TL;DR
NFT-ები, ანუ არაჩანაცვლებადი ტოკენები უნიკალური ციფრული აქტივებია, რომლებიც წარმოადგენს კონკრეტული ნივთის ან ბლოკჩეინზე განთავსებული კონტენტის მფლობელობის, ავთენტურობის და წარმომავლობის რეპრეზენტაციას.
NFT-ები შეიძლება კატეგორიებად დაიყოს მათი დანიშნულების, ინტერაქტიულობის, ტოკენის სტანდარტების, ლიცენზირების წესების და უფლებების მიხედვით.
NFT-ების კატეგორიზაციისთვის ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს იშვიათობა, საბაზისო ბლოკჩეინ-ქსელი, ურთიერთთავსებადობა და მათი შემქმნელები.
NFT სივრცე სწრაფად ვითარდება და მუდმივად ხდება NFT-ების გამოყენების ახალი გზების გამოვლენა. NFT-ების პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება ინოვაციური NFT-ების ტიპების რაოდენობა.
რა არის NFT-ი?
NFT, ანუ არაჩანაცვლებადი ტოკენი გახლავთ განსხვავებული ციფრული აქტივი, რომელიც წარმოადგენს უნიკალური ნივთის ან ვირტუალური პროდუქტის მფლობელობის ან ავთენტურობის მტკიცებულებას. ყოველი NFT უნიკალურია, განსხვავებით კრპოტოვალუტებისგან, მაგალითად Bitcoin-ისგან ან Ethereum-ისგან, რომლებიც ჩანაცვლებად აქტივებს წარმოადგენს და ყოველ მონეტას სხვების ანალოგიური ღირებულება გააჩნია.
NFT-ები შექმნილია ბლოკჩეინის ტენოლოგიის გამოყენებით და ძირითადად განთავსებულია Ethereum-ზე. ისინი შეგვიძლია ვიყიდოთ, გავყიდოთ ან გავცვალოთ სხვადასხვა სავაჭრო ბირჟაზე.
NFT-ების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და უამრავ დარგში მოხდა მათი დანერგვა, რაც კონტენტ-კრეატორებსა და კოლექციონერებს ციფრული კონტენტის ფლობის და მათი საშუალებით ვაჭრობის ახალ გზებს სთავაზობს. ამ ციფრული აქტივების უამრავი კატეგორია არსებობს, რომელთა შორისაა ხელოვნების ნიმუშები, ვირტუალური უძრავი ქონება, თამაშებში გამოყენებული საგნები და საკოლექციო ნივთები.
NFT-ების კლასიფიკაციის გავრცელებული მეთოდები
NFT-ების კლასიფიკაციისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა კრიტერიუმები. ქვემოთ მოცემულია NFT-ების კლასიფიკაციის ყველაზე გავრცელებული მეთოდები:
1. გამოყენების სფეროების მიხედვით
NFT-ების კლასიფიკაციის ყველაზე პოპულარული გზაა მათი დაყოფა გამოყენების სფეროების მიხედვით, როგორიცაა ციფრული ხელოვნება, მუსიკა, საკოლექციო ნივთები, თამაშები და ვირტუალური უძრავი ქონება.
2. ტოკენის სტანდარტების მიხედვით
NFT-ების კლასიფიკაცია შეიძლება ეფუძნებოდეს NFT-ების შექმნისთვის გამოყენებულ ტოკენის სტანდარტს, მაგალითად ERC-721 ან ERC-1155.
3. პლატფორმის ან ბლოკჩეინის მიხედვით
NFT-ების კლასიფიკაციის დროს შესაძლოა გათვალისწინებული იყოს საბაზისო ბლოკჩეინ-ქსელი ან სავაჭრო ბირჟა, რომელზეც ხდება NFT-ების შექმნა ან ლისტინგი.
