რა არის 0G (0G)?

რა არის 0G (0G)?

განახლებული Sep 22, 2025
8m

მთავარი დეტალები

  • 0G არის მოდულური ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციების ბლოკჩეინზე გაშვების მხარდაჭერას. 

  • პლატფორმა გთავაზობთ ოთხ ძირითად სერვისს: 1-ელი დონის ბლოკჩეინს, გამომთვლელი სიმძლავრით ვაჭრობის დეცენტრალიზებულ პლატფორმას, დეცენტრალიზებულ საცავს და მონაცემთა ხელმისაწვდომობის სწრაფ სისტემას.

  • 0G არის ამ პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება ეკოსისტემაში გაზის საკომისიოების გადასახდელად, მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად და ნოდის ოპერაციების მხარდასაჭერად.

რა არის 0G?

0G, ანუ Zero Gravity წარმოადგენს ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზებულ ქსელს, რომელიც შექმნილია სპეციალურად ხელოვნური ინტელექტისთვის (AI). დღეისათვის, ხელოვნური ინტელექტის სისტემების უმეტესობის შემუშავება და კონტროლი ხორციელდება რამდენიმე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ. 0G გვთავაზობს განსხვავებულ მიდგომას და ნებისმიერ ადამიანს აძლევს ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნისა და ბლოკჩეინზე გაშვების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას. 

0G წარმოგიდგენთ ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების სერვისების სრულ ნაკრებს:

  • 0G Chain: EVM-თან თავსებადი 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების მხარდაჭერისთვის.

  • 0G Compute: GPU რესურსებით ვაჭრობის დეცენტრალიზებული პლატფორმა, სადაც თქვენ შეგიძლიათ იაფად და მარტივად შეიძინოთ გამომთვლელი სიმძლავრე.

  • 0G Storage: საცავის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც გეხმარებათ ხელოვნური ინტელექტის მასიური მონაცემების სწრაფად და საიმედოდ მართვაში.

  • 0G Data Availability: სისტემა, რომელიც უზრუნველოფს თქვენი მონაცემების ხელმისაწვდომობას და შემოწმებადობას.

ჩვეულებრივ, ხელოვნური ინტელექტის მოდელები საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის გამომთვლელ რესურსებს და მონაცემებზე სწრაფად წვდომის შესაძლებლობის არსებობას, რისი უზრუნველყოფაც შეუძლებელია სტანდარტული ბლოკჩეინების მეშვეობით. ამ სერვისების კომბინირებით, 0G დეველოპერებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების პირდაპირ ბლოკჩეინზე შექმნის და გაშვების შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს ცენტრალიზებულ პროვაიდერებზე დამოკიდებულების საჭიროებას.

როგორ მუშაობს 0G

0G Chain

0G Chain არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისთვის. ბლოკჩეინების უმეტესობა ზოგადი დანიშნულებისაა, ხოლო 0G Chain შექმნილია სპეციალურად ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროცესებისთვის, რაც მოიცავს დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას.

0G Chain იყენებს მოდულურ არქიტექტურას, სადაც ქსელის ტრანზაქციებთან დაკავშირებული შეთანხმების (კონსენსუსის) მიღწევის პროცესი გამიჯნულია მათი დამუშავების (აღსრულების) პროცესისგან. მსგავსი გამიჯვნა უზრუნველყოფს ქსელის მეტ მოქნილობასა და მასშტაბირებადობას, ამავდროულად შენარჩუნებულია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM) თავსობადობა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს შეუძლიათ Ethereum-ისთვის შექმნილი სმარტ კონტრაქტების 0G Chain-ზე გაშვება მინიმალური ძალისხმევით.

ქსელის უსაფრთხოებისთვის, 0G Chain იყენებს CometBFT-ის გაუმჯობესებულ ვერსიას - Byzantine Fault-Tolerant კონსენსუსის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ნოდებს შორის თანხმობის მიღწევას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რამდენიმე ნოდი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. ამ პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ვალიდატორებს შეუძლიათ სტეიკინგზე განათავსონ 0G ტოკენები და მიიღონ ჯილდოები სისტემის უსაფრთხოების მხარდაჭერის სანაცვლოდ. 

0G Compute

0G Compute მომხმარებლებს აძლევს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამომთვლელ სიმძლავრეზე წვდომის შესაძლებლობას GPU-ების გლობალური ქსელის მეშვეობით. ცენტრალიზებული ქლაუდ-სერვისების გამოყენების ნაცვლად, რომლებიც ხშირად ძვირადღირებული და შეზღუდულია, დეველოპერებს შეუძლიათ იქირაონ გამომთვლელი რესურსები პირდაპირ GPU-ს მფლობელებისგან.

