რა არის SOFR?

რა არის SOFR?

განახლებული May 16, 2025
8m

მთავარი დეტალები

  • ერთდღიანი სესხების უზრუნველყოფილი ფინანსირების განაკვეთი (SOFR) არის სესხების, დერივატივების და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ფასების განსაზღვრის მნიშვნელოვანი ბენჩმარკი.

  • SOFR წარმოადგენს ლონდონის ბანკთაშორისი განაკვეთის (LIBOR) ალტერნატივას და ასახავს სესხების ხარჯებს აშშ-ის ფინანსურ სისტემაში.

  • LIBOR-ის სუსტი მხარეების გათვალისწინებით, რომელიც გამოვლინდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, SOFR გახდა პრიორიტეტული ბენჩმარკი აშშ დოლარზე დაფუძნებული ფინანსური კონტრაქტებისთვის.

  • SOFR ფიუჩერსებით ვაჭრობა ხორციელდება ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე (CME) და ინვესტორებს სთავაზობს რისკების ჰეჯირების ან სამომავლო საპროცენტო განაკვეთებით სპეკულაციის შესაძლებლობას.

sofr cta

რა არის SOFR?

SOFR ნიშნავს „ერთდღიანი სესხების უზრუნველყოფილ ფინანსირების განაკვეთს“. არსებითად ის წარმოადგენს რიცხვს, რომელიც აღნიშნავს ერთდღიანი სესხის ხარჯების ოდენობას, როდესაც სესხი მხარდაჭერილია აშშ-ს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით. ის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც სესხის ხარჯების ყოველდღიური სნეპშოტი უზარმაზარ ბაზარზე, სადაც ბანკები და დიდი მოთამაშეები ვაჭრობენ ნაღდი ფულით და ფასიანი ქაღალდებით.

SOFR-ის ადმინისტრირება ხდება ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური კვლევის ოფისთან (OFR) თანამშრომლობით და ის გამოითვლება უკუშესყიდვის ხელშეკრულების (repo) ბაზარზე განხორციელებული ფაქტიური ტრანზაქციების საფუძველზე, სადაც ორგანიზაციები იღებენ და გასცემენ სახაზინო ვალდებულებებით უზრუნველყოფილ სესხებს.

როგორ მუშაობს SOFR?

LIBOR-ისგან განსხვავებით, რომელიც დაფუძნებული იყო ბანკებს შორის თეორიულად დადებულ შეთანხმებებზე, SOFR იყენებს „repo“ (უკუშესყიდვის ხელშეკრულების) ბაზარზე განხორციელებულ რეალურ გარიგებებს. 

SOFR ქვეყნდება ყოველდღიურად, დილის 8 საათზე (ET დროით). და ასახავს წინა სამუშაო დღის მონაცემებს და წარმოგვიდგენს სანდო სნეპშოტს დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ სესხის ღირებულებას. იმის გამო, რომ ის დაფუძნებულია ტრანზაქციებზე და დაკავშირებულია 1 ტრილიონი აშშ დოლარის სავაჭრო მოცულობის მქონე ბაზართან, SOFR უფრო საიმედო ბენჩმარკს წარმოადგენს.

2023 წლისთვის, LIBOR თითქმის აღარ გამოიყენებოდა და ის ჩაანაცვლა SOFR-მა, რომელიც უფრო პოპულარული გახდა სხვადასხვა ფინანსურ სფეროებში, დაწყებული ბიზნეს სესხებით და დამთავრებული Wall Street-ზე ვაჭრობებით.

საიდან ვიღებთ ამ რიცხვებს?

SOFR დაფუძნებულია repo ბაზარზე დაფიქსირებულ რეალურ ვაჭრობებს, სადაც ხდება სახაზინო ობლიგაციებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა მომდევნო დღეს დაბრუნების პირობით. ეს მონაცემები ეფუძნება სამი ძირითადი ტიპის გარიგებებს:

  • მესამე მხარის repo-ები: ნაღდი ფულის და უზრუნველყოფის სვოპი, რომელსაც ახორციელებს შუამავალი, მაგალითად ბანკი.

  • ზოგადი უზრუნველყოფით ფინანსირების (GCF) repo-ები: ისინი ხორციელდება კლირინგ-ცენტრების მეშვეობით, სახელწოდებით Fixed Income Clearing Corporation (FICC).

  • ორმხრივი repo-ები: პირდაპირი გარიგებები ორ მხარეს შორის, რომელთა კლირინგი ასევე ხორციელდება FICC-ის მიერ.

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი აანალიზებს ამ ვაჭრობების მონაცემებს, იღებს საპროცენტო განაკვეთებს და ირჩევს საშუალო მნიშვნელობას (ეგრეთწოდებულ „მოცულობით შეწონილ საშუალო მნიშვნელობას) და გამოითვლის SOFR-ს. ეს მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებულია 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი დღიური მოცულობის ვაჭრობებზე, ასახავს სესხის ღირებულების ცვლილების ტენდენციას და წარმოგვიდგენს განაკვეთების საიმედო მაჩვენებელს, რომელიც ნაკლებად ექვემდებარება ბაზრის ანომალიებს და მერყეობას. 

გარდა ამისა, ის გვაწვდის დამატებით ინფორმაციას, როგორიცაა გარიგებების საერთო მოცულობა და განაკვეთების დიაპაზონი (მაგალითად ზედა და ქვედა 10%). ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ მათ ვებსაიტზე, სადაც ასევე წარმოდგენილია წინა წლების მონაცემები.

SOFR-ის საშუალოები და ინდექსი

რადგან SOFR წარმოადგენს ერთდღიან განაკვეთს, ის არ არის გათვლილი გრძელვადიან ინსტრუმენტებზე, როგორიცაა სესხები ან ობლიგაციები. ამისათვის გამოიყენება SOFR-ის საშუალოები და SOFR-ის ინდექსი. საშუალოები (30, 90 ან 180-დღიანი) წარმოადგენს დღიური SOFR განაკვეთების ჯამურ მაჩვენებლებს, რომლებიც გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა იპოთეკები. SOFR ინდექსი შეიქმნა 2018 წელს და მისი მეშვეობით ხდება SOFR-ის დროთა განმავლობაში ცვლილების კონტროლი, რაც ამარტივებს განაკვეთების განსაზღვრას კომპლექსური გარიგებებისთვის.

SOFR საშუალოები და SOFR ინდექსი წარმოადგენს ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს SOFR გამოვიყენოთ არამარტო დღიური სესხების განაკვეთების გამოთვლისთვის, არამედ სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მოძრავგანაკვეთიანი იპოთეკები და კორპორატიული სასესხო ვალდებულებები.

რატომ არის მნიშვნელოვანი SOFR ფინანსების სფეროში

LIBOR-ის ჩანაცვლება SOFR-ით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. ამას მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდა, რაც მოიცავდა კონტრაქტების და სისტემების განახლებას, თუმცა SOFR-ის გამჭვირვალე მეთოდოლოგიის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის წყალობით, მან მალე დაიმკვიდრა საიმედო ბენჩმარკის სახელი.

SOFR წარმოადგენს საფუძველს ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრისთვის, რომელთა შორისაა:

  • სესხები: ბიზნეს სესხები ან იპოთეკური სესხები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი დროთა განმავლობაში იცვლება.

  • დერივატივები: კომპლექსური კონტრაქტები, როგებიცაა სვოპები ან ფიუჩერსები, რომელთა საპროცენტო განაკვეთები სპეკულაციურია.

  • ობლიგაციები და ფასიანი ქაღალდები: SOFR ბენჩმარკის სახით ხშირად გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები.

  • ყოველდღიური აქტივობები: SOFR-ის გამოყენება ასევე შეიძლება მოძრავგანაკვეთიანი იპოთეკებისთვის ან სტუდენტური სესხებისთვის.

SOFR-ის უპირატესობები

  • არ საჭიროებს ფინანსირებას: ის ეფუძნება რეალურად განხორციელებულ ვაჭრობებს და არა ვარაუდებს, ამიტომ მისი გაყალბება რთულია.

  • სტაბილურობა: ის ეფუძნება ყოველდღიურად განხორციელებულ უამრავ ვაჭრობას, ამიტომ ის სტაბილურობას ინარჩუნებს ბაზრების ძლიერი რყევების დროსაც კი.

  • უსაფრთხოება: ის მხარდაჭერილია სახაზინო ვალდებულებებით, ამიტომ მასთან დაკავშირებული რისკი მინიმალურია.

  • ფართო მხარდაჭერა: ის მხარდაჭერილია ალტერნატიული ეტალონური განაკვეთების კომიტეტის (ARRC) მიერ და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

SOFR-ის უარყოფითი მხარეები

  • ერთდღიანი პერიოდი: ის არის ერთდღიანი პერიოდის განაკვეთი, ასე რომ უფრო გრძელვადიანი გარიგების ტარიფების გამოსათვლელად საჭიროა მათემატიკის მოშველიება.

  • ჩანაცვლების ხარჯები: LIBOR-ის ჩანაცვლება დაკავშირებული იყო კონტრაქტების და სისტემების განახლებასთან, რაც წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს ბაზრის მონაწილეებისთვის.

  • არასტაბილურობა: ბაზარზე სტრესის პერიოდებში ის შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ის მაინც გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ტიპის განაკვეთები.

SOFR ფიუჩერსები

SOFR ფიუჩერსები წარმოადგენს დერივატივების კონტრაქტებს, რომლებიც ინვესტორებს აძლევს SOFR განაკვეთის სამომავლო ცვლილებების ჰეჯირების ან სპეკულირების შესაძლებლობას. ამ ფიუჩერსებით ვაჭრობა ძირითადად ხორციელდება ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე (CME) და წარმოადგენს მოსახერხებელ ინსტრუმენტს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის ამ მათი საშუალებით სარგებლის მიღების მცდელობისთვის.

რა არის SOFR ფიუჩერსები?

SOFR ფიუჩერსები წარმოადგენს სტანდარტიზებულ კონტრაქტებს, რომლებიც დაფუძნებულია დროის კონკრეტული პერიოდისთვის განსაზღვრულ SOFR-ის სავარაუდო საშუალო მაჩვენებელზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი საშუალებით შესაძლებელია მომავალი SOFR განაკვეთის დაფიქსირება ამ სპეკულირება. ისინი არის ორი ძირითადი ტიპის:

  • 1-თვიანი SOFR ფიუჩერსები: დაფუძნებულია ერთთვიანი პერიოდის SOFR-ის საშუალო მაჩვენებელზე, კონტრაქტის ფასია 25 აშშ დოლარი თითოეულ საბაზისო პუნქტზე (განაკვეთის უმნიშვნელო ცვლილება).

  • 3-თვიანი SOFR ფიუჩერსები: დაფუძნებულია სამთვიანი პერიოდის SOFR-ის საშუალო მაჩვენებელზე, კონტრაქტის ფასია 12,50 აშშ დოლარი თითოეულ საბაზისო პუნქტზე.

ეს კონტრაქტები არის cash-settled, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ ცვლით რეალურ ფულზე ან სახაზინო ვალდებულებებზე კონტრაქტის პერიოდის დასასრულს. მათი ანგარიშსწორება ხდება SOFR განაკვეთზე დაფუძნებით კონტრაქტის პერიოდში, რომელსაც განსაზღვრავს ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი.

როგორ მუშაობს?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ბანკი, რომელიც ღელავს, რომ SOFR შეიძლება გაიზარდოს, რაც გააძვირებს სესხებს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ SOFR ფიუჩერსები და ამით დააფიქსიროთ დღევანდელი განაკვეთი, რათა დაცული იყოთ განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებული რისკისგან. ან თუ თქვენ ინვესტორი ხართ, რომელიც ფიქრობს, რომ განაკვეთები შემცირდება, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ფიუჩერსები და მიიღოთ მოგება, თუ თქვენი ვარაუდი გამართლდა.

ფიუჩერსების ფასია 100 მინუს სავარაუდო SOFR განაკვეთი და მათი ღირებულება იცვლება ხალხის მიერ გაკეთებული პროგნოზების ცვლილების საფუძველზე. CME ყოველდღიურად ახორციელებს მონაცემების განახლებას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი ვაჭრობა და თავიდან აგაცილოთ ზარალი, თუ ბაზარი არასასურველი მიმართულებით შეიცვლება.

რატომ უნდა გამოვიყენოთ SOFR ფიუჩერსები?

  • რისკის მართვა: ფინანსური ინსტიტუტები SOFR ფიუჩერსებს იყენებენ SOFR-ზე დაფუძნებული სესხებთან, სვოპებთან ან სხვა ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისთვის.

  • ბაზრის ანალიზი: ფიუჩერსების ფასები ასახავს ბაზარზე არსებულ მოლოდინებს სამომავლო SOFR განაკვეთებთან დაკავშირებით, რაც გვთავაზობს ფასეულ ინფორმაციას მონეტარული პოლიტიკის ანალიზის დროს.

  • ვადიანი განაკვეთების შექმნა: SOFR ფიუჩერსების მონაცემები გამოიყენება მომავალზე ორიენტირებული SOFR ვადიანი განაკვეთების შესაქმნელად, რომლებიც გამოიყენება LIBOR-ის შემცვლელ ზოგიერთ კონტრაქტში.

SOFR-ის შედარება სხვა ბენჩმარკებთან

SOFR არ არის განაკვეთის ერთადერთი ტიპი. მოდით შევადაროთ ის სხვა ტიპის განაკვეთებს:

  • LIBOR-თან შედარერბა: SOFR იყენებს რეალური ვაჭრობის მონაცემებს და არის უფრო უსაფრთხო, ხოლო LIBOR დაფუძნებული იყო ვარაუდებზე და წარმოადგენს უფრო სარისკო ვარიანტს. LIBOR გვთავაზობდა ტარიფებს თვეებით ადრე; SOFR-ს ამისათვის მათემატიკური გამოთვლები ესაჭიროება.

  • Federal Funds Rate-თან შედარება: SOFR მოიცავს უფრო მეტ repo გარიგებას, ხოლო Federal Funds Rate ეხება არაუზრუნველყოფილ საბანკო სესხებს. SOFR უფრო უნივერსალური და უსაფრთხოა.

  • Global Rates-თან შედარება: ისევე, როგორც Euro Short-Term Rate (€STR) ან Sterling Overnight Index Average (SONIA), SOFR არის დაბალრისკიანი განაკვეთი, თუმცა უნიკალურია იმით, რომ ის დამოკიდებულია აშშ-ის repo ბაზარზე.

ამ განსხვავებების, განსაკუთრებით კი მისი სახაზინო ვალდებულებებთან კავშირის წყალობით, SOFR იდეალურია დოლარზე დაფუძნებული გარიგებებისთვის.

ახდენს თუ არა SOFR გავლენას კრიპტო ბაზრებზე?

SOFR უშუალოდ არ ასახავს კრიპტო ბაზრების განაკვეთებს, თუმცა ის მაინც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაზრის განწყობის ანალიზისთვის. როგორც დღიური სესხების ხარჯებთან დაკავშირებული ბენჩმარკი, SOFR ასახავს საპროცენტო განაკვეთების და ლიკვიდურობის დინამიკას ტრადიციული ფინანსების სფეროში. 

როდესაც SOFR იზრდება, ეს ხშირად სესხების გაძვირებაზე მიანიშნებს, რაც ინვესტორებს აიძულებს კარგად დაფიქრდნენ, სანამ სარისკო აქტივებს, მაგალითად კრიპტოვალუტას შეიძენენ. მაგალითად, თუ ფედერალური სარეზერვო ბანკი გაამკაცრებს პოლიტიკას და SOFR გაიზრდება, კრიპტოს ფასები შეიძლება დაეცეს, რადგან ინვესტორები დაიწყებენ კაპიტალის დაბანდებას უფრო უსაფრთხო აქტივებში, მაგალთად ობლიგაციებში.

მეორე მხრივ, დაბალი SOFR შეიძლება მიანიშნებდეს სპეკულაციურ აქტივებზე, მაგალითად კრიპტოზე მოთხოვნის გაზრდაზე. SOFR ფიუჩერსები, რომლებით ვაჭერობაც ხორციელდება CME ბირჟაზე, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ იმის გასაგებად, თუ რა მოლოდინები აქვთ დიდ მოთამაშეებს სამომავლო განაკვეთებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ბაზრის განწყობასა და კრიპტოთი ვაჭრობაზე.

შეჯამება

SOFR, ანუ ერთდღიანი სესხების უზრუნველყოფილი ფინანსირების განაკვეთი ცვლის თამაშის წესებს ფინანსების სფეროში. ეს არის გამჭვირვალე, საიმედო მაჩვენებელი, რომელმაც ჩაანაცვლა LIBOR და გამოიყენება ყველა სფეროში, დაწყებული სესხებით და დამთავრებული დერივატივებით. SOFR ფიუჩერსები გვთავაზობს მეტ მოქნილობას და მომხმარებელს აძლევს რისკებისგან დაცვის ან განაკვეთების ცვლილებებზე სპეკულაციის შესაძლებლობას. იმის წყალობით, რომ ის ეფუძნება რეალურ ვაჭრობებს და მხარდაჭერილია სახაზინო ვალდებულებებით, SOFT სავარაუდოდ კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს პოპულარობას.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ SOFR-ის შესახებ, გაეცანით ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის და ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟის რესურსებს, სადაც მოცემულია დეტალური მონაცემები და ბაზრის ანალიზის შედეგები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაკავშირებული სტატიები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.