ათი რჩევა აპარატურული საფულის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის
მთავარი
სტატიები
ათი რჩევა აპარატურული საფულის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის

ათი რჩევა აპარატურული საფულის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის

გამოქვეყნებული Jun 13, 2023განახლებული Dec 11, 2023
10m

TL;DR

  • აპარატურული საფულე არის ფიზიკური მოწყობილობა პირადი გასაღებების ოფლაინ შესანახად და შესაბამისად, ონლაინ საფრთხეებისგან დასაცავად. 

  • აპარატურულ საფულეებს კრიპტოვალუტის შენახვისა და დაცვის თვალსაზრისით არაერთი უპირატესობა გააჩნიათ.

  • აპარატურული საფულეები კრიპტოვალუტის შესანახად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, მაგრამ გარკვებული პოტენციური რისკები მათაც ახლავს. გაეცანით წესებს აპარატურული საფულის გამოყენების შესახებ.

რა არის აპარატურული საფულე?

აპარატურული საფულე არის პირადი გასაღებების ან კრიპტოვალუტის ოფლაინ შენახვისთვის შექმნილი ფიზიკური მოწყობილობა. პირადი გასაღებები ტრანზაქციებზე ხელმოწერისთვის გამოიყენება, რაც ნიშნავს, რომ სხვისი პირადი გასაღების ფლობა იგივეა, რაც მის კრიპტო აქტივებზე წვდომის ქონა.

აპარატურული საფულეები, რომელთაც ასევე ცივ საფულეებს უწოდებენ, პირად გასაღებებს იცავენ ციფრული საფრთხისგან, როგორიცაა malware და ჰაკერები, რადგან გასაღებები მუდმივად მოწყობილობაში რჩება და ტრანზაქციების შიდა ხელმოწერისთვის გამოიყენება. ამის გამო ისინი კრიპტოვალუტის შენახვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა.

ამის საპირისპიროდ პროგრამული საფულეები, იგივე ცხელი საფულეები, წარმოადგენს ონლაინ აპლიკაციებს, რომლებიც კომპიუტერზე ან სმარტფონზე ყენდება და უფრო მარტივ წვდომას გვთავაზობს, თუმცა ნაკლებადაა დაცული ინტერნეტ-საფრთხეებისგან.

როგორ მუშაობს აპარატურული საფულე? 

აპარატურული საფულეები ყოველთვის ოფლაინ რეჟიმშია, ამიტომ ინტერნეტთან მათი დაკავშირებისთვის სხვა აპარატის გამოყენებაა საჭირო. აპარატურული საფულეები ისეა შექმნილი, რომ მათი შეერთება მოხდეს პერსონალურ კომპიუტერთან ან სმარტფონთან პირადი გასაღების გამჟღავნების გარეშე — იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავად მოწყობილობა malware-ითაა ინფიცირებული. შედეგად საფულე პროგრამას დაუკავშირდება, რაც მომხმარებელს ბალანსის შემოწმებისა და ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას აძლევს. 

მომხმარებლის მიერ ტრანზაქციის შექმნის შემდეგ ის აპარატურულ საფულეზე იგზავნება (იხილეთ 1-ელი დიაგრამა ქვემოთ). გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე ტრანზაქცია დასრულებული არ არის: საჭიროა მასზე ხელმოწერის დამატება ამ აპარატში არსებული პირადი გასაღების გამოყენებით. აპარატურული მოწყობილობის მოთხოვნის შესაბამისად მომხმარებელი დაადასტურებს, რომ თანხის ოდენობა და მისამართი სწორია. ხელმოწერილი ტრანზაქცია უკან, პროგრამაში იგზავნება (2), იქიდან კი კრიპტოვალუტის ქსელს გადაეცემა (3).

აპარატურული საფულის გამოყენების დეტალური გზამკვლევი 

აპარატურული საფულის გამოყენებისას არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მწარმოებლებისა და მოდელების მიხედვით მახასიათებლები განსხვავდება, მაგრამ ზოგადი პროცესი ასეთია:

კონფიგურაცია

იყიდეთ სანდო აპარატურული საფულე

საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შეიძინეთ მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე საფულე. მნიშვნელოვანია, რომ საფულე იყიდოთ პირდაპირ სასურველი ბრენდის ოფიციალური ვებსაიტიდან და დარწმუნდეთ, რომ საფულეს დალუქულ მდგომარეობაში მიიღებთ.