ამის გაკეთება დეცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი. თუ თქვენ დეველოპერი ხართ, შეგიძლიათ დეპოზიტზე განათავსოთ კრედიტი, მოითხოვოთ სხვადასხვა სერვისი, მაგალითად მოდელის სწავლება ან მასთან ურთიერთქმედება და მიიღოთ შედეგები საუკეთესო ხელმისაწვდომი GPU-პროვაიდერისგან. თუ თქვენ ფლობთ GPU-ს შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი აპარატურა, დააწესოთ ფასი და გამოიმუშაოთ ჯილდოები დავალებების შესრულების სანაცვლოდ.

ამ პროცესის მართვა ხდება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს გადახდების პროცესის უსაფრთხოებასა და ავტომატიზაციას. ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების (ZKP-ების) გამოყენებით, 0G Compute აუმჯობესებს სისტემის ეფექტურობას და მის მიმართ ნდობას, რისი წყალობითაც შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამომთვლელი სიმძლავრის მოთხოვნა და შეთავაზება ცენტრალური პროვაიდერის საჭიროების გარეშე.

0G Storage

0G Storage არის საცავის დეცენტრალიზებული სისტემა, რომლის დანიშნულებაა ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის საჭირო მასიური მონაცემთა ნაკრებების დამუშავება. ეს სისტემა გვთავაზობს ქლაუდ-სისტემის მსგავს სიჩქარეს, თუმცა ის იყენებს Web3 მიდგომას, რაც გამორიცხავს ცენტრალური კონტროლის საჭიროებას. ნებისმიერს შეუძლია გაუშვას საცავის ნოდი და გამოიმუშაოს ჯილდოები მეხსიერების სივრცის შეთავაზების სანაცვლოდ.

0G Storage მონაცემებს ყოფს მცირე ნაწილებად, რისთვისაც იყენებს მეთოდს, სახელწოდებით „წაშლის კოდი“, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა ხელმისაწვდომობას ზოგიერთი ნოდის ქსელიდან გათიშვის შემთხვევაშიც კი. ორკომპონენტიანი სისტემა უზრუნველყოფს ქსელის ეფექტურობას: გამოქვეყნების კომპონენტი აკონტროლებს მეტამონაცემებისა და მტკიცებულებების ხელმისაწვდომობას, ხოლო საცავის კომპონენტი მართავს ფაქტიურ მონაცემებსა და მათ რეპლიკაციას.

საცავის პროვაიდერების ვერიფიკაციისთვის, 0G Storage იყენებს სისტემას, სახელწოდებით Proof of Random Access (PoRA). სისტემა ამოწმებს შემთხვევით შერჩეულ ნოდებს მათ მიერ კონკრეტული მონაცემების ფლობის მტკიცებულების მოსაპოვებლად, სწორად მომუშავე ნოდების დაჯილდოების და არასანდოების იდენტიფიკაციის მიზნით.

0G Data Availability (DA)

ხელოვნური ინტელექტის და დეცენტრალიზებული აპლიკაციები საჭიროებს არა მხოლოდ მონაცემთა საიმედოდ შენახვას, ასევე მათი ხელმისაწვდომობის სწრაფად ვერიფიკაციას. 0G Data Availability უზრუნველყოფს ქსელში შენახული მონაცემების ხელმისაწვდომობას და შემოწმებადობას. 

იმის შესამოწმებლად, რომ მონაცემები სწორადაა შენახული, სისტემა იყენებს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ DA ნოდებს. ეს ნოდები ამოწმებენ მონაცემთა ნაწილებს და მტკიცებულებებს აგზავნიან ქსელში საბოლოო ვერიფიკაციისთვის. სიჩქარის და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, 0G DA ამოწმებს არა მთელს მონაცემებს, არამედ მხოლოდ ნაწილებს, თუმცა ამ დროს შენარჩუნებულია ქსელის უსაფრთხოება.

პირველ რიგში, მონაცემები იყოფა და ინახება 0G Storage ქსელში, შემდეგ ხდება მათი დადასტურება DA ნოდების მიერ, ხოლო ბლოკჩეინზე მათ ჩაწერას უზრუნველყოფენ ვალიდატორები, რომელთაც საკუთარი 0G ტოკენები განთავსებული აქვთ სტეიკინგზე. რადგან ვალიდატორები რამდენიმე ქსელზე ერთდროულად მუშაობენ, შესაძლებელია 0G DA-ს მასშტაბირება რამდენიმე სხვადასხვა ბლოკჩეინის მხარდაჭერის მიზნით. 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, მე-2 დონის ქსელები, როგორიცაა Optimism და Arbitrum, უკვე იყენებენ 0G DA-ს იმ აპლიკაციების მხარდასაჭერად, რომელთაც ესაჭიროება დიდი მოცულობის მონანცემთა ნაკრებები და მონაცემებზე წვდომის საიმედო სისტემა.