4. ინტერაქტიულობის მიხედვით
NFT-ების კლასიფიკაციისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნას მათი ინტერაქტიულობა, რაც მოიცავს კატეგორიების ფართო სპექტრს, დაწყებული სტატიკური გამოსახულებით და დამთავრებული დინამიური და ინტერაქტიული საკოლექციო ნივთებით.
NFT-ების კატეგორიზაცია ასევე შეიძლება ეფუძნებოდეს მათ იშვიათობას, ურთიერთთავსებადობას და შემქმნელებს. მოდით დეტალურად განვიხილოთ NFT-ების კლასიფიკაციის ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი.
გამოყენების სფეროებზე დაფუძნებული NFT-ების კატეგორიები
NFT-ები უამრავი დანიშნულებით შეიძლება გამოიყენებოდეს:
1. პროფილის სურათები (PFP-ები)
NFT-ების პროფილის სურათების სახით გამოყენების ტენდენციის ზრდა უკავშირდება CryptoPunk-ების პოპულარობას, რომელიც შეიქმნა 2017 წელს Larva Labs-ის მიერ. ამ ტიპის კიდევ ერთი პოპულარული კოლექციაა Bored Ape Yacht Club (BAYC), რომლის დანიშნულება NFT-ების PFP-ების სახით გამოყენებით აღარ შემოიფარგლებოდა და ის ფიზიკური ქონების ან ოფლაინ კლუბის წევრობის რეპრეზენტაციიის საშუალება გახდა.
2. ციფრული ხელოვნება
ეს NFT-ების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატეგორიაა. ეს მოიცავს ციფრული ნახატებს, ილუსტრაციებს, ანიმაციებს და ციფრული ვიზუალური ხელოვნების სხვა ფორმებს. მხატვრებს შეუძლიათ საკუთარი ციფრული ხელოვნების ნიმუშების ტოკენიზაცია და შესაბამისად, მათი მფლობელობის მტკიცებულების შექმნა. ციფრული ხელოვნების NFT-ები მხატვრებს საკუთარი ნამუშევრების მონეტიზაციის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
4. მუსიკა
მუსიკოსებს შეუძლიათ განახორციელონ საკუთარი მუსიკის, ალბომების ან სულაც ექსკლუზიური, „კულუარული“ კონტენტის NFT-ების სახით ტოკენიზაცია. ეს მუსიკოსებს საშუალებას აძლევს საკუთარი ნამუშევრები უშუალოდ ფანებს მიყიდონ, წარმოადგინონ ექსკლუზიური კონტენტი და მიიღონ ჰონორარები მეორადი გაყიდვებიდან.
4. თამაშის დროს გამოყენებული საგნები
თამაშის დროს გამოყენებული საგნები გეიმინგის NFT-ების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რაც მოიცავს კონკრეტულ თამაშებში გამოყენებულ ვირტუალურ ნივთებს, როგორებიცაა იარაღი, ჯავშანი ან სხვა აღჭურვილობა. მაგალითად, Decentraland Wearables გვთავაზობს ტანსაცმელს ან აქსესუარებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას Decentraland-ში, რომელიც წარმოადგენს Ethereum-ზე დაფუძნებულ ვირტუალურ სამყაროს. ეს NFT-ები მოთამაშეებს საკუთარი პერსონაჟების პერსონალიზაციის და თამაშის გამოცდილების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.
5. ვირტუალური უძრავი ქონება
ეს კატეგორია მოიცავს ვირტუალურ მიწას, ქონებას ან სივრცეს ვირტუალურ სამყაროებში და მეტასამყაროებში. მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ, გაყიდონ ან გაცვალონ NFT-ების სახით წარმოდგენილი ვირტუალური უძრავი ქონება.
