TL;DR
თითოეული Bitcoin შედგება 100,000,000 Satoshi-სგან (sat-ები). ორდინალების პროტოკოლი თითოეულ Satoshi-ზე დამატებითი მონაცემების მიბმის და მათთან ერთად გაგზავნის საშუალებას იძლევა (ამ პროცესს „ინსკრიპცია“ ეწოდება).
ორდინალების წყალობით, Bitcoin მხოლოდ ანგარიშსწორების საშუალება აღარაა. მან კიდევ ერთი დანიშნულება შეიძინა და Bitcoin NFT-ები რეალობად იქცა.
შესავალი
დღემდე, NFT ძირითადად მზადდებოდა და გამოიყენებოდა ბლოკჩეინებზე, როგორიცაა Ethereum, Solana და BNB Smart Chain. თუმცა, ორდინალების შემქმნელი გუნდის რწმენით, Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ადგილი არაჩანაცვლებადი ტოკენებისთვისაც მოიძებნება. შედეგად, საფუძველი ჩაეყარა ორდინალების პროექტს.
ისტორიამ დაამტკიცა, რომ Bitcoin-ის კოდში ცვლილებების შეტანა უკიდურესად რთულია. ამას ართულებს ნოდების დეცენტრალიზებული ქსელის არსებობა და ის ფაქტი, რომ დეველოპერებს არ სურთ ქსელის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან. ამის გამო, Bitcoin NFT-ების პროექტმა დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მიუხედავად ამისა, კრიპტო ეკოსისტემის ზრდამ კარი გაუღო ინოვატორებს, რომელთათვისაც Bitcoin NFT-ების შექმნა Web3-ის მომავლის განუყოფელი ნაწილია.
2023 წლის თებერვლისთვის, ორდინალების გამოყენებით მარკირებების რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა, რადგან მომხმარებლები ქსელში უამრავ სურათს, ვიდეო თამაშებს და სხვა სახის კონტენტს უშვებდნენ. მოდით ვნახოთ როგორ მუშაობს ის.
რა არის Bitcoin ორდინალები?
ორდინალების პროტოკოლი წარმოადგენს Satoshi-ების დანომვრის სისტემას, რომლის დროსაც ხდება მათთვის სერიული ნომრის მინიჭება და ტრანზაქციების დროს მათი კონტროლი. მარტივად რომ ვთქვათ, ორდინალები მომხმარებლებს საკუთარ Sathoshi-ებზე დამატებითი ინფორმაციის მიბმით მათი უნიკალურ აქტივებად ქცევის საშუალებას აძლევს. ამ პროცესს ეწოდება „ინსკრიპცია“.
სახელწოდება Satoshi – მომდინარეობს Bitcoin-ის შემქმნელის ფსევდონიმისგან სატოში ნაკამოტოსგან – ის Bitcoin-ის (BTC) უმცირეს დენომინაციას წარმოადგენს. ერთი BTC შედგება 100,000,000 satoshi-სგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი Satoshi-ს ღირებულებაა 0.00000001 BTC.
Satoshi-ების დანომვრა მათი მაინინგის და გადაგზავნის რიგითობის შესაბამისად ხდება. დანომვრის სისტემა ეფუძნება Satoshi-ების მაინინგის თანმიმდევრობას, ხოლო გადაგზავნის სისტემა ეფუძნება ტრანზაქციების თანმიმდევრობას. აქედან წარმოდგება სახელწოდება „ორდინალები“ (რიგობითი რიცხვითი სახელები).
ტრადიციული NFT-ები გარკვეულწილად ორდინალების მსგავსია, თუმცა მათ შორის არსებობს რამდენიმე არსებითი განსხვავება. ზოგიერთ ბლოკჩეინზე, მაგალითად Ethereum-ზე, Solana-ზე და BNB Smart Chain-ზე NFT-ების დამზადებისთვის გამოიყენება სმარტ კონტრაქტები, ხოლო აქტივები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, შეიძლება სულ სხვა ადგილას იყოს განთავსებული. ამის საპირისპიროდ, ორდინალები პირდაპირ ინდივიდუალურ Satoshi-ზეა დატანილი, რომლებიც შემდეგ მათთან ერთად იწერება Bitcoin-ის ბლოკჩეინის ბლოკებში. ორდინალები სრულად არის განთავსებული ბლოკჩეინზე და არ საჭიროებს საიდჩეინს ან ცალკე ტოკენს. ამის გამო, ორდინალების ინსკრიპციებს გააჩნია Bitcoin-ის ყველა თვისება: სიმარტივე, უცვლელობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა.
ორდინალის თეორია და ინსკრიპციები
Bitcoin-ის კონტექსტში, ორდინალის თეორია წარმოადგენს შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას, რომლის მიზანია თითოეული Satoshi-ს იდენტიფიკაცია მასზე სერიული ნომრის დატანით და მისი კონტროლი Bitcoin-ის მონეტების მიმოქცევის ჯაჭვში, დამზადების და ტრანზაქციების მთელი პროცესის განმავლობაში. ამ პროცესს ეწოდება „ინსკრიპცია“. ამგვარად, ორდინალის ინსკრიპციები წარმოადგენს NFT-ების მსგავს ციფრულ აქტივებს, რომლებიც დატანილია Bitcoin-ის ქსელში გაშვებულ Satoshi-ებზე. ამ პროცესის განხორციელება შესაძლებელი გახდა Taproot განახლების წყალობით, რომელიც გაშვებული იქნა 2021 წლის 14 ნოემბერს. ამის გამო, ორდინალის ინსკრიპციას არ ესაჭიროება საიდჩეინი ან ცალკე ტოკენი.
რადგან ორდინალების თეორია Satoshi-ს კონტროლის და გადაგზავნის საშუალებას იძლევა, მათი შეგროვებაც არის შესაძლებელი. Bitcoin-ის მთლიანი მარაგის გათვალისწინებით, განისაზღვრა Satoshi-ს იშვიათობის შემდეგი დონეები:
Common: ყოველი ბლოკის ყველა Satoshi, გარდა პირველისა (მთლიანი რაოდენობაა 2.1 კვადრილიონი).
Uncommon: ყოველი ბლოკის პირველი Satoshi (მთლიანი რაოდენობაა 6,929,999).
Rare: ყოველი სირთულის პერიოდის კორექტირების დროს დამზადებული პირველი Satoshi (მთლიანი რაოდენობაა 3437).
Epic: ყოველი ჰალვინგის შემდეგ დამზადებული პირველი Satoshi (მთლიანი რაოდენობაა 32).
Legendary: ყოველი ციკლის პირველი Satoshi* (მთლიანი რაოდენობაა 5).
Mythic: გენეზის ბლოკის პირველი Satoshi (მთლიანი რაოდენობაა 1).
*ციკლი წარმოადგენს ჰალვინგის და სირთულის კორექტირების დამთხვევის მომენტებს შორის პერიოდს. თეორიულად, ამ დამთხვევას ადგილი აქვს ყოველი მე-6 ჰალვინგის დროს, თუმცა პირველი დამთხვევა ჯერ არ მომხდარა (სავარაუდოდ ადგილი ექნება 2032 წელს).
ორდინალების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ორდინალების წყალობით, Bitcoin-ის ქსელი მხოლოდ ანგარიშსწორების საშუალება აღარაა და მან კიდევ ერთი დანიშნულება შეიძინა. თუმცა, ორდინალების პროტოკოლმა Bitcoin-ის საზოგადოებაში აზრთა დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ის ფუნდამენტური პრობლემების წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ერთ მხარეს არიან ისინი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდა შენარჩუნდეს Bitcoin-ის შედარებითი სიმარტივე, რაც ღირებულების შენახვის და გადაცემის შეზღუდვაში გამოიხატება. მეორე მხარე მიიჩნევს, რომ Bitcoin უნდა განვითარდეს და დაიმატოს ახალი ფუნქციები და გამოყენების სფეროები.
ინსკრიპციის მქონე Satoshi-ები ბლოკში ადგილს ეცილებიან სტანდარტულ BTC ტრანზაქციებს, რაც ზრდის ქსელის საკომისიოებს. ამ ფაქტმა Bitcoin-ის საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია, თუმცა ორდინალების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ეს შეიძლება დადებითი მოვლენა იყოს, რადგან საკომისიოები მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს მაინერებისთვის, რომლებიც ბლოკჩეინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მომავალში, როდესაც ბლოკის ჯილდოები მნიშვნელოვნად შემცირდება, ქსელის საკომისიოები Bitcoin-ისთვის ჰეშ-სიმძლავრის მოწოდების ძირითადი სტიმული გახდება. კრიპტო საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორ ნაწილადაა გაყოფილი, თუმცა უდავოა, რომ ამ პროექტმა Bitcoin-ის სივრცეში სიახლე შემოიტანა.
შეჯამება
Bitcoin-ის ტრანზაქციებზე ინფორმაციის დამატების სრულიად ახალი მეთოდის დანერგვით, ორდინალები ცვლიან ბლოკჩეინის სამყაროს. მათ მიერ დამატებითი დანიშნულების შემოთავაზების წყალობით, Bitcoin-ის არანულოვანი მისამართების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჩვენ ვართ Bitcoin-ის ისტორიაში უნიკალური მომენტის მომსწრენი, რადგან ინოვაციის წყალობით ამ ქსელის დანიშნულება სცდება ინვესტიციებისა და ფულადი გადარიცხვების სფეროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორდინალების პოპულარობა გააგრძელებს ზრდას? ჯერ არ ვიცით. დაველოდოთ, რა მოხდება მომავალში.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..