის კომბინირებულ მოდელს. პროტოკოლის მიერ ახალი ტოკენების შექმნა ხდება ბლოკის ჯილდოების სახით - ამჟამად, თითოეული ბლოკის შექმნისას, სუპერ წარმომადგენელი იღებს 8 TRX-ს, ხოლო 128 TRX ნაწილდება ხმის უფლების მქონე პირებს შორის. 

ამასთანავე, როდესაც მომხმარებელი იხდის ქსელის რესურსების, მაგალითად გამტარუნარიანობის ან ენერგიის გამოყენების საფასურს, ხდება TRX-ის დაწვა. ამ ორმაგი მექანიზმის წყალობით ხდება გამოშვების ინფლაციური და წვის დეფლაციური პროცესების დაბალანსება, რისი წყალობითაც ტოკენის მარაგი დინამიურად იცვლება ქსელის აქტივობის შესაბამისად.

შეჯამება

Tron წარმოადგენს სტეიბლკოინების გადარიცხვებისთვის გამოყენებულ მსხვილ ქსელს, რომელიც გთავაზობთ დაბალ საკომისიოებს და სწრაფ ანგარიშსწორებას, რაც განაპირობებს მისი პოპულარობის ზრდას. გადახდების გარდა, ის ასევე გვთავაზობს DeFi-ს, NFT-ების და გეიმინგის მხარდაჭერას. ქსელის მმართველობის მოდელი კვლავ საკამათო თემად რჩება. ის წარმოადგენს ბლოკჩეინებისთვის დამახასიათებელი პრობლემის მაგალითს, რაც მდგომარეობს დეცენტრალიზაციასა და მასშტაბირებადობას შორის ბალანსის დაცვაში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.