რა არის Arbitrum (ARB)?

რა არის Arbitrum (ARB)?

განახლებული Jul 6, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • Arbitrum არის Ethereum-ის მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიების ნაკრები, რომლის დანიშნულებაა ტრანზაქციების სწრაფად და იაფად განხორციელება და ამავდროულად Ethereum-ის უსაფრთხოების დონის შენარჩუნება.

  • ნაკრებში შედის Arbitrum One (Rollup ბლოკჩეინი), Arbitrum Nova (AnyTrust ბლოკჩეინი) და პერსონალიზებადი Orbit ბლოკჩეინები, რომლებიც შეიძლება გაეშვას მე-2 ან მე-3 დონის ქსელების სახით.

  • ტრანზაქციის აღსრულებისთვის და დავების გადაჭრისთვის, როგორც Rollup, ასევე AnyTrust ბლოკჩეინში გამოიყენება ოპტიმისტური როლაფის ტექნოლოგია, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ტრანზაქციების მონაცემების შენახვის მეთოდებით.

  • Orbit ბლოკჩეინები დეველოპერებს აძლევს საკუთარი Rollup ან AnyTrust ბლოკჩეინების გაშვების და მათი ფუნქციების, მაგალითად მმართველობის, გაზის ტოკენის, კონფიდენციალურობის და ანგარიშსწორების დონეების კონფიგურირების შესაძლებლობას.

  • ARB ტოკენი გამოიყენება Arbitrum DAO ეკოსისტემაში მიმდინარე მმართველობის, დელეგირებისა და დაფინანსების პროცესების ფარგლებში.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Arbitrum არის მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია Ethereum-ისთვის და სწრაფი, იაფი და მასშტაბირებადი ტრანზაქციების განხორციელებისთვის იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს. ეს დეველოპერებს აძლევს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შექმნის და გაშვების შესაძლებლობას, რომლებიც Ethereum-ზე არსებულის ანალოგიურია, თუმცა გვთავაზობს უფრო დაბალ საკომისიოებს და ტრანზაქციების უფრო სწრაფად დადასტურებას.

2026 წლის მდგომარეობით, Arbitrum-ის ეკოსისტემაში ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 15-17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მე-2 დონის ტექნოლოგიების ბაზრის დაახლოებით 30%-ს წარმოადგენს. Base-ის შემდეგ, ეს არის მე-2 დონის სიდიდით მეორე ეკოსისტემა.

რა არის Arbitrum?

Arbitrum არის Ethereum-ის მასშტაბირების ტექნოლოგიების ნაკრები, რომელიც დაფუძნებულია Arbitrum Nitro ტექნოლოგიის სტეკზე. ქსელი იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციების off-chain აღსრულება, მათი გაერთიანება პაკეტებად და შედეგების გაგზავნა Ethereum-ზე. ეს შედეგები ვალიდურად ითვლება მათ შემოწმებამდე, ხოლო Ethereum-ზე ხდება საეჭვო ტრანზაქციების ვერიფიკაცია.

Arbitrum-ის ნაკრებში შედის:

  • Arbitrum One: საჯარო როლაფის ბლოკჩეინი, რომლის მეშვეობითაც ტრანზაქციის ყველა მონაცემი ქვეყნდება Ethereum-ზე, რაც უზრუნველყოფს ნდობის საჭიროების მაქსიმალურად გამორიცხვას.

  • Arbitrum Nova: საჯარო AnyTrust ბლოკჩეინი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციის მონაცემების ბლოკჩეინის გარეთ, მონაცემთა ხელმისაწვდომობის კომიტეტის (DAC) მეშვეობით შენახვის შესაძლებლობას, რაც ამცირებს ტრანზაქციის საკომისიოებს.

