მთავარი დეტალები
უვადო ფიუჩერსების ბაზრებზე ფინანსირების განაკვეთები გახლავთ პერიოდული გადახდები, რომლებიც ხორციელდება long და short ტრეიდერებს შორის.
ფინანსირების განაკვეთები ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას, რისთვისაც ხდება ფიუჩერსების ფასების გათანაბრება საბაზისო აქტივების ფასებთან სპოტ ბაზარზე.
გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება უვადო ფიუჩერსების მარკირების ფასსა და ინდექს ფასს შორის სხვაობის საფუძველზე.
თუ ფინანსირების განაკვეთის მნიშვნელობა დადებითია, long პოზიციები უხდიან ფინანსირების საკომისიოს short პოზიციებს. თუ ფინანსირების განაკვეთის მნიშვნელობა უარყოფითია, short პოზიციები უხდიან ფინანსირების საკომისიოს long პოზიციებს.
ფიუჩერსების უვადო კონტრაქტების გაცნობა
ფიუჩერსების უვადო კონტრაქტები კრიპტოვალუტების ბაზრებზე გამოყენებული პოპულარული ფინანსური ინსტრუმენტებია. ფიუჩერსების ტრადიციული კონტრაქტებისგან განსხვავებით, რომელთაც გააჩნიათ ვადის გასვლის თარიღი, ფიუჩერსების უვადო კონტრაქტები მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრეიდერები თავად ირჩევენ, როდის გახსნან და დახურონ საკუთარი პოზიციები.
ფიუჩერსების უვადო კონტრაქტები შექმნილია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს საბაზისო აქტივის სპოტ ფასთან მიახლოებულ პოზიციაზე ვაჭრობა, ხოლო ფინანსირების განაკვეთები წარმოადგენს მექანიზმის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც ფასების ამგვარი გათანაბრების შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნის.
რა არის ფინანსირების განაკვეთი?
ფინანსირების განაკვეთები გახლავთ long (მყიდველები) და short (გამყიდველები) პოზიციებზე მოვაჭრე ტრეიდერებს შორის განხორციელებული პერიოდული გადახდები, უვადო ფიუჩერსების ბაზარზე. ფინანსირების განაკვეთის მაჩვენებელი შესაძლოა იყოს დადებითი, ან უარყოფითი, რაც დამოკიდებულია მუდმივი კონტრაქტის ფასსა და სპოტ ფასს შორის სხვაობაზე.
როდესაც უვადო ფიუჩერსების კონტრაქტის ფასი ჩამოშორდება საბაზისო სპოტ ფასს, ტრეიდერები ფინანსირების განაკვეთის მაჩვენებლის საფუძველზე მიხვდებიან, რომ საჭიროა პოზიციების საპირისპირო მიმართულებით გახსნა ფინანსირების საკომისიოების მისაღებად. შედეგად, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასი კვლავ საბაზისო სპოტ ფასის ტოლი გახდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ფინანსირების განაკვეთის მნიშვნელობა დადებითია, long პოზიციები უხდიან ფინანსირების საკომისიოს short პოზიციებს. თუ ფინანსირების განაკვეთის მნიშვნელობა უარყოფითია, short პოზიციები უხდიან ფინანსირების საკომისიოს long პოზიციებს.
როგორ მუშაობს ფინანსირების განაკვეთები კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში
ფინანსირების განაკვეთი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან: საპროცენტო განაკვეთი და პრემიუმ ინდექსი.
1. საპროცენტო განაკვეთი
საპროცენტო განაკვეთის კომპონენტი ასახავს კაპიტალის ღირებულებას. კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში, ეს ძირითადად წარმოადგენს საბაზისო ვალუტასა (მაგ., USD) და კოტირებულ ვალუტაში (მაგ., BTC) სესხების ხარჯებს შორის სხვაობას. როგორც წესი, განაკვეთი დაბალი და შედარებით სტაბილურია.
2. პრემიუმ ინდექსი
პრემიუმ ინდექსით განისაზღვრება სხვაობა უვადო კონტრაქტის ფასსა და საბაზისო აქტივის სპოტ ფასს შორის. თუ უვადო კონტრაქტის ფასი უფრო მაღალია ვიდრე სპოტ ფასი, პრემიუმის მაჩვენებელი დადებითია, რაც მიუთითებს ყიდვით დაინტერესების მაღალ დონეზე. ამის საპირისპიროდ, როდესაც უვადო კონტრაქტის ფასი სპოტ ფასზე დაბალია, პრემიუმის მაჩვენებელი უარყოფითია, რაც მიუთითებს გაყიდვით დაინტერესების მაღალ დონეზე.
ფინანსირების განაკვეთის გაანგარიშება
ფინანსირების განაკვეთი გამოითვლება საპროცენტო განაკვეთისა და პრემიუმ ინდექსის მაჩვენებლების მეშვეობით. თუმცა, ზუსტი ფორმულა შესაძლოა განსხვავდებოდეს ბირჟის მიხედვით. ნებისმიერ რისკთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე აუცილებელია კონკრეტულ ბირჟაზე მისი მუშაობის პრინციპის საფუძვლიანად შესწავლა.
