მთავარი
ლექსიკონი
კონსენსუსის ალგორითმი

კონსენსუსის ალგორითმი

რა არის კონსენსუსის ალგორითმები?

კონსენსუსის ალგორითმები გახლავთ მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც ბლოკჩეინ ქსელში ჩართული კომპიუტერები აღწევენ შეთანხმებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთი მათგანი არასამართლიანად მოქმედებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონსენსუსის ალგორითმი არის მექანიზმი ან წესების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მიიღწევა შეთანხმება განაწილებული ქსელის მონაწილეებს (კომპიუტერებს) შორის, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ იცნობდნენ ან ენდობოდნენ ერთმანეთს.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენი მეგობრები ახორციელებთ ფულადი ტრანზაქციების მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას ინიშნავთ საერთო ჟურნალში (ანუ ლეჯერში). თუ თქვენს შორის არსებობს ნდობა, პროცესი მარტივად წარიმართება – ერთ-ერთი თქვენგანი ჩაწერს ტრანზაქციის მონაცემებს, ხოლო დანარჩენები უბრალოდ დაეთანხმებიან მას. თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე გექნებათ უცხო ადამიანებთან, რომლებმაც შესაძლოა გადაწყვიტონ არაკეთილსინდისიერი მიზნებით მოქმედება? სწორედ ასეთ შემთხვევებშია საჭირო კონსენსუსის ალგორითმების გამოყენება.
ბლოკჩეინზე თითოეული მომხმარებელი ფლობს ერთი და იმავე ციფრული ლეჯერის ასლს, სადაც ხდება ტრანზაქციების ჩაწერა. მთავარ მიზანს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ეს ასლი ემთხვეოდეს ერთმანეთს, რათა გამოირიცხოს თაღლითობის ან ყალბი ტრანზაქციების შექმნის ალბათობა. კონსენსუსის ალგორითმების ყველაზე პოპულარული ტიპებია Proof of Work (PoW) და Proof of Stake (PoS) ალგორითმები.

1. Proof of Work (PoW)

PoW შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც შეჯიბრი თავსატეხის ამოხსნაში. მაინერები (ქსელში ჩართული კომპიუტერები) ერთმანეთს ეჯიბრებიან რთული თავსატეხების ამოხსნაში. პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის თავსატეხს, მოიპოვებს ბლოკჩეინზე ტრანზაქციების ახალი ბლოკის დამატების უფლებას. ეს პროცესი ოქროს მოპოვებას ჰგავს – საჭიროა ბევრი ენერგია და მძლავრი აღჭურვილობა.

მაინერები ამ თავსატეხების ამოხსნაში მნიშვნელოვან ენერგიას და რესურსებს დებენ, სწორედ ეს უწყობს ხელს სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შენარჩუნებას. PoW რთულ მათემატიკურ ამოცანას ჰგავს, რომელიც მაინერებმა უნდა ამოხსნან იმის დასამტკიცებლად, რომ მათ ნამდვილად შეასრულეს საჭირო სამუშაო. ამ ყველაფრით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ჯილდო მოიპოვოს იმან, ვინც ყველაზე დიდი ძალისხმევა ჩადო პროცესში – როგორც ოქროს მოპოვების დროს, როდესაც მაღაროელი პოულობს დიდი ზომის ოქროს ნატეხს.

2. Proof of Stake (PoS)

PoS განსხვავებული პრინციპით მუშაობს. თავსატეხების ამოხსნაში შეჯიბრის ნაცვლად, ვალიდატორები (მაინერების ალტერნატივა) მორიგეობით ქმნიან ახალ ბლოკებს. იმისათვის, რომ მომხმარებელი გახდეს ვალიდატორი, საჭიროა კრიპტოვალუტის დაბლოკვა (სტეიკინგი). ვალიდატორები საერთო შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტენ, რომელი ტრანზაქციის დამატება უნდა მოხდეს შემდეგ ბლოკში. სამართლიანად მოქმედების შემთხვევაში, ისინი დაჯილდოვდებიან ტრანზაქციის საკომისიოებით. თუმცა, თაღლითურად მოქმედების მცდელობის დაფიქსირების შემთხვევაში, ისინი დაკარგავენ სტეიკინგზე განთავსებულ მონეტებს.

PoS მეგობრულ ფსონს წააგავს – პროცესში ჩართვის მიზნით, ვალიდატორები მზად არიან წავიდნენ თანხის დაკარგვის რისკზე. ეს არის არა შეჯიბრი, არამედ იმის დემონსტრირება, რომ მათ ნამდვილად სურთ ქსელის უსაფრთხოების და სამართლიანობის უზრუნველყოფა.

დასკვნა

ეს კონსენსუსის ალგორითმები შეგვიძლია ბლოკჩეინის ქსელების საგზაო წესებს შევადაროთ. მათი მეშვეობით ყველა ერთი და იმავე წესების შესაბამისად, სწორი მიმართულებით მოძრაობს. ბლოკჩეინის სივრცეში, სადაც ნდობის მოპოვება არც თუ ისე მარტივია, კონსენსუსის ალგორითმების მეშვეობით ხდება უსაფრთხოების და სანდოობის უზრუნველყოფა სისტემაში, სადაც მიმდინარეობს ტრანზაქციების ჩაწერა და საერთო ისტორიის გენერირება. ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, მოსალოდნელია ახალი ალგორითმების შექმნა და უკვე არსებული ალგორითმების გაუმჯობესება, თუმცა ამ ეტაპზე, PoW და PoS მექანიზმები ბლოკჩეინის გზატკეცილზე მოძრაობის ყველაზე სანდო მარეგულირებლებად ითვლება.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.