რა არის და როგორ მუშაობს ბაზისური ვაჭრობა?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს ბაზისური ვაჭრობა?

რა არის და როგორ მუშაობს ბაზისური ვაჭრობა?

განახლებული Nov 19, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • ბაზისური ვაჭრობა გახლავთ მეთოდი, რომლის ფარგლებშიც ხდება სარგებლის მიღება რომელიმე აქტივის მიმდინარე ღირებულებასა (სპოტ ფასი) და პროგნოზირებულ ღირებულებას (ფიუჩერსების ფასი) შორის სხვაობის მეშვეობით.

  • ფერმერები, ინვესტორები და კრიპტო ტრეიდერები ბაზისური ვაჭრობის სტრატეგიებს იყენებენ რისკების შემცირების ან მოგების გაზრდის მიზნით. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა საქონელთან, ობლიგაციებთან და Bitcoin ბაზრებთან მიმართებაში.

  • ბაზისური ვაჭრობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა დამაბნეველიც კი აღმოჩნდეს ახალბედა ტრეიდერებისთვის. ამ სტრატეგიით მოქმედებისთვის საჭიროა ბაზრის დინამიკის საფუძვლიანად შესწავლა და რისკების ეფექტურად მართვა, რადგან ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ფასების მოულოდნელ ცვლილებებსა და ლიკვიდურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რა არის ბაზისური ვაჭრობა?

წარმოიდგინეთ, რომ სურსათის მაღაზიაში ყიდულობთ ვაშლს. თითო ვაშლის ღირებულებაა 1,50$. თქვენი მეგობარი გთავაზობთ შეიძინოთ ვაშლების ყუთი, რომელსაც ის მომდევნო თვეში მოგაწვდით და სადაც თითო ვაშლის ღირებულება 1,30$ იქნება. სწორედ ამ 20-ცენტიან სხვაობას უწოდებენ ტრეიდერები ბაზისს. ფინანსურ ბაზრებზე ბაზისი გახლავთ სხვაობა სპოტ ფასსა და ფიუჩერსების ფასს შორის.

ბაზისური ვაჭრობის დროს ინვესტორები ცდილობენ მოგების მიღებას ამ შუალედის (ბაზისის) დროთა განმავლობაში ცვლილების პროგნოზირების მეშვეობით. თუ ფიქრობთ, რომ სხვაობა გაიზრდება, თქვენ „იკავებთ ბაზისის long პოზიციას“. თუ ფიქრობთ, რომ სხვაობა შემცირდება, თქვენ „იკავებთ short პოზიციას“. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს სტრატეგიის ეფექტურობა, საფუძვლიანი ანალიზი და ზოგჯერ - იღბალიც.

როგორ მუშაობს ბაზისური ვაჭრობა

სპოტ და ფიუჩერსების ფასები

სპოტ ფასი არის კონკრეტული ერთეულის მიმდინარე ფასი, ხოლო ფიუჩერსების ფასი გახლავთ მოსალოდნელი სამომავლო ფასი. ხშირ შემთხვევაში ეს ფასები განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ხდება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება, როგორიცაა შენახვა, საპროცენტო განაკვეთები ან მიწოდებასთან და მოთხოვნასთან დაკავშირებული მოლოდინები.

დავუშვათ, რომ დღესდღეობით ერთი ბუშელი სიმინდის ღირებულებაა 5$ (სპოტ ფასი) და მოსალოდნელია, რომ ეს ფასი მომდევნო სამი თვის განმავლობაში 5,50$-მდე გაიზრდება (ფიუჩერსების ფასი). ამ შემთხვევაში, ბაზისი შეადგენს -0,50$-ს. თუ თვლით, რომ სპოტ ფასი ფიუჩერსების ფასზე სწრაფად გაიზრდება, შეგიძლიათ დაიკავოთ ბაზისის „long პოზიცია“.

ბაზისური ვაჭრობის ტიპები

ტრეიდერებს შეუძლიათ დაიკავონ long ან short პოზიციები, მათ მიერ წარმოებული ანალიზის შედეგების შესაბამისად. პროგნოზების შედგენისას ისინი ხშირად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა საბაზრო ტენდენციის, ისტორიული მონაცემების და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

  • Long: სპოტ ფასის ფიუჩერსების ფასთან შედარებით უფრო სწრაფად გაზრდის მოლოდინი.

  • Short: სპოტ ფასის შემცირების ან ფიუჩერსების ფასის უფრო სწრაფად გაზრდის მოლოდინი.

რატომ არის ბაზისური ვაჭრობა ასეთი მნიშვნელოვანი?

