TL;DR
იზოლირებული მარჟა და კროს-მარჟა წარმოადგენს მარჟის ორ სხვადასხვა ტიპს, რომელიც ხელმისაწვდომია კრიპტოვალუტით ვაჭრობის მრავალ პლატფორმაზე.
იზოლირებული მარჟის არჩევისას, ინვესტორებმა უნდა გადაწყვიტონ, რა რაოდენობის თანხის გამოყენება სურთ კონკრეტული პოზიციის უზრუნველყოფის სახით. ამ შემთხვევაში, ანგარიშზე არსებულ დანარჩენ თანხაზე აღნიშნული ვაჭრობა გავლენას არ მოახდენს.
კროს-მარჟის არჩევის შემთხვევაში, თქვენს ანგარიშზე არსებული მთელი ხელმისაწვდომი თანხა გამოყენებული იქნება ყველა მიმდინარე ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის. თუ ერთი პოზიცია წამგებიანი აღმოჩნდება, ხოლო მეორე მომგებიანი, მოგება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზარალის დასაფარად, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოთ თქვენი პოზიცია.
იზოლირებულ მარჟასა და კროს-მარჟას შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია თქვენს ვაჭრობის სტრატეგიაზე, რისკის დასაშვებ დონეზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად აქტიურად აპირებთ თქვენი პოზიციების მართვას.
რა არის მარჟით ვაჭრობა?
სანამ დეტალურად ვისაუბრებთ იზოლირებული მარჟის და კროს-მარჟის შესახებ, მოკლედ განვიხილოთ, თუ რა არის მარჟით ვაჭრობა. მარჟით ვაჭრობის დროს, ინვესტორები სესხულობენ თანხას ბირჟისგან ან ბროკერისგან, რაც მათ საშუალებას აძლევს იყიდონ ან გაყიდონ უფრო მეტი აქტივი. მათ ანგარიშზე არსებული თანხა გამოყენებული იქნება უზრუნველყოფის სახით, რაც მათ საშუალებას მისცემს აიღონ სესხი და უფრო დიდი თანხით ივაჭრონ იმ იმედით, რომ მოგება უფრო მაღალი იქნება.
დავუშვათ, თქვენ გაქვთ $5000 და ფიქრობთ, რომ Bitcoin-ის ფასი გაიზრდება. თქვენ შეგიძლიათ ან პირდაპირ იყიდოთ $5000-ის ღირებულების Bitcoin, ან თქვენი პოზიციისთვის გამოიყენოთ ლევერიჯი და ივაჭროთ ნასესხები თანხით. დავუშვათ Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 20%-ით. თუ განახორციელებთ $5000-ის ინვესტირებას ლევერიჯის გარეშე, თქვენი ინვესტიციის ღირებულება გაიზრდება $6000-მდე ($5000 საწყის თანხას დამატებული $1000 მოგება). ეს ნიშნავს, რომ თქვენი საწყისი ინვესტიცია გაიზარდა 20%-ით.
თუმცა, თუ თქვენი $5000 ღირებულების ინვესტიციისთვის იყენებთ 5:1 ლევერიჯს, თქვენ სესხულობთ საწყის კაპიტალზე ოთხჯერ მეტ თანხას, რაც თქვენს ინვესტიციას $25 000-მდე ზრდის ($5000 საწყის კაპიტალს დამატებული $20 000 ოდენობის სესხი). Bitcoin-ის ფასის 20%-ით გაზრდის შემთხვევაში, თქვენი ინვესტიციის თანხა, რომელიც შეადგენდა $25 000-ს, გაიზრდება $30 000-მდე ($25 000 საწყის თანხას დამატებული $5000 მოგება). $20 000-ის სესხის დაფარვისთვის გამოყენების შემდეგ, თქვენ დაგრჩებათ $10 000. ამგვარად, $5000 ღირებულების საწყისი ინვესტიციდან თქვენ მიიღებთ 100%-იან მოგებას.