გაააქტიურეთ საფულე 

დააკავშირეთ მოწყობილობა თქვენს კომპიუტერთან ან სმარტფონთან. ჩვეულებრივ, ეს პროცესი მოიცავს მოწყობილობასთან სამუშაოდ საჭირო კონკრეტული აპლიკაციის ან პროგრამის ჩამოტვირთვას.

შექმენით ახალი საფულე

მოწყობილობა გაჩვენებთ როგორ უნდა შექმნათ ახალი საფულე, რაც მოიცავს ახალი პირადი გასაღებების შექმნას.

სარეზერვო ასლი

ჩაიწერეთ აღდგენის ფრაზა

გააქტიურების დროს საფულეზე გამოჩნდება აღდგენის ფრაზა (სტანდარტულად 12-24 სიტყვა BIP39 სიტყვების სიიდან). ჩაიწერეთ და შეინახეთ ის ოფლაინ, უსაფრთხოდ. ამ ფრაზით შეძლებთ საფულის აღდგენას მისი დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების შემთხვევაში.

განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ, რა განსხვავებაა აღდგენის ფრაზასა და პირად გასაღებს შორის. 

უსაფრთხოება

დააყენეთ PIN

დამატებითი უსაფრთხოებისთვის, აპარატურული საფულეების უმეტესობა PIN-ის დაყენების საშუალებას გაძლევთ. ეს PIN მოთხოვნილი იქნება ტრანზაქციის ავტორიზაციისთვის.

კრიპტოვალუტის მიღება

მოძებნეთ თქვენი მისამართი

გამოიყენეთ საფულის აპლიკაცია ან პროგრამა თქვენი საჯარო მისამართის გასაგებად, რათა მოახერხოთ კრიპტოვალუტის მიღება.

გააზიარეთ თქვენი მისამართი 

მიაწოდეთ ეს მისამართი პირს, ვინც კრიპტოვალუტას გიგზავნით. ისინი კრიპტოვალუტას მოცემულ მისამართზე გაგზავნიან.

კრიპტოვალუტის გაგზავნა

შექმენით ტრანზაქცია 

გამოიყენეთ საფულის აპლიკაცია ან პროგრამა ახალი ტრანზაქციის შესაქმნელად. შეიყვანეთ მიმღების მისამართი და გასაგზავნი კრიპტოვალუტის ოდენობა.

ხელი მოაწერეთ ტრანზაქციას

აპარატურული საფულე ტრანზაქციას ხელს თქვენი პირადი გასაღებით მოაწერს. ეს მოწყობილობაშივე მოხდება, ასე რომ თქვენი გასაღები მუდამ საფულეში დარჩება.

გაგზავნეთ ტრანზაქცია

ტრანზაქციის ხელმოწერის შემდეგ, საფულის პროგრამა მას დანარჩენ ქსელს გაუზიარებს.

განსხვავებები პირად გასაღებსა და აღდგენის ფრაზას შორის

პირადი გასაღებები და აღდგენის ფრაზები თქვენს კრიპტოვალუტაზე წვდომის გასაკონტროლებლად არსებობს. თუმცა ისინი ერთმანეთისგან ფორმატითა და დანიშნულებით განსხვავდება.

პირადი გასაღები

პირადი გასაღები არის საიდუმლო ნომერი - ჩვეულებრივ თექვსმეტობით ფორმატში - რაც Bitcoin-ით ან სხვა კრიპტოვალუტებით გადახდის საშუალებას იძლევა. ეს ტექნოლოგია კრიპტოგრაფიის იმ სისტემების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც ეფუძნება კრიპტოვალუტები. პირადი გასაღები გამოიყენება ტრანზაქციებზე ხელის მოსაწერად, რითაც იძლევა მათემატიკურ მტკიცებულებას, რომ ის ნამდვილად საფულის მფლობელმა განახორციელა.

აღდგენის ფრაზა 

აღდგენის ფრაზა, seed ფრაზა ან სარეზერვო ასლის ფრაზა არის სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულის აღსადგენად საჭირო ყველა ინფორმაციას ინახავს. ეს ფრაზა წარმოადგენს პირად გასაღებ(ებ)ს ადამიანის მიერ წაკითხვად ფორმატში. 