  • Arbitrum Orbit ბლოკჩეინები: სრულად პერსონალიზებადი ბლოკჩეინები, რომლებიც შეიძლება გაეშვას, როგორც მე-2 დონის ან მე-3 დონის ქსელები. მათ დანიშნულებაა ეფექტურობასთან, მმართველობასთან ან ხარჯებთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

როგორ მუშაობს Arbitrum

სეკვენსერი

როდესაც ტრანზაქციას აგზავნით Arbitrum-ზე, პირველ რიგში ის გადაეცემა სეკვენსერს, რომელიც განსაზღვრავს ტრანზაქციების თანმიმდევრობას და ახორციელებს მომენტალურ დადასტურებას, რათა შედეგები მაშინვე აისახოს. თანმიმდევრობის შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში გადაიცემა სეკვენსერის არხის მეშვეობით, რაც საფულეებს და აპლიკაციებს აძლევს მონაცემების მომენტალურად განახლების შესაძლებლობას.

ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრის შემდეგ, სეკვენსერი აერთიანებს მათ პაკეტებად, კუმშავს მონაცემებს პაკეტების ზომის და საფასურის შემცირების მიზნით და აქვეყნებს მათ Ethereum-ზე. Ethereum თითოეულ ტრანზაქციას მიიჩნევს ვალიდურად, გარდა სხვა პირების მიერ დავის წამოჭრის შემთხვევებისა. სეკვენსერის მიერ ტრანზაქციების დაყოვნების მაქსიმალური დრო 24 საათია. მომხმარებლებს კი აღნიშნული პროცესებისთვის გვერდის გავლა მის პირდაპირ Ethereum-ის Delayed Inbox-ში გაგზავნით შეუძლიათ, რაც ბლოკირების შემთხვევაში მათ იძულებით გააქტიურებას უზრუნველყოფს.

დავის გადაჭრა

თუ ვინმე შეამჩნევს საეჭვო აქტივობას, მან შეიძლება მოითხოვოს ტრანზაქციის შემოწმება დავის გადაჭრისთვის განსაზღვრულ დროის ინტერვალში. მსგავს შემთხვევებში, Ethereum ამოწმებს ტრანზაქციების პაკეტის მხოლოდ სადავო ნაწილს, რისთვისაც იყენებს Arbitrum-ის Bounded Liquidity Delay (BoLD) პროტოკოლს. ეს წარმოადგენს თაღლითობის აღმოჩენის მრავალრაუნდიან სისტემას, რაც უზრუნველყოფ შესაძლებლობას, რომ საკითხის წამოჭრა შეეძლოს ნებისმიერ მსურველს და არა მხოლოდ ავტორიზებულ ვალიდატორებს.

BoLD mainnet-ზე 2024 წელს გაეშვა, ხოლო 2025 წელს დაასრულა ნებართვის საჭიროების არმქონე რეჟიმზე გადასვლა, რითაც მოხდა მანამდე არსებული ავტორიზებული ვალიდატორების სიის ჩანაცვლება. დავის გადაჭრისთვის განსაზღვრული სტანდარტული ვადა დაახლოებით 6,4 დღეა. შეცდომის ან თაღლითობის აღმოჩენის შემთხვევაში, არასწორი ტრანზაქცია ხელახლა გაეშვება, მოხდება ქსელის მდგომარეობის კორექტირება, ხოლო ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა თაღლითური ტრანზაქციის დადასტურებაში, დაკარგავს სტეიკინგზე განთავსებულ აქტივს. ტრანზაქციები ნაწილობრივ დასრულებულად ითვლება სეკვენსერის მიერ დადასტურების შემდეგ, ხოლო ბოლომდე დასრულებულად - ტრანზაქციების პაკეტის Ethereum-ზე გამოქვეყნების და დავის პერიოდის ამოწურვის შემდეგ.

