ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები: მომარაგების ჯაჭვი
მთავარი
სტატიები
ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები: მომარაგების ჯაჭვი

ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები: მომარაგების ჯაჭვი

გამოქვეყნებული Feb 13, 2019განახლებული Apr 8, 2024
7m

ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები: მომარაგების ჯაჭვი

გაიგეთ, თუ როგორ გარდაქმნის ბლოკჩეინი მომარაგების ჯაჭვის მართვის პროცესს და უზრუნველყოფს მომარაგების ჯაჭვის ქსელის გამჭვირვალობას, ეფექტურობას და ხარჯების შემცირებას.

მთავარი დეტალები

  • მომარაგების ჯაჭვი არის ნედლეულის პროდუქციად გარდაქმნის და მომხმარებლებისთვის მიწოდების კომპლექსური პროცესი.

  • მომარაგების მართვის არსებულ სისტემას ახასიათებს გამჭვირვალობის, ეფექტურობის და ინტეგრაციის დონის ნაკლებობა.

  • ბლოკჩეინის ტექნოლოგია ეფექტურად უმკლავდება ამ პრობლემებს, თუმცა მომარაგების ჯაჭვში მის დანერგვას ახლავს გარკვეული სირთულეები.

შესავალი

მომარაგების ჯაჭვი არის ადამიანებისა და ბიზნესების ქსელი, რომლებიც მონაწილეობენ კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შექმნისა და მიწოდების მთელ პროცესში, საწყისი მომწოდებლებიდან საბოლოო მომხმარებლებამდე/კლიენტებამდე. მომარაგების ჯაჭვის ტიპური სისტემა ხშირად მოიცავს საკვების ან ნედლეულის მომწოდებლებს, მწარმოებლებს (დამუშავების ეტაპი), ლოგისტიკურ კომპანიებს და საბოლოო საცალო მოვაჭრეებს.

ამ ეტაპზე, მომარაგების ჯაჭვის მართვის სისტემის არსებული ხარვეზებია ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა. ამასთან, ქსელების უმეტესობას ექმნება სირთულეები, ყველა ჩართული მხარის ინტეგრაციის მცდელობისას. იდეალურ შემთხვევაში, პროდუქტები და მასალები, ისევე როგორც ფული და მონაცემები შეუფერხებლად უნდა მოძრაობდეს ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე.

თუმცა, არსებული მოდელი ართულებს მომარაგების ჯაჭვის თანმიმდევრული და ეფექტური სისტემის შენარჩუნებას - რაც უარყოფითად აისახება არა მხოლოდ კომპანიების მომგებიანობაზე, არამედ საბოლოო საცალო ფასზეც.

2020 წლის COVID-ის კრიზის დროს ამ პრობლემებმა ხელახლა იჩინა თავი. ამ პერიოდში, რიგითმა მომხმარებელმა გააცნობიერა „მომარაგების ჯაჭვის“ ზეგავლენა, როდესაც მას უწევდა საქონლისთვის ჩვეულებრივზე ბევრად დიდ ხანს ლოდინი, საერთაშორისო შეზღუდვების გამო.

მომარაგების ჯაჭვთან დაკავშირებული ზოგიერთი ყველაზე აქტუალური საკითხის გადაჭრა შესაძლებელია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, ვინაიდან ის გვთავაზობს მონაცემთა ჩაწერის, გადაცემის და გაზიარების ახლებურ გზებს.

ბლოკჩეინის მომარაგების ჯაჭვში გამოყენების უპირატესობები

ვინაიდან ბლოკჩეინები შექმნილია როგორც განაწილებული სისტემები, მათი რაიმე სახით შეცვლა დაკავშირებულია სირთულეებთან და ისინი კარგად ერგებიან მომარაგების ჯაჭვის ქსელებს. ბლოკჩეინი შედგება ერთმანეთთან კრიპტოგრაფიული ტექნიკით დაკავშირებული მონაცემთა ბლოკების ჯაჭვისაგან, რაც უზრუნველყოფს შენახული მონაცემების დაცვას შეცვლისა და ხელყოფისგან - თუ ამას არ ეთანხმება მთელი ქსელი.

ამიტომ, ბლოკჩეინის სისტემები უზრუნველყოფენ ინფორმაციის გადაცემის უსაფრთხო და საიმედო არქიტექტურას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად გამოიყენება კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ჩასაწერად, ბლოკჩეინის ტექნოლოგია შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ყველა სახის ციფრული მონაცემების დასაცავად და მომარაგების ჯაჭვის ქსელში მისი გამოყენება მოიცავს ბევრ უპირატესობას.

გამჭვირვალე და უცვლელი ჩანაწერები

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია და ორგანიზაცია, რომლებიც ერთად მუშაობენ. მათ შეუძლიათ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენება, მათი მასალების და პროდუქტების ადგილმდებარეობისა და საკუთრების შესახებ ინფორმაციის ჩასაწერად. მომარაგების ჯაჭვის ნებისმიერ წევრს შეუძლია თვალი ადევნოს თუ როგორ ხდება რესურსების გადატანა კომპანიიდან კომპანიაში. გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემთა ჩანაწერების შეცვლა შეუძლებელია, რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აღარ დაისმება შეკითხვა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი მხარე.

ხარჯების შემცირება

მომარაგების ჯაჭვის ქსელის არაეფექტურობის გამო წარმოიქმნება ბევრი ნარჩენი. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ინდუსტრიებში, რომლებიც აწარმოებენ მალფუჭებად საქონელს. გაუმჯობესებული კონტროლი და მონაცემთა გამჭვირვალობა ეხმარება კომპანიებს ამ არაეფექტური ზონების იდენტიფიცირებაში, რათა მათ შეძლონ ხარჯების დაზოგვის ზომების დანერგვა.
ბლოკჩეინს ასევე შეუძლია აღმოფხვრას სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე არსებული და გადახდის დამმუშავებლების მიერ თანხის მიღებისა და გაცემასთან დაკავშირებული საკომისიოების საჭიროება. ეს გადასახადები ამცირებს მოგების მარჟას, შესაბამისად მათი აღმოფხვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ურთიერთთავსებადი მონაცემების შექმნა

არსებული მომარაგების ჯაჭვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა მონაცემთა ინტეგრაციის შეუძლებლობა პროცესში მონაწილე ყველა პარტნიორთან. ბლოკჩეინები შექმნილია როგორც განაწილებული სისტემები, რომლებიც ინარჩუნებენ მონაცემთა უნიკალურ და გამჭვირვალე საცავს. ქსელის თითოეული ნოდი (თითოეული მხარე) ხელს უწყობს ახალი მონაცემების დამატებას და მათი მთლიანობის ვერიფიკაციას. ეს ნიშნავს, რომ ბლოკჩეინზე შენახული ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მონაწილე მხარისთვის, ამიტომ ერთ კომპანიას შეუძლია ადვილად შეამოწმოს, თუ რა ტიპის ინფორმაციას ავრცელებს მეორე მხარე.

EDI-ის ჩანაცვლება

ბიზნეს ინფორმაციის ერთმანეთთან გასაგზავნად, ბევრი კომპანია იყენებს მონაცემთა ელექტრონული გაცვლის (EDI) სისტემებს. თუმცა, ეს მონაცემები ხშირად გადაიცემა პაკეტებად და არა რეალურ დროში. ტვირთის დაკარგვის ან ფასის სწრაფი ცვლილების შემთხვევაში, მომარაგების ჯაჭვის სხვა მონაწილეები ამ ინფორმაციას მიიღებენ მხოლოდ EDI-ს შემდეგი პაკეტის გაგზავნის შემდეგ. ბლოკჩეინის წყალობით კი, ეს ინფორმაცია განახლდება რეგულარულად და შესაძლებელი იქნება მისი სწრაფად მიწოდება ყველა ჩართული სუბიექტისთვის.

ციფრული ხელშეკრულებები და დოკუმენტების გაზიარება

ნებისმიერი მომარაგების ჯაჭვის დოკუმენტის გაზიარების დროს, მნიშვნელოვანია სიმართლის საერთო ვერსიის პრინციპის დაცვა. შესაძლებელია საჭირო დოკუმენტაციის და კონტრაქტების დაკავშირება ბლოკჩეინ ტრანზაქციებთან და ციფრულ ხელმოწერებთან, ისე რომ, ყველა მონაწილეს ჰქონდეს წვდომა ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების თავდაპირველ ვერსიაზე. 

ბლოკჩეინი უზრუნველყოფს დოკუმენტის უცვლელობას და შეთანხმებების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ყველა ჩართული მხარის მიერ კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში. ამ გზით, ორგანიზაციები და მათი იურისტები დახარჯავენ ნაკლებ დროს საბუთების განხილვაზე ან მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეძლებენ ფოკუსირებას ახალი პროდუქტების შემუშავებაზე ან ბიზნესის ზრდის ხელშეწყობაზე.

