TL;DR
Peer-to-peer (P2P) ვაჭრობა პოპულარობას იკრებს კრიპტო ტრეიდერებს შორის, მაგრამ მას, როგორც ვაჭრობის სხვა ფორმებს, თან ახლავს რისკები. ამ რისკების გაცნობა მოვაჭრეებს პოტენციური ზარალისგან თავის დაცვაში და პროცესის უკეთ გაგებაში ეხმარება. არსებობს უსაფრთხოების არაერთი ზომა — გაიგეთ მეტი მათ შესახებ და შეიტყვეთ, თუ როგორ და როდის უნდა გამოიყენოთ ისინი.
შესავალი
კრიპტოვალუტით Peer-to-peer (P2P) ვაჭრობა გულისხმობს ციფრული ვალუტის ყიდვასა და გაყიდვას მესამე მხარის შუამავლობის გარეშე. P2P ვაჭრობა მყიდველსა და გამყიდველს ფასების განსაზღვრის, სავაჭრო პარტნიორის არჩევისა და ტრანზაქციის დროის არჩევის საშუალებას აძლევს. ამასთან, ის გამოცდილ ტრეიდერებს უფრო სარგებლიანი და მათ საჭიროებებს მორგებული სავაჭრო პირობების პოვნაში ეხმარება.
კრიპტო P2P სავაჭრო ბირჟები ინდივიდებს შორის კრიპტოვალუტის პირდაპირ გაცვლას ახორციელებენ. ცენტრალური რგოლის ან მესამე მხარის არარსებობის გამო მომხმარებლებს საკუთარ თანხაზე მეტი კონტროლი აქვთ, რაც მათ ტრანზაქციის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვის საშუალებას აძლევს.
ამ უპირატესობების მიუხედავად P2P ვაჭრობას ახლავს რისკები, რომლებიც პროცესში ჩართვამდე ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს. გავრცელებულ რისკებს შორის არის გადახდის ყალბი მტკიცებულება, ჩარჯბეკის თაღლითობა, არასწორი გადარიცხვა, შუამავლის თავდასხმა, სამკუთხა თაღლითობა და ფიშინგი.
არის თუ არა P2P ვაჭრობა უსაფრთხო?
ვაჭრობის სხვა ტიპების მსგავსად, P2P ვაჭრობასაც თან ახლავს რისკები, რომლებიც ბირჟებისა და მათი უსაფრთხოების ზომების მიხედვით განსხვავდება. წარსულში ბირჟები ქურდობისა და თაღლითობის დიდი რისკებთან იყო დაკავშირებული, ახალ P2P სავაჭრო პლატფორმებზე კი უსაფრთხოების ზომები საგრძნობლად არის გაუმჯობესებული.
თანამედროვე წამყვანი P2P ბირჟები მომხმარებლების დასაცავად იყენებენ ესქრო სერვისს, უსაფრთხოების რეგულარული განახლებებსა და ვინაობის ვერიფიკაციის პროცესს (სხვა ზომებთან ერთად).
თუმცა, ამ ზომების მიღების მიუხედავად, ვაჭრობა რისკებისგან დაზღვეული მაინც არ არის — გამონაკლისი არც P2P ვაჭრობაა.
რომლებია P2P თაღლითობის გავრცელებული სახეები?
გაყალბებული გადახდის მტკიცებულება ან SMS
თაღლითებს შეუძლიათ შეცვალონ ციფრული ქვითარი და დაგარწმუნონ, რომ გადახდა განახორციელეს და კრიპტო მოტყუებით გამოგაგზავნინონ. ამის მაგალითია SMS თაღლითობა, როდესაც დამნაშავე ტექსტურ შეტყობინებას აყალბებს და მსხვერპლს აფიქრებინებს, რომ მან საფასური მიიღო.
როგორ ავირიდოთ მსგავსი თაღლითობა: თქვენ, როგორც გამყიდველმა ტრანზაქცია მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაადასტუროთ, რაც თანხა თქვენს საფულეში ან საბანკო ანგარიშზე აღმოჩნდება.
ჩარჯბეკის თაღლითობა
დამნაშავემ შესაძლოა მისი არჩეული გადახდის პლატფორმის ჩარჯბეკის ფუნქცია გამოიყენოს და თქვენი აქტივების მიღების შემდეგ თავისი გადახდა გააუქმოს. ხშირად ისინი გადახდას მესამე მხარის ანგარიშის გამოყენებით ცდილობენ. გადახდის ზოგიერთი მეთოდის, მაგალითად ჩეკისა და ონლაინ საფულის გამოყენებით, ჩარჯბეკის მოთხოვნა უფრო მარტივია.
როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი თაღლითობა: არ დაადასტუროთ გადახდა მესამე მხარის ანგარიშებიდან. ასეთ შემთხვევაში განათავსეთ აპელაცია პლატფორმაზე და გაგზავნეთ თანხის დაბრუნების მოთხოვნა მყიდველის ანგარიშზე.
არასწორი გადარიცხვა
ისევე როგორც ჩარჯბეკ თაღლითობის შემთხვევაში, შესაძლოა დამნაშავემ თქვენი აქტივების მოსაპარად, არასწორი ტრანზაქციის შესახებ ბანკს მიმართოს და მისი გაუქმება მოითხოვოს. ზოგიერთმა თაღლითმა შესაძლოა თქვენი დაშინებაც სცადოს, მაგალითად გითხრათ, რომ კრიპტოვალუტის გაყიდვა არალეგალურია, რათა თქვენ ქურდობის შესახებ არ განაცხადოთ.
როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი თაღლითობა: ნუ შეგაშინებთ თაღლითის მცდელობები. მოაგროვეთ თქვენი კომუნიკაციისა და დანაშაულებრივი ტრანზაქციის მტკიცებულებები, მაგალითად ეკრანის ანაბეჭდები.
შუამავლის თავდასხმა
შუამავლის თავდასხმის შემთხვევაში, ბოროტმოქმედი თავს ასაღებს მომხმარებელსა და აპლიკაციას, ორგანიზაციას ან სხვა ინდივიდს შორის არსებულ შუამავლად და მათი სახელით კომუნიკაციისას აქტივების ან სენსიტიური ინფორმაციის, მაგალითად პირადი გასაღებების მოპარვას ცდილობს. შუამავლის თავდასხმის სამი მთავარი კატეგორიაა რომანტიკული, საინვესტიციო და ელექტრონული კომერციის თაღლითობები.
რომანტიკული თაღლითობა. თაღლითი მსხვერპლთან ყალბ ონლაინ ურთიერთობას იწყებს. მსხვერპლის ნდობის მოპოვების შემდეგ, დამნაშავე იწყებს მის მანიპულირებას, სთხოვს ფინანსურ დახმარებას, აგზავნინებს თანხას, კრიპტოს ან სენსიტიურ ინფორმაციას, მაგალითად პირად გასაღებს, მიზნის მიღწევის შემდეგ კი მასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს.
საინვესტიციო თაღლითობა. საინვესტიციო თაღლითობის დროს, დამნაშავე მსხვერპლს არწმუნებს, რომ თანხა კონკრეტულ ბიზნესში ჩადოს. მსხვერპლსა და საინვესტიციო შესაძლებლობას შორის შუამავლის როლის თამაშით, თაღლითს შეუძლია „ინვესტიციის“ სახით მიღებული მომხმარებლის თანხა ნებისმიერი დანიშნულებით გამოიყენოს.
ელექტრონული კომერციის თაღლითობა. ელექტრონული კომერციის თაღლითობის დროს, ბოროტმოქმედი თავს ონლაინ გამყიდველად ასაღებს და მომხმარებელს სასურველ პროდუქტებს ფასდაკლებით სთავაზობს. ის მომხმარებლისგან დაჟინებით მოითხოვს საფასურის კრიპტოთი გადახდას, ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ კი დაპირებული პროდუქტის მიწოდების გარეშე ქრება.
როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი თაღლითობა: არ გამოეხმაუროთ ვაჭრობასთან დაკავშირებულ შეთავაზებებს სოციალურ ქსელებში. შემხვედრ მხარესთან საკომუნიკაციოდ, ტრანზაქციის განხორციელებამდე და მის შემდეგაც, გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური პლატფორმა.
სამკუთხა თაღლითობა
სამკუთხა, ან სამკუთხედის თაღლითობაში მონაწილეობს ორი დამნაშავე, რომლებიც თითქმის ერთდროულად იღებენ ერთსა და იმავე შეკვეთას ერთი გამყიდველისგან, რის შედეგად დაბნეული მომხმარებელი იმაზე მეტ კრიპტოს გზავნის, ვიდრე საფასურს იღებს.