ტექნოლოგიური სტეკი

Arbitrum გაშვებულია Arbitrum Nitro-ზე - ტექნოლოგიის სტეკზე, რომელიც დაფუძნებულია Ethereum-ის პროგრამული უზრუნველყოფის (Geth) მოდიფიცირებულ ვერსიაზე. Nitro-ს ვირტუალურ კომპიუტერში ინტეგრირებულია WebAssembly (WASM), რომლითაც ხდება ტრანზაქციების ვერიფიკაცია დავის წარმოშობის შემთხვევაში. Stylus განახლების მეშვეობით, რომელიც ახლა უკვე გაშვებულია mainnet-ზე ArbOS 32-ის ფარგლებში, დამატებულია მეორე ვირტუალური კომპიუტერი, რომელიც მუშაობს Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერთან (EVM) ერთად და გვთავაზობს ორმაგ სისტემას. EVM აგრძელებს Solidity-ზე დაწერილი სმარტ კონტრაქტების, ხოლო Stylus-ის მეშვეობით ხდება WASM-ზე დაფუძნებული კონტრაქტების გაშვება, რომლებიც დაწერილია პოპულარულ ენებზე, როგორიცაა Rust, C და C++. Stylus-ზე და Solidity-ზე დაწერილ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება მარტივია, რაც დეველოპერებს სთავაზობს მეტ მოქნილობას და სრულიად ახალი აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას.

Arbitrum-ის ეკოსისტემა

Arbitrum-ის ყველა ბლოკჩეინი დაფუძნებულია ერთი და იმავე საბაზისო ტექნოლოგიაზე, ხოლო დავების გადაჭრისთვის იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ ტრანზაქციის მონაცემების შენახვის მეთოდებსა და თითოეული ქსელის მიერ დეცენტრალიზაციას, ხარჯებსა და ეფექტურობას შორის ბალანსის დაცვის გზებში.

Arbitrum One

Arbitrum One წარმოადგენს ოპტიმისტური როლაფის საჯარო ბლოკჩეინს. ის ტრანზაქციებს ამუშავებს off-chain და შემდეგ ტრანზაქციის შედეგების მონაცემებს აქვეყნებს Ethereum-ზე, რისი წყალობითაც ნებისმიერს შეუძლია დამოუკიდებლად შეამოწმოს ბლოკჩეინის მდგომარეობა მესამე მხარის ნდობის საჭიროების გარეშე. ამ მიდგომის წყალობით შესაძლებელი ხდება აღნიშნული ერთეულის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმები.

Arbitrum Nova

Arbitrum Nova გაშვებულია AnyTrust პროტოკოლზე, რომელიც მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის განსხვავებულ მეთოდს იყენებს. ყველა ტრანზაქციის მონაცემების Ethereum-ზე გამოქვეყნების ნაცვლად, Nova მათ ინახავს ბლოკჩეინის გარეთ, მონაცემთა ხელმისაწვდომობის კომიტეტის (DAC) მეშვეობით. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს გაზის საკომისიოებს, რის შედეგადაც Nova უფრო ეფექტური ხდება მაღალი აქტივობის და მცირე ხარჯების მქონე სფეროებში, როგორიცაა გეიმინგის პლატფორმები და სოციალური აპლიკაციები

DAC-ისგან მონაცემების მიღების შეუძლებლობის ან დავის წარმოშობის შემთხვევაში, Nova გადაერთვება როლაფის რეჟიმზე და Ethereum-ზე გამოაქვეყნებს დავის გადაჭრისთვის საჭირო მონაცემებს.

Orbit ბლოკჩეინები

Orbit ბლოკჩეინები დეველოპერებს აძლევს საკუთარი Rollup ან AnyTrust ბლოკჩეინების, მაგალითად პირდაპირ Ethereum-თან დაკავშირებული მე-2 დონის ქსელის ან სხვა მე-2 დონის ბლოკჩეინთან დაკავშირებული მე-3 დონის ქსელის შექმნის შესაძლებლობას. აპჩეინების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, დეველოპერებს შეუძლიათ სხვადასხვა ასპექტების, მაგალითად მმართველობის მოდელების, გაზის ტოკენების, კონფიდენციალურობის პარამეტრების, გამტარუნარიანობის და მონაცემთა ხელმისაწვდომობის ვარიანტების კონფიგურაცია. 2026 წლის მონაცემებით, გაშვებულია 100-ზე მეტი Orbit ბლოკჩეინი, მათ შორის, ისეთი ცნობილი პროექტები, როგორიცაა ApeChain და Degen Chain.

მსგავსი მოქნილობის წყალობით, შესაძლებელი ხდება Orbit ბლოკჩეინების სპეციალიზებული დანიშნულებით გამოყენება, მაგალითად, კორპორაციულ სისტემებში ან კერძო ქსელებში.

