მთავარი დეტალები
ობლიგაციები არის მთავრობების, მუნიციპალიტეტების ან კორპორაციების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. ისინი წარმოადგენს სტაბილურ საინვესტიციო საშუალებას ინვესტორებისთვის, რეგულარული პროცენტის გადახდებით და თანხის ძირის დაბრუნებით სესხის დაფარვის ვადის დადგომის დროს.
სხვა ფინანსური აქტივების მსგავსად, საპროცენტო განაკვეთები და ეკონომიკური პირობები უშუალო ზეგავლენას ახდენს ობლიგაციების ღირებულებაზე და მათი მეშვეობით მიღებულ სარგებელზე, თუმცა, ისინი ნაკლებად მერყევია ვიდრე კრიპტოვალუტები და აქციები.
ობლიგაციების ბაზრების და საპროცენტო განაკვეთებთან მათი კავშირის შესწავლით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია გავლენას ახდენს ინვესტორების განწყობაზე კრიპტო, აქციებისა და სხვა ბაზრების მიმართ.
შესავალი
ობლიგაციები არის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობით მთავრობებს და კორპორაციებს შეუძლიათ კაპიტალის მოზიდვა და რომლებიც ინვესტორებს სთავაზობს შედარებით სტაბილურ საინვესტიციო გარემოს. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს ობლიგაციები და რა როლს ასრულებენ ისინი ფინანსურ ბაზრებზე. ასევე განვიხილავთ კავშირს ობლიგაციებსა და ბაზრის განწყობას შორის და მათ პოტენციურ ზეგავლენას კრიპტო ბაზრებზე.
რა არის ობლიგაციები?
ობლიგაცია არის სასესხო ფასიანი ქაღალდი, ისევე როგორც IOU. ობლიგაციის შეძენის დროს, თქვენ ფაქტობრივად ასესხებთ თანხას ემიტენტს (მთავრობას, მუნიციპალიტეტს ან კორპორაციას). თქვენი სესხის სანაცვლოდ, ემიტენტი თანახმაა რეგულარულად გადაგიხადოთ კონკრეტული პროცენტი (ე.წ. კუპონი) და ობლიგაციის თანხის დაფარვის ვადის დადგომისას დაგიბრუნოთ ძირი თანხა (ნომინალური ღირებულება).
ობლიგაციების ტიპები
1. სახელმწიფო ობლიგაციები: ადგილობრივი მთავრობების მიერ გამოშვებული ობლიგაციები. ამის მაგალითებია აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები, გაერთიანებული სამეფოს „გილტსი“ და გერმანული „ბუნდები“.
2. მუნიციპალური ობლიგაციები: ადგილობრივი ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების და მაგისტრალების მსგავსი საჯარო პროექტების დაფინანსების მიზნით გამოშვებული ობლიგაციები.
3. კორპორატიული ობლიგაციები: კომპანიების მიერ ბიზნესის გაფართოების, ოპერაციების ან სხვა ბიზნეს საქმიანობისთვის კაპიტალის მოზიდვის მიზნით გამოშვებული ობლიგაციები.
4. შემნახველი ობლიგაციები: მთავრობების მიერ მცირე კაპიტალის მქონე ინვესტორებისთვის გამოშვებული დაბალი დენომინაციის ობლიგაციები.
როგორ მუშაობს ობლიგაციები?
გამოშვება და ფასის განსაზღვრა
ობლიგაციების გამოშვების დროს განისაზღვრება მათი ნომინალური ღირებულება, კუპონის განაკვეთი და თანხის დაფარვის თარიღი. ნომინალური ღირებულება არის ობლიგაციის ფასი სესხის დაფარვის ვადის დადგომის დროისთვის, ხოლო კუპონის განაკვეთი არის ემიტენტის მიერ ობლიგაციის მფლობელისთვის გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი. პირველი გამოშვების დროს ობლიგაციები იყიდება ძირითად ბაზარზე, ხოლო შემდგომ ხდება მათი მეშვეობით ვაჭრობა მეორად ბაზარზე.