მაგალითად, A მყიდველი იღებს 5 000 BUSD ღირებულების კრიპტოს შეკვეთას (A შეკვეთა), B მყიდველი კი იღებს 6 000 BUSD ღირებულების კრიპტოს შეკვეთას (B შეკვეთა).
B მყიდველი გამყიდველს ურიცხავს 5 000 BUSD-ს, A მყიდველი კი შეკვეთას გადახდილად მონიშნავს. გამყიდველი კრიპტოს გაუგზავნის A მყიდველს, შესაბამისად, 5 000 BUSD მოცულობის A შეკვეთა შესრულდება. B მყიდველი გამყიდველს კიდევ 1 000 BUSD-ს უგზავნის, წარუდგენს A მყიდველისგან წარდგენილ გადახდის მტკიცებულებასაც და მას აიძულებს B შეკვეთით გათვალისწინებული აქტივები მასთან გაუშვას.
საბოლოოდ ირკვევა, რომ გამყიდველმა 6 000 BUSD-ს სანაცვლოდ 11 000 BUSD-ის (5 000 + 6 000) ღირებულების კრიპტო გააგზავნა.
როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი თაღლითობა: ყოველთვის წინასწარ შეამოწმეთ საბანკო ანგარიში ან საფულე და დარწმუნდით რომ ყველა P2P ტრანზაქციის საფასური სრულად მიიღეთ.
ფიშინგი
ფიშინგი არის თავდასხმის ტიპი, რომლის დროსაც თაღლითი ყალბი პროფილის გამოყენებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას და მათგან აქტივების ან ინფორმაციის მიღებას ცდილობს. მაგალითად, თაღლითმა შესაძლოა თავი P2P პლატფორმის მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის წარმომადგენლად გაასაღოს და პირად ინფორმაციაზე ან კრიპტო ანგარიშებზე მოიპოვოს წვდომა.
როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი თაღლითობა: თაღლითმა შესაძლოა ანგარიშის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყალბი ელ. წერილი ან ტექსტური შეტყობინება გამოგიგზავნოთ. ამ შეტყობინების დათვალიერებისას,არ დააწკაპუნოთ უცხო ბმულებზე, სანამ წყაროს არ გადაამოწმებთ. დასახმარებლად მხოლოდ ოფიციალური P2P ბირჟა გამოიყენეთ.
როგორ ამოვიცნოთ რისკები
ვაჭრობამდე
შეამოწმეთ P2P რეკლამის განმთავსებლის პროფილები. კარგად შეისწავლეთ პოტენციური სავაჭრო კანდიდატები და ამოირჩიეთ, რომელთან გსურთ ურთიერთობა. P2P პროფილის შემოწმებისას უნდა დააკვირდეთ შემდეგ დეტალებს:
ვაჭრობების რაოდენობა: მცირე რიცხვი ყოველთვის ცუდი არ არის, თუმცა შესრულებული ტრანზაქციების დიდი ოდენობა შესაძლოა სანდო P2P მოვაჭრეზე მიანიშნებდეს.
შესრულების მაჩვენებელი: თუ ეს მაჩვენებელი 80%-ზე ნაკლებია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრეიდერს ტრანზაქციების გაუქმების ჩვევა აქვს.
უკუკავშირი მოვაჭრეებისგან ან მომხმარებლებისგან: ძალიან ცოტა პოზიტიური, ან ბევრი ნეგატიური კომენტარი შეიძლება მაღალ რისკებზე მიანიშნებდეს.
ყურადღებით შეისწავლეთ რეკლამები. შეაფასეთ თითოეული P2P რეკლამა და განსაზღვრეთ, შეესაბამება თუ არა ისინი თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს. გაითვალისწინეთ ფასი, გადახდის მეთოდები, შეზღუდვები (მაგალითად ვაჭრობის ლიმიტი) და სხვა წესები და პირობები. მაგალითად, P2P და სხვა ბირჟებზე არსებულ საბაზრო ფასებს შორის დიდი განსხვავება საეჭვოა.
ვაჭრობის დროს
P2P მყიდველთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. საყურადღებო ნიშნებს შორისაა:
მყიდველის მიერ კრიპტოს გაგზავნის დაძალება.
მყიდველის მხრიდან არასაჭირო ინფორმაციის მოთხოვნა.
მყიდველისგან პასუხების ვერ მიღება.
მყიდველისგან თანხის სესხების თხოვნა.
მყიდველის მხრიდან შეთანხმებულზე ნაკლები თანხის გადახდა.
მყიდველის მხრიდან შეთანხმებულზე მეტი თანხის გადახდა.
მყიდველის მხრიდან P2P პლატფორმის გარეთ კონტაქტის მოთხოვნა.
მყიდველის მხრიდან გადასახდელად მესამე მხრის საშუალების გამოყენების მოთხოვნა.
P2P მყიდველთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. საყურადღებო ნიშნებს შორისაა:
გამყიდველის მხრიდან შეკვეთის გაუქმების თხოვნა, მას შემდეგ რაც თანხას გადაიხდით.
გამყიდველის მხრიდან P2P პლატფორმის გარეთ კონტაქტის მოთხოვნა.
გამყიდველის მხრიდან P2P პლატფორმის გარეთ ვაჭრობის მოთხოვნა.
გამყიდველის მხრიდან დამატებითი საკომისიოს გადახდის მოთხოვნა.
ვაჭრობის შემდეგ
P2P მყიდველთან ურთიერთობისას საყურადღებო ნიშნებია:
გადახდის შემდეგ აქტივების ვერ მიღება.
მყიდველისგან ისეთი ჩეკის მიღება, რომლის განაღდებაც ვერ ხერხდება.
მყიდველისგან გადახდის მიღების შემდეგ თქვენი ანგარიშის დაბლოკვა.
მყიდველის მხრიდან საბანკო ჩარჯბეკის მოთხოვნა თქვენ მიერ კრიპტოვალუტის გაშვების შემდეგ.
თაღლითობისგან თავის დაცვისთვის საჭირო ზოგადი რჩევები
ივაჭრეთ კარგი რეპუტაციის მქონე პლატფორმებზე
აირჩიეთ წამყვანი P2P პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს მაღალი დონის უსაფრთხოების ზომებს სთავაზობს. სასურველი მახასიათებლებია:
რისკის მართვის ფუნქციები. პლატფორმა, რომელიც ყიდვისა და გაყიდვისთვის კონკრეტულ მოთხოვნებს აწესებს, ამცირებს პასიური, საეჭვო და უხარისხო რეკლამების რაოდენობას. მეტიც, პლატფორმას უნდა ჰქონდეს შეკვეთების დამთხვევის დახვეწილი ალგორითმი, რომელიც მომხმარებლებს სანდო ტრეიდერებთან და ვერიფიცირებულ მოვაჭრეებთან დააკავშირებს; ასევე რისკის მართვის ალგორითმები საეჭვო ქცევის აღმოსაჩენად.
არსებობს პოტენციური ბოროტმოქმედებისთვის სავაჭრო აქტივობების შემზღუდავი ალგორითმებიც. ამას გარდა, მომხმარებლის აქტივების დასაცავად გამოიყენება გამოტანის ლიმიტები და ტრანზაქციების დაყოვნებები.
KYC (იცნობდე შენს კლიენტს) პროტოკოლები. P2P პლატფორმები, რომლებიც KYC პროტოკოლებს იყენებენ, ახალბედებს სანდო სავაჭრო პარტნიორების პოვნაში მომხმარებლის ვინაობის ვერიფიკაციის მეშვეობით ეხმარებიან. დამწყებ ტრეიდერებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ვერიფიცირებულ მოვაჭრეებს, რომლებსაც სანდო ისტორია და დაფინანსების საიმედო წყაროები აქვთ.
ესქრო სერვისები. ესქრო სერვისები არის პროდუქტისა და აქტივების უსაფრთხოდ გაცვლის საშუალება როგორც მყიდველებისთვის, ისე გამყიდველებისთვის. სანდო მესამე მხარე — ჩვეულებრივ P2P პლატფორმა — მხარეებს შორის თანხის მოძრაობაზეა პასუხისმგებელი და უსაფრთხოებასა და სამართლიან ვაჭრობაზე ზრუნავს.
მომხმარებელთა მხარდაჭერა. P2P ვაჭრობას შუამავალი არ სჭირდება, თუმცა P2P პლატფორმის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი შესაძლოა პროცესში ჩაერიოს, თუ მომხმარებელს ვაჭრობასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა.
ავტომატური გადახდა. ავტომატური გადახდის მეთოდები P2P პლატფორმებს საშუალებას აძლევს ესქროში არსებული კრიპტო ჩარევის გარეშე, ავტომატურად გაუშვან. მყიდველებს ახლად შეძენილი აქტივების მიღება დაუყოვნებლივ შეუძლიათ, გამყიდველებს კი თითოეული შეკვეთის შემოწმება და აქტივების ხელით გასაშვება არ სჭირდებათ.
დაბლოკვის ფუნქცია. დაბლოკვის ფუნქცია საეჭვო მომხმარებლების დაბლოკვის საშუალებას გაძლევთ — თუკი ვინმესთან უსიამოვნო კომუნიკაცია გქონიათ, შეგიძლიათ დაბლოკოთ ის და მასთან სამომავლო ვაჭრობას თავი აარიდოთ.
კომუნიკაციისთვის მხოლოდ პლატფორმა გამოიყენეთ
თავი აარიდეთ პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან საეჭვო ვებსაიტების მეშვეობით ურთიერთობას და სიფრთხილით მოეკიდეთ დაუჯერებლად კარგ ფასებს. გარე არხებით კომუნიკაცია თაღლითებს თქვენ წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების წაყენებას და ტრანზაქციის განხორციელების უარყოფას უმარტივებს.
გადაამოწმეთ თქვენი ტრანზაქციები
ტრანზაქციის განხორციელებისას არ დაგავიწყდეთ შემხვედრი მხარის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაციის გადამოწმება. გულდასმით შეისწავლეთ ქვითრები და ტრანზაქციები, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილია და არა ციფრულად შეცვლილი. ყალბი გადახდის მტკიცებულების ამოცნობაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:
ერთმანეთზე დადებული ტექსტი
განსხვავებული ფერები
განსხვავებული ტიპოგრაფია
განსხვავებული ზომები
შეგიძლიათ ფოტოების შემოწმების ონლაინ ინსტრუმენტი გამოიყენოთ. მოიძიეთ „ყალბი ფოტოების დეტექტორი“ ან „გაყალბებული ფოტოების ამომცნობი ინსტრუმენტი“, რათა გაიგოთ, თუ რა საშუალებებია ხელმისაწვდომი.
გადაიღეთ ეკრანის ანაბეჭდები
შეინახეთ კომუნიკაციისა და ტრანზაქციების ყველა მტკიცებულება, რომლებიც შესაძლოა აპელაციისთვის დაგჭირდეთ.
განათავსეთ მიზნობრივი რეკლამები
თუ შექმნილი გაქვთ კრიპტო ქსელი, დარწმუნდით რომ თქვენი რეკლამები მხოლოდ მათთვის არის ხელმისაწვდომი, ვისთანაც გსურთ ვაჭრობა. რეკლამა დამალეთ და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს გაუზიარეთ — მაგალითად სანდო ნაცნობებს ან მომხმარებლებს, ვისთანაც წარსულში წარმატებულად გივაჭრიათ. რეკლამის დამალვა გონივრული სტრატეგიაა დიდი მოცულობით ვაჭრობის შემთხვევაში.
დაბლოკეთ საეჭვო მომხმარებლები
პროაქტიულად დაბლოკეთ მომხმარებლები, ვისთანაც ვაჭრობამ წარუმატებლად ჩაიარა, ამით საკუთარ თავს დაიცავთ თაღლითობისგან ან სხვა არასასურველი აქტივობებისგან.
წარადგინეთ აპელაცია
პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერას და წარადგინეთ აპელაცია. მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს მიაწოდეთ სრული ინფორმაცია, რათა მათ თქვენი დახმარება შეძლონ.
დასკვნა
საკუთარი აქტივების დასაცავად აუცილებელია ყურადღებით მოეკიდოთ P2P ტრანზაქციებთან დაკავშირებულ რისკებს. ეს მოიცავს შეთანხმების წესებისა და პირობების გაგებას, საყურადღებო ნიშნებზე დაკვირვებას და უსაფრთხო პლატფორმების გამოყენებას.
ყურადღება გამოიჩინეთ ნებისმიერი P2P ტრანზაქციის განხორციელებისას და ეჭვების გაჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერას. გონივრული და ფრთხილი დამოკიდებულება დაგეხმარებათ ისარგებლოთ P2P ტრანზაქციების ყველა უპირატესობით.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.