რა არის ჰიპერინფლაცია?

რა არის ჰიპერინფლაცია?

განახლებული Aug 7, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • ჰიპერინფლაცია ინფლაციის უკიდურეს და სწრაფად მზარდ ფორმას წარმოადგენს, რომელიც, ეკონომისტ ფილიპ კაგანის მიერ დამკვიდრებული საყოველთაოდ აღიარებული ზღვრის შესაბამისად, ხშირად განისაზღვრება, როგორც ფასების თვიური ზრდა 50%-ზე მეტი ოდენობით.

  • გავრცელებულ გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია ფულის ჭარბი ემისია, ეროვნული ვალუტისადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვა, ომის დაფინანსება და უკიდურესად მცდარი ეკონომიკური პრაქტიკები.

  • ცნობილ ისტორიულ პრეცედენტებს შორის აღსანიშნავია გერმანია (1921–1923 წლები), უნგრეთი (1945–1946 წლები), ზიმბაბვე (2000-იანი წლები) და ვენესუელა.

  • ჰიპერინფლაციას შეუძლია რამდენიმე თვეში დააკარგვინოს ეროვნულ ვალუტას პრაქტიკული ღირებულება, რაც იწვევს ეკონომიკურ დესტაბილიზაციას, უმუშევრობასა და დანაზოგების ალტერნატიულ საშუალებებზე გადატანის ტენდენციების გავრცელებას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

ჰიპერინფლაცია წარმოადგენს ინფლაციის უკიდურეს და სწრაფად მზარდ ფორმას, რომლის დროსაც ფასები უკონტროლოდ იზრდება, რაც ხშირად რამდენიმე თვეში ან დღეშიც კი იწვევს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. ქვეყნების უმეტესობის შემთხვევაში, ინფლაციის გარკვეული დონე ჩვეულებრივ ეკონომიკურ მოვლენად მიიჩნევა. ჰიპერინფლაციის შემთხვევაში კი, სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია: იგი მონეტარული სტაბილურობის კოლაფსს ნიშნავს, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება შიდა მეურნეობის, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის.

ჰიპერინფლაციური ეპიზოდები იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა ისტორიის მანძილზე არსებობს დეტალურად დოკუმენტირებული რამდენიმე მაგალითი, რომელიც თვალსაჩინოდ მიუთითებს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება განიცადოს კოლაფსი მონეტარულმა სისტემამ.

ჰიპერინფლაციის განსაზღვრა

1956 წლის ნაშრომში „ჰიპერინფლაციის მონეტარული დინამიკა“ ეკონომისტმა ფილიპ კაგანმა აღწერა დღესდღეობით ფართოდ გამოყენებული ზღვარი: ჰიპერინფლაცია იწყება მაშინ, როდესაც ფასების თვიური ზრდის ტემპი 50%-ს აჭარბებს. პრაქტიკულად რომ ავხსნათ, თუ ტომარა ბრინჯი დღეს 10 აშშ დოლარი ღირს, ჰიპერინცფლაციის შემთხვევაში ერთ თვეში მისი ფასი 15 აშშ დოლარს მიაღწევს, მომდევნო თვეში - 22,50 აშშ დოლარს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 1 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს. რეალური ეპიზოდების დროს ინფლაციის ტემპი ხშირად ამ მინიმალურ ზღვარზე ბევრად მაღალია.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) წარმოადგენს დროთა განმავლობაში ფასების ცვლილებაზე დაკვირვების ერთ-ერთ სტანდარტულ ინსტრუმენტს. ჰიპერინფლაციის პერიოდებში ფასები შესაძლოა იმგვარი სისწრაფით შეიცვალოს, რომ ოფიციალური მონაცემები ჩამორჩეს მაღაზიებში არსებულ რეალურ სურათს. ექსტრემალურ პირობებში ფასები შეიძლება რამდენიმე საათში გაორმაგდეს, მომხმარებელთა ნდობა სრულად განადგურდეს, ხოლო ეროვნულმა ვალუტამ დაკარგოს თავისი, როგორც გაცვლის ეფექტური საშუალების, ფუნქცია.