Arbitrum-ის ხიდი

Arbitrum-ის ხიდი აქტივების Ethereum და Arbitrum ქსელებს შორის გადატანის შესაძლებლობას გაძლევთ. ჩვეულებრივ, ტოკენების Ethereum-იდან Arbitrum-ზე გადატანას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, თუმცა, როლაფის ბლოკჩეინიდან უკან Ethereum-ზე დაბრუნებისთვის დაახლოებით შვიდი დღეა საჭირო, რაც განპირობებულია დავის პერიოდით, რომელიც საჭიროა თაღლითობის აღმოსაჩენად. თუ არ გსურთ ლოდინი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სწრაფი ხიდის სერვისი, რომელიც, მცირე საკომისიოს სანაცვლოდ ტრანზაქციების თითქმის მომენტალურად აღსრულების შესაძლებლობას გაძლევთ.

შეზღუდვები

მიუხედავად იმისა, რომ Arbitrum გვთავაზობს გაუმჯობესებულ სიჩქარეს და ნაკლებ საკომისიოებს, საჭიროა გაითვალისწინოთ მისი უარყოფითი მხარეები.

თანხის გატანის დაყოვნება

როლაფის ბლოკჩეინიდან თანხის Ethereum-ზე დაბრუნებას დაახლოებით ერთი კვირა ესაჭიროება, რაც თაღლითობის კონტროლისთვის განსაზღვრული პერიოდითაა გამოწვეული. სწრაფი ხიდების წყალობით შესაძლებელია ლოდინის პერიოდის შემცირება, თუმცა ამისათვის საჭიროა დამატებითი საკომისიოების გადახდა და თქვენი აქტივების სხვა სერვისისთვის მინდობა.

ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები

მიუხედავად იმისა, რომ BoLD-ზე ვალიდაციის პროცესი ახლა უკვე სპეციალური ნებართვების გარეშე მიმდინარეობს, Arbitrum-ის ინფრასტრუქტურის ყველა ნაწილი ჯერ კიდევ არ არის სრულად დეცენტრალიზებული. Arbitrum One-ზე სეკვენსერი ჯერ კიდევ Offchain Labs-ის კონტროლის ქვეშაა, თუმცა მომხმარებლებს აღნიშნული პროცესებისთვის გვერდის ავლა Delayed Inbox-ის მეშვეობით შეუძლიათ. AnyTrust ბლოკჩეინების მუშაობა დამოკიდებულია მცირე ზომის ჯგუფზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მონაცემთა შენახვაზე. Arbitrum-ის DAO გეგმავს სეკვენსერის ეტაპობრივ დეცენტრალიზაციას.

ARB ტოკენი

ARB წარმოადგენს Arbitrum პროტოკოლის ადგილობრივ governance ტოკენს. ARB-ის მფლობელები მონაწილეობენ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO-ს) მიერ განხორციელებულ ქსელის მმართველობის პროცესებში. აღნიშნული ტოკენი გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:

  • ხმის მიცემა: ARB ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებთან, ტექნიკურ პარამეტრებთან და ხაზინის ფონდების განაწილებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს.

  • დელეგირება: მფლობელებს, რომელთაც არ სურთ ხმის მიცემის პროცესში პირდაპირ ჩართვა, შეუძლიათ საკუთარი ტოკენები გადასცენ საზოგადოების სანდო წევრს.

  • ფინანსების განაწილება: DAO-ს ხაზინა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დეველოპერებისთვის გრანტების გასაცემად და Arbitrum-ზე გაშვებული პროექტების დასაფინანსებლად.

  • უსაფრთხოება: RB-ის მფლობელები ირჩევენ უსაფრთხოების საბჭოს, რომელსაც მინიჭებული აქვს შეზღუდული უფლებამოსილება საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისთვის, რაც მოიცავს კრიტიკული სისუსტეების აღმოფხვრის ღონისძიებებს.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის Arbitrum?

