TL;DR
First Digital (FDUSD), რომელიც 2023 წლის ივნისში იქნა წარმოდგენილი, არის რეზერვებით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი, რომელიც გამოშვებულია ჰონგ-კონგში ბაზირებული ფინანსური ფირმის, First Digital Limited-ის შვილობილი კომპანიის მიერ.
FDUSD გაშვებულია Ethereum-ის და BNB Chain-ის ქსელებზე, სამომავლოდ კი იგეგმება მისი ასევე სხვა ბლოკჩეინებზე გაშვება.
FDUSD წარმოადგენს „რეზერვის მტკიცებულების“ ანგარიშს, რომლის აუდიტს ახორციელებენ დამოუკიდებელი აუდიტორები იმის დასადასტურებლად, რომ FDUSD სრულად არის მხარდაჭერილი სათანადო ოდენობის ნაღდი ფულით ან ნაღდი ფულის ეკვივალენტური აქტივებით.
რა არის First Digital USD (FDUSD)?
First Digital (FDUSD) არის სტეიბლკოინი, რომელიც გამოშვებულია FD121 Limited-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს ჰონგ-კონგში ბაზირებული ფინანსური ფირმის, First Digital Limited-ის შვილობილ კომპანიას. FDUSD 2023 წლის ივნისში იქნა წარმოდგენილი და მისი ყოველი ერთეული მხარდაჭერილია ერთი აშშ დოლარით ან მისი ეკვივალენტური ღირებულების სხვა აქტივით, რომელიც ინახება სარეზერვო ფონდში და მის განკარგვას უზრუნველყოფს First Digital Trust Limited.
როგორც ჰონგ-კონგის კანონმდებლობით რეგისტრირებულ კომპანიას, First Digital Trust Limited-ს ევალება FDUSD-ის რეზერვები განათავსოს იზოლირებულ ანგარიშებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს FDUSD-ის რეზერვების აქტივების შერევა ფირმის სხვა აქტივებთან. ასევე, რეზერვებში განთავსებული უნდა იყოს ნაღდი ფული ან მაღალი ლიკვიდურობის აქტივები, რომლებიც ფირმამ უნდა გამოიყენოს FDUSD-ის 1:1 თანაფარდობით უზრუნველყოფისთვის.
FDUSD-ის გამომშვები ორგანიზაცია აქვეყნებს „რეზერვის მტკიცებულების“ ანგარიშს, რომლის აუდიტის განხორციელება შეუძლიათ დამოუკიდებელ აუდიტორებს. ეს ანგარიში ადასტურებს, რომ მიმოქცევაში არსებული FDUSD-ის მარაგი სრულად არის მხარდაჭერილი იმავე ღირებულების ნაღდი ფულით ან ნაღდი ფულის ეკვივალენტით, რომელსაც ფირმა განკარგავს.
FDUSD გაშვებულ იქნა Ethereum-ის და BNB Chain-ის ქსელებზე, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი სხვა ბლოკჩეინებზეც გაშვება. ბაზარზე უკვე უამრავი სტეიბლკოინი არსებობს, თუმცა მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სტეიბლკოინებში ინვესტირებით, FDUSD სთავაზობს საკუთარი აქტივების დივერსიფიკაციის დამატებით ინსტრუმენტებს.
რატომ არის FDUSD სასარგებლო?
კრიპტოვალუტებს, რომლებიც გამოიყენება როგორც გადახდის საშუალებებად და ასევე სხვა მრავალი დანიშნულებით, ფიატ-ვალუტებთან შედარებით უამრავი უპირატესობა გააჩნია, რომელთა შორისაა უფრო სწრაფი ტრანზაქციები, დაბალი საკომისიოები და ასევე უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის მაღალი დონე.
სტეიბლკოინები, როგორიცაა FDUSD, წარმოადგენს ციფრულ ინსტრუმენტებს, რომელთა მიზანია სტაბილური ღირებულების შენარჩუნება, რაც გვეხმარება ტრადიციული ფინანსური ეკოსისტემის კრიპტოვალუტის ბაზართან დაკავშირებაში. FDUSD-ის მსგავსი სტეიბლკოინები ფიატ-ვალუტების კრიპტო სამყაროში რეპრეზენტაციის საშუალებაა, რაც თანხის უფრო თავისუფლად და ეფექტურად გადარიცხვის შესაძლებლობას გვაძლევს.
რისთვის გამოიყენება FDUSD?
FDUSD-ის გამოყენების უამრავი გზა არსებობს, მათ შორისაა:
1. ფულადი გზავნილები
FDUSD შეიძლება გამოვიყენოთ სწრაფი და იაფი საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის, რაც ფულადი გზავნილების სერვისების ეკონომიურ ალტერნატივას წარმოადგენს. ტრადიციულ საბანკო ფულად გზავნილებთან ან გადარიცხვებთან შედარებით, სტეიბლკოინების, მაგალითად FDUSD-ის გადარიცხვის საკომისიოები გაცილებით დაბალია და ამასთანავე ტრანზაქციების დროც შედარებით მცირეა.
2. გადახდის საშუალებები
ანალოგიურად, ორგანიზაციების ან ინდივიდუალური პირების მიერ FDUSD შეიძლება გამოყენებულ იქნას გადახდების უფრო იაფად და სწრაფად დამუშავებისთვის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების დროს, რადგან ტრადიციული გადახდის მეთოდების გამოყენებისას ხშირად გეკისრებათ ვალუტის კონვერტაციის და საერთაშორისო გადარიცხვის დამატებითი საკომისიოები.