რა იწვევს ჰიპერინფლაციას?

ჰიპერინფლაცია იშვიათადაა გამოწვეული მხოლოდ ერთი მიზეზით. იგი, როგორც წესი, სტრუქტურული სისუსტეებისა და დამაჩქარებელი მოვლენების კომპლექსური სინერგიის შედეგია.

ჭარბი მონეტარული ემისია

როდესაც მთავრობები ან ცენტრალური ბანკები ფულის ერთეულებს ბევრად უფრო სწრაფი ტემპით უშვებენ, ვიდრე ეკონომიკა საქონელსა და მომსახურებას აწარმოებს, დამატებითმა ფულადმა მასამ შესაძლოა ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება გამოიწვიოს. აღნიშნულ პროცესებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მთავრობა ცდილობს დააფინანსოს ისეთი სახელმწიფო ხარჯები, რომელთა დაფარვაც გადასახადებითა და სესხებით შეუძლებელია. ეს ისტორიულ პრეცედენტებში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასახელებულ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს.

ვალუტის მიმართ ნდობის დაკარგვა

საზოგადოებისა და საგარეო ბაზრების მიერ კონკრეტული ვალუტის სტაბილურობასთან დაკავშირებული ნდობის დაკარგვის შემთხვევაში, მასზე მოთხოვნა შესაძლოა მკვეთრად შემცირდეს. აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა ერთგვარი ჯაჭვური რეაქციის გამომწვევ მიზეზად იქცეს, როდესაც ვალუტის გაუფასურებასთან ერთად, მოსახლეობა ცდილობს სასწრაფოდ დახარჯოს ან გადაცვალოს იგი, რაც კიდევ უფრო აჩქარებს ღირებულების შემცირების პროცესს.

ომის დაფინანსება და სუვერენული ვალი

ომის პირობებში სახელმწიფოები ხშირად მიმართავენ ფულის სამხედრო ოპერაციების დაფინანსების მიზნით ბეჭდვის პრაქტიკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საგადასახადო შემოსავლებისა და სესხების ოდენობა მკვეთრად ჩამორჩება ხარჯების ზრდის დინამიკას. ამ წნეხს კიდევ უფრო ამძიმებს ომისშემდგომი სარეპარაციო ვალდებულებები - დინამიკა, რომელიც თვალსაჩინოდ გამოვლინდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის მაგალითზე.

მიწოდების შოკები და ეკონომიკის არასწორი მართვა

პირველადი მოხმარების პროდუქტების, განსაკუთრებით სურსათისა და საწვავის, მიწოდების სერიოზულმა შეფერხებამ შესაძლოა ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვიოს. ეკონომიკური პოლიტიკის ისეთ ხარვეზებთან კომბინაციაში, როგორიცაა ფასების კონტროლი, კორუფცია ან ეროვნული რესურსების არაეფექტური გამოყენება, აღნიშნული პირობები შესაძლოა ერთგვარ ჯაჭვურ პროცესად იქცეს.

ჰიპერინფლაციის მნიშვნელოვანი ეპიზოდები

გერმანია (1921-1923)

ჰიპერინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დეტალურად შესწავლილი ეპიზოდი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ვაიმარის რესპუბლიკაში განვითარდა. გერმანია ომს ძირითადად ვალის მეშვეობით აფინანსებდა და დანახარჯების ანაზღაურებას მოკავშირეთაგან სარეპარაციო შენატანებით ელოდა. ამის სანაცვლოდ, მას თავად დაეკისრა კოლოსალური რეპარაციების გადახდის ვალდებულება, რასაც თან დაერთო საკვანძო ინდუსტრიული რეგიონების დაკარგვა. საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად მთავრობამ ფულის უდიდესი ოდენობის დაბეჭდვა გადაწყვიტა. პიკურ პერიოდში ინფლაციამ, არსებული მონაცემებით, დღეში 20%-ს გადააჭარბა, ხოლო დასაქმებულებს ხელფასს დღეში რამდენჯერმე უხდიდნენ, რათა ფასების მორიგ ზრდამდე მათ მისი დახარჯვა მოესწროთ.

