ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) ღონისძიებები ფართო მნიშვნელობის ტერმინია, რომელიც გულისხმობს იმ კანონებისა და რეგულაციების ერთიანობას, რომელიც დაწესებულია თაღლითების წინააღმდეგ თანხების არაკანონიერი გზით მითვისების ან უკანონო თანხების გადატანის პრევენციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ AML კანონები მრავალი სხვადასხვა ტიპის არაკანონიერ ქმედებებთან მიმართებაში მოქმედებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი ქმედებები, როგორიცაა გადასახადებისთვის თავის არიდება, საჯარო კორუფცია და ბაზრის მანიპულაცია ფიქტიური ვაჭრობის მეშვეობით.
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოთხოვნებში გათვალისწინებულია ისეთი კანონები, როგორიცაა 1970 წლის აქტი საბანკო საიდუმლოების შესახებ, 1986 წლის ფულის გათეთრების კონტროლის აქტი და აშშ-ის 2001 წლის პატრიოტული აქტი.
სწორედ ამ შესაბამისი კანონების კომპლექსურობაა მიზეზი იმისა, რომ მრავალი სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტი იყენებს AML პროგრამულ უზრუნველყოფას საეჭვო აქტივობების აღმოჩენის მიზნით. ეს პროგრამები ითავსებს მრავალ სხვადასხვა ფუნქციას, იქნება ეს მომხმარებელთა სახელების მოძიება მთავრობების მიერ შედგენილ აკრძალული მომხმარებლების სიებში თუ შესაბამისობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ჩანაწერების გენერირება.
AML პროგრამები ხშირად გამოიყენება კრიპტოვალუტების სივრცეშიც. მას შემდეგ, რაც გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოების დაინტერესება კრიპტოვალუტების ბაზრის მიმართ, კრიპტოვალუტების არაერთმა ბირჟამ გაიღო დიდი ძალისხმევა საკუთარი ოპერაციების ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც კრიტიკულად უდგება AML და KYC მოთხოვნებს კრიპტოვალუტების სივრცეში და ამტკიცებს, რომ შესაბამისობის უზრუნველყოფით ხდება მათი კონფიდენციალურობის ხელყოფა და დეცენტრალიზაციის უპირატესობების ანულირება, რის მიზეზიც სენსიტიური პერსონალური მონაცემების ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზებში განთავსება გახლავთ. ამის საპირისპიროდ, ამ კონცეფციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ტექნოლოგიები აკმაყოფილებდნენ მარეგულირებელ მოთხოვნებს მომხმარებელთა კონფიდენციალურობაზე ზემოქმედების გარეშე.
AML და KYC შესაბამისობასთან დაკავშირებით კრიპტოვალუტების ეკოსისტემაში გავრცელებული ერთ-ერთი საინტერესო ტენდენცია ეხება ბირჟების ძალისხმევას თვითრეგულირების მიღწევასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, ექცევიან თუ არა ისინი არსებული მარეგულირებელი მითითებებით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. არსებობს შემთხვევები, სადაც კომპანიები გაერთიანდნენ ინდუსტრიული ერთეულების ჩამოყალიბების მიზნით, რომელთა მიზანსაც თვითრეგულირების მეთოდების ფორმულირება წარმოადგენდა. საქმიანობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ეს ნებაყოფლობითი ღონისძიებები ამცირებს იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულ სამომავლო რისკებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ კომპანიებში და ხელს უწყობს კრიპტოვალუტის პოპულარიზაციას.
საფინანსო ინდუსტრიის სტანდარტული პროცედურა, რომლის საშუალებითაც კომპანიებს შეუძლიათ ამოიცნონ საკუთარი მომხმ...