ჰეჯერებისთვის

ბაზისური ვაჭრობა მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ან აქტიურად იყენებენ სხვადასხვა საქონელს. წარმოვიდგინოთ ფერმერი, რომელსაც მოჰყავს ხორბალი. მისი მოლოდინით, მან უნდა შეძლოს სამი თვის განმავლობაში 10 000 ბუშელი ხორბალის მოყვანა, თუმცა მას ასევე აღელვებს ფასების შემცირების ალბათობა. ფიუჩერსების კონტრაქტების მომენტალურად გაყიდვით, ის მიიღებს გარანტირებულ ფასს და შეძლებს რისკების მაქსიმალურად შემცირებას.

მეორეს მხრივ, პურის საცხობმა ქარხანამ შესაძლოა გამოიყენოს ბაზისური ვაჭრობის სტრატეგია ხორბლის მარაგის პროგნოზირებული ფასის შენარჩუნების მიზნით. ორივე მხარე იცავს საკუთარ თავს მოულოდნელი, უსიამოვნო სიურპრიზებისგან.

სპეკულანტებისთვის

სპეკულანტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგების მიღებაა. ისინი შეისწავლიან ბაზრის ტენდენციებს და აკეთებენ პროგნოზებს ბაზისის ცვლილებასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ტრეიდერი ფიქრობს, რომ ნავთობის ფასი გაიზრდება მოთხოვნის ზრდის საფუძველზე, ის დაიკავებს „long პოზიციას“ და, პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, მიიღებს სარგებელს.

როგორ იყენებენ ტრეიდერები ბაზისური ვაჭრობის სტრატეგიას?

1. საქონელი

ბაზისური ვაჭრობა ყველაზე ხშირად ამ ასპექტთან მიმართებაში გამოიყენება. ფერმერები, მაინერები და ენერგიის მწარმოებლები იყენებენ ამ სტრატეგიას რისკების შესამცირებლად, სპეკულატორები კი მაქსიმალური მოგების მისაღებად. ბაზისური ვაჭრობის სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია ისეთ პროდუქტებთან მიმართებაში, როგორიცაა მარცვლეული, ნავთობი, ოქრო, ან რომელიმე სხვა პროდუქტი, რომლით ვაჭრობაც შესაძლებელია სპოტ და ფიუჩერსების ბაზარზე.

2. ფიქსირებული შემოსავალი (ობლიგაციები)

ობლიგაციების ბაზარზე ტრეიდერები ხშირად აკვირდებიან სხვაობას ნაღდი ფულის ობლიგაციებსა და ისეთ დერივატივებს შორის, როგორიცაა საკრედიტო დეფოლტის სვოპები (CDS). „ვაჭრობა უარყოფითი ბაზისით“ ხორციელდება მაშინ, როდესაც CDS-ის სპრედი უფრო ნაკლებია, ვიდრე ობლიგაციის სპრედი. ეს უზრუნველყოფს არბიტრაჟის შესაძლებლობებს ტრეიდერებისთვის.

3. კრიპტოვალუტები

კრიპტოვალუტების კონტექსტში ბაზისური ვაჭრობა ეფუძნება სხვაობას სპოტ ბაზარზე არსებულ კრიპტო აქტივისა და ამ აქტივის ფიუჩერსების ბაზარზე არსებული კონტრაქტის ფასს შორის. 

ბაზისის საფუძველზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სტრატეგია უფრო და უფრო პოპულარული გახდა სპოტ Bitcoin ETF-ების გამოშვების შემდეგ 2024 წლის დასაწყისში. ამ მოვლენის შემდეგ მრავალმა ტრეიდერმა დაიწყო სპოტ ETF-ებისა და პოპულარული ფიუჩერსების ბაზრების, მაგალითად CME Bitcoin ფიუჩერსების, ფასებს შორის სხვაობებზე დაკვირვება.

ბაზისის საფუძველზე Bitcoin-ით ვაჭრობის მაგალითი

ტრეიდერები, რომლებიც Bitcoin-ით ვაჭრობისთვის ბაზისური ვაჭრობის სტრატეგიას იყენებენ, აკვირდებიან სპოტ ბაზრის (სადაც BTC-ით ვაჭრობა მყისიერად ხორციელდება) და ფიუჩერსების კონტრაქტების (სადაც ხორციელდება კრიპტოვალუტის სამომავლო ფასების მონიტორინგი) ფასებს შორის სხვაობას. 

მაგალითად, თუ BTC-ის სავაჭრო ფასი სპოტ ბაზარზე არის 80 000$, თუმცა ფიუჩერსების კონტრაქტი, რომლის მიწოდებაც მოხდება სამი თვის შემდეგ, შეფასებულია 82 000$-ად, ელისს შეუძლია შეიძინოს Bitcoin სპოტ ბაზარზე და გაყიდოს იმავე ოდენობის BTC ფიუჩერსების ბაზარზე.