უნგრეთი (1945-1946)

უნგრეთი ფლობს რეკორდს ისტორიაში დოკუმენტირებულ ჰიპერინფლაციის ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნგრული პენგო თითქმის სრულად გაუფასურდა, ხოლო 1946 წლის ივლისის პიკის პერიოდში ფასები დაახლოებით ყოველ 15 საათში ორმაგდებოდა. კრიზისის დაძლევა 1946 წლის აგვისტოში ოქროსა და სავალუტო რეზერვებით უზრუნველყოფილი ახალი ეროვნული ვალუტის - ფორინტის შემოღებით გახდა შესაძლებელი.

ზიმბაბვე (2000-იანი წლები)

ზიმბაბვეს კრიზისი სათავეს იღებს მიწის რეფორმის პოლიტიკიდან, რომელმაც აგრარული წარმოების კოლაფსი გამოიწვია, რასაც დაერთო სუვერენული ვალის ზრდა და მთავრობის ვალდებულებების დაფინანსების მიზნით ფულის ჭარბი გამოშვების დაწყება. 2008 წლის ივლისისთვის წლიურმა ინფლაციამ დაახლოებით 231 მილიონ პროცენტს მიაღწია. 2009 წელს თითქმის სრულიად შეწყდა ზიმბაბვეს დოლარის გამოყენება და ის უცხოურმა ვალუტებმა ჩაანაცვლა. ეროვნული ვალუტის ხელახლა შემოღების შემდგომი მცდელობები, არასტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, კვლავ წარუმატებელი რჩება.

მიმდინარე შემთხვევა: ვენესუელა

ვენესუელა დღემდე რჩება მიმდინარე ინფლაციის თვალსაჩინო მაგალითად. 2016–2019 წლების მძიმე კრიზისის შემდეგ ფასების ზრდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენელდა, თუმცა 2026 წელს ქვეყანაში ინფლაციის ახალი ტალღა დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ტექნიკურად ვერ აღწევს კაგანის მიერ დადგენილ ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლის 50%-იან ზღვარს. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ინფლაციის ყოველთვიურმა მაჩვენებელმა დაახლოებით 13,8% შეადგინა, ხოლო წლიურმა მაჩვენებელმა 544%-ს მიაღწია. მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა მიწისძვრამ, რამაც მიწოდების ჯაჭვების სრული კოლაფსი გამოიწვია. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად არაეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მცდელობები, როდესაც ფუნდამენტური გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი.

კრიპტოვალუტების გამოყენება

ჰიპერინფლაციის ეპიზოდები საფუძვლად დაედო კრიპტოვალუტების ღირებულების შენარჩუნების საშუალებად აღქმის ტენდენციებს, რასაც თან ერთვოდა ფიატ ვალუტების მიმართ ნდობის დაკარგვა. ვენესუელასა და ზიმბაბვეს მსგავს ქვეყნებში, ვალუტის უკიდურესი არასტაბილურობის პერიოდში, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული P2P აქტივობა ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა კოლაფსის პირას მყოფი ეროვნული ფინანსური სისტემის გარდა კაპიტალის შენარჩუნების გზებს სხვა ეძებდა. აღნიშნული უფრო ფართო კანონზომიერებას ასახავს: როდესაც სახელმწიფო ვალუტისადმი ნდობა ირღვევა, ხალხი ალტერნატიული ინსტრუმენტების ძიებას იწყებს, იქნება ეს უცხოური ვალუტა, საქონლით უზრუნველყოფილი თუ დეცენტრალიზებული ციფრული აქტივები.

