ფაილების სერვერის მისამართის მეშვეობით მოძიების ნაცვლად (როგორც ეს HTTP-ის შემთხვევაში ხდება), IPFS-ის შემთხვევაში აღნიშნული მიზნისთვის ფაილის შინაარსი და უნიკალური კრიპტოგრაფიული ანაბეჭდი, კონტენტის იდენტიფიკატორი (CID) გამოიყენება.
დღესდღეობით IPFS ძირითადად გამოიყენება როგორც off-chain მეტამონაცემების საცავი NFT-ებისთვის, დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (dApp-ები) და პროექტების დაარქივების განაწილებული პროცესებისთვის.
IPFS (InterPlanetary File System) არის ღია კოდის მქონე პროტოკოლი, რომელიც შექმნილია განაწილებული და მუდმივი ინტერნეტ-სივრცის შესაქმნელად, სადაც ფაილების შენახვა და წაშლა რომელიმე კონკრეტულ სერვერზე დაყრდნობის გარეშეა შესაძლებელი. IPFS, რომელიც 2015 წელს ლაბორატორია Protocol Labs-ის მიერ შეიქმნა და გაეშვა, მონაცემთა გავრცელების მიმართულებით HTTP პროტოკოლთან შედარებით ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომას იყენებს, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე ინტერნეტ-სივრცის უდიდეს ნაწილს უდევს საფუძვლად.
ტრადიციული ვებ-სივრცე დაფუძნებულია HTTP პროტოკოლზე, რომლის ფარგლებშიც ინფორმაციის მოძიება შენახვის ადგილმდებარეობის მიხედვით ხდება. როდესაც რომელიმე ვებ-საიტს სტუმრობთ, თქვენი ბრაუზერი შესაბამის მოთხოვნას აგზავნის კონკრეტულ მისამართზე არსებულ სერვერთან, მაგალითად, AWS-ის (Amazon Web Services) მონაცემთა ცენტრთან, ხოლო აღნიშნული სერვერი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია კონკრეტული გვერდის პასუხის სახით „დაბრუნებაზე“. თუ ეს სერვერი გაითიშება, მასზე არსებული კონტენტი მიუწვდომელი გახდება ყველასთვის.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ გსურთ დოკუმენტის მიღება IPFS-დან, თქვენ გზავნით მოთხოვნას განაწილებულ ქსელში და უახლოესი ნოდები, რომლებიც ინახავენ შესაბამის CID-ს, მოახდენენ რეაგირებას აღნიშნულ მოთხოვნაზე. ამისთვის არანაირი ცალკეული, ცენტრალიზებული სერვერის გამოყენება არ არის საჭირო.
ფაილების მოძიებასა და ადგილმდებარეობის დადგენას უზრუნველყოფს განაწილებული ჰეშ-ცხრილი (DHT) - საძიებო სისტემა, რომელიც CID-ებს აკავშირებს იმ peer მისამართებთან, რომლებიც მოცემულ მომენტში მათ ინახავენ. როდესაც ნოდის მიერ ხდება მოთხოვნის გაგზავნა კონკრეტულ CID-თან დაკავშირებით, DHT მოიძიებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ნოდების მეშვეობით ხდება მისი „მიმაგრება“ და ფაილის გადაცემა პირდაპირ მათ შორის ხდება. ეს პროცესი BitTorrent-ის მუშაობის პრინციპის მსგავსია, თუმცა მიმდინარეობს ყოველგვარი ცენტრალიზებული ტრეკერის გარეშე.
აღნიშნული მოდელი დღესდღეობით სტანდარტის სახით გამოიყენება NFT პლატფორმების უმეტესობაზე. CID ინახება on-chain კონტრაქტში, ხოლო ისეთი სერვისები, როგორიცაა Pinata ან Filebase უზრუნველყოფს საბაზისო ფაილების მიმაგრებას, მათი ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით. შედეგად, ჩვენ ვიღებთ ცვლილებების მიმართ მედეგ კავშირს ტოკენსა და მასთან ასოცირებულ მედიაფაილს შორის.
IPFS-ის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ არ ფაილების ქსელში შენარჩუნება ავტომატურად არ ხდება. ფაილი ინარჩუნებს ხელმისაწვდომობას მანამ, სანამ სულ მცირე ერთი აქტიური ნოდი უზრუნველყოფს მის „მიმაგრებას“. თუ ფაილთან დაკავშირებული ყველა ნოდი ოფლაინ რეჟიმში გადავა, ანუ გაითიშება, ფაილი გახდება მიუწვდომელი, CID-ის აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნების შემთხვევაშიც კი.
აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „მიმაგრების“ უზრუნველყოფის სხვადასხვა სერვისი მომხმარებლებსა და დეველოპერებს საშუალებას აძლევს, გადაიხადონ შესაბამისი ღირებულება ფაილების უწყვეტი ჰოსტინგისთვის ან განახორციელონ შესაბამისი მასტიმულირებელი პროცესები. Filecoin - ბლოკჩეინზე დაფუძნებული საცავის ქსელი, რომელიც შექმნილია IPFS-ის შემქმნელთა გუნდის მიერ - სწორედ ამ პროცესებს უზრუნველყოფს: მონაცემთა შენახვის სერვისების პროვაიდერები ტოკენებს გამოიმუშავებენ იმის მტკიცებულების სანაცვლოდ, რომ ისინი უწყვეტად ინახავენ „მიმაგრებულ“ მონაცემებს. IPFS-ის (კონტენტის მოძიება და მიღება) და Filecoin-ის (შენახვის პროცესების სტიმულირება) ეს კომბინაცია შექმნილია იმისათვის, რომ დეცენტრალიზებული მონაცემების გრძელვადიანი შენარჩუნების პროცესები ბევრად უფრო საიმედო გახდეს.
