რა არის იზოლირებული საფულე?
მთავარი
სტატიები
რა არის იზოლირებული საფულე?

რა არის იზოლირებული საფულე?

გამოქვეყნებული May 30, 2023განახლებული Nov 14, 2023
10m

TL;DR

  • Air-gapped საფულე არის კრიპტო საფულის ნაირსახეობა, რომელიც ისეა შექმნილი, რომ კავშირი არ ჰქონდეს ინტერნეტთან ან სხვა სახის უკაბელო კომუნიკაციასთან.

  • Air-gapped საფულის შემთხვევაში ტრანზაქციის ხელმოწერა ხდება ოფლაინ, ხოლო ონლაინ მოწყობილობასთან ინტერაქცია QR კოდისა და micro-SD ბარათების გამოყენებით ხორციელდება.

  • Air-gapped საფულეები სხვა ტიპის საფულეებზე უფრო უსაფრთხოდ ითვლება. 

  • Air-gapped საფულეები აბსოლუტურად დაცული არ არის და მომხმარებელმა მათი გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ისინი უფრო მეტად მოსახერხებელია მათთვის, ვინც დიდი ოდენობით აქტივებს ხანგრძლივი პერიოდით ინახავს. 

რა არის იზოლირებული საფულე?

Air-gapped საფულე არის კრიპტო საფულის ნაირსახეობა, რომელიც შექმნილია, რათა კავშირი არ ჰქონდეს ინტერნეტთან ან სხვა სახის უკაბელო კომუნიკაციასთან. უკაბელო კომუნიკაციის სახეები, რომლებთანაც Air-gapped საფულე დაკავშირებული არ არის, მოიცავს Bluetooth, wifi, NFC (near-field communication) და ხანდახან USB მოწყობილობებსაც კი. 

ტერმინი „Air-gapped“ (საჰაერო შუალედი) მომდინარეობს საფულესა და ონლაინ ქსელებს შორის არსებული რეალური „შუალედში მყოფი ჰაერის“ ცნებიდან, რაც დაჰაკვისა და გატეხის წინააღმდეგ დაცვის დამატებით შრეს ქმნის. 

როგორ მუშაობს Air-gapped საფულე? 

ინტერნეტთან და უკაბელო კომუნიკაციასთან კავშირის გარეშე ტრანზაქციის განხორციელებისთვის, Air-gapped საფულე იყენებს QR კოდებსა და micro-SD ბარათებს, რომლებიც წარმოადგენენ მცირე ზომის პორტატიულ მეხსიერების ბარათებს, რომელზეც ტრანზაქციის ინფორმაცია ინახება. 

Air-gapped საფულეები ხშირად იყენებენ კომპიუტერზე დაფუძნებულ პროგრამებს, რომლებითაც მხარდაჭერილია ნაწილობრივ ხელმოწერილი Bitcoin ტრანზაქციები (PSBTs) Bitcoin-ისთვის ან მსგავსი ნახევრად ხელმოწერილი ტრანზაქციები სხვა კრიპტოვალუტებისთვის.

ვნახოთ როგორ მუშაობს Air-gapped საფულე Bitcoin ტრანზაქციების შემთხვევაში. 

პირველი ნაბიჯი: ნაწილობრივ ხელმოწერილი Bitcoin ტრანზაქციის (PSBT) შექმნა

ჩვეულებრივ, მომხმარებლები Bitcoin საფულის გამოყენებით იწყებენ ტრანზაქციას ონლაინ მოწყობილობაში და განსაზღვრავენ მიმღების Bitcoin მისამართსა და გასაგზავნი თანხის რაოდენობას. 

რადგანაც ონლაინ მოწყობილობა მომხმარებლის პირად გასაღებს არ იყენებს, მისი გამოყენებით ტრანზაქციაზე ხელმოწერა შეუძლებელია. ამის ნაცვლად იქმნება ნაწილობრივ ხელმოწერილი Bitcoin ტრანზაქცია (PSBT), რომელშიც ასახულია ტრანზაქციის ყველა დეტალი, გარდა ციფრული ხელმოწერისა, რომელსაც მომხმარებლის პირადი გასაღები სჭირდება. 