საქონლის ხარისხის გაუმჯობესება

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წყალობით, შესაძლებელია პროდუქციის ხარისხის კონტროლი, მათ მიერ მთელი მომარაგების ჯაჭვის გავლის დროს. ეს უზრუნველყოფს დეფექტური პროდუქტის უფრო სწრაფ და ეფექტურ გამოვლენას და მიმოქცევიდან ამოღებას. ეს სასარგებლოა მომხმარებლისთვის, ვინაიდან მცირდება მათ მიერ დეფექტური საქონლის მიღების შანსი. ფირმებს მიეცემათ სტიმული, ორიენტირდნენ მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებაზე, ვინაიდან მათ კომპანიონებს ყოველთვის შეუძლიათ ხარვეზიანი საქონლის აღმოჩენა და განადგურება.

მომარაგების ჯაჭვის მართვაში ბლოკჩეინის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქვს დიდი პოტენციალი მომარაგების ჯაჭვის ინდუსტრიისთვის, საჭიროა გარკვეული გამოწვევების და შეზღუდვების გათვალისწინება.

ახალი სისტემების გაშვება

ორგანიზაციის მომარაგების ჯაჭვისთვის შექმნილმა სისტემებმა შესაძლოა ვერ შეძლონ ადაპტირება ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გარემოსთან. კომპანიის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს პროცესების საფუძვლიანი შეცვლა მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომელსაც შეუძლია ოპერაციების შეფერხება და სხვა პროექტების რესურსების შემცირება. ამრიგად, მართვის ზედა რგოლი შეიძლება ყოყმანობდეს ამ ტიპის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით, სანამ მათი ინდუსტრიის სხვა ძირითადი მოთამაშეები არ დაიწყებენ ამ ტექნოლოგიის ფართო გამოყენებას.

პარტნიორების ჩართვა

მომარაგების ჯაჭვში ჩართული პარტნიორები ასევე მზად უნდა იყვნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციები ჯერ კიდევ სარგებლობენ ბლოკჩეინის ნაწილობრივი გამოყენებით მათ სამუშაო პროცესში, მათ არ შეუძლიათ მისი სრულად გამოყენება, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შეფერხებები. უფრო მეტიც, ყველა კომპანიას არ სურს გამჭვირვალობა.

მართვის მოდელის შეცვლა

ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბიზნესმა ხელი უნდა შეუწყოს თანამშრომლების მიერ მის გამოყენებას. მართვის მოდელის შეცვლის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თუ რა არის ბლოკჩეინი, როგორ აუმჯობესებს ის მათ სამუშაო მოვალეობებს და როგორ უნდა იმუშაონ ამ ახალ სისტემებთან. მიმდინარე სასწავლო პროგრამას შეუძლია ყურადღება გაამახვილოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ახალ ფუნქციებზე ან ინოვაციებზე, მაგრამ ამას დრო და რესურსები სჭირდება.

შეჯამება

მომარაგების ჯაჭვის ინდუსტრიის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე უკვე იყენებს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ განაწილებულ სისტემებს და გამოყოფენ რესურსებს მათი გამოყენების წახალისებისთვის. მაგალითად, IBM Food Trust იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას სურსათის მომარაგების ჯაჭვში გამჭვირვალობის გასაზრდელად. ჩვენ სავარაუდოდ ვიხილავთ გლობალური მომარაგების ჯაჭვის პლატფორმების მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას, რათა გაამარტივონ კომპანიების შორის ინფორმაციის გაზიარება პროდუქტებისა და მასალების გადაადგილების დროს.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიას შეუძლია ორგანიზაციების ტრანსფორმაცია სხვადასხვა გზით, დაწყებული წარმოებიდან და გადამუშავებიდან და დამთავრებული ლოგისტიკით და ანგარიშვალდებულებით. შესაძლებელია ყველა მოვლენის რეგისტრაცია და ვერიფიკაცია, გამჭვირვალე და უცვლელი ჩანაწერების შესაქმნელად. ამიტომ, მომარაგების ჯაჭვის ქსელებში ბლოკჩეინის გამოყენებას შეუძლია მართვის ტრადიციული მოდელებისთვის დამახასიათებელი არაეფექტური სფეროების აღმოფხვრა.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.