პარალელურად, ზოგიერთმა მთავრობამ შეისწავლა სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტები, როგორც მონეტარული კონტროლისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების ინსტრუმენტები. აღნიშნული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC-ები) ფუნდამენტურად განსხვავდება დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისგან. ისინი ექვემდებარება მონეტარულ პოლიტიკას და არ გააჩნია მარაგთან დაკავშირებული შეზღუდვები, რის გამოც მათ ბუნებრივად არ ახასიათებს იშვიათობასთან დაკავშირებული ისეთი თვისებები, როგორიც, მაგალითად, Bitcoin-ს.

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება ჰიპერინფლაცია სტანდარტული ინფლაციისგან?

სტანდარტული ინფლაცია წარმოადგენს ფასების საერთო დონის ეტაპობრივ, ხანგრძლივ ზრდას, რომლის შეფასებაც, როგორც წესი, ყოველწლიურად ხდება, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით ცენტრალური ბანკების მიერ დადგენილი სამიზნე მაჩვენებელი კი, ხშირ შემთხვევაში, 2%-ია. ჰიპერინფლაცია კი ხასიათდება ფასების ექსტრემალური ყოველთვიური ზრდით, რომელიც, კეგანის კრიტერიუმის თანახმად, 50%-იან ზღვარს აღემატება. ჰიპერინფლაციამ შესაძლოა ეროვნული ვალუტა რამდენიმე თვეში მიმოქცევისთვის პრაქტიკულად უვარგისი გახადოს, ხოლო კრიზისის დაძლევა, როგორც წესი, ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს, როგორიცაა ვალუტის ჩანაცვლება ან საერთაშორისო ფინანსური დახმარების მოძიება.

რა ემართება ვალს ჰიპერინფლაციის დროს?

ჰიპერინფლაციის დროს ფიქსირებული ოდენობის დავალიანების რეალური ღირებულება, როგორც წესი, მკვეთრად მცირდება, ვინაიდან მსესხებლები ვალდებულებებს ფარავენ იმ ვალუტით, რომლის მსყიდველობითი უნარიც სესხის აღების მომენტთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა მოვლენამ შესაძლოა შეამსუბუქოს გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტვირთი, სისტემური ზიანი შეუდარებლად მასშტაბურია. იგი მოიცავს საწარმოთა დახურვას, უმუშევრობის ზრდას, საკრედიტო სისტემის კოლაფსსა და დანაზოგების გაუფასურებას.

ოდესმე დაფიქსირებულა თუ არა ჰიპერინფლაცია შეერთებულ შტატებში?

კეგანის ყოველთვიური 50%-იანი ზღვრის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ჰიპერინფლაციის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. თანამედროვე ეპოქაში წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1980 წლის მარტში დაფიქსირდა (დაახლოებით 14,8%), რაც გამოწვეული იყო ნავთობის ფასების უკიდურესი ზრდითა და ექსპანსიური პოლიტიკით. 2020-იან წლებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციაც კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ჰიპერინფლაციურ დონეს და მისი დარეგულირება ტრადიციული მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით მოხდა.

შეჯამება

ჰიპერინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური მოვლენაა, რომლის წინაშეც შესაძლოა ქვეყანა აღმოჩნდეს. აღნიშნულ მოვლენას შეუძლია რამდენიმე თვეში სრულიად გააუფასუროს დანაზოგები, გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა და გაანადგუროს ეროვნული ვალუტისადმი ნდობა. ჰიპერინფლაციის ეპიზოდებს, როგორც წესი, კომპლექსური, მრავალფაქტორიანი მიზეზები განაპირობებს, თუმცა ფულის ერთეულების მეტისმეტად ჭარბი ოდენობით გამოშვება და ვალუტისადმი ნდობის დაკარგვა საერთო მახასიათებელია როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე შემთხვევებში.

დამატებითი საკითხავი

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.