მეორე ნაბიჯი: ტრანზაქციაზე ხელის მოწერა 

ხელმოუწერელი ტრანზაქცია QR კოდის გამოყენებით მომხმარებლის Air-gapped საფულეში იგზავნება. ტრანზაქციის ჩაწერა და შენახვა შესაძლებელია micro-SD ბარათზეც.  

Air-gapped საფულეზე ინახება პირადი გასაღები, რომლითაც ხელმოწერა ოფლაინ გარემოში ხდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ Air-gapped საფულე ინტერნეტს ან უკაბელო კომუნიკაციას არასოდეს უერთდება, რაც თეორიულად პირადი გასაღების უსაფრთხოებას განაპირობებს.

მესამე ნაბიჯი: ტრანზაქციის გაგზავნა

სრულად ხელმოწერილი ტრანზაქცია QR კოდის ან micro-SD ბარათის მეშვეობით უკან, ონლაინ მოწყობილობაში იგზავნება. 

ონლაინ მოწყობილობა ხელმოწერილ ტრანზაქციას Bitcoin ქსელში გაგზავნის. ამის შემდეგ მოხდება ტრანზაქციის დამუშავება და დადასტურება მაინერების მიერ, რის შედეგადაც ის სხვა ტრანზაქციების მსგავსად ბლოკჩეინზე შეინახება. 

Air-gapped საფულის ტიპები

Air-gapped საფულეს შესაძლოა სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ Air-gapped საფულეების ყველაზე გავრცელებულ სახეებს. 

აპარატურული Air-gapped საფულეები

ისინი წარმოადგენს პირადი გასაღების ოფლაინ შესანახად შექმნილ მოწყობილობებს. ამ საფულეების გამოყენებით ტრანზაქცია ისე ხორციელდება, რომ პირადი გასაღები ონლაინ სივრცეში ან უკაბელო კომუნიკაციის საშუალებებში არასდროს ხვდება. 

მსგავს მოწყობილობებს აქვს ციფრული ეკრანი ტრანზაქციის ინფორმაციის საჩვენებლად და ფიზიკური ან სენსორული ღილაკები ტრანზაქციის ხელით დასადასტურებლად.

Air-gapped კომპიუტერები 

მომხმარებლებს Air-gapped საფულედ მთლიანი კომპიუტერის გამოყენებაც შეუძლიათ. ჩვეულებრივ ასეთი კომპიუტერები ინტერნეტს არასდროს უერთდება და მხოლოდ პირადი გასაღების შესანახად და ტრანზაქციაზე ხელის მოსაწერად გამოიყენება. 

ხელმოუწერელი ტრანზაქციები Air-gapped კომპიუტერებში USB მეხსიერების მოწყობილობით გადადის და ხელმოწერილი ტრანზაქციაც უკან იმავე საშუალებით იგზავნება. ეს მიდგომა შედარებით რთულია და მეტ ტექნიკურ განათლებას მოითხოვს.

Air-gapped სმარტფონები 

Air-gapped კომპიუტერების მსგავსად, შესაძლებელია Air-gapped საფულედ სმარტფონის გამოყენებაც. შესაძლებელია ტელეფონის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება და თავიდან კონფიგურაცია ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე. საფულის პროგრამის ინსტალაცია SD ბარათით ან მსგავსი მეთოდით მოხდება. ესეც რთული პროცესია და ტექნიკურ უნარებს მოითხოვს.

განსხვავებები Air-gapped საფულეებსა და სხვა საფულეებს შორის 

Air-gapped საფულეების უკეთ გასაგებად, ისინი შევადაროთ სხვა ტიპის საფულეებს

არსებობს საფულეების კატეგორიზაციის სხვადასხვა მეთოდები; ვნახოთ როგორ ერგება Air-gapped საფულე თითოეულ კლასიფიკაციას. 