ის გამოიყენება, როგორც კრიპტოვალუტაზე წვდომის აღსადგენად საჭირო სარეზერვო ასლი იმ შემთხვევისთვის, თუ საფულეზე წვდომას აკრძალავთ, მოწყობილობას დაკარგავთ ან PIN/პაროლი დაგავიწყდებათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, პირადი გასაღები არის დაუმუშავებელი, ადამიანისთვის ძნელად დასამახსოვრებელი ფორმატის მონაცემები, რაც ჩაწერილია საფულეში და გამოიყენება ტრანზაქციებზე ხელმოსაწერად, აღდგენის ფრაზა კი ადამიანზე მორგებული ფორმატია, რომელიც სარეზერვო ასლის შექმნისა და აღდგენისთვის გამოიყენება. აღდგენის ფრაზის დაწერა და უსაფრთხოდ შენახვა უფრ მარტივია, ვიდრე პირადი გასაღების.

ტოვებს თუ არა პირადი გასაღები აპარატურულ საფულეს? 

აპარატურული საფულის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი ისაა, რომ პირადი გასაღები მუდმივად მოწყობილობაში უნდა დარჩეს. 

მომხმარებელი ტრანზაქციას კომპიუტერში ან სმარტფონში ქმნის, ტრანზაქციის მონაცემები იგზავნება აპარატურულ საფულეში, რომელიც მას ხელს შიდა პირადი გასაღებით მოაწერს. ხელმოწერილი ტრანზაქცია უკან, კომპიუტერში ან სმარტფონში ბრუნდება. ამ პროცესის განმავლობაში პირადი გასაღები არასდროს ტოვებს მოწყობილობას.

თუმცა არსებობს აპარატურული საფულეების მწარმოებლების შემოთავაზება აღდგენის ვარიანტების დამატებასთან დაკავშირებით, რაც შექმნის პირადი გასაღების აპარატურული საფულის გარეთ რეკონსტრუირების საშუალებას, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ათი რჩევა აპარატურული საფულეების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის

აპარატურული საფულეების სარგებლისა და რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია გვახსოვდეს 10 რჩევა მათი მაქსიმალურად უსაფრთხოდ გამოყენებისთვის. 

1. შეიძინეთ აპარატურული საფულე სანდო წყაროსგან

უსაფრთხო აპარატურული საფულის მისაღებად, ყოველთვის შეიძინეთ ის პირდაპირ მწარმოებლისგან ან სანდო საცალო მოვაჭრეებისგან.

2. გამოიყენეთ უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა 

ყოველთვის განაახლეთ თქვენი საფულის პროგრამული უზრუნველყოფა. მწარმოებლები ხშირად უშვებენ განახლებებს უსაფრთხოებისა და ფუნქციონალის გასაუმჯობესებლად.

3. არავის გაუზიაროთ თქვენი აღდგენის ფრაზები 

აღდგენის ფრაზა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირადი გასაღები. თუ ამ ფრაზაზე წვდომას სხვა პირი მიიღებს, ის შეძლებს თქვენი კრიპტოვალუტის ხელში ჩაგდებას. არასდროს გააზიაროთ ის და გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ ვინმე ამას მოგთხოვთ.

4. შეინახეთ აღდგენის ფრაზა ოფლაინ, უსაფრთხოდ.

აღდგენის ფრაზა უსაფრთხო, დაცულ და ოფლაინ მდგომარეობაში შეინახეთ. არ შეინახოთ ის ციფრულ ან ონლაინ ფორმატში, სადაც შესაძლოა ჰაკერებისგან დაუცველი აღმოჩნდეს.

5. გამოიყენეთ ძლიერი PIN 

დააყენეთ ძლიერი PIN მოწყობილობის არაავტორიზებული გამოყენებისგან დასაცავად. არ გამოიყენოთ მარტივად გამოსაცნობი PIN, მაგალითად „1234“ ან „0000“.

6. გადაამოწმეთ მისამართები

კრიპტოვალუტის გაგზავნისას ყოველთვის გადაამოწმეთ მიმღების მისამართები. Malware-მა შესაძლოა თქვენ მიერ გაცვლის ბუფერში დაკოპირებული მისამართი შეცვალოს.