  • სპოტ ფასი: 80 000$ თითო BTC-ზე.

  • ფიუჩერსების ფასი: 82 000$ თითო BTC-ზე, რომლის მიწოდებაც მოხდება 3 თვეში.

  • ბაზისი: 2000$.

  • დასაბუთება: ელისი მიიჩნევს, რომ ეს 2000$-იანი სხვაობა (ბაზისი) შემცირდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სპოტზე მოთხოვნის ზრდის ან ფიუჩერსების პრემიუმის შემცირების გამო.

  • სტრატეგია: ელისი ახორციელებს cash-and-carry არბიტრაჟს, ყიდულობს BTC-ს სპოტ ბაზარზე 80 000$-ად და ყიდის BTC ფიუჩერსების კონტრაქტს 82 000$-ად. 

  • შედეგი: ფასების პროგნოზის მიხედვით შეცვლის შემთხვევაში, ელისი გამოიყენებს სპოტ ბაზარზე შეძენილ BTC-ს ფიუჩერსების კონტრაქტის აღსრულებისთვის და მოიპოვებს 2000$ ოდენობის მოგებას თითო BTC-ზე (საკომისიოების და ოპერაციული ხარჯების გამოკლებით).

ბაზისურ ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები

1. ბაზისთან დაკავშირებული რისკი

იმ ტრეიდერების ყველაზე დიდ სატკივარს, რომლებიც მოქმედებენ ბაზისური ვაჭრობის სტრატეგიის საფუძველზე, წარმოადგენს სიტუაციები, სადაც სპოტ და ფიუჩერსების ფასები პროგნოზის მიხედვით არ იცვლება. მაგალითად, ფერმერმა, რომელიც ახორციელებს სიმინდის ფასების ჰეჯირებას, შესაძლოა განიცადოს ზარალი, თუ მიწოდების და მოთხოვნის მაჩვენებლები შეიცვლება გაუთვალისწინებელი ამინდის მოსავალზე ზემოქმედების გამო.

2. ბაზრის ლიკვიდურობა

თუ ბაზარს არ გააჩნია საკმარისი ლიკვიდურობა, ტრეიდერებს შესაძლოა გაუჭირდეთ პოზიციების გახსნა ან დახურვა სასურველ ფასებად. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი მერყეობით გამორჩეულ ბაზრებს, ან სიტუაციებს, სადაც ადგილი აქვს ფინანსურ კრიზისს.

3. კომპლექსურობა

ბაზისური ვაჭრობის სტრატეგიით მოქმედება არც ისე მარტივია. აუცილებელია ბაზრის დინამიკის შესწავლა, ტენდენციებზე დაკვირვება და რისკების ეფექტურად მართვა, რასაც დიდი გამოცდილება სჭირდება. ახალბედა მომხმარებლებისთვის ეს საჭიროებები შესაძლოა მეტისმეტიც კი აღმოჩნდეს.

შეჯამება

ბაზისური ვაჭრობის სტრატეგია შესაძლოა ერთი შეხედვით რთულ კონცეფციად მოგვეჩვენოს, თუმცა რეალურად ამ სტრატეგიის მოქმედების ძირითად ელემენტს ფასებს შორის სხვაობის სწორად პროგნოზირება წარმოადგენს. არ აქვს მნშვნელობა სხვადასხვა საქონელთან დაკავშირებული რისკების მართვა გსურთ, ობლიგაციების მეშვეობით მოგების მოპოვება, თუ კრიპტოვალუტების სივრცეში ეფექტურად მოქმედება, ამ სტრატეგიის მეშვეობით მრავალი შესაძლებლობის მოპოვებას შეძლებთ.

თუ თქვენ ინვესტორი ხართ, ბაზისური ვაჭრობის სტრატეგიის შესწავლით შეძლებთ თქვენი პორტფოლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ან მოგების გაზრდის ახალი შესაძლებლობებით სარგებლობას. მწარმოებლების შემთხვევაში, ამ სტრატეგიის მეშვეობით შესაძლებელია არაპროგნოზირებად ბაზრებზე სტაბილიურობის უზრუნველყოფა. და თუ სპეკულატორი ხართ, ბაზისური ვაჭრობის მეტად საინტერესო (და მომგებიანი) სტრატეგიის მეშვეობით შეძლებთ სასურველი შედეგების მიღწევას—მთავარია იცოდეთ, რა არის საჭირო მისი სათანადოდ გამოყენებისთვის.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.