კრიპტო საფულეების კატეგორიზაცია დაკავშირების ტიპის მიხედვით

ცხელი საფულეები

ცხელი საფულე ეწოდება ნებისმიერ საფულეს, რომელიც რაიმე სახით ინტერნეტთან არის დაკავშირებული. ამ საფულეების კონფიგურირება მარტივია, თანხებზე წვდომა სწრაფად ხდება რაც მოსახერხებელია ტრეიდერებისთვისა და მათთვის, ვინც მათ ხშირად იყენებს.

ცივი საფულეები 

ცივი საფულე ინტერნეტისგან გამოთიშულია და გასაღების ოფლაინ შესანახად ფიზიკურ საშუალებას იყენებს. ცივი საფულე კრიპტოს შენახვის უფრო უსაფრთხო ალტერნატივაა. ეს მეთოდი, რომელსაც ცივ შენახვასაც უწოდებენ მოსახერხებელია გრძელვადიანი ინვესტორებისა და „HODL-ერებისთვის“.

Air-gapped საფულე ცივი საფულის კონკრეტული ფორმაა, მაგრამ ყველა ცივი საფულე Air-gapped არ არის.  

კრიპტო საფულეების კატეგორიზაცია ფიზიკური ფორმის მიხედვით

აპარატურის საფულეები

აპარატურული საფულე არის ფიზიკური მოწყობილობა, რომელშიც თქვენი პირადი გასაღები ოფლაინ ინახება. ისინი წარმოადგენს ცივ საფულეებს და შესაბამისად უფრო მაღალი დონის უსაფრთხოებით ხასიათდება. ჩვეულებრივ, მათი გამოყენება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის დიდი ხნით შესანახად გდება. 

პროგრამული უზრუნველყოფის საფულეები

პროგრამული საფულე არის პროგრამა ან თქვენს კომპიუტერში ან სმარტფონში დაინსტალებული აპლიკაცია. უმეტესად ისინი ინტერნეტთან არის დაკავშირებული, ამიტომაც მათ „ცხელ საფულეებს“ წარმოადგენენ. ამ კატეგორიაში შედის ვებ-საფულეები, დესკტოპ-საფულეები და მობილური საფულეები. 

ქაღალდის საფულეები

ქაღალდის საფულე გახლავთ ქაღალდი, რომელზეც QR კოდის სახით დაბეჭდილია კრიპტოს მისამართი და მისი პირადი გასაღები. შემდგომში ამ კოდების სკანირება შესაძლებელია კრიპტოვალუტების ტრანზაქციების განსახორციელებლად.

Air-gapped საფულე არის აპარატურული საფულის ნაირსახეობა, მაგრამ ყველა აპარატურული საფულე Air-gapped არ არის. ტექნიკურად შესაძლებელია ქაღალდის საფულე Air-gapped საფულეებს მივაკუთვნოთ, მაგრამ მისი გამოყენებით ტრანზაქციების შესასრულებლად ხშირად საჭიროა პირადი გასაღებების პროგრამულ საფულეში გადატანა, რაც „საჰაერო შუალედს“ არღვევს.

კრიპტო საფულეების კატეგორიზება პირად გასაღებებზე კონტროლის მიხედვით

კასტოდიალური საფულეები

კასტოდიალური საფულის პირადი გასაღები მესამე მხარის, მაგალითად ბირჟის მიერ კონტროლდება. ხშირად მათი გამოყენება არაკასტოდიალურ საფულეებთან შედარებით მარტივია, თუმცა მეტი რისკიც ახლავს, რადგან მფლობელი საკუთარი კრიპტოვალუტის უსაფრთხოების მხრივ მთლიანად მესამე მხარეზეა დამოკიდებული. 

არაკასტოდიალური საფულეები

ასეთი საფულე პირად გასაღებზე კონტროლს მომხმარებელს ანიჭებს. მსგავსი საფულის მფლობელებს საკუთარ კრიპტოვალუტაზე სრული კონტროლი აქვთ და მესამე მხარე არ სჭირდებათ. დესკტოპ საფულეების, მობილური საფულეებისა და აპარატურული საფულეების უმეტესობა ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

Air-gapped საფულე არაკასტოდიალური საფულის სახეობაა, მაგრამ ყველა არაკასტოდიალური საფულე Air-gapped არ არის. 