გამოყენების გზები

0G შექმნილია ხელოვნური ინტელექტისთვის, თუმცა მოდულური არქიტექტურის წყალობით, მას ასევე შეუძლია გეიმინგის და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციების მხარდაჭერა.

გეიმინგი

თანამედროვე თამაშებს ესაჭიროება სწრაფი განახლებების, კომპლექსურ ციფრული აქტივების და მოთამაშეებს შორის რეალურ დროში ურთიერთქმედების მხარდაჭერა. 0G აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და გვთავაზობს მაღალი გამტარუნარიანობის საცავს და მონაცემებზე წვდომის ეფექტურ სისტემას. თამაშის ალგორითმი, მოთამაშის აქტივობა და აქტივების ცვლილებები შეიძლება დამუშავდეს ბლოკჩეინზე დაყოვნებების გარეშე, რაც გვთავაზობს Web3 გეიმინგის დინამიურ და ინტერაქტიულ გამოცდილებას.

დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) 

DeFi აპლიკაციები საჭიროებს ვაჭრობის, ფასების არხების კროს-ჩეინ ტრანზაქციების სწრაფად დამუშავებას. 0G-ს შეუძლია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგან ის გვთავაზობს მონაცემთა ხელმისაწვდომობის მასშტაბირებად სისტემას, სწრაფი ანგარიშსწორების და სხვა პროტოკოლებთან ინტეგრირების შესაძლებლობას. ქსელის გამომთვლელი სისტემები და საცავები ასევე გვთავაზობს კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების, ანალიტიკური სისტემებისა და აპლიკაციების მხარდაჭერას და უზრუნველყოფს როგორც მაღალ სიჩქარეს, ასევე საიმედოობას.

0G ტოკენი

0G წარმოადგენს 0G ეკოსისტემის ადგილობრივ ტოკენს, რომელიც გამოიყენება 0G Chain-ზე გაზის საკომისიოების გადასახდელად. 0G სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა სერვისები: 0G გამოიყენება ბლოკჩეინზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოთვლების, მონაცემთა ხელმისაწვდომობის, საცავის და დეცენტრალიზებული სისტემების სერვისების საფასურის გადასახდელად.

  • ნოდის ოპერაციები: ნოდის ოპერატორები უშვებენ მონიტორინგის, ვალიდატორის და საცავის ნოდებს და ქსელის მხარდაჭერის სანაცვლოდ იღებენ ჯილდოებს 0G ტოკენების სახით.

  • ქსელის უსაფრთხოება: 0G შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალიდატორების მიერ სტეიკინგზე განთავსებისთვის, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას. ის ასევე გამოიყენება ოპერატორებისთვის ჯილდოების გასაცემად, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციების ვერიფიკაციას და ხელოვნური ინტელექტის მოდელების ქცევებზე მონიტორინგს.

  • მმართველობა: 0G-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მმართველობის, ასევე განახლებებთან, საკომისიოებთან და ეკოსისტემის წესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

0G (0G) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 21 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ 0G იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 42-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 15-დან 17 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს 0G-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 3 მილიონი 0G, რაც დასაწყისში გამოშვებული ტოკენების მთლიანი მარაგის 0,3%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა 0G-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

0G გვთავაზობს დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურას, რომლის დანიშნულებაა Web3 სივრცეში ყველაზე მოთხოვნადი სერვისების მხარდაჭერა. 1-ელი დონის ბლოკჩეინის, გამომთვლელი სიმძლავრის დეცენტრალიზებული ქსელის, საცავის და მონაცემთა ხელმისაწვდომობის სისტემის კომბინირებით, ის წარმოგვიდგენს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების პირდაპირ ბლოკჩეინზე შესაქმნელად და გასაშვებად საჭირო ინსტრუმენტების სრულ ნაკრებს.

ის ძირითადად ხელოვნურ ინტელექტზეა ფოკუსირებული, თუმცა მის არქიტექტურას ასევე შეუძლია სხვა სფეროების მხარდაჭერაც, როგორიცაა გეიმინგი და დეცენტრალიზებული ფინანსები, სადაც სიჩქარე, მასშტაბირებადობა და საიმედოობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. ვერიფიცირებადი პროდუქტების გამოყენება, მოდულური დიზაინი და მონაწილეობის წახალისების სისტემა 0G-ს აძლევს დიდი მოცულობის მონაცემთა ნაკრებებთან, მაღალი წარმადობის აპლიკაციებთან და კროს-ჩეინ აქტივობებთან მუშაობის შესაძლებლობას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.










პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.