Arbitrum არის Ethereum-ის მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციების off-chain დამუშავება, ოპტიმისტური როლაფების მეშვეობით, ხოლო ანგარიშსწორების პროცესები უშუალოდ Ethereum-ზე მიმდინარეობს, რაც ამცირებს ხარჯებს, აუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ამავდროულად, უზრუნველყოფს Ethereum-ის შესაბამისი უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას.

რა განსხვავებაა Arbitrum One-სა და Arbitrum Nova-ს შორის?

Arbitrum One ტრანზაქციის ყველა მონაცემს Ethereum-ზე აქვეყნებს, პრიორიტეტს ანიჭებს დეცენტრალიზაციას და „ნდობის საჭიროების გარეშე“ მუშაობას. Arbitrum Nova მონაცემებს ბლოკჩეინის მიღმა ინახავს, მონაცემთა ხელმისაწვდომობის კომიტეტის (DAC) მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკომისიოებს. Arbitrum One უფრო ეფექტურია მაღალი ხარჯების მქონე DeFi პროცესების ფარგლებში გამოყენებისთვის, ხოლო Nova უფრო მეტად შეეფერება მაღალი აქტივობის და მცირე ხარჯების მქონე სფეროებს, როგორიცაა გეიმინგის პლატფორმები

რა დროა საჭირო Arbitrum-იდან თანხის გატანისთვის?

Arbitrum One-დან Ethereum-ზე თანხის გადატანას, როგორც წესი, დაახლოებით შვიდი დღე სჭირდება, რაც თაღლითობის კონტროლისთვის განსაზღვრული პერიოდითაა გამოწვეული. სწრაფი ხიდების წყალობით შესაძლებელია ლოდინის პერიოდის რამდენიმე წუთამდე შემცირება, თუმცა ამისათვის საჭიროა დამატებითი საკომისიოების გადახდა და თქვენი აქტივების სხვა სერვისისთვის მინდობა.

რისთვის გამოიყენება ARB ტოკენი?

ARB არის Arbitrum DAO-ის governance ტოკენი. მისი მეშვეობით შესაძლებელია პროტოკოლის განახლებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობა, ხმის მიცემის უფლებების სხვა პირებისთვის გადაცემა და უსაფრთხოების საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობა. გარდა ამისა, DAO-ს მიერ იმართება სახაზინო, რომელიც აფინანსებს ეკოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ინიციატივებს.

რა არის Stylus Arbitrum-ზე?

Stylus არის Arbitrum Nitro სტეკის განახლება, რომლის მეშვეობითაც ხდება EVM-ის პარალელურად მომუშავე მეორე ვირტუალური კომპიუტერის დამატება. ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს, დაწერონ სმარტ კონტრაქტები Rust, C და C++ პროგრამულ ენებზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურობას ისეთ პროცესებთან მიმართებაში, რომლებიც დიდი ოდენობით მეხსიერების მოხმარებას მოითხოვს. Stylus mainnet-ზე გაეშვა ArbOS 32-ის ფარგლებში და სრულად თავსებადია არსებულ Solidity კონტრაქტებთან.

შეჯამება

Arbitrum უზრუნველყოფს Ethereum-ის მასშტაბირებადობის პროცესებს ოპტიმისტური როლაფების მეშვეობით, რაც გულისხმობს ტრანზაქციების off-chain დამუშავებას და Ethereum-ზე მხოლოდ საბოლოო მონაცემების დამატებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ისეთი ერთეულების მეშვეობით, როგორიცაა Arbitrum One, Arbitrum Nova და სრულად კონფიგურირებადი Orbit ბლოკჩეინები, შესაძლებელი ხდება ქსელის მრავალი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. BoLD პროტოკოლზე ვალიდაციის პროცესები სპეციალური ნებართვის გარეშე მიმდინარეობს, ხოლო Stylus განახლებამ გააფართოვა დეველოპერების შესაძლებლობები. როგორც ნებისმიერი პროტოკოლის შემთხვევაში, ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, მომხმარებლებმა და დეველოპერებმა მუდმივად ადევნონ თვალი სიახლეებსა და ცვლილებებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.