დღესდღეობით ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის Kubo და ბრაუზერზე მორგებული Helia, service-worker-ების gateway-ებთან ერთად - რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, IPFS-ის კონტენტზე წვდომა პირდაპირ სტანდარტული ბრაუზერიდან, ყოველგვარი პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირების გარეშე მიიღონ - პროტოკოლს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს ხდის როგორც დეველოპერებისთვის, ისე საბოლოო მომხმარებლებისთვის.
IPFS (InterPlanetary File System) არის ღია კოდის მქონე, peer-to-peer პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც ხდება ფაილების განაწილება და მოძიება. HTTP-ისგან განსხვავებით, რომლის შემთხვევაშიც კონტენტის მიღება სერვერის კონკრეტული მისამართის მეშვეობით ხდება, IPFS ფაილების მოძიებისთვის მათ შინაარსს და კონტენტის იდენტიფიკატორის (CID) სახელით ცნობილ კრიპტოგრაფიულ ანაბეჭდს იყენებს. მოთხოვნაზე რეაგირება შეუძლია ქსელში არსებულ ნებისმიერ ნოდს, რომელიც ინახავს შესაბამის კონტენტს.
IPFS-ში ფაილის დამატების შემდეგ ხდება მისი დაყოფა შედარებით მცირე ზომის ნაწილებად, შემდეგ ხდება აღნიშნული ნაწილების ჰეშირება და მათი მეშვეობით იქმნება მერკლის ხის ტიპის DAG-ს (Directed Acylic Graph). საბაზისო ჰეში გადაიქცევა CID-ად, რომელიც წარმოადგენს ფაილის უნიკალურ იდენტიფიკატორს. განაწილებული ჰეშ-ცხრილი (DHT) CID-ებს აკავშირებს იმ peer მისამართებთან, რომლებიც მოცემულ მომენტში მათ ინახავენ. როდესაც ხდება მოთხოვნის გაგზავნა კონკრეტულ CID-თან დაკავშირებით, DHT მოიძიებს შესაბამის peer-ებს და ფაილის გადაცემა პირდაპირ მათ შორის ხდება, ცენტრალური სერვერის საჭიროების გარეშე.
კონტენტის მიხედვით მოძიება გულისხმობს, რომ ფაილების ამოცნობა ხდება მათი შინაარსის ჰეშის და არა სერვერის მისამართის მიხედვით. მიღებული იდენტიფიკატორი, რომელსაც CID ეწოდება, უნიკალურია და შექმნილია კონკრეტულად ამ ფაილისთვის. ფაილში თუნდაც მინიმალური ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ანალოგურად შეიცვლება მისი CID-იც. ეს შესაძლებელს ხდის მონაცემთა ერთიანობის გადამოწმებას და ერთი და იმავე კონტენტის მიღებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული ნებისმიერი ნოდიდან, რომელზეც ის ინახება.
HTTP პროტოკოლის ფარგლებში ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ URL მისამართზე არსებული სპეციფიკური სერვერის მეშვეობით ხდება. შესაბამისად, აღნიშნული სერვერის გათიშვის შემთხვევაში, კონტენტიც იკარგება. IPFS-ის შემთხვევაში კი, ფაილის მოძიება მისი შინაარსის მიხედვით ხდება, რისთვისაც გამოიყენება CID (უნიკალური კრიპტოგრაფიული ანაბეჭდი), რომლის მიწოდებაც ქსელზე არსებულ ნებისმიერ ნოდს შეუძლია. IPFS სტრუქტურა უზრუნველყოფს მის მედეგობას სერვერების გათიშვის შემთხვევების მიმართ და განაწილებული ან გრძელვადიანი მონაცემთა შენახვის საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობას.
IPFS წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს ინტერნეტ-სივრცეში ფაილების შენახვისა და მოძიების მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, რომელიც ადგილმდებარეობაზე დაფუძნებულ მოძიების პროცესებს შინაარსზე დაფუძნებული მოძიების პროცესებით ანაცვლებს. მისმა ინტეგრაციამ ბლოკჩეინ სისტემებთან და მისმა როლმა NFT-ის მეტამონაცემების შენახვაში, ეს კრიპტოვალუტების ეკოსისტემისთვის მეტად მნიშვნელოვან ერთეულად აქცია.
ბირჟა, რომელიც ვაჭრობის დასაწყებად მომხმარებლებისგან არ მოითხოვს თანხების დეპოზიტზე განთავსებას და არ განკა...
ეკოსისტემა, რომელიც შედგება ბლოკჩეინის ქსელებზე გაშვებული დეცენტრალიზებული ფინანსების აპლიკაციებისგან.
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება