მთავარი დეტალები
Morpho არის სესხების დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც გაშვებულია Ethereum-სა და სხვა EVM-თან თავსებად ბლოკჩეინებზე.
ეს პროტოკოლი გვთავაზობს DeFi პლატფორმებზე peer-to-peer სესხების გაცემის ფუნქციის დამატების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს სესხების გამცემის და მიმღების ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებას, რაც აუმჯობესებს კაპიტალის ეფექტურობას.
Morpho ბაზრები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან სესხების გაცემის იზოლირებული ბაზრები პერსონალიზებადი პარამეტრებით, როგორებიცაა უზრუნველყოფის ტიპი, სესხის აქტივი და საპროცენტო განაკვეთის მოდელი.
Morpho საცავები წარმოადგენს კურირებულ საცავებს, რომლებიც იმართება მესამე მხარის კურატორების მიერ. ისინი ახდენენ სარგებლის ოპტიმიზაციას სხვადასხვა Morpho ბაზრებზე დივერსიფიკაციის მეშვეობით.
რა არის Morpho?
Morpho არის სესხების გაცემის დეცენტრალიზებული, არაკასტოდიალური პროტოკოლი, რომელიც გაშვებულია Ethereum-ზე და სხვა EVM-თან თავსებად ქსელებზე. ეს პროტოკოლი გვთავაზობს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებზე peer-to-peer სესხების გაცემის ფუნქციის დამატების შესაძლებლობას და მიზნად ისახავს სესხების გაცემის და აღების პროცესები გახადოს უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი.
როდესაც სესხების გაცემის ან აღების ოპერაციას Morpho-ს მეშვეობით ახორციელებთ, ლიკვიდურობის პულის გამოყენების ნაცვლად, პროტოკოლი პირდაპირ შემხვედრ მხარესთან გაკავშირებთ. ასეთი peer-to-peer მიდგომა ამცირებს სესხის გაცემის და აღების განაკვეთებს შორის სხვაობას, რაც კაპიტალის უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს.
თუ თანმხვედრი შეკვეთა არ არის ხელმისაწვდომი, Morpho უკავშირდება ინტეგრირებულ ლიკვიდურობის პულებს და გაძლევთ თქვენი თანხებით სარგებლის გენერირების გაგრძელების საშუალებას. პლატფორმა ასევე გთავაზობთ შექმნათ სესხების გაცემის საკუთარი ბაზრები ან აქტივები განათავსოთ ოპტიმიზებული სარგებლის გენერირების საცავებში, რისი წყალობითაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სესხების გაცემის ან აღების მოქნილი ვარიანტები და ამავდროულად შეინარჩუნოთ სრული კონტროლი თქვენს აქტივებზე.
როგორ მუშაობს Morpho
Morpho ბაზრები
Morpho-ს გასესხების სისტემა Morpho ბაზრების მეშვეობით მუშაობს, რომლებიც იზოლირებულ გარემოს წარმოადგენს და ერთ უზრუნველყოფის აქტივს აწყვილებს სესხის აქტივთან. ეს ბაზრები არ საჭიროებს ნებართვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ის ისეთი პარამეტრების მითითებით, როგორიცაა ლიკვიდაციის ზღვარი და საპროცენტო განაკვეთის მოდელი.
ბაზრის გაშვების შემდეგ მისი კონფიგურაციის შეცვლა შეუძლებელია, რაც მის წესებს ყველასათვის გამჭვირვალეს ხდის. როდესაც სესხს იღებთ Morpho ბაზრის მეშვეობით, თქვენ ერთ აქტივს განათავსებთ უზრუნველყოფის სახით და სესხულობთ მეორე აქტივს სესხის უზრუნველყოფის ლიკვიდაციის კოეფიციენტის (LLTV) გათვალისწინებით. თუ თქვენი უზრუნველყოფის აქტივის ღირებულება მცირდება და თქვენი პოზიცია რისკის შემცველი ხდება, შესაძლოა მან ლიკვიდაცია განიცადოს სისტემის დაცვის მიზნით.
Morpho საცავები
Morpho საცავები საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ სესხების გაცემის პროცესში პოზიციების უშუალოდ მართვის საჭიროების გარეშე. თითოეული საცავი იყენებს კურატორის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას და ანაწილებს დეპოზიტებს არჩეულ Morpho ბაზრებზე სტრატეგიის რისკისა და შემოსავლის პროფილის გათვალისწინებით.