გახსოვდეთ, მარჟით ვაჭრობა დაკავშირებულია მაღალ რისკთან. მოდით განვიხილოთ საპირისპირო სცენარი, სადაც Bitcoin-ის ფასი ეცემა 20%-ით. ლევერიჯის გარეშე განხორციელებული თქვენი $5000-იანი ინვესტიცია შემცირდება $4000-მდე ($5000 საწყის თანხას გამოკლებული $1000 ზარალი), შედეგად თქვენი ზარალი იქნება 20%. თუმცა, 5:1 ლევერიჯის გამოყენების შემთხვევაში, $25 000 ღირებულების ინვესტიციის თანხა გახდება $20 000 ($25 000 საწყის თანხას გამოკლებული $5000 ზარალი). $20 000-ის სესხის დაფარვისთვის გამოყენების შემდეგ, თქვენ აღარაფერი დაგრჩებათ, შესაბამისად, თქვენი ზარალი იქნება საწყისი ინვესტიციის 100%.
აღნიშნული მაგალითი ამ პროცესის გამარტივებული ვარიანტია, სადაც არ არის გათვალისწინებული ვაჭრობის საკომისიოები ან სესხის პროცენტი, რაც რეალურ სიტუაციაში მოგებას შეამცირებდა. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ბაზარი სწრაფად მოძრაობს, რის გამოც შესაძლოა პოტენციურმა ზარალმა თქვენს საწყის ინვესტიციას გადააჭარბოს.
რა არის იზოლირებული მარჟა?
იზოლირებული მარჟა და კროს-მარჟა წარმოადგენს მარჟის ორ სხვადასხვა ტიპს, რომელიც ხელმისაწვდომია კრიპტოვალუტით ვაჭრობის მრავალ პლატფორმაზე. თითოეული მათგანის დანიშნულება და დაკავშირებული რისკები განსხვავებულია. მოდით განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს ისინი.
იზოლირებული მარჟის რეჟიმში, მარჟის თანხა მხოლოდ კონკრეტული პოზიციისთვის გამოიყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიუთითებთ, თუ რა ოდენობის თანხის გამოყოფა გსურთ კონკრეტული პოზიციის უზრუნველყოფისთვის, დანარჩენ თანხაზე კი ეს კონკრეტული ვაჭრობა გავლენას არ მოახდენს.
დავუშვათ თქვენ ანგარიშზე არსებული მთლიანი ბალანსი შეადგენს 10 BTC-ს. თქვენ გადაწყვიტეთ გახსნათ ლევერიჯებული long პოზიცია Ethereum-ის (ETH) შესაძენად იმ იმედით, რომ ETH-ის ფასი მოიმატებს. ამ კონკრეტული ვაჭრობისთვის, თქვენ განსაზღვრეთ 5:1 ლევერიჯი და იზოლირებული მარჟის სახით გამოყავით 2 BTC. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად თქვენ ვაჭრობთ 10 BTC-ის ღირებულების Ethereum-ით (თქვენს საკუთარ 2 BTC-ს დამატებული 8 BTC ღირებულების სესხი ლევერიჯებული პოზიციისთვის).
თუ Ethereum-ის ფასი მოიმატებს და გადაწყვეტთ დახუროთ პოზიცია, ამ ვაჭრობით მიღებული ნებისმიერი მოგება დაემატება ამ ვაჭრობისთვის განსაზღვრულ 2 BTC ოდენობის საწყის მარჟას. თუმცა, თუ Ethereum-ის ფასი მკვეთრად დაეცემა, თქვენი მაქსიმალური ზარალი იქნება იზოლირებული მარჟის სახით გამოყოფილი 2 BTC. თქვენი პოზიციის ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი, თქვენს ანგარიშზე დარჩენილი 8 BTC ხელუხლებელი დარჩება. სწორედ ამიტომ ეწოდება მას „იზოლირებული“ მარჟა.
რა არის კროს-მარჟა?
კროს-მარჟის არჩევის შემთხვევაში, თქვენს ანგარიშზე არსებული მთელი ხელმისაწვდომი თანხა გამოყენებული იქნება ყველა მიმდინარე ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის. თუ ერთი პოზიცია წამგებიანი აღმოჩნდება, ხოლო მეორე მომგებიანი, მოგება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზარალის დასაფარად, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოთ თქვენი პოზიცია.