განსხვავებები Air-gapped საფულეებსა და აპარატურულ საფულეებს შორის 

Air-gapped საფულეები აპარატურული საფულეების სახეობაა, მაგრამ მათ შორის განსხვავებები მაინც არსებობს. 

ინტერნეტთან კავშირი

Air-gapped საფულე ინტერნეტს არასოდეს უკავშირდება. როგორც ზემოთ ვახსენეთ, Air-gapped საფულეებით ტრანზაქციის განხორციელებისას, პირადი გასაღები ყოველთვის ოფლაინ რჩება.

აპარატურული საფულეც გასაღებებს ოფლაინ ინახავს, მაგრამ ხელის მოსაწერად ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობას უკავშირდება. პირადი გასაღები აპარატურულ საფულეს არასდროს ტოვებს, მაგრამ აპარატურული საფულე ხელის მოწერის პროცესში ონლაინ მოწყობილობას უკავშირდება.

მომხმარებლის გამოცდილება

Air-gapped საფულის გამოყენებით ტრანზაქციის განხორციელებას დამატებითი ნაბიჯები სჭირდება, აპარატურული საფულეების გამოყენება კი უფრო მარტივია, რადგან ისინი პირდაპირ ონლაინ მოწყობილობასთან დასაკავშირებლად არის შექმნილი.

ამის მიუხედავად, აპარატურული საფულეები სწორად გამოყენების შემთხვევაში მაინც საკმაოდ უსაფრთხოა, რადგან მათი ფუნქციაა პირადი გასაღები იზოლირებული დარჩეს ონლაინ მოწყობილობასთან შეერთების შემდეგაც კი. 

როგორც Air-gapped, ისე აპარატურული საფულე უსაფრთხოებით გამოირჩევა და პირად გასაღებებს ოფლაინ ინახავს; Air-gapped საფულე ერთი ნაბიჯით წინ მიდის და ინტერნეტთან კავშირის მქონე მოწყობილობებს საერთოდ არ უკავშირდება. 

არის თუ არა Air-gapped საფულე უფრო დაცული? 

კრიპტო საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ Air-gapped საფულეები სხვა ტიპის საფულეებზე მეტად უსაფრთხოა. 

დამატებით უსაფრთხოებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ Air-gapped საფულე განკუთვნილია მოწყობილობისთვის, რომელიც ინტერნეტს არასდროს უკავშირდება, რაც მას იცავს ჰაკერებისგან, ფიშინგისგან და malware-სგან. 

Air-gapped საფულე პირად გასაღებებს სრულად ოფლაინ მოწყობილობებზე ინახავს, რის გამოც თაღლითებისთვის პირადი გასაღების მოპარვა მოწყობილობის ხელში ჩაგდების გარეშე შეუძლებელია. 

რა რისკები და შეზღუდვები ახლავს Air-gapped საფულის გამოყენებას? 

Air-gapped საფულე კარგად არის დაცული, თუმცა საფრთხისგან არ არის აბსოლუტურად დაზღვეული. გაგაცნობთ უსაფრთხოების პოტენციურ სისუსტეებს. თუ მომხმარებელი Air-gapped საფულეს შეცდომით ინტერნეტთან დააკავშირებს, ან მოწყობილობაში USB მეხსიერებით (ზოგიერთი Air-gapped საფულე დამუხტვისა და განახლებებისთვის USB-ს იყენებს) ან სხვა საშუალებით malware მოხვდება, მოწყობილობის უსაფრთხოება დაირღვევა.

ეს გამოწვევაა მომხმარებლებისთვისაც, რომლებმაც Air-gapped საფულე ფიზიკურად უნდა დაიცვან, მაგალითად ქურდობის, დაზიანების ან დაკარგვისგან. მსგავსი რისკებისგან თავის დასაცავად, მომხმარებლებმა გასაღების სარეზერვო ასლები უნდა შეინახონ და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკები აწარმოონ. ბოლოს, Air-gapped საფულის სწორად გამოყენებას მაღალი დონის ტექნიკური ცოდნა სჭირდება. 