7. შეამოწმეთ ტრანზაქციები მოწყობილობაზე

ტრანზაქციის დადასტურებამდე ყოველთვის შეამოწმეთ მისი დეტალები არა მხოლოდ კომპიუტერის ან სმარტფონის ეკრანზე, არამედ თქვენი აპარატურული საფულის ეკრანზეც.

8. შეინახეთ თქვენი საფულე უსაფრთხოდ

აპარატურულ საფულეს მოეპყარით ისევე, როგორც ძვირფასეულობას ან დიდი რაოდენობით თანხას. როდესაც არ იყენებთ, ის დაცულ ადგილას შეინახეთ.

9. გამოიყენეთ კოდური ფრაზა 

დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ზოგიერთი საფულე PIN-თან ერთად კოდური ფრაზის გამოყენების საშუალებას გაძლევთ. ეს საფულის დაფარვაში დაგეხმარებათ. თუმცა, კოდური ფრაზის დავიწყების შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ ეს ფუნქცია სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

10. გამოიყენეთ სანდო კომპიუტერები 

ეცადეთ აპარატურული საფულე მხოლოდ სანდო, დაცულ კომპიუტერებთან დააკავშიროთ. აპარატურული საფულე მოწყობილობასთან მხოლოდ მოხერხებულობის გამო არ უნდა დააკავშიროთ. 

აპარატურული საფულეების სარგებელი და რისკები 

აპარატურულ საფულეებს არაერთი სარგებელი აქვს, განსაკუთრებით კრიპტოვალუტის დაცულობისა და უსაფრთხოდ შენახვის თვალსაზრისით. გაგაცნობთ მთავარ უპირატესობებს:

უსაფრთხოება 

აპარატურული საფულეები ძლიერი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იქმნება. ისინი თქვენს პირად გასაღებებს ოფლაინ ინახავენ, რითაც თავიდან აგაცილებენ ონლაინ თავდასხმებს, როგორიცაა ფიშინგი, malware და ჰაკერები.

პირადი გასაღების იზოლაცია

პირადი გასაღები არასოდეს ტოვებს მოწყობილობას, ყველა ტრანზაქციაზე ხელმოწერა ხდება მოწყობილობაშივე, რაც პირად გასაღებებს დამატებითი რისკებისგან იცავს.

სარეზერვო ასლი და აღდგენა

კონფიგურაციისას, აპარატურული საფულე აგენერირებს აღდგენის ფრაზას (ე.წ. seed ფრაზას). მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენს თანხაზე წვდომის აღდგენისთვის მოწყობილობის დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების შემთხვევაში.

გამძლეობა და პორტატულობა 

აპარატურული საფულეები ძლიერი და გამძლეა, მით უმეტეს იმ ფურცელთან შედარებით, რომელიც შეიძლება პირადი გასაღების ან აღდგენის ფრაზის ჩასაწერად გამოიყენოთ. აპარატურული საფულეების უმეტესობა არის მომცრო, USB მეხსიერების ზომის მოწყობილობა, რაც მათ პორტატულობას უზრუნველყოფს.

თქვენი თანხის კონტროლი 

აპარატურული საფულის გამოყენებით კრიპტოვალუტაზე სრული კონტროლი გაქვთ; როგორც კრიპტო საზოგადოებაში ამბობენ: „თუ არ გაქვს გასაღები, არ გაქვს მონეტები.“ აპარატურულ საფულეში პირად გასაღებებს ინახავთ, რაც ნიშნავს, რომ თანხის განმკარგავთან დაკავშირებულ რისკებზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ. 

აპარატურული საფულეები კრიპტოვალუტების შენახვის ერთ-ერთი ყველაზე დაცული მეთოდია, თუმცა რისკები მათაც ახლავს. აპარატურულ საფულეებთან დაკავშირებულ რისკებს შორისაა:

ფიზიკური ქურდობა ან დაკარგვა

რადგანაც აპარატურული საფულე ფიზიკური ნივთია, შესაძლოა ის დაკარგოთ ან მოგპარონ. თუ ვინმემ თქვენი PIN იცის ან მას გამოიცნობს, თქვენს კრიპტოვალუტაზე წვდომასაც მოიპოვებს.

თავდასხმა მიწოდების ჯაჭვზე 

თუ საფულეს არასანდრო წყაროსგან შეიძენთ, შესაძლოა ის თქვენთან მოღწევამდე იქნას გატეხილი. შეიძინეთ მხოლოდ მწარმოებლისგან ან სანდო საცალო მოვაჭრისგან.

