მთავარი დეტალები
Bitcoin დომინირება გახლავთ კრიპტოვალუტების მთლიან ბაზარზე BTC-ის საბაზრო კაპიტალიზაციის პროცენტული წილის განსაზღვრის საშუალება.
BTC დომინირებად ფაქტორებს შორისაა ალტკოინების ცვალებადი ტენდენციები, სტეიბლკოინების მოძრაობა, ბაზრის ციკლები და ახალი მონეტების შექმნა.
2026 წლის დასაწყისის მონაცემებით, BTC-ის დომინირების მაჩვენებელი 58–60% შორის მერყეობდა. აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევას ხელი შეუწყო ორგანიზაციული დონის ETF-ების შემოდინებამ და მარეგულირებელი პროცედურების დანერგვამ, რის შედეგადაც Bitcoin-ს უფრო და უფრო მეტი ინვესტორი ანიჭებდა უპირატესობას.
ზოგიერთი ტრეიდერი ბაზრის პოტენციური ფაზების, მაგალითად, ალტკოინების სეზონის განსაზღვრის მიზნით აერთიანებს BTC დომინირებისა და ფასების მონაცემებს.
BTC დომინირება, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ინდიკატორი და შესაბამისად, არ იძლევა სამომავლო ფასების ზუსტი პროგნოზირების გარანტიას.
შესავალი
Bitcoin შექმნის დღიდან პირველ ადგილს იკავებს საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. კრიპტო ბაზრის უწყვეტი განვითარებისა და აქტივების რაოდენობის ზრდის პროცესებზე დაკვირვებით, ბაზრის მონაწილეებმა შეიმუშავეს Bitcoin-ის ფარდობითი წილის განსაზღვრის საშუალებები. Bitcoin-ის დომინირება, ან BTC დომინირება ერთ-ერთია ზემოხსენებული საშუალებებიდან და წარმოადგენს მთლიან კრიპტო ბაზარზე Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაციის წილის განსაზღვრის მეთოდს.
ეს ერთი შეხედვით მარტივი კონცეფცია ზოგიერთი ტრეიდერისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორის როლს ითავსებს და მიუთითებს გამაფრთხილებელ და საყურადღებო დეტალებზე ბაზრის ფართო ანალიზის პროცესის ფარგლებში. BTC-ის დომინირების მუშაობის პრინციპის და განვითარების ისტორიის უკეთ შესწავლა დაგეხმარებათ განსაზღვროთ დომინირების დონეების რომელი ცვლილებები შეიძლება მიუთითებდეს ბაზრის პირობების ცვალებადობაზე.
BTC-ის დომინირება და საბაზრო კაპიტალიზაცია
მარტივად რომ ავხსნათ: საბაზრო კაპიტალიზაცია გახლავთ მიმოქცევაში არსებული აქტივების ჯამური ღირებულება. Bitcoin-ის შემთხვევაში, საბაზრო კაპიტალიზაციის გამოთვლა ხდება BTC-ის მიმდინარე ფასის მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობაზე გამრავლებით.
BTC-ის დომინირება გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
Bitcoin-ის დომინირება = Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ÷ კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია
მაგალითად თუ Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,4 ტრილიონი აშშ დოლარია, ხოლო კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია - 2,4 მილიარდი აშშ დოლარი, BTC-ის დომინირების მაჩვენებელი დაახლოებით 58% იქნება. 2026 წლის დასაწყისის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 58–60%-ს შორის მერყეობდა, ამას ხელი შეუწყო ორგანიზაციების მხრიდან სპოტ Bitcoin ETF-ებთან დაკავშირებული მოთხოვნისა და Bitcoin-ის, როგორც სხვა ალტკოინებთან შედარებით სტაბილური კრიპტო აქტივის პოპულარობის ზრდამ.
BTC-ის დომინირებაზე მოქმედი ფაქტორები
ცვალებადი ტენდენციები
ალტკოინების განვითარებისა და დამკვიდრების საწყის ეტაპზე, BTC-ის დომინირების მაჩვენებელი ხშირად 90%-საც კი აღემატებოდა. ბაზარზე ათასობით ახალი ალტკოინის დამატების შემდეგ, ინვესტორთა ინტერესები, რა თქმა უნდა, სხვაგვარად გადანაწილდა და შემცირდა Bitcoin-ის წილი მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაციაში. Bitcoin უკვე აღარ წარმოადგენდა ინტერესის ერთადერთ, ძირითად ობიექტს და კაპიტალის მოზიდვა თანდათანობით დაიწყო ისეთმა ერთეულებმა, როგორიცაა გეიმინგის პროექტები, დეცენტრალიზებული ფინანსები, NFT-ები და სხვა. კრიპტო პროექტების კონკრეტული კატეგორიის მიმართ ინტერესის დონის ზრდა შესაძლოა საფუძვლად დაედოს კაპიტალის BTC-ის ნაცვლად სწორედ ამ აქტივებში განთავსებას, რაც თავისთავად შეამცირებს BTC-ის დომინირების მაჩვენებელს.