ძირითად ბაზარზე ინვესტორები ყიდულობენ ობლიგაციებს უშუალოდ ემიტენტებისგან, მაგალითად მთავრობისგან ან კორპორაციისგან. თავდაპირველი გაყიდვის შემდეგ, ინვესტორებს შეუძლიათ ობლიგაციებით ვაჭრობა მეორად ბაზარზე. ამ ბაზრებზე ფასების მერყეობა გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები, ეკონომიკური პირობები და ემიტენტის კრედიტუნარიანობა. მეორადი ბაზარი უზრუნველყოფს ლიკვიდურობას, რაც ინვესტორებს აძლევს ობლიგაციების ყიდვის და გაყიდვის შესაძლებლობას თანხის დაფარვის ვადის დადგომამდე.
პროცენტის გადახდა
ობლიგაციების მფლობელები რეგულარული ინტერვალებით იღებენ საპროცენტო გადახდებს, როგორც წესი ყოველ ნახევარ წელიწადში, ან ყოველ ერთ წელიწადში. ეს გადახდები წარმოადგენს ობლიგაციის ნომინალური ღირებულების ფიქსირებულ პროცენტს. მაგალითად, თუ ობლიგაციის ნომინალური ღირებულებაა 1000 აშშ დოლარი და კუპონის განაკვეთია 5%, წლიურად გადასახდელი თანხა იქნება 50 აშშ დოლარი. ამის მაგალითია აშშ-ის სახაზინო ობლიგაცია 10 წლამდე დაფარვის ვადით და კუპონის 2%-იანი განაკვეთი. ამ შემთხვევაში, ობლიგაციის მფლობელი ყოველწლიურად მიიღებს 20 აშშ დოლარს 1000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებზე.
თანხის დაფარვის ვადის დადგომა
თანხის დაფარვის ვადა არის კონკრეტული დროის პერიოდი, როცა ობლიგაციის ემიტენტმა ობლიგაციის მფლობელს უნდა დაუბრუნოს ობლიგაციის ნომინალური ღირებულება. ობლიგაციები შეიძლება იყოს მოკლევადიანი (3 წელზე ნაკლები დაფარვის ვადით), საშუალოვადიანი (3-10 წლამდე დაფარვის ვადით) ან გრძელვადიანი (10 წელზე მეტი დაფარვის ვადით).
მაგალითად, Apple-ის მიერ გამოშვებული მოკლევადიანი კორპორატიული ობლიგაციის დაფარვის ვადაა 2 წელი, ხოლო ქალაქ ლოს ანჯელესის მიერ გაცემულ საშუალოვადიან მუნიციპალურ ობლიგაციებს შეიძლება ჰქონდეს 7 წლიანი დაფარვის ვადა. გრძელვადიანი ობლიგაციების შემთხვევაში, როგორიცაა აშშ-ის სახაზინო ობლიგაცია 30 წლამდე დაფარვის ვადით, მათი გადახდის დრო დგება სამი ათწლეულის შემდეგ.
ობლიგაციების როლი ფინანსურ ბაზრებზე
უსაფრთხოების გარანტიის აქტივი
ობლიგაციები, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ობლიგაციები, ხშირად განიხილება როგორც უსაფრთხოების გარანტიის აქტივები. ისინი კრიპტოვალუტებთან და აქციებთან შედარებით ნაკლები მერყეობით გამოირჩევა, რაც იძლევა შემოსავლის უფრო ზუსტად პროგნოზირების შესაძლებლობას. ინვესტორები ხშირად ყიდულობენ ობლიგაციებს ეკონომიკური გაურკვევლობის ან ბაზრის მერყეობის პერიოდებში.
პორტფოლიოს დივერსიფიკაცია
საინვესტიციო პორტფოლიოს ობლიგაციებით შევსება ხელს უწყობს რისკების დივერსიფიკაციას. აქციები გვთავაზობს მაღალ შემოსავალს, თუმცა უფრო დიდი რისკის ფასად. ობლიგაციები უზრუნველყოფს პორტფოლიოს ბალანსის შენარჩუნებას, რაც ამცირებს მასთან დაკავშირებულ მთლიან ფინანსურ რისკს .
საპროცენტო განაკვეთის ინდიკატორი
საპროცენტო განაკვეთები გავლენას ახდენს ობლიგაციის ღირებულებასა და მისგან მიღებულ შემოსავალზე. საპროცენტო განაკვეთების ზრდის დროს მცირდება აქციების ღირებულება და პირიქით. ამ ინვერსიული კავშირის წყალობით, ობლიგაციები ხდება საპროცენტო განაკვეთის ტენდენციის და მონეტარული პოლიტიკის საკვანძო ინდიკატორი.
