მთავარი
ლექსიკონი
კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტა

კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P2P) ციფრულ ეკონომიკურ სისტემაში. კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს ამ სისტემების სრულ დაცვას თაღლითობისა და გაყალბებისგან.
Bitcoin არის ისტორიაში პირველი კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა 2009 წელს სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი დეველოპერის მიერ. ნაკამოტოს მიზანს წარმოადგენდა ინოვაციური ციფრული საგადასახადო სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებდნენ ციფრული ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას ისეთი შუამავლების ჩარევის საჭიროების გარეშე, როგორიცაა ბანკები ან სამთავრობო დაწესებულებები.
კრიპტოვალუტის სისტემების უმეტესობა მუშაობს დეცენტრალიზებული სტრუქტურის საფუძველზე, რომლის ერთობლივი მართვა ხორციელდება კომპიუტერების განაწილებული ქსელის მეშვეობით. ქსელში ჩართული ყოველი კომპიუტერი (ან მოწყობილობა) მოიხსენიება როგორც ნოდი. მარტივად რომ ვთქვათ, ნოდი არის ქსელთან დაკავშირებული ნებისმიერი ფიზიკური მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის გაგზავნა, მიღება და გადაცემა. ნოდები დაყოფილია კატეგორიებად, მათ მიერ სისტემის ფარგლებში შესრულებული ფუნქციის მიხედვით. მაგალითად, Bitcoin-ის ქსელი შედგება სულ მცირე შვიდი სხვადასხვა ტიპის ნოდისგან, ხოლო ის ნოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა ხელმისაწვდომ ფუნქციას, მოიხსენიება როგორც სრული ნოდები.
კრიპტოვალუტის სისტემები ითვლება დეცენტრალიზებულად, ვინაიდან ისინი არ ეყრდნობიან ცენტრალიზებულ მართვის რგოლს. ქსელის ნოდები განაწილებულია მთელ მსოფლიოში, ხოლო კრიპტოვალუტის ერთეულების გამოშვება და მართვა ხორციელდება წინასწარ დაპროგრამებული ალგორითმების და მათემატიკური მტკიცებულებების მეშვეობით. თუმცა, თითოეული კრიპტოვალუტა მუშაობს ინდივიდუალური პრინციპით და შესაბამისად, არსებობს სხვაობა მათი დეცენტრალიზაციის დონეებს შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზოგიერთი კრიპტოვალუტა შეიძლება ჩაითვალოს სხვებთან შედარებით უფრო დეცენტრალიზებულად, რაც დამოკიდებულია ქსელის სტრუქტურაზე და ნოდების განაწილების პრინციპზე.
კრიპტოვალუტის სისტემების უმეტესობა დაფუძნებულია საჯარო განაწილებულ ლეჯერზე, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ეს გახლავთ ჩანაწერების მუდმივად მზარდი სია, რომელთა შეცვლაც თითქმის შეუძლებელია. როგორც ამაზე მისი სახელწოდებაც მიუთითებს, ბლოკჩეინი შედგება ბლოკების ხაზოვანი ჯაჭვისაგან და კრიპტოვალუტების კონტექსტში, მის ფუნქციას წარმოადგენს ყველა დადასტურებული ტრანზაქციის (და ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებული მონაცემების) მუდმივი ჩანაწერების შენარჩუნება - ამ პროცესების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნევლყოფა კრიპტოგრაფიის მეშვეობით ხდება. ზოგადად, თითოეული კრიპტოვალუტა გაშვებულია ბლოკჩეინზე რომელიც ფუნქციონირებს წინასწარ განსაზღვრული წესების საფუძველზე (მაგალითად, საბაზისო პროტოკოლის მიხედვით). ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტის სისტემების ფუნქციონირების თავისებურებები განისაზღვრება პროტოკოლების საფუძველზე.