დროთა განმავლობაში Bitcoin დამკვიდრდა, როგორც სხვა, ახალ ალტკოინებთან შედარებით მეტად სტაბილური კრიპტო აქტივი. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ისეთი ინვესტორები, რომელთა ძირითად მიზანს სწორედ ახალი ალტკოინებისთვის დამახასიათებელი ფასების მკვეთრი მერყეობით სარგებლის მიღება წარმოადგენს, ხშირად Bictcon-ის ნაცვლად არჩევანს აღნიშნულ ერთეულებზე აკეთებენ, რაც, რა თქმა უნდა, ახდენს ზეგავლენას დომინირების მაჩვენებელზე.
Bull და bear ბაზრები
Bear ბაზრებზე ან მაღალი მერყეობის პერიოდებში ინვესტორები ხშირად მიმართავენ ფინანსების სტეიბლკოინებში გადატანის პრაქტიკას, რაც ეხმარება მათ თანხების შენარჩუნებაში ფასების მკვეთრი ვარდნისას. სტეიბლკოინები სტაბილური ფასის შენარჩუნების მიზნით შექმნილი კრიპტოვალუტებია, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, მიბმულია ფიატ ვალუტების ფასებზე. კაპიტალის Bitcoin-იდან სტეიბლკოინებზე გადატანისას, შესაძლოა შემცირდეს BTC-ის წილი კრიპტოს საერთო კაპიტალიზაციაში.
პროცესები საპირისპიროდ მიმდინარეობს bull ბაზრების შემთხვევაში. ფასების ზრდის პარალელურად ინვესტორებს გადააქვთ თანხები სტეიბლკოინებიდან შედარებით არასტაბილურ აქტივებზე, რაც მოიცავს Bitcoin-საც. თუმცა, ტრეიდერებმა შესაძლოა კაპიტალი ალტკოინებზე გადაიტანონ, რადგან აღნიშნული ერთეულების ფასების მერყეობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. შესაბამისად, BTC-ის დომინირების მაჩვენებელზე ზემოქმედების დონე დამოკიდებულია არა მხოლოდ ბაზრის მიმართულებაზე, არამედ ფინანსების განთავსების ადგილმდებარეობაზეც.
ვაჭრობის დაწყება სტეიბლკოინების მეშვეობით
ბევრი სავაჭრო პლატფორმა გვთავაზობს უფრო მეტ სტეიბლკოინებით დენომინირებულ სავაჭრო წყვილს, ვიდრე ფიატ ვალუტით დენომინირებულს. ინვესტორები, რომელთაც სურთ კონკრეტული ალტკოინების ფასების ცვალებადობით სარგებლის მიღება, ვაჭრობას სტეიბლკოინებით იწყებენ და საერთოდ არ იყენებენ Bitcoin-ს. კრიპტო ბაზარზე დიდი ოდენობით სტეიბლკოინების (და არა Bitcoin-ის) კაპიტალის შემოდინების პერიოდებში, იზრდება კრიპტოს საერთო კაპიტალიზაცია, ხოლო Bitcoin-ის წილი უცვლელი რჩება ან მცირდება, რაც შესაბამის ზეგავლენას ახდენს BTC-ის დომინირებაზეც.
ახალი მონეტების შექმნა
ახალი კრიპტოვალუტების სწრაფი გავრცელება ამცირებს BTC-ის დომინირებას, რადგან, აღნიშნულ შემთხვევაშიც, მიმდინარე პროცესები იწვევს კრიპტოს საერთო კაპიტალიზაციის ზრდას, ხოლო Bitcoin-ის წვლილი უცვლელი რჩება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ახალი პროექტების მიმართ მაღალი დაინტერესების ტალღა დიდ ხანს არ გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება თანხების კვლავ Bitcoin-ში ინვესტირება ან კრიპტო ბაზრიდან გატანა, BTC-ის დომინირება შესაძლოა საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდეს.
BTC-ის დომინირების გამოყენება ვაჭრობისას
ვაიკოფის მეთოდი
ვაიკოფის მეთოდი წარმოადგენს ბაზრის ტენდენციების ანალიზის მეთოდს, რომელიც 1930-იანი წლების დასაწყისში, ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე გამოყენების მიზნით შეიქმნა. მისი მეშვეობით ხდება სავაჭრო პროცესების ოთხ ძირითად საფეხურად დაყოფა: დაგროვება, ზრდა, განაწილება და ვარდნა. ზოგიერთი ტრეიდერი ვაიკოფის მეთოდს კრიპტო ბაზრებზე Bitcoin-სა და ალტკოინებში ინვესტირებული თანხების ოდენობის განსაზღვრისა და ტენდენციების შეფასების მიზნით იყენებს, რაც მათ პორტფოლიოს შესაბამისად რეგულირებაში ეხმარება.