ფიშინგი

ფიშინგის მიზანია მოტყუებით შეგაყვანინონ თქვენი PIN ან აღდგენის ფრაზა გატეხილ კომპიუტერში, რითაც ჰაკერები მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩაიგდებენ ხელში.

არასათანადო სარეზერვო ასლის შექმნა

თუ აპარატურულ საფულეს დაკარგავთ, აღდგენის ფრაზა კი სრულად შენახული არ გაქვთ, შესაძლოა კრიპტოვალუტაზე წვდომა დაკარგოთ.

PIN-ის ან აღდგენის ფრაზის დავიწყება

თუ PIN დაგავიწყდებათ ან აღდგენის ფრაზას დაკარგავთ, შესაძლოა საფულის გამოყენება ვეღარ მოახერხოთ.

დაზიანება

მოწყობილობა შესაძლოა დააზიანოს წყალმა, ცეცხლმა ან თუნდაც ხანგრძლივად გამოყენებამ. თუ მოწყობილობა დაზიანდება, თქვენი კი აღდგენის ფრაზა არ გექნებათ, შესაძლოა კრიპტოვალუტაზე წვდომა დაკარგოთ. თუმცა აღდგენის ფრაზის რეზერვის ქონის შემთხვევაში წვდომას ახალი მოწყობილობიდან მოიპოვებთ. 

Firmware-ში არსებული ხარვეზები

მართალია იშვიათად, თუმცა მაინც შეიძლება, რომ ბოროტმოქმედმა Firmware-ში არსებული ხარვეზები გამოიყენოს თქვენს პირად გასაღებზე წვდომის მისაღებად. ყოველთვის განაახლეთ თქვენი საფულის firmware და შეიძინეთ მხოლოდ საგულდაგულოდ შემოწმებული და მომხმარებლების მიერ გამოცდილი აპარატურული საფულეები.

მისამართის ვერიფიკაცია

თუ ტრანზაქციის განხორციელებისას ანგარიშს არ გადაამოწმებთ, შესაძლოა თქვენს კომპიუტერულში არსებულმა malware-მა კრიპტოვალუტა არასწორ მისამართზე გაგაგზავნინოთ.

ამ რისკების შესამცირებლად საჭიროა სარეზერვო ასლების შექმნა, მისამართების გადამოწმება, მოწყობილობის სანდო წყაროებიდან შეძენა და ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

შეჯამება 

აპარატურული საფულე გვთავაზობს ბალანსს ძლიერ უსაფრთხოებასა და კრიპტოვალუტის მარტივად მართვას შორის. ის ქმნის საკმაოდ დაცულ გარემოს ციფრული აქტივების ოფლაინ შესანახად; ასევე წარმოადგენს უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას დაბალი უსაფრთხოების მქონე კომპიუტერთან შეერთების შემთხვევაშიც კი. თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აპარატურული საფულეები სრულად დაცული არ არის, ამიტომ მომხმარებლისგან ფრთხილ მოპყრობასა და პასუხისმგებლობით გამოყენებას მოითხოვს.

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ პირადი გასაღებებისა და აღდგენის ფრაზების გაზიარება დაუშვებელია. ისინი უსაფრთხოდ, ოფლაინ უნდა ინახებოდეს. სანდო წყაროებიდან ყიდვა, მძლავრი PIN-ების დაყენება, საფულის firmware-ის რეგულარული განახლება და ტრანზაქციების ინფორმაციის გადამოწმება თქვენი აქტივების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

აპარატურული საფულეები კრიპტოვალუტის უსაფრთხოების ქვაკუთხედია, თუმცა საბოლოოდ პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება მომხმარებელს, რომელმაც უნდა იცოდეს ყველა პოტენციური რისკი და ზიანი, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს. ტექნოლოგიის ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

დამატებითი საკითხავი: 

რა არის კრიპტო საფულე?

რა არის აპარატურული საფულე (და რატომ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ერთი)

კასტოდიალური და არაკასტოდიალური საფულეები: რა განსხვავებაა მათ შორის?

როგორ დაიცვათ თქვენი კრიპტოვალუტა

რა არის იზოლირებული საფულე?

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.









პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.