Binance Futures-ის ფინანსირების განაკვეთები
Binance Futures იყენებს ფინანსირების ფიქსირებულ განაკვეთს, იმ ვარაუდით, რომ ნაღდი ფულის ეკვივალენტური აქტივების ფლობით უფრო მეტი საპროცენტო სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე კრიპტო აქტივების ფლობით. ნაგულისხმევი პარამეტრებით, საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული დღიური მაჩვენებელია 0,03%, რომელიც იყოფა სამად, ე.ი. 0,01% ყოველ 8 საათში.
Binance Futures-ზე მიმდინარე ფინანსირების განაკვეთის და მომდევნო გადახდამდე დარჩენილი დროის შემოწმება შესაძლებელია სავაჭრო ინტერფეისის დასაწყისში მოცემულ განყოფილებაში.
Binance Futures-ზე ფინანსური განაკვეთების გაანგარიშებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ხშირად დასმული კითხვების ოფიციალური გვერდი.
რატომ არის ფინანსირების განაკვეთები მნიშვნელოვანი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინანსირების განაკვეთები მნიშვნელოვან როლს თამაშობს უვადო ფიუჩერსების ბაზარზე. მისი მეშვეობით ხდება ფასების გათანაბრება, ბაზარზე აქტივობის დონის გაუმჯობესება და ბაზრის განწყობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდება.
1. ფასების გათანაბრების შენარჩუნება: მისი მეშვეობით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ უვადო ფიუჩერსების კონტრაქტის ფასი ძალიან არ დაშორდეს საბაზისო აქტივის სპოტ ფასს.
2. აქტივობა ბაზარზე: თუ კონტრაქტის ფასი მნიშვნელოვნად ჩამოშორდება სპოტ ფასს, ფინანსირების განაკვეთის მექანიზმის მეშვეობით ტრეიდერები მიხვდებიან, რომ საჭიროა ისეთი პოზიციების გახსნა, რომელიც ფასებს საჭირო პოზიციებზე დააბრუნებს.
3. ბაზრის განწყობის ასახვა: ამ ყველაფერთან ერთად, ფინანსირების განაკვეთი გამოიყენება ბაზრის განწყობის ინდიკატორის სახით. თუ ფინანსირების განაკვეთი ინარჩუნებს დადებით მნიშვნელობას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაღალია ყიდვით დაინტერესების დონე და bullish განწყობა, ხოლო თუ მაჩვენებელი სტაბილურად უარყოფითია, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მაღალია გაყიდვით დაინტერესების დონე და bearish განწყობა.
როგორ მოქმედებს ფინანსირების განაკვეთები თქვენს კრიპტო ინვესტიციებზე 2024 წელს
ფინანსირების განაკვეთების მნიშვნელობის და მოქმედების პრინციპის შესწავლა აუცილებელია უვადო ფიუჩერსების ბაზარზე მოღვაწე ტრეიდერებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითს:
1. პოზიციების შენარჩუნების ღირებულება
ფინანსირების განაკვეთები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პოზიციების გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნების ღირებულებაზე. ვაჭრობის დაგეგმვისას ტრეიდერებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს ხარჯები, განსაკუთრებით, თუ საქმე პოზიციების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებას ეხება. ფინანსირების მაღალი განაკვეთი შესაძლოა გახდეს მოგების შემცირების ან ხარჯების გაზრდის გამომწვევი მიზეზი.
2. ვაჭრობის სტრატეგიები
ტრეიდერებს შეუძლიათ შეიმუშაონ ვაჭრობის სტრატეგიები ფინანსირების განაკვეთების საფუძველზე. მაგალითად, არბიტრაჟით მოვაჭრეებმა გამოიყენონ ფინანსირების განაკვეთსა და სპოტ ფასს შორის სხვაობა მოგების მისაღებად. სხვა ტრეიდერებმა შესაძლოა ფინანსირების განაკვეთები პოზიციების გახსნის ან დახურვის საჭიროების ინდიკატორად მიიჩნიონ ბაზრის მოსალოდნელ მოძრაობებთან დაკავშირებით.
3. რისკების მართვა
აუცილებელია ფინანსირების განაკვეთებთან დაკავშირებული რისკების მართვა. გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასარიდებლად საჭიროა, რომ ტრეიდერებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ ფინანსირების განაკვეთები და შესაბამისად დაარეგულირონ პოზიციები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრის მაღალი მერყეობის პერიოდებში, როდესაც არსებობს ფინანსირების განაკვეთების სწრაფად შეცვლის ალბათობა.
შეჯამება
კრიპტოვალუტების ბაზრებზე ფინანსირების განაკვეთები წარმოადგენს უვადო ფიუჩერსების კონტრაქტების მნიშვნელოვან კომპონენტს. მათი მეშვეობით ხდება ფასის გათანაბრების შენარჩუნება უვადო კონტრაქტებსა და საბაზისო აქტივის სპოტ ფასს შორის, ბაზარზე აქტივობის დონის გაუმჯობესება და ბაზრის განწყობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდება. ფინანსირების განაკვეთების მუშაობის პრინციპის და მათი პრაქტიკაში გამოყენების მეთოდების შესწავლა ტრეიდერებს დაეხმარება უფრო ინფორმირებული სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში და საკუთარი პოზიციების ეფექტურად მართვაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.