ალტკოინების სეზონის ამოცნობა BTC-ის დომინირების მეშვეობით
იმ პერიოდებს, როდესაც ალტკოინებში განთავსებული ინვესტიციების დონე მკვეთრად აჭარბებს Bitcoin-ში განთავსებულ ინვესტიციებს, „ალტკოინების სეზონს“ უწოდებენ. ვაიკოფის მეთოდის პერსპექტივით, აღნიშნული შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ბაზრის ფაზა, რომლის დროსაც ხდება კაპიტალის დიდი წილის Bitcoin-იდან შედარებით ფართოდ გავრცელებულ ალტკოინებზე მასშტაბურად გადატანა. ზოგიერთი ტრეიდერი BTC-ის დომინირების ტენდენციებს სწორედ ასეთი შემთხვევებისა და ბრუნვის დაწყებისა და დასრულების წერტილების ამოცნობის მიზნით იყენებს და შესაბამისად აკეთებს არჩევანს Bitcoin-სა და ალტკოინებს შორის.
გასულ წლებში საკმაოდ გავრცელდა ალტკოინების სეზონის ინდექსის BTC-ის დომინირების სახით გამოყენება, დამატებითი ინდიკატორის სახით. მაგალითად, 2025 წლის აპრილში ალტკოინების სეზონის ინდექსი 32/100 იყო, რაც მიუთითებდა BTC-ის დომინირების მაღალ მაჩვენებელზე და იმაზე, რომ ყველაზე პოპულარული ალტკოინების მხოლოდ 75%-ზე ნაკლებმა აჩვენა Bitcoin-ზე უკეთესი შედეგები 90-დღიანი პერიოდის განმავლობაში.
BTC-ის დომინირებისა და ფასის მონაცემების ერთობლივად გამოყენება
ზოგიერთ ტრეიდერი, უფრო საფუძვლიანი ტექნიკური ანალიზის წარმოების მიზნით, აერთიანებს BTC-ის დომინირებისა და Bitcoin-ის მიმდინარე ფასის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების გაერთიანება არ წარმოადგენს რაიმე დამკვიდრებულ მეთოდს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გვაძლევს შემდეგი ტენდენციების მარტივად ამოცნობის საშუალებას:
BTC-ის ფასის და დომინირების მაჩვენებლის ზრდა შესაძლოა მიუთითებდეს Bitcoin-თან დაკავშირებულ ბაზრის აღმავალ ტენდენციებზე.
BTC-ის ფასის ზრდა და დომინირების მაჩვენებლის ვარდნა შესაძლოა მიუთითებდეს ბაზრის მომატებულ სიძლიერეზე და ალტკოინების მზარდ პოპულარობაზე.
BTC-ის ფასის კლება და დომინირების მაჩვენებლის ზრდა შესაძლოა მიუთითებდეს ალტკოინებში ინვესტირებული თანხებისა და პოპულარობის Bitcoin-ზე სწრაფად კლებაზე.
BTC-ის ფასის და დომინირების მაჩვენებლის კლება შესაძლოა მიუთითებდეს ზოგადად ბაზრის დაღმავალ ტენდენციაზე.
აღნიშნული შედეგები არ არის გარანტირებულ და წარმოადგენს მხოლოდ ინტერპრეტაციას. ბაზრის პირობებზე მრავალი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, შესაბამისად, უმჯობესია BTC დომინირების სხვა ინდიკატორებთან ერთად გამოყენება.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის BTC დომინირების კარგი პროცენტული მაჩვენებელი?
აღნიშნულ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა თითქმის შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ზოგადად დამკვიდრებული მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება „კარგ“ მაჩვენებლად მივიჩნიოთ. წარსულში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც BTC დომინირების მაჩვენებელმა 90%-ს გადააჭარბა, თუმცა, ეს მხოლოდ ალტკოინების ბაზარზე შემოსვლამდე იყო. ხოლო გასულ წლებში, BTC დომინირების მაჩვენებელი, ხშირ შემთხვევაში 40-70%-ს შორის მერყეობდა. 2026 წლის დასაწყისის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 58–60%-ს შორის მერყეობს. ის, თუ რამდენად კარგ ან ცუდ მოცემულობად შეიძლება მივიჩნიოთ BTC-ის მიმდინარე მაჩვენებელი, დამოკიდებულია ბაზრის ზოგად პირობებზე და შედარებით ფართო სპექტრში მისი გამოყენების მეთოდებზე.