6. პრაქტიკული დანიშნულება (Utility)
Utility NFT-ები ასოცირებულია სხვადასხვა ციფრულ და ფიზიკურ სერვისებთან და პროდუქტებთან. მაგალითად, Utility NFT შეიძლება მის მფლობელს აძლევდეს ფიზიკურ საქონელთან, სპეციალურ სავაჭრო ინსტრუმენტებთან, ბილეთების გაყიდვის სერვისებთან, ექსკლუზიურ ონლაინ კონტენტთან წვდომის და წევრობის უფლებას. Utility NFT-ების შესაძლებლობები უსაზღვროა, მათი პერსონალიზაციის ლიმიტები კი მხოლოდ ავტორის კრეატიულობაზეა დამოკიდებული.
NFT-ების სწაფად მზარდ სამყაროში, ბევრ NFT-ს გააჩნია გარკვეული დონის პრაქტიკული დანიშნულება, რაც სამომავლოდ მათი გამოყენების ინოვაციური გზების აღმოჩენამდე მიგვიყვანს. მაგალითად, თამაშების ინდუსტრიაში, Utility NFT-ებს შეუძლია ხელი შეუწყოს თამაშებში გამოყენებული კონტენტის მონეტიზაციის და გავრცელების ინოვაციური მეთოდების შემუშავებას, მოთამაშეებისთვის მფლობელობის მტკიცებულების და ექსკლუზიურობის შეთავაზებით.
7. იდენტიფიკაცია
იდენტიფიკაციის NFT-ების საშუალებით შესაძლებელია უნიკალური ციფრული საიდენტიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა და ვერიფიკაცია. ისინი გამორიცხავს ვინაობის ვერიფიკაციისთვის ცენტრალურ ორგანიზაციაზე დამოკიდებულების საჭიროებას, ზრდის მომხმარებლის კონფიდენციალურობის დონეს და პირებს საკუთარი პერსონალური მონაცემების უკეთ კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.
NFT-ების გამოყენების სფეროების მიხედვით კლასიფიკაციის სხვა კატეგორიებია ვიდეო და ფილმები, დომენის სახელები, მოდა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა და სპორტი. წარმოდგენილი სია არ არის ამომწურავი, რადგან NFT სივრცე სწრაფად იზრდება და მას რეგულარულად ემატება გამოყენების ახალი სფეროები.
NFT-ების კატეგორიები ინტერაქტიულობის მიხედვით
NFT-ების კლასიფიკაციისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნას მათი ინტერაქტიულობა, რაც მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, დაწყებული სტატიკური გამოსახულებით და დამთავრებული დინამიური და ინტერაქტიული ციფრული საკოლექციო ნივთებით.
1. სტატიკური NFT-ები
სტატიკური NFT-ები წარმოადგენს უცვლელი თვისებების მქონე ციფრულ აქტივებს, როგორებიცაა სურათები, ხელოვნების ნიმუშები და საკოლექციო ნივთები. ეს აქტივები უცვლელია მათი არსებობის განმავლობაში. ამ კატეგორიის თვალსაჩინო მაგალითებია CryptoPunk-ები.
2. დინამიური NFT-ები
დინამიური NFT-ები წარმოადგენს ციფრულ აქტივებს, რომელთა თვისებები დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციას განიცდის, რაც ხშირად განპირობებულია გარე ფაქტორებით ან მონაცემთა წყაროებით. ამის მაგალითებია Chainlink-ის VRF NFT-ები, რომლებშიც ინტეგრირებულია შემთხვევითობის ვერიფიცირებადი სისტემა, რაც მათ პროცედურულ თვისებებს სძენს, ასევე World of Ether-ის კრიპტო-საკოლექციო არსებები, რომლებიც, დინამიური ზრდის სისტემის წყალობით, იძენენ ახალ თვისებებს მომხმარებელთან ურთიერთქმედების დროს.
3. ინტერაქტიული NFT-ები
ინტერაქტიული NFT-ები წარმოადგენს ციფრულ აქტივებს, რომლებიც შექმნილია მათთან ან მის მახასიათებლებთან პირდაპირი ურთიერთქმედების მიზნით და როგორც წესი, გამოიყენება თამაშებში ან ვირტუალურ სამყაროებში. ამის მაგალითებია Axie Infinity-ს საკოლექციო არსებები, რომლებიც შეიძლება თამაშის ეკოსისტემაში გავზარდოთ ან ბრძოლებში გამოვიყენოთ, ასევე Decentraland-ის ვირტუალური მიწის ნაკვეთები, რომელთა მოწყობა და პერსონალიზაციაა შესაძლებელი, რაც იმერციულ ციფრულ გამოცდილებას გვთავაზობს.
NFT-ების კატეგორიები ტოკენის სტანდარტების მიხედვით
NFT-ების კლასიფიკაცია შეიძლება ეფუძნებოდეს ტოკენის სტანდარტებს.
1. ERC-721
ERC-721 წარმოადგენს Ethereum-ის ტოკენის ფართოდ გავრცელებულ სტანდარტს, რომელის სპეციალურად NFT-ების შექმნისთვისაა შემუშავებული. ეს სტანდარტი იძლევა ინდივიდუალური მახასიათებლების მქონე იშვიათი ციფრული აქტივების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც Ethereum-ის ბლოკჩეინზეა განთავსებული, წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის ციფრული და რეალური სამყაროს ნივთების მფლობელობის მტკიცებულებას და გვთავაზობს მათი გადაგზავნის და კონტროლის საშუალებას.
ERC-721 სტანდარტის NFT-ების მაგალითია ვირტუალური თამაში Cryptokitties, რომელიც ვირტუალური არსებების შეგროვების და მოშენების შესაძლებლობას გვაძლევს, სადაც თითოეული CryptoKitty წარმოადგენს უნიკალური თვისებების და გარეგნობის მქონე ციფრულ კატას.
2. ERC-1155
ERC-1155 არის Ethereum-ის ტოკენის სტანდარტი, რომელიც შემუშავებული იქნა როგორც NFT-ების, ასევე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნის მიზნით. ERC-1155-ს გააჩნია ერთი სმარტ კონტრაქტის რამდენიმე ტიპის ტოკენისთვის გამოყენების მხარდაჭერა, რაც იძლევა უამრავი ტიპის ციფრული აქტივების ეფექტური მართვის შესაძლებლობას . ის აჩქარებს ტრანზაქციებს და ამარტივებს რამდენიმე სტანდარტის ტოკენების ერთად განთავსების და მართვის პროცესს.
ERC-1155 სტანდარტის ტოკენების მაგალითია The Sandbox (SAND), ვირტუალური სამყარო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ციფრული აქტივების და თამაშის აქტივობების შექმნა, ფლობა და მონეტიზაცია.
3. სხვა ბლოკჩეინები
Ethereum-ის გარდა არსებობს უამრავი ბლოკჩეინი, რომელთაც გააჩნია საკუთარი NFT სტანდარტები. მათი მიზანია გამოყენების ალტერნატიული ინოვაციური გზების შემოთავაზება და მასშტაბირებადობადობასთან და ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
ამ ბლოკჩეინებს შორის პოპულარობით გამოირჩევა Flow blockchain, Binance Smart Chain და Polkadot.
NFT-ების კატეგორიები უფლებების და ლიცენზირების წესების მიხედვით
NFT-ები შეგვიძლია დავაჯგუფოთ უფლებებზე და ლიცენზირების წესებზე დაფუძნებულ რამდენიმე კატეგორიად.
1. ღია ლიცენზიები
ღია ლიცენზიის NFT-ები მფლობელებს სთავაზობს ფართო უფლებებს და ნებართვებს და მათ საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ, დააკოპირონ, შეცვალონ ან მოდიფიცირებული სახით გაავრცელონ სხვადასხვა კონტექსტის საბაზისო ციფრული აქტივები. მათი ძირითადი მახასიათებლები მოიცავს ორიგინალზე დაფუძნებული ნამუშევრების შექმნის და სხვებისთვის გაზიარების, კონტენტის ხელახლა გამოყენების და სხვადასხვა პლატფორმებზე გავრცელების უფლებას მნიშვნელოვანი შეზღუდვების ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
ღია ლიცენზიები ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და კრეატიულობის წახალისებას NFT ეკოსისტემაში. მათი მაგალითებია CryptoPunks და Bored Ape Yacht Club.
2. ექსკლუზიური ლიცენზიები
ექსკლუზიური ლიცენზიები აწესებს მკაცრ შეზღუდვებს NFT-ების გამოყენებასთან, გავრცელებასთან და მოდიფიკაციასთან დაკავშირებით. ამ ლიცენზიების მიხედვით, NFT-ებზე უფლებები ეკუთვნის თავდაპირველ ავტორს ან საავტორო უფლებების მფლობელს და იკრძალება მისი კონტენტის არასანქცირებული რეპროდუქცია, კომერციული მიზნით გამოყენება ან მოდიფიკაცია უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე.
ექსკლუზიური ლიცენზიის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და NFT-ის საავტორო უფლებების, გავრცელების და მოდიფიკაციის ექსკლუზიური კონტროლი. ექსკლუზიური ლიცენზიის მქონე პოპულარული NFT პროექტის მაგალითია NBA Top Shot, რომელიც შექმნილია Dapper Labs-ის მიერ. ამ კოლექციის მფლობელს, მისი NFT-ებით ვაჭრობა მხოლოდ პლატფორმის ეკოსისტემაში შეუძლია და არ აქვს მათი კომერციული მიზნით გამოყენების უფლება.
3. ნაწილობრივი ლიცენზია
ნაწილობრივი ლიცენზიის მქონე NFT-ები გვთავაზობს დაბალანსებულ მიდგომას, რომლის დროსაც NFT-ების მფლობელებს გააჩნიათ მხოლოდ გარკვეული ტიპის უფლებები და ნებართვები, ხოლო მათი ნაწილი ორიგინალი NFT-ის ავტორთან ან საავტორო უფლებების მფლობელთან რჩება. მათი ძირითადი მახასიათებლები მოიცავს NFT-ების გამოყენებასა და გავრცელებაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მხოლოდ კონკრეტული კომერციული დანიშნულებით გამოყენების და გარკვეული ტიპის მოდიფიკაციების განხორციელების ნებართვას.
ლიცენზიის ეს კატეგორია მიზნად ისახავს როგორც ავტორების, ასევე კოლექციონერების სხვადასხვა საჭიროებების და პრეფერენციების გათვალისწინებას, ასევე თანამშრომლობის წახალისებას საავტორო უფლებების დარღვევის გარეშე.
შეჯამება
NFT-ები წარმატებით გამოიყენება ინდუსტრიის უამრავ დარგში, ის გვთავაზობს ციფრულ მფლობელობასთან და ფასეულობის გენერირებასთან დაკავშირებულ სრულიად ახალ მიდგომას, რაც აუცილებელია ციფრული ეპოქისთვის. NFT-ების კლასიფიკაცია შეიძლება უამრავ ფაქტორებს ეფუძნებოდეს, როგორებიცაა გამოყენების სფეროები, ინტერაქტიულობა, ტოკენის სტანდარტები და ლიცენზირების წესები.
NFT-ების სხვადასხვა ტიპები გვთავაზობს კრეატიულობის გამოხატვის მფლობელობის ციფრული მტკიცებულების შექმნის ინოვაციურ გზებს. NFT-ების დინამიური ბუნება ახდენს მათი რევოლუციური პოტენციალის დემონსტრირებას და გვაჩვენებს მათ უნარს, შეცვალონ ციფრული სამყარო.
თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ პოტენციური რისკებიც, რომლებიც დაკავშირებულია ამ განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიასთან. NFT-ების საოცარი სამყაროს კვლევის და NFT-ების პოტენციალის გამოვლენის პარალელურად, არ უნდა დავივიწყოთ სიფრთხილე, რათა თავიდან ავიცილოთ მათთან დაკავშირებული საფრთხეები.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..