სწორი Air-gapped საფულის შერჩევა

კრიპტოს მფლობელებმა, ვისაც Air-gapped საფულეში ინვესტირება სურს, მოწყობილობის არჩევამდე შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ:

თავსებადობა

დარწმუნდით, რომ საფულე თავსებადია იმ კრიპტოვალუტასთან, რომლის შენახვაც გსურთ. სხვადასხვა საფულეებს სხვადასხვა კრიპტოვალუტებისთვის მხარდაჭერის განსხვავებული დონე აქვთ — მაგალითად, ზოგი საფულე მხოლოდ Bitcoin-ის შესანახად არის შექმნილი. ყიდვამდე აუცილებელია გადაამოწმოთ არის თუ არა თქვენთვის სასურველი ვალუტები მხარდაჭერილი.

რეპუტაცია და რივიუები

გამოიკვლიეთ საფულის რეპუტაცია და გაეცანით სხვა მომხმარებლების შეფასებებს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Twitter, Discord და Reddit. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კრიპტოვალუტის საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა. კარგად განვითარებული საფულეები მძლავრი საზოგადოებით უფრო სანდოა და ნაკლებად ახასიათებს უსაფრთხოების პრობლემები. 

სჯობს შეიძინოთ საფულე რომლის შემქმნელ ბრენდსაც კარგი ისტორია აქვს და უსაფრთხოებასთან, სანდოობასთან და მომხმარებელთა მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითი რეპუტაციით ხასიათდება.

დეველოპერების საზოგადოება

საფულის დეველოპერების საზოგადოების შესაფასებლად გამოიყენეთ GitHub და სხვა პლატფორმები და გაეცანით სიახლეებს. აქტიური დეველოპერების საზოგადოება ნიშნავს, რომ საფულეზე რეგულარულად ზრუნავენ, შესაბამისად მუშაობენ ხარვეზების აღმოფხვრაზე და აძლიერებენ უსაფრთხოებას.

მომხმარებლის გამოცდილება

ყურადღება მიაქციეთ საფულის გამოყენების სიმარტივესა და მომხმარებლის ინტერფეისს. კარგი და ინტუიციური ინტერფეისის შემთხვევაში, აქტივების მართვა უფრო მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული პროცესია.

შეჯამება 

Air-gapped საფულე მომხმარებლებს მტკიცე უსაფრთხოებას სთავაზობს, რაც უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში დიდი ოდენობით აქტივების შენახვა სურს. ის დაცულია ონლაინ შეტევებისგან, რადგან პირადი გასაღებები ინახება მოწყობილობაში, რომელიც არასდროს უკავშირდება ინტერნეტს ან რაიმე სხვა უკაბელო კომუნიკაციას. 

ამ უპირატესობების მიუხედავად, Air-gapped საფულე სრულად დაზღვეული არ არის და მომხმარებლისგან პასუხისმგებლობის გამოჩენას საჭიროებს. უსაფრთხოება დიდწილად საჰაერო შუალედის ურღვეობასა და მოწყობილობის ფიზიკურ დაცვაზეა დაფუძნებული. 

Air-gapped საფულე ყველა მომხმარებლისთვის აუცილებელი არ არის. მომხმარებლები, რომლებიც თანხას ხშირად რიცხავენ, ან მხოლოდ მცირე ოდენობის კრიპტოვალუტას ინახავენ, სხვა საფულეებს უფრო უკეთ გამოიყენებენ. საბოლოოდ, საფულის არჩევანი დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, რისკის დასაშვებ დონეზე და საფულის უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობაზე. 

დამატებითი საკითხავი: 

რა არის კრიპტო საფულე?

რა არის აპარატურული საფულე (და რატომ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ერთი)

კასტოდიალური და არაკასტოდიალური საფულეები: რა განსხვავებაა მათ შორის?

როგორ დაიცვათ თქვენი კრიპტოვალუტა


უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.