სხვადასხვა აქტივების, მაგალითად ETH-ის ან USDC-ის დეპონირების სანაცვლოდ, თქვენ იღებთ საცავის ტოკენებს პულში თქვენი წილის შესაბამისი ოდენობით. შემდეგ საცავი ამ აქტივებს გასცემს სესხების სახით და იღებს პროცენტს, რაც დროთა განმავლობაში ზრდის თქვენი საცავის ტოკენის ღირებულებას. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაიტანოთ თქვენი თანხები, რასაც ემატება გამომუშავებული სარგებელი, თუმცა აკლდება საკომისიოები.
ზოგადად, სესხების გაცემის პროცესი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:
აქტივების შეტანა: შეიტანეთ ტოკენები, როგორიცაა ETH ან USDC, Morpho ბაზარზე ან საცავში. დეპონირებული აქტივები ხდება ხელმისაწვდომი მსესხებლებისთვის ან საცავის კურატორის მიერ სხვადასხვა ბაზრებზე ნაწილდება.
მსესხებლების მოძიება: Morpho-ს peer-to-peer სისტემა გამსესხებლებს პირდაპირ მსესხებლებთან აკავშირებს. თუ თანმხვედრი პირი ვერ შეირჩა, ლიკვიდურობის უზრუნველყოფა ხდება ისეთი ინტეგრირებული პროტოკოლების მეშვეობით, როგორიცაა Aave ან Compound.
საპროცენტო სარგებლის მიღება: სესხის ამღებები იხდიან პროცენტს და ეს თანხა ან სესხის გამცემებს შორის ნაწილდება, ან საცავში გროვდება, რაც დროთა განმავლობაში ზრდის დეპონირებული აქტივების ღირებულებას.
პოზიციების მონიტორინგი: სესხის ამღებები ინარჩუნებენ უზრუნველყოფის თანაფარდობას სიჯანსაღის ფაქტორის მეშვეობით, რომელიც ლიკვიდურობის უსაფრთხოებას ზომავს. უზრუნველყოფის დამატება ან ვალის დაფარვა გეხმარებათ ჯანსაღი ფინანსური პოზიციის შენარჩუნებაში.
თანხების გამოტანა: გამსესხებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიტანონ დეპოზიტები და დაგროვებული სარგებელი, ხოლო სესხის ამღებებს, ვინც სრულად დაფარა სესხი, შეუძლიათ დაიბრუნონ უზრუნველყოფა პოზიციის დახურვის შემდეგ.
ძირითადი ფუნქციები
კურატორები
კურატორები არიან დამოუკიდებელი მენეჯერები, რომლებიც ქმნიან თითოეული საცავის სტრატეგიას. ისინი იღებენ თანხების ბაზრებზე გადანაწილებასთან და რისკების მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. კურატორები იღებენ ეფექტურობის საკომისიოს მათ მიერ გენერირებული მოგების საფუძველზე, რისი წყალობითაც ჯილდოებს არა მხოლოდ დეპოზიტორები, არამედ კურატორებიც გამოიმუშავებენ. იმის გამო, რომ საცავის შექმნა ყველასათვისაა ხელმისაწვდომი, მომხმარებლებს შეუძლიათ კურატორების არჩევა გამჭვირვალობის, ეფექტურობის და გამოცდილების საფუძველზე.
ლიკვიდაციის მექანიზმი
სესხის გამცემების დასაცავად, Morpho იყენებს ლიკვიდაციის ავტომატიზებულ სისტემას. თითოეული სესხის ამღების პოზიცია მოწმდება სიჯანსაღის ფაქტორის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს მის უსაფრთხოებას. როდესაც სიჯანსაღის ფაქტორი 1 ან ნაკლები ხდება, პოზიცია ექვემდებარება ლიკვიდაციას. ნებისმიერს შეუძლია დაფაროს სესხის ამღების ვალი და მიიღოს შესაბამისი უზრუნველყოფის თანხა მცირე ოდენობით ჯილდოსთან ერთად. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს პროტოკოლის გამჭვირვალობას და სამართლიანობას მერყევი ბაზრის პირობებში.
ბანდლერები
ბანდლერები ამარტივებენ კომპლექსურ DeFi პროცესებს რამდენიმე ეტაპის ერთ ტრანზაქციაში გაერთიანებით. ისეთი აქტივობების ცალ-ცალკე განხორციელების ნაცვლად, როგორიცაა დეპონირება, სესხის აღება ან სვოპი, შეგიძლიათ გააერთიანოთ ისინი პაკეტში და აღასრულოთ ერთი ტრანზაქციის სახით.
მაგალითად, თქვენ ერთდროულად შეგიძლიათ ETH დააკონვერტიროთ WETH-ში (ether-ის შეფუთული ვერსია), გამოყენოთ ის უზრუნველყოფის სახით და ისესხოთ USDC. ეს მიდგომა გეხმარებათ გაზის დაზოგვაში, ამცირებს ტრანზაქციების წარუმატებლობის ალბათობას და ურთიერთქმედებებს უფრო ეფექტურს ხდის.
რისკები და პრობლემები
Morpho-ში მონაწილეობა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ როგორც გამსესხებლებმა, ისე სესხის მიმღებებმა. Morpho იყენებს სმარტ კონტრაქტებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს სისუსტეებს ან ბაგებს, უსაფრთხოების აუდიტების მიუხედავად. ფასების მონაცემებს პლატფორმა იღებს oracle-ების მეშვეობით, შესაბამისად არასწორმა ან მოდიფიცირებულმა მონაცემებმა შესაძლოა არასასურველი ლიკვიდაცია ან უიმედო ვალები გამოიწვიოს.
სესხის ამღები ლიკვიდაციის რისკის ქვეშ მაშინ არის, როდესაც მისი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი გადაცდება ბაზრის მიერ ფიქსირებული ლიკვიდაციის LLTV ლიმიტს. მეორე მხრივ, უიმედო ვალი შეიძლება გამოწვეული იყოს უზრუნველყოფის ღირებულების ლიკვიდაციის დონემდე ძალიან სწრაფად დაცემით. ლიკვიდაციის რისკი შესაძლოა გამსესხებლებსაც შეეხოთ, თუ თანხები გამოსატანად დროებით ხელმიუწვდომელია ბაზრის მაღალი მოთხოვნის გამო.
Morpho საცავების მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ კურატორებთან დაკავშირებული რისკები, რადგან საცავის ეფექტურობა კურატორის მმართველობასა და სტრატეგიაზეა დამოკიდებული. ასევე არსებობს შემხვედრი მხარის რისკი, კერძოდ, როდესაც აქტივების გასესხება ან სესხება ცენტრალიზებული პირების მიერ იმართება, ამან შესაძლოა შეზღუდოს წვდომა ან გავლენა იქონიოს გამოტანის პროცესზე.
MORPHO ტოკენი
MORPHO ტოკენი არის Morpho ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგიც შეადგენს 1 მილიარდს. MORPHO-ს მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Morpho DAO-ში, რომელიც წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციას და აკონტროლებს პროტოკოლის განვითარებასა და სამომავლო მიმართულებას.
პროტოკოლი იყენებს ხმის მიცემით შეწონილ სისტემას, რაც უფრო მეტ გავლენას სთავაზობს MORPHO ტოკენების მფლობელებს. მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებთან დაკავშირებულ შეთავაზებებს. ტოკენი ასევე გამოიყენება სესხის გამცემებისა და მიმღებებისთვის ჯილდოების გასაცემად ქსელის აქტივობებში მონაწილეობის სანაცვლოდ.
Morpho (MORPHO) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 3 ოქტომბერს, Binance-მა განაცხადა, რომ MORPHO იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 49-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 28-დან 30 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს MORPHO-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 6,5 მილიონი MORPHO, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 0,65%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა MORPHO-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Morpho არის სესხების გაცემის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს DeFi პლატფორმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ისეთი ფუნქციების მეშვეობით, როგორიცაა Morpho ბაზრები, საცავები და ბანდლერები, პროტოკოლი მომხმარებლებსა და დეველოპერებს სთავაზობს დეცენტრალიზებულ სესხებთან ურთიერთობის სხვადასხვა გზებს, მათი საჭიროებების და გამოცდილების დონის შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქციები გასესხება/სესხების პროცესებს ეფექტურს და მოქნილს ხდის, მათი გამოყენება დაკავშირებულია პოტენციურ რისკებთან. ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა სმარტ კონტრაქტების სისუსტეები, ბაზრის მერყეობა ან იძულებითი ლიკვიდაციები, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები. ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს Morpho, განსაზღვროთ თქვენთვის დასაშვები რისკის დონე და გამოიყენოთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.