ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები: ჯანდაცვა
მთავარი
სტატიები
ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები: ჯანდაცვა

ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები: ჯანდაცვა

გამოქვეყნებული Mar 11, 2019განახლებული Sep 5, 2023
5m

მართალია რომ ის ხშირად დაკავშირებულია Bitcoin-თან და სხვა კრიპტოვალუტებთან,  მაგრამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მონაცემთა შენახვისა და დაცვის შესაძლებლობები არაერთ სხვა ინდუსტრიაშიც გამოიყენება. ქველმოქმედებასთან  და მომარაგების ჯაჭვთან ერთად ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოყენების საშუალებაა. თუმცა რომელი ასპექტები ხდის ბლოკჩეინს ჯანდაცვისთვის შესაბამისს?


ბლოკჩეინის ჯანდაცვაში გამოყენების უპირატესობები

იმ ფუნქციების ნაწილი, რომლითაც კრიპტოვალუტის ბლოკჩეინები ფინანსური ტრანზაქციების დაცულ ჩანაწერს წარმოადგენს, შესაძლოა სამედიცინო ინფორმაციის შესანახადაც გამოვიყენოთ. ბლოკჩეინების უმრავლესობა შექმნილია როგორც გადანაწილებული სისტემა, რომელიც ფაილებს კრიპტოგრაფიის გამოყენებით ინახავს და იცავს. მისი მონაცემების შეცვლა ან დაზიანება ქსელში ჩართული სხვა მონაწილეების თანხმობის გარეშე ძალიან ძნელია. შესაბამისად, უცვლელობა არის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომლითაც შესაძლებელია სამედიცინო ჩანაწერების დაცული მონაცემთა ბაზის შექმნა.

ამას გარდა, ბლოკჩეინში გამოყენებული peer-to-peer არქიტექტურა პაციენტის ჩანაწერების ყველა ასლის სინქრონიზების საშუალებას იძლევა მაშინაც კი, თუკი ისინი განახლების შემდეგ სხვადასხვა კომპიუტერებში ინახება. ქსელის თითოეული ნოდი ინახავს მთლიანი ბლოკჩეინის ასლს და რეგულარული კომუნიკაციით ამოწმებს რომ ინფორმაცია განახლებული და ავთენტურია. ამიტომაც დეცენტრალიზაცია და მონაცემთა გადანაწილებაც მნიშვნელოვანი ასპექტებია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბლოკჩეინები გადანაწილებულია, მაგრამ არა ყოველთვის დეცენტრალიზებული (მართვის თვალსაზრისით). დეცენტრალიზაცია ბინარული მოცემულობა არ არის, ამიტომ ნოდების განაწილებისა და ზოგადად არქიტექტურის მიხედვით გადანაწილებული სისტემები შესაძლოა დეცენტრალიზების სხვადასხვა ხარისხით ხასიათდებოდეს. ჯანდაცვის კონტექსტში ბლოკჩეინები კერძო ქსელების სახით იქმნება, განსხვავებით საჯაროებისგან, რომლებიც ხშირად კრიპტოვალუტის ლეჯერებად გამოიყენება. საჯარო ბლოკჩეინის შექმნაში მონაწილეობა ყველას შეუძლია, კერძო ვერსიებში მონაწილეობა კი ნებართვას მოითხოვს და ნოდების შედარებით მცირე რაოდენობით იმართება.


პოტენციური უპირატესობები

გაზრდილი უსაფრთხოება

როგორც აღვნიშნეთ, ბლოკჩეინების ჯანდაცვის სფეროში გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევაა დაცული და ერთიანი P2P (გადანაწილებული) მონაცემთა ბაზის შექმნა ტექნოლოგიის ლევერიჯის საშუალებით. ბლოკჩეინის უცვლელობის გამო, მონაცემთა გაყალბების რისკი აღარ არსებობს. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით შეგვიძლია ათასობით პაციენტის სამედიცინო მონაცემების რეგისტრაცია და მათზე თვალის დევნება.

ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, რომლებიც ცენტრალიზებულ სერვერებს იყენებენ, გადანაწილებული სისტემები მონაცემთა გაცვლას უფრო უსაფრთხოდ მოახერხებენ, თანაც არსებული სისტემის ადმინისტრაციული ხარჯებთან შედარებით იაფად. ბლოკჩეინის გადანაწილებული ბუნება მას იცავს ტექნიკური გაუმართაობების და გარე თავდასხმებისგან, რომლებიც ხშირად მნიშვნელოვან ინფორმაციას აზიანებენ. ბლოკჩეინის ქსელით შექმნილი უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს საავადმყოფოებისთვის, რომლებიც ხშირად ხდებიან ჰაკერების თავდასხმისა და ransomware-ს მსხვერპლი.


ურთიერთთავსებადობა

ბლოკჩეინზე დაფუძნებული სამედიცინო ჩანაწერების კიდევ ერთი უპირატესობაა კლინიკებს, საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სხვა პროვაიდერებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება. მონაცემთა შენახვის სისტემებს შორის არსებული ტექნოლოგიური განსხვავებები ორგანიზაციებს დოკუმენტების გაზიარებას ურთულებს. ბლოკჩეინებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ავტორიზებული მხარეებისთვის პაციენტების ფაილების საერთო ბაზაზე და წამლების დისტრიბუციის ჩანაწერებზე წვდომის მიცემა შეუძლიათ. შესაბამისად, ერთმანეთის შიდა საცავებთან კავშირის დამყარების მცდელობის ნაცვლად, სერვისის პროვაიდერები ერთად, ერთ ბაზაზე იმუშავებენ.


წვდომა და გამჭვირვალობა

ჩანაწერების გაზიარების პროცესის გამარტივების გარდა, ბლოკჩეინ სისტემები პაციენტებს საკუთარი ჯანმრთელობის ინფორმაციის წვდომისა და გამჭვირვალობის გაზრდილ დონეს სთავაზობენ. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტების დოკუმენტებში ცვლილებების განხორციელების ვალიდაციას ჩანაწერების სიზუსტის განპირობება შეუძლია და სწორად გამოყენების შემთხვევაში ასეთი ვერიფიკაცია წარმოადგენს დაცვის დამატებით შრეს ადამიანური შეცდომებისა და დაგეგმილი გაყალბების წინააღმდეგ.


მომარაგების ჯაჭვის საიმედო მენეჯმენტი

ბლოკჩეინებს შეუძლიათ შექმნან მეთოდი მედიკამენტების შექმნისა და დისტრიბუციის პროცესისთვის თვალის სადევნებლად, რაც წამლების გაყალბების გავრცელებულ პრობლემას აღმოფხვრის. სხვადასხვა ფაქტორების, მაგალითად ტემპერატურის საზომ IoT მოწყობილობებთან ერთად ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების გადასამოწმებლად და წამლის ხარისხის ავთენტიფიკაციისთვის.


დაცვა სადაზღვევო თაღლითობისგან

ბლოკჩეინის გამოყენება შესაძლებელია სამედიცინო დაზღვევის თაღლითობასთან საბრძოლველად, რომელიც ამერიკის ჯანდაცვის სისტემას ყოველწლიურად $68 მილიარდით აზარალებს. ბლოკჩეინებზე შენახული და დაზღვევის პროვაიდერთან გაზიარებული უცვლელი ჩანაწერები თაღლითობის ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს აღკვეთს, მათ შორის არარსებული პროცედურებისთვის თანხის მოთხოვნა და არა საჭირო სერვისების ანაზღაურება.


კლინიკური კვლევებში რეკრუტირება

ჯანდაცვის სფეროში ბლოკჩეინის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა კლინიკური კვლევების ხარისხისა და ეფექტიანობის ზრდაა. ბლოკჩეინებზე შენახული სამედიცინო ინფორმაციის გამოყენებით კვლევის რეკრუტერებს შეუძლიათ ამოიცნონ პაციენტები, რომლებმაც შესაძლოა სატესტო წამლით ისარგებლონ. რეკრუტირების სისტემა გააუმჯობესებს კვლევებში მონაწილეობას, რადგან ბევრ პაციენტს, ვინც შესაბამისი წამლის ტესტირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მათში ჩართვის საშუალებაც არ ეძლევა. კვლევების მიმდინარეობისას, ბლოკჩეინის გამოყენება შესაძლებელია მოპოვებული მონაცემების სისწორის დასადასტურებლადაც.


პოტენციური შეზღუდვები

ბლოკჩეინი პაციენტებსა და მომწოდებლებს მრავალ უპირატესობას სთავაზობს, თუმცა სამედიცინო სექტორში ფართოდ გავრცელებამდე მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. 


შესაბამისობა

აშშ-ის მაგალითი რომ განვიხილოთ, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებმა, რომლებსაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სურთ, უნდა დაიცვან მონაცემთა არსებული რეგულაციები, როგორიცაა Health Insurance Portability და Accountability Act of 1996 (HIPAA). მარტივად რომ ვთქვათ, HIPAA აღწერს ჯანდაცვის სექტორში მონაცემთა შენახვის, გაზიარებისა და დაცვის სტანდარტებს. ამიტომ, შესაბამისობის დასაცავად აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებმა უნდა გამოიყენონ ბლოკჩეინის ჩანაწერების მორგებული სისტემა კონფიდენციალურობის გაზრდილი ფუნქციონალითა და შეზღუდული წვდომით.


საწყისი ხარჯები და სიჩქარე

პროვაიდერებისთვის ბლოკჩეინი დიდ საწყის ინვესტიციასთან ასოცირდება, რაც მასიურ გავრცელებას აფერხებს. ამას გარდა, წამში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობით, გადანაწილებული სისტემები ცენტრალიზებულებზე გაცილებით ნელია. უამრავი ნოდისგან შემდგარ დიდ ბლოკჩეინ ქსელებს ინფორმაციის გადაცემისა და სინქრონიზებისთვის ცენტრალიზებულ სისტემებზე მეტი დრო დასჭირდებათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ბაზებისთვის, რომლებსაც შესაძლოა მილიონობით პაციენტის ინფორმაციის შენახვა და მოძიება დასჭირდეთ. ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება დიდი ფოტო-ფაილებისთვის, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფიის ან MRI სკანირებული გამოსახულებები.


შეჯამება

უცვლელი სამედიცინო ჩანაწერების შექმნითა და გაზიარებით დაწყებული, ფარმაცევტული მომარაგების ჯაჭვის გამჭვირვალობის გაზრდით დამთავრებული, ბლოკჩეინ ქსელებს ჯანდაცვის სექტორში გამოყენების არაერთი საინტერესო საშუალება არსებობს. ტექნიკური, ლოგისტიკური და რეგულაციური გამოწვევების მიუხედავად, ამ სისტემების დანერგვას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს სამედიცინო მონაცემების დაცვისა და გადატანის მომავლის შექმნაში.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.