TL;DR
Bitcoin-ის ორდინალის ინსკრიპციები მომხმარებლებს ინდივიდუალურ satoshi-ებზე დამატებითი ინფორმაციის მიმაგრების საშუალებას აძლევს, რითაც იქმნება Bitcoin-ის ბლოკჩეინზე შენახული ციფრული არტეფაქტები, რის შედეგადაც მომხმარებლები Bitcoin-ზე დაფუძნებულ NFT-ებს ქმნიან.
ორდინალის ინსკრიპციის პროცესი შესაძლოა ძალიან ტექნიკური და ჩახლართული აღმოჩნდეს, მაგრამ ამ სახელმძღვანელოში გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა შექმნათ ორდინალის ინსკრიპციები ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდის გამოყენებით.
ორდინალის ინსკრიპციების შექმნას თან გარკვეული რისკები ახლავს, ამიტომ ზარალის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
რა არის Bitcoin ორდინალები?
Bitcoin-ის ორდინალები 2023 წლის იანვარში იქნა