მოდით განვიხილოთ მისი მუშაობის სცენარის მაგალითი. თქვენი ანგარიშის მთლიანი ბალანსი შეადგენს 10 BTC-ს. თქვენ გადაწყვიტეთ გახსნათ ლევერიჯებული long პოზიცია Ethereum-ის (ETH) შესაძენად, ასევე ლევერიჯებული short პოზიცია სხვა კრიპტოვალუტის შესაძენად, რომელსაც პირობითად ვუწოდოთ Z. ამისათვის თქვენ იყენებთ კროს-მარჟას. Ethereum-ისთვის, თქვენი ფაქტიური ვაჭრობის პოზიციის ზომაა 4 BTC, რისთვისაც იყენებთ 2:1 ლევერიჯს, ხოლო Z მონეტის პოზიციის ზომაა 6 BTC, რისთვისაც ასევე 2:1 ლევერიჯი გაქვთ გამოყენებული. თქვენი ანგარიშის მთლიანი ბალანსი, რომელიც 10 BTC-ს შეადგენს, გამოყენებულია ორივე პოზიციის უზრუნველყოფისთვის.
დავუშვათ Ethereum-ის ფასი დაეცა და გამოიწვია პოტენციური ზარალი. ასევე დაეცა Z-ის ფასი, შედეგად თქვენი short პოზიციით მიიღეთ მოგება. Z მონეტით ვაჭრობით მიღებული მოგება შეიძლება გამოყენებულ იქნას Ethereum-ით ვაჭრობით მიღებული ზარალის დასაფარად, რისი წყალობითაც ორივე პოზიციას შეინარჩუნებთ.
თუმცა, თუ Ethereum-ის ფასი დაეცემა, ხოლო Z-ის ფასი აიწევს, ორივე პოზიციით ზარალს მიიღებთ. თუ ზარალის ოდენობა გადააჭარბებს თქვენი ანგარიშის მთლიან ბალანსს, ორივე პოზიცია შეიძლება ლიკვიდირებულ იქნას, შედეგად მთლიანად დაკარგავთ ანგარიშის ბალანსზე არსებულ 10 BTC-ს. ეს არსებითად განსხვავდება იზოლირებული მარჟისგან, როდესაც შეიძლება დაკარგოთ მხოლოდ კონკრეტული ვაჭრობისთვის გამოყოფილი 2 BTC.
გახსოვდეთ, რომ ამ მაგალითებში წარმოდგენილია სცენარის გამარტივებული ვარიანტები, სადაც არ არის გათვალისწინებული ვაჭრობის საკომისიოები და სხვა ხარჯები. გარდა ამისა, რეალური ვაჭრობა გაცილებით რთულ სცენარებს მოიცავს.
ძირითადი განსხვავებები იზოლირებულ მარჟას და კროს-მარჟას შორის
ზემოთ მოცემულ მაგალითებში ნათლად ჩანს იზოლირებულ მარჟასა და კროს-მარჟას შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები. ძირითადი განსხვავებები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
უზრუნველყოფის და ლიკვიდაციის მექანიზმები
იზოლირებული მარჟის გამოყენების დროს, კონკრეტული ვაჭრობისთვის მხოლოდ განსაზღვრული ოდენობის თანხის გამოყოფა ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იზოლირებული მარჟის რეჟიმში ვაჭრობისას იყენებთ 2 BTC-ს, პოზიციის ლიკვიდაციის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ამ 2 BTC-ს დაკარგავთ.
კროს-მარჟის რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში კი თქვენი ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება თქვენს ანგარიშზე არსებული მთლიანი ბალანსი. თუ ერთი პოზიცია წამგებიანი აღმოჩნდება, ამ პოზიციის ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად, სისტემას შეუძლია გამოიყენოს თქვენი ანგარიშის მთლიანი ბალანსი. თუმცა ამ შემთხვევაში, თუ საქმე ძალიან ცუდად წავიდა და რამდენიმე პოზიცია აღმოჩნდა წამგებიანი, შეიძლება მთლიანად დაკარგოთ თქვენს ანგარიშზე არსებული აქტივები.