მიუთითებს თუ არა BTC-ის დომინირების მაჩვენებლის შემცირება ალტკოინებს დაღმავალ ტენდენციაზე?
ყოველთვის არა. BTC დომინირება გახლავთ კრიპტოვალუტების მთლიან ბაზარზე BTC-ის საბაზრო კაპიტალიზაციის პროცენტული წილის და არა ფასის ზოგადი მაჩვენებლების განსაზღვრის საშუალება. დომინირების მაჩვენებელმა შესაძლოა მოიმატოს Bitcoin-ის ფასის ალტკოინების ფასზე სწრაფად მომატების, ან თანხების ალტკოინებიდან გადმოტანისა და Bitcoin-ში ინვესტირების ტენდენციის მომატების შემთხვევაში. გარდა ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი შესაძლოა შეიცვალოს ბაზარზე ახალი მონეტების დამატების ან პირიქით, ამოღების დროს. თუმცა, დომინირების მაჩვენებლის ზრდა თავისთავად არ მიუთითებს ალტკოინების ფასის შემცირებაზე.
როგორ ხდება BTC-ის დომინირების მაჩვენებლის გამოთვლა?
BTC-ის დომინირების მაჩვენებლის გამოსათვლელად, პირველ რიგში, Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია უნდა გავყოთ მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაციაზე, შემდეგ კი გავამრავლოთ 100-ზე, შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მისაღებად. მიმდინარე მონაცემების ნახვას კრიპტო მონაცემების ისეთ პლატფორმებზე შეძლებთ, როგორიცაა CoinMarketCap და CoinGecko.
რა იწვევს BTC-ის დომინირების მაჩვენებლის კლებას?
BTC-ის დომინირება შესაძლოა შემცირდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ერთიანად იზრდება ალტკოინების ან სტეიბლკოინების საბაზრო კაპიტალიზაცია, რაც შესაბამის ზეგავლენას ახდენს აღნიშნულ მაჩვენებელზე. ეს შესაძლოა მოხდეს ალტკოინების სეზონის დროს, ისეთ პერიოდებში, როდესაც იზრდება ინტერესი კონკრეტული კრიპტო სექტორების, მაგალითად, DeFi-ს ან NFT-ების მიმართ, ან ბაზარზე დიდი ოდენობით კაპიტალის შემოდინების დროს, როდესაც ინვესტიციები ხორციელდება ალტკოინებში და არა Bitcoin-ში.
არის თუ არა შესაძლებელი BTC-ის დომინირების მაჩვენებლის მეშვეობით ალტკოინების სეზონის დადგომის პროგნოზირება?
BTC-ის დომინირება ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომელსაც ტრეიდერები იყენებენ ალტკოინების სეზონის დაწყების ან დასრულების პროგნოზირებისთვის. BTC-ის დომინირების მაჩვენებლის ლება, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მკვეთრად იმატებს ალტკოინების ფასები, როგორც წესი, მიუთითებს ალტკოინების სეზონის დაწყებაზე. თუმცა, დომინირების ტენდენციები არ არის ალტკოინების სეზონის დაწყების ან გაგრძელების გარანტირებული ინდიკატორი და საჭიროა ამ მაჩვენებლის ბაზრის სხვა მონაცემებთან ერთად გამოყენება.
შეჯამება
BTC-ის დომინირება ფართოდ გამოყენებული ინდიკატორია, რომელიც მიუთითებს კრიპტოვალუტების მთლიან ბაზარზე BTC-ის საბაზრო კაპიტალიზაციის პროცენტული წილზე. აღნიშნულ მაჩვენებელზე ზეგავლენას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს, მათ შორისაა ალტკოინების ტენდენციები, სტებლკოინების მოძრაობა, ბაზრის ტენდენციები და ახალი პროექტების შექმნა.
ზოგიერთი ტრეიდერი BTC-ის დომინირებას ფასის მონაცემებთან და სხვა ინდიკატორებთან ერთად იყენებს და ამ მეთოდით განსაზღვრავს ბაზრის ზოგად პირობებს, მაგალითად ბიტკოინთან და ალტკოინებთან დაკავშირებული ფაზების შესაძლო ცვლილებებს. თუმცა, როგორც ყველა სხვა ინდიკატორს, BTC-ის დომინირების მაჩვენებელსაც გააჩნია გარკვეული მინუსები და არ არის რეკომენდებული მხოლოდ მასზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება ან მოქმედება. BTC-ის დომინირების ისეთ ინსტრუმენტებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა ტექნიკური ანალიზი, ფუნდამენტური ანალიზი და ბაზრის განწყობის ანალიზი, დაგეხმარებათ ბაზარზე არსებული ზოგადი სურათის უკეთ აღქმაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.