კავშირი ობლიგაციებსა და ბაზრის განწყობას შორის
ეკონომიკური ინდიკატორები
ინვესტორები თვალყურს ადევნებენ ობლიგაციის ბაზრებს, როგორც ეკონომიკის სიჯანსაღის ინდიკატორს. მაგალითად, შემოსავლიანობის მრუდს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაფარვის ვადის მქონე ობლიგაციების შემოსავლიანობის ასახვისთვის, შეუძლია ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა. შემოსავლიანობის ინვერსიული მრუდი კი, სადაც მოკლევადიანი შემოსავალი უფრო მაღალია ვიდრე გრძელვადიანი, ხშირად განიხილება როგორც რეცესიის პროგნოზირების ფაქტორი.
ინვესტორის ქცევა
ბაზრის განწყობა გავლენას ახდენს ობლიგაციების ფასებზე. როდესაც ინვესტორები დარწმუნებულნი არიან ეკონომიკის სტაბილურობაში, მათ შეიძლება გაყიდონ საკუთარი ობლიგაციები სხვა აქციებში ინვესტირების მიზნით, რაც გამოიწვევს ობლიგაციების ფასის შემცირებას. და პირიქით, გაურკვევლობის პერიოდების დროს, ინვესტორებმა შეიძლება შეიძინონ მეტი ობლიგაცია, რაც გამოიწვევს მათი ფასის ზრდას და სარგებლის შემცირებას.
ობლიგაციების გავლენა კრიპტო ბაზრებზე
საინვესტიციო არჩევანი
ეკონომიკური სტაბილურობის დროს, ინვესტორებმა შეიძლება თანხა ჩადონ ობლიგაციებში და არა კრიპტოვალუტებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კრიპტო ბაზრებიდან კაპიტალის გადინება. თუმცა, დაბალი საპროცენტო განაკვეთების ან ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში, ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება უპირატესობა მიანიჭოს კრიპტოვალუტებს უფრო მაღალი შემოსავლის მიღების მიზნით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობლიგაციებს ხშირად ირჩევენ მათი საპროცენტო განაკვეთისა და სტაბილურობის გამო, ხოლო აქციები და კრიპტოვალუტები მიიჩნევა როგორც მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე შედარებით არასტაბილური აქტივები.
ჰეჯირება და დივერსიფიკაცია
ზოგიერთი ინვესტორი იყენებს ობლიგაციებს თავიანთი პოზიციების ჰეჯირებისთვის, კრიპტოვალუტის უაღრესად არასტაბილური ბაზრის პირობებში. ობლიგაციები უზრუნველყოფენ სტაბილურ შემოსავალს, რითაც აკომპენსირებენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ მაღალ რისკებს. პრაქტიკაში კი, ბევრი საინვესტიციო პორტფოლიო მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივებს, რითაც მცირდება ფინანსური რისკები.
რეგულაციები
ობლიგაციებისთვის უკვე არსებობს კარგად ჩამოყალიბებული მარეგულირებელი გარემო, ხოლო კრიპტო ვალუტების შემთხვევაში, ეს გარემო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. რეგულაციების ისეთმა ცვლილებებმა, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ობლიგაციებზე, მაგალითად საპროცენტო განაკვეთის შეცვლამ ცენტრალური ბანკების მიერ, შესაძლოა გამოიწვიოს ინვესტორთა ქცევის ცვლილება, რაც პირდაპირ იმოქმედებს კრიპტოვალუტების ბაზარზე.
შეჯამება
ობლიგაციები ფინანსური ბაზრების მნიშვნელოვანი ელემენტია. ის გვთავაზობს სტაბილურ საინვესტიციო გარემოს და წარმოადგენს ეკონომიკური სიჯანსაღის ინდიკატორს. ობლიგაციები გვთავაზობს დივერსიფიკაციის შესაძლებლობით სარგებლობის უპირატესობას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბაზრის განწყობის ჩამოყალიბების საკითხში. ობლიგაციების მუშაობის პრინციპების და ფართო ბაზარზე მათი ზეგავლენის შესწავლა, დაეხმარება ინვესტორებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და უფრო დაცული და დივერსიფიცირებული პორტფოლიოს შექმნაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.