მთავარი დეტალები
Dolomite არის დეცენტრალიზებული ფულის ბაზრის პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს კაპიტალეფექტურ სესხებას, გასესხებას და ვაჭრობას.
პროტოკოლი წარმოგვიდგენს ვირტუალური ლიკვიდურობის სისტემას, რომელიც გვთავაზობს Dolomite პლატფორმის მეშვეობით აქტივების განმეორებით, სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას, როგორიცაა სარგებლის გამომუშავება, სესხება, მმართველობაში მონაწილეობა და სხვა.
Dolomite-ის ეკოსისტემაში გამოიყენება სამი სახის ტოკენი: DOLO (ძირითადი ტოკენი), veDOLO (დაბლოკილი DOLO, რომელიც გამოიყენება ხმის მიცემისა და ჯილდოების გაცემისთვის) და oDOLO (ტოკენი, რომლის გამომუშავება შესაძლებელია ლიკვიდურობის მიწოდების მეშვეობით).
რა არის Dolomite?
Dolomite არის დეცენტრალიზებული ფულის ბაზრის პროტოკოლი, რომლის დანიშნულებაა დეპონირებული აქტივების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. პლატფორმა მომხმარებელს აძლევს ფულის სესხების, გასესხების ან ვაჭრობის შესაძლებლობას და ასევე სთავაზობს კურირებულ სტრატეგიებს, რომლებიც ამარტივებს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კომპლექსურ აქტივობებს. პროტოკოლს აქვს უამრავი ტოკენის, მათ შორის სტანდარტული ERC-20 ტოკენების და DeFi სივრცეში გამოყენებული სხვა ტიპის აქტივების მხარდაჭერა.
Dolomite ეკოსისტემაში გამოიყენება სამი ძირითადი ტოკენი, თითოეულ მათგანს განსხვავებული დანიშნულება აქვს: ისინი გამოიყენება მმართველობაში მონაწილეობისთვის, ლიკვიდურობისთვის და ჯილდოებისთვის:
DOLO: ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება ვაჭრობისთვის, სესხების გაცემისთვის და მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის Dolomite ეკოსისტემაში.
veDOLO: DOLO ტოკენის დაბლოკილი ვერსია, რომელიც გვთავაზობს ხმის მიცემის უფლებას და დამატებით ჯილდოებს.
oDOLO: ტოკენი, რომელიც ჯილდოს სახით გადაეცემათ ლიკვიდურობის პროვაიდერებს და შესაძლებელია მისი კონვერტირება veDOLO-ში.
როგორ მუშაობს Dolomite
ტოკენის დეპოზიტზე განთავსების შემდეგ, სესხების გაცემის DeFi პლატფორმების უმეტესობა ითხოვს, რომ უარი თქვათ ამ ტოკენებით დამატებითი სარგებლის მიღებაზე. Dolomite-ის შემთხვევაში ეს უპირატესობები შენარჩუნებულია: თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სტეიკინგის ჯილდოები, ისარგებლოთ ვესტინგით ან ხმის მიცემის უფლებით და ამავდროულად ეს ტოკენები გამოიყენოთ უზრუნველყოფის სახით. ეს ყველაფერი Dolomite-ის ვირტუალური ლიკვიდურობის სისტემისა და მოდულური არქიტექტურის დამსახურებაა, რაც ერთობლივად წარმოადგენს მისი კაპიტალ-ეფექტური დიზაინის საფუძველს.
მოდულური არქიტექტურა
Dolomite-ის სტრუქტურა ეფუძნება ორდონიან დიზაინს:
ძირითადი დონე წარმოადგენს უცვლელ დონეს და პასუხისმგებელია უსაფრთხოების წესების აღსრულებასა და სმარტ კონტრაქტების მარშრუტიზაციაზე. ის იძლევა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პარამეტრების კორექტირების შესაძლებლობას და გვთავაზობს პროტოკოლის სტაბილურ და საიმედო ფუნდამენტს.
მოდულის დონე ყოველდღიური ფუნქციების მართვის მეშვეობით, როგორიცაა დეპოზიტები, ვაჭრობები და ლიკვიდაციები, აუმჯობესებს პლატფორმის მოქნილობას. ამ დონის განახლება რეგულარულად ხდება ახალი აქტივებისა და ფუნქციების დამატებით, რაც უზრუნველყოფს პროტოკოლის ადაპტირების უნარს მომხმარებლის საჭიროებების ცვლილებების შესაბამისად.
Dolomite-თან ურთიერთქმედების დროს, მაგალითად თანხის დეპონირებისას ან ვაჭრობის დაწყებისას, მოდულის დონე თქვენს აქტივობებს აერთიანებს ერთ ოპერაციაში. ამის შემდეგ ხდება ამ ოპერაციის აღსრულება მთავარ დონეზე, რაც უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხოების შენარჩუნებას ქსელის განვითარების პარალელურად.
ვირტუალური ლიკვიდურობის სისტემა
Dolomite წარმოგვიდგენს ვირტუალური ლიკვიდურობის სისტემას, რომელიც ყველა მომხმარებლის დეპოზიტებს აერთიანებს Dolomite-ის ბალანსში. ეს ბალანსი წარმოადგენს გაერთიანებულ ანგარიშს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პროტოკოლის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა სერვისებში.
ყოველი მოქმედების დროს ტოკენების on-chain გადარიცხვის განხორციელების ნაცვლად, Dolomite ამ ცვლილებებს ადგილობრივად ინახავს. მსგავსი დიზაინი ერთი ტოკენის ერთდროულად რამდენიმე დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ გაასესხოთ ტოკენი და გამოიმუშაოთ საპროცენტო სარგებელი, ან გამოიყენოთ ის უზრუნველყოფის სახით სესხის აღებისას, ასევე მიიღოთ სვოპის საკომისიოები ტოკენის სისტემიდან გატანის გარეშე.
სმარტ კონტრაქტი ახდენს შიდა ლეჯერის განახლებას, რათა ასახოს ეს აქტივობები. ბლოკჩეინზე ხშირი გადარიცხვების თავიდან აცილებით, პროტოკოლი ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს და აუმჯობესებს თქვენი კაპიტალის ეფექტურობას. ეს მიდგომა უფრო მეტ მოქნილობას გთავაზობთ და ხელს უწყობს ლიკვიდურობის ბლოკირების თავიდან აცილებას ბაზრის სტრესის პერიოდებში, რისი წყალობითაც თქვენი პოზიციების მართვა უფრო მარტივი ხდება.
ძირითადი ფუნქციები
გამომუშავება
პროტოკოლი გთავაზობთ თანხის გამომუშავების უამრავ შესაძლებლობას, რაც მოიცავს სესხის საპროცენტო სარგებელს, ლიკვიდურობის მიწოდების საკომისიოებს და ლევერიჯით ვაჭრობით გამომუშავებულ პოტენციურ სარგებელს. ვირტუალური ლიკვიდურობის წყალობით, ერთი აქტივი ერთდროულად რამდენიმე დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც სარგებლის პარალელურად რამდენიმე წყაროდან მიღების შესაძლებლობას გაძლევთ.
სესხის აღება
როდესაც სესხს იღებთ Dolomite-ზე, თითოეული პოზიცია იზოლირებულია და დამოუკიდებლად იმართება. თქვენი დეპოზიტების უზრუნველყოფის სახით გამოყენება ავტომატურად არ ხდება, ამიტომ თქვენ უნდა მიუთითოთ, თუ რომელი აქტივის გამოყენება გსურთ სესხის აღების პოზიციისთვის. ეს გაძლევთ რისკების უკეთ კონტროლის საშუალებას, რადგან ამ დროს ლიკვიდაცია შეეხება მხოლოდ ერთ პოზიციას და გავლენას არ მოახდენს სხვა სესხებზე.
სტრატეგიები
Dolomite გთავაზობთ სესხის აღების და ვაჭრობის წინასწარ მომზადებულ სტრატეგიებს, რომელთა გააქტიურება რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ. ასევე ხელმისაწვდომია წინასწარ კონფიგურირებული პოზიციები, რომლებიც გეხმარებათ უფრო მაღალი დონის DeFi სტრატეგიების გამოყენებაში, როგორიცა ლუპინგი და ჰეჯინგი. ეს ამარტივებს კომპლექსური სტრატეგიების შესწავლას და გამოყენებას, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია ახალი მომხმარებლებისთვის.
Zap
Dolomite-ის Zap ფუნქცია გაძლევთ აქტივების სვოპის პირდაპირ პლატფორმაზე განხორციელების შესაძლებლობას. Zap უკავშირდება დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) აგრეგატორებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასის მოსაძებნად. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ იმ ტოკენების გადაცვლა, რომლებზე წვდომაც ჩვეულებრივ უფრო რთულია, ასევე საშუალება გაქვთ მომენტალურად დააკორექტიროთ თქვენი სესხის პოზიციები. რადგან Zap ფუნქცია პირდაპირ სესხების პოზიციებშია ინტეგრირებული, მათი რებალანსირება და რესტრუქტურიზაცია Dolomite პლატფორმიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, რისი წყალობითაც აქტივების მართვა უფრო მარტივი და ეფექტურია.
Dolomite-ის ტოკენები
veDOLO
veDOLO წარმოადგენს DOLO-ს ვერსიას, რომელსაც იღებთ საბაზისო ტოკენის ორ წლამდე პერიოდით დაბლოკვით. დაბლოკვის შემთხვევაში, ის გაძლევთ მმართველობაში მონაწილეობის და პროტოკოლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის უფლებას, ასევე შეგიძლიათ გამოიმუშაოთ წილი პლატფორმის საკომისიოებიდან და მიიღოთ დამატებითი ჯილდოები ლიკვიდურობის მიწოდების სანაცვლოდ. რადგან veDOLO გაიცემა გადარიცხვადი არაჩანაცვლებადი ტოკენის (NFT) სახით, veDOLO შეგიძლიათ გადარიცხოთ ან მართოთ სხვა ციფრული აქტივების მსგავსად. რაც უფრო დიდხანს იქნება თქვენი ტოკენები დაბლოკილი, მით მეტ ხმის უფლებას და ჯილდოებს მიიღებთ.
oDOLO
ჯილდოს ტოკენი, რომელიც ყოველკვირეულად გაიცემა ლიკვიდურობის პროვაიდერებზე. veDOLO-ში კონვერტაციისთვის, ის უნდა დაწყვილდეს DOLO-სთან ერთი ერთზე თანაფარდობით, რის შემდეგაც მიიღებთ ფასდაკლებებს, რომელთა ოდენობა დამოკიდებულია დაბლოკვის ხანგრძლივობაზე. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს DOLO-ზე ყიდვის გრძელვადიან წნეხის შექმნას, პროტოკოლის ლიკვიდურობის მხარდაჭერას და ხელს უწყობს ეკოსისტემის დასტაბილურებას.
DOLO
DOLO ტოკენი წარმოადგენს ERC-20 ტოკენს და გამოიყენება, როგორც Dolomite ქსელის ადგილობრივი utility ტოკენი. ის უზრუნველყოფს ლიკვიდურობას სესხის გაცემის პულებისთვის, მხარს უჭერს სავაჭრო ბირჟებს და შესაძლებელია მისი veDOLO-ში კონვერტირება მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად. ეს ტოკენი გაშვებულია Berachain-ზე lock-and-mint სისტემის გამოყენებით, მის მუშაობას უზრუნველყოფს Chainlink-ის კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობის პროტოკოლი (CCIP), რისი წყალობითაც გამარტივებულია კროს-ჩეინ ტრანზაქციები Dolomite-ის მხარდაჭერის მქონე ქსელებს შორის.
ეს სამი ტოკენი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც ქმნის ურთიერთმხარდაჭერის ციკლს: oDOLO აძლიერებს მოთხოვნას DOLO-ზე, ორივეს კომბინირებით კი შესაძლებელია მათი კონვერტაცია veDOLO-ში. ეს მოდელი ლიკვიდურობის ჯილდოებს აკავშირებს მმართველობის პროცესთან, რაც ხელს უწყობს Dolomite-ის ეკოსისტემაში ბალანსის შენარჩუნებას.
Dolomite (DOLO) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 27 აგვისტოს, Binance-მა განაცხადა, რომ DOLO იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 33-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 3-დან 6 აგვისტომდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს DOLO-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 15 მილიონი DOLO, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,50%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა DOLO-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Dolomite სესხის გაცემის, სესხის აღების და ვაჭრობის სერვისებს აერთიანებს ერთ DeFi პლატფორმაში, რაც მომხმარებლებს სთავაზობს გაუმჯობესებულ კონტროლსა და ეფექტურობას. ქსელის ვირტუალური ლიკვიდურობის მოდელი, მოდულური არქიტექტურა და ტოკენის ფართო მხარდაჭერა იძლევა აქტივების უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას მათი უნიკალური მახასიათებლების დაკარგვის გარეშე. ეკოსისტემის სამი ტოკენი, DOLO, veDOLO და oDOLO, ქმნის ჯილდოების და მმართველობის უნიკალურ სისტემას, რისი წყალობითაც მომხმარებელთა ინტერესები სრულ თანხვედრაშია პროტოკოლის განვითარების გრძელვადიან მიზნებთან.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.