რისკის მართვა
იზოლირებული მარჟა რისკის უფრო დეტალური მართვის შესაძლებლობას გაძლევთ. თითოეული ვაჭრობისთვის შეგიძლიათ გამოყოთ კონკრეტული თანხა, ამგვარად, კონკრეტული ვაჭრობის წარუმატებლობა გავლენას არ მოახდენს ანგარიშზე არსებულ დანარჩენ აქტივებზე. კროს-მარჟის შემთხვევაში კი, ეს რისკები გადანაწილებულია თქვენს ყველა ღია პოზიციას შორის. ეს შეიძლება მომგებიანი იყოს რამდენიმე პოზიციის მართვის შემთხვევაში, რომლის დროსაც ეს პოზიციები ერთმანეთს აზღვევს, თუმცა რისკების კომბინაცია ასევე იმას ნიშნავს, რომ პოტენციური ზარალი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
მოქნილობა
იზოლირებული მარჟის რეჟიმში ვაჭრობისას, მარჟის გაზრდის საჭიროების შემთხვევაში, იზოლირებული მარჟის პოზიციაზე ხელით უნდა დაამატოთ თანხა. რაც შეეხება კროს-მარჟის რეჟიმს, რომელიმე პოზიციის ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად, ის ავტომატურად იყენებს თქვენი ანგარიშის ხელმისაწვდომ ბალანსს, რაც მარჟის მართვისთვის ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.
გამოყენების შემთხვევები
იზოლირებული მარჟა განკუთვნილია ტრეიდერებისთვის, რომელთაც სურთ ცალ-ცალკე მართონ თითოეული ვაჭრობის რისკები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტულ ვაჭრობებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვთ და სურთ მათი რისკების გამიჯვნა. კროს-მარჟა უფრო მოსახერხებელია იმ ტრეიდერებისთვის, რომელთაც რამდენიმე პოზიცია აქვთ გახსნილი და სურთ, რომ ეს პოზიციები ერთმანეთს აზღვევდეს, ან მათთვის, ვისაც სურს ანგარიშის მთლიანი ბალანსის გამოყენება და მარჟის მართვისთვის ნაკლები დროის დახარჯვა.
იზოლირებული მარჟის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ქვემოთ მოცემულია იზოლირებული მარჟის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
იზოლირებული მარჟის დადებითი მხარეები
რისკის კონტროლი: თქვენ ირჩევთ კონკრეტული პოზიციისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას და რისკის დონეს. რისკის ქვეშ მხოლოდ მითითებული თანხაა, დანარჩენ აქტივებს კი არაფერი ემუქრება ამ კონკრეტული პოზიციის წარუმატებლობის შემთხვევაში.
მოგების და ზარალის (P&L) უფრო ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობა: როდესაც იცით, თუ რა ოდენობის თანხაა კონკრეტულ პოზიციაზე მიბმული უფრო მარტივია ამ პოზიციის მოგების და ზარალის გამოთვლა.
პროგნოზირებადობა: აქტივების განცალკევებით, ტრეიდერებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, თუ რა იქნება მაქსიმალური ზარალი სიტუაციის ყველაზე ცუდი გზით განვითარების შემთხვევაში, რაც რისკის უკეთ მართვის საშუალებას გაძლევთ.
იზოლირებული მარჟის უარყოფითი მხარეები
საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს: რადგან პოზიციის უზრუნველყოფისთვის მხოლოდ თქვენი აქტივების ნაწილი გამოიყენება, ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ვაჭრობის უფრო აქტიური მონიტორინგი.
შეზღუდული ლევერიჯი: თუ ვაჭრობა თქვენთვის არასასურველი მიმართულებით წარიმართება და პოზიცია ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დადგება, თქვენ ვერ შეძლებთ ანგარიშზე დარჩენილი აქტივით უზრუნველყოფის თანხის გაზრდას. ამისათვის თქვენ მოგიწევთ იზოლირებულ მარჟაზე თანხის ხელით დამატება.