3. ჰეჯირება ფასის მერყეობის დროს
კრიპტო ბაზრების არასტაბილურობის გათვალისწინებით, FDUSD შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ჰეჯირების საშუალება და როგორც სტაბილურობის გარანტი ფასის მერყეობის პერიოდებში. ინვესტორებს შეუძლიათ დააკონვერტირონ საკუთარი კრიპტო სტეიბლკოინებში, მაგალითად FDUSD-ში, რათა შეინარჩუნონ მიღებული მოგება ან დაიცვან საკუთარი ინვესტიციები ბაზრის ექსტრემალური მოძრაობისგან.
4. გამოყენება DeFi-ში
სხვა სტეიბლკოინების მსგავსად, FDUSD შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა DeFi აპლიკაციებში შემოსავლის ფარმინგის, სესხების, გასესხების და სტეიკინგის პროცესში მონაწილეობის მიზნით.
რა რისკებთან არის დაკავშირებული FDUSD?
FDUSD-თან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა. მათ შორისაა:
1. მიბმის გაუქმების რისკები
FDUSD-ის მიბმის მექანიზმი დამოკიდებულია რეზერვების მხარდაჭერით FDUSD-ის ნომინალურ ფასად გატანის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე. შესაბამისად, FDUSD-ის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეზერვის აქტივების უსაფრთხოებას და ლიკვიდურობას. FDUSD-ის რეზერვებს განკარგავს მესამე მხარე, ხოლო მისი აქტივების ლიკვიდურობის დონე სხვადასხვაა, დაწყებული მაღალი ლიკვიდურით და დამთავრებული არალიკვიდურით. არსებობს პოტენციური რისკი, რომ სტეიბლკოინის მახასიათებლები არ იქნება მისი გამომშვები ორგანიზაციის მიერ დაანონსებული მახასიათებლების შესაბამისი, რაც მოიცავს მის ნომინალურ ღირებულებას და გატანის მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
2. ოპერატიული რისკები
FDUSD დაკავშირებულია ოპერატიულ რისკებთან, რაც მოიცავს თაღლითობის და კიბერთავდასხმის რისკებს. FDUSD დამოკიდებულია მესამე მხარის მიერ მოწოდებულ მომსახურებებზე, როგორიცაა ბირჟები და კასტოდიალური სერვისები, რომლებთანაც უამრავი ოპერატიული რისკია დაკავშირებული. უფრო მეტიც, არ არსებობს კრიპტო აქტივების დაკარგვის ან მოპარვის თავიდან აცილების ეფექტური საშუალებები, რაც მომხმარებლებს დამატებითი რისკების წინაშე აყენებს.
3. რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები
ამჟამად უამრავი გაურკვევლობაა სტეიბლკოინების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებით. სხვადასხვა იურისდიქციებში ეს წესები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და სწრაფად იცვლება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს FDUSD-ით განხორციელებულ გარკვეულ ოპერაციებზე.
4. შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკები
FDUSD-ის ოპერაციები მოიცავს მესამე მხარის ფინანსურ შუამავლებთან ურთიერთობას, რაც მომხმარებლებს შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკების წინაშე აყენებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს აქტივის გატანის პროცესის დაყოვნება და ხარჯების გაზრდა, რადგან სტეიბლკოინების გამომშვები ორგანიზაციები დამოკიდებულნი არიან ბირჟებზე, მარკეტ-მეიკერებზე, ბანკებზე და ტრანზაქციებში მონაწილე სხვა მხარეებზე.
შეჯამება
ბაზრის მკვლევარების პროგნოზით, სტეიბლკოინების ბაზრის მოცულობა, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდისთვის $100 მილიარდზე მეტს შეადგენდა, მომდევნო ხუთ წელიწადში ტრილიონობით დოლარს მიაღწევს. FDUSD ერთ-ერთია ახლად გაშვებული სტეიბლკოინებიდან, რომლებიც სტეიბლკოინების მზარდ სამყაროში დამკვიდრებას ცდილობენ.
კრიპტოვალუტების დამკვიდრების პარალელურად, ტრადიციული ინსტიტუტები და კრიპტოზე დაფუძნებული ორგანიზაციები ცდილობენ საკუთარ ნიშა ბაზრებზე და სამიზნე აუდიტორიებზე ორიენტირებული სტეიბლკოინების გამოშვებას. შესაბამისად, მომხმარებლებს ექნებათ უფრო დიდი არჩევანი და შესაძლებლობა იპოვონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული სტეიბლკოინები.
თუმცა მიუხედავად უამრავი უპირატესობისა, სტეიბლკოინები არც რისკებისგანაა დაზღვეული. სტეიბლკოინების გამოყენების დაწყებამდე, მომხმარებელმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და ჩაატაროს დეტალური მოკვლევა. გირჩევთ ყოველთვის გაეცნოთ სტეიბლკოინის whitepaper-ს, რეზერვების შესახებ ანგარიშებს, აუდიტის შედეგებს და სხვა შესაბამის იურიდიულ დოკუმენტებ, რომლებიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია კონკრეტული სტეიბლკოინის ოფიციალურ ვებსაიტზე.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.