მართვის სირთულე: რამდენიმე ვაჭრობისთვის ცალ-ცალკე გამოყოფილი იზოლირებული მარჟების მართვა საკმაოდ რთული პროცესია, განსაკუთრებით ახალბედებისთვის ან მრავალ პოზიციაზე ერთდროულად მოვაჭრე ტრეიდერებისთვის.
იზოლირებული მარჟა გვთავაზობს ლევერიჯებულ ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკის მართვისთვის ხელსაყრელ კონტროლირებად პირობებს, თუმცა ის ასევე საჭიროებს აქტიურ მართვას და თუ მას გონივრულად არ გამოვიყენებთ, მოგების პოტენციალი შეიძლება შეზღუდული იყოს.
იზოლირებული მარჟის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ქვემოთ მოცემულია კროს-მარჟის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
კროს-მარჟის დადებითი მხარეები
მარჟის განაწილების პროცესის მოქნილობა: ნებისმიერი ღია პოზიციის ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად, კროს-მარჟა ავტომატურად იყენებს თქვენი ანგარიშის ხელმისაწვდომ ბალანსს, რაც იზოლირებულ მარჟასთან შედარებით მეტი მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა.
პოზიციების ურთიერთკომპენსირება: ერთი პოზიციის მოგებით შესაძლებელია დაიფაროს მეორე პოზიციის ზარალი, რაც ჰეჯირების სტრატეგიებისთვის სასარგებლო ფუნქციას წარმოადგენს.
ლიკვიდაციის რისკის შემცირება: უზრუნველყოფისთვის თქვენი ანგარიშის მთლიანი ბალანსის მითითება ამცირებს რომელიმე ცალკეული პოზიციის ნაადრევი ლიკვიდაციის რისკს, რადგან მარჟის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დიდი ოდენობის აქტივები გამოიყენება.
ერთდროულად რამდენიმე ვაჭრობის მარტივად მართვა: ის ამარტივებს ერთდროულად რამდენიმე ვაჭრობის კონტროლის პროცესს, რადგან თქვენ არ გჭირდებათ თითოეული ვაჭრობის მარჟის ინდივიდუალურად კორექტირება.
კროს-მარჟის უარყოფითი მხარეები
სრული ლიკვიდაციის გაზრდილი რისკი: თუ ვაჭრობა ყველა პოზიციაზე არასასურველი მიმართულებით წარიმართა და კომბინირებულმა ზარალმა გადააჭარბა თქვენი ანგარიშის მთლიან ბალანსს, არსებობს თქვენს ანგარიშზე არსებული თანხის სრულად დაკარგვის რისკი.
ინდივიდუალურ ვაჭრობებზე ნაკლები კონტროლი: რადგან მარჟა ყველა ვაჭრობისთვის საერთოა, უფრო რთულია ინდივიდუალური ვაჭრობების რისკის და ჯილდოს თანაფარდობების განსაზღვრა.
ზედმეტი ლევერიჯის გამოყენების ალბათობა: ლევერიჯისთვის მთლიანი ბალანსის გამოყენების სიმარტივის გამო, ტრეიდერებს შეიძლება გაუჩნდეთ უფრო დიდი პოზიციების გახსნის სურვილი, ვიდრე ამას იზოლირებული მარჟით შეძლებდნენ, რაც ზრდის პოტენციური ზარალის დონეს.
ნაკლები სიცხადე რისკთან დაკავშირებით: უფრო რთულია მთლიანი რისკის განსაზღვრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გახსნილი გაქვთ სხვადასხვა დონის მოგების და ზარალის მქონე რამდენიმე პოზიცია.
იზოლირებული მარჟის და კროს-მარჟის ერთდროულად გამოყენების მაგალითები
იზოლირებული და კროს-მარჟის სტრატეგიების გაერთიანება შეიძლება კრიპტოთი ვაჭრობისას მოგების მაქსიმალურად გაზრდის და რისკების მინიმუმამდე შემცირების ეფექტურ მეთოდს წარმოადგენდეს. მოდით განვიხილოთ მისი მუშაობის სცენარის მაგალითი.
დავუშვათ თქვენ გაქვთ bullish მოლოდინები Ethereum-ის (ETH) ფასთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება ინფორმაციას დაგეგმილი განახლებების შესახებ, თუმცა ასევე გსურთ ბაზრის მერყეობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკის დაზღვევა. თქვენ ვარაუდობთ, რომ Ethereum-ის ფასის ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია Bitcoin-ის (BTC) ფასის ვარდნა.
თქვენ აპირებთ თქვენი პორტფოლიოს გარკვეული ნაწილი, მაგალითად 30%, გამოყოთ Ethereum-ის შესაძენად long პოზიციის გახსნისთვის, იზოლირებული მარჟის რეჟიმის გამოყენებით. ამგვარად, იმ შემთხვევაში, თუ Ethereum-ის ფასი თქვენი მოლოდინის შესაბამისად არ შეიცვლება, თქვენი მაქსიმალური პოტენციური ზარალი იქნება 30%. თუმცა, Ethereum-ის ფასის ზრდის შემთხვევაში, თქვენი პორტფოლიოს ამ ნაწილის მეშვეობით შეძლებთ სოლიდური მოგების მიღებას.
თქვენი პორტფოლიოს დარჩენილ 70%-ს იყენებთ კროს-მარჟის რეჟიმში Bitcoin-ზე short პოზიციის გახსნისთვის და Z ალტკოინზე long პოზიციის გახსნისთვის, რადგან თვლით, რომ მისი ფასი გაიზრდება, განსხვავებით Bitcoin-ის ფასისგან.
ამის მეშვეობით, თქვენ ერთი პოზიციის პოტენციურ მოგებას იყენებთ მეორე პოზიციის პოტენციური ზარალის დასაფარად. თუ Bitcoin-ის ფასი დაეცემა (როგორც ვარაუდობდით), შესაბამისი პოზიციით მიღებული მოგება შეიძლება გამოყენებულ იქნას Z ალტკოინის პოზიციით მიღებული ზარალის კომპენსირებისთვის და პირიქით.
ამ პოზიციების გახსნის შემდეგ, ორივე სტრატეგიაზე უწყვეტი მონიტორინგი უნდა განახორციელოთ. თუ Ethereum-ის ფასი კლებას დაიწყებს, ზარალის დონის შესამცირებლად, თქვენ დაგჭირდებათ იზოლირებული მარჟის პოზიციის შემცირება. ანალოგიურად, თუ დაფიქსირდა Z ალტკოინის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა, მოგიწევთ კროს-მარჟის სტრატეგიის შესაბამისი პოზიციების კორექტირება.
იზოლირებული და კროს-მარჟის სტრატეგიების გაერთიანება წარმოადგენს ბაზართან დაკავშირებულ პროგნოზებზე დაფუძნებით მოგების გაზრდის და ამავდროულად, რისკების დაზღვევის აქტიურ მცდელობას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიების კომბინირება გვეხმარება რისკის მართვაში, ეს არ წარმოადგენს მოგების მიღების ან ზარალის თავიდან აცილების გარანტიას.
შეჯამება
მარჟით ვაჭრობა გვთავაზობს უფრო დიდი მოგების მიღების შესაძლებლობას, თუმცა ის ასევე დაკავშირებულია ანალოგიური ან უფრო მაღალი დონის რისკთან. იზოლირებულ მარჟასა და კროს-მარჟას შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია თქვენს ვაჭრობის სტრატეგიაზე, რისკის დასაშვებ დონეზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად აქტიურად აპირებთ თქვენი პოზიციების მართვას.
კრიპტოთი ვაჭრობისას, სადაც არასტაბილურობა ბუნებრივი მოვლენაა, მარჟის ამ ტიპების საფუძვლიან შესწავლას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს. ინფორმირებული გადაწყვეტილებები და რისკის მართვის სათანადო პრაქტიკა ტრეიდერებს კრიპტო ბაზარზე გზის გაკვლევაში ეხმარება. როგორც ყოველთვის, სანამ მარჟით ვაჭრობას წამოიწყებთ, საჭიროა საფუძვლიანი კვლევის ჩატარება და ექსპერტებთან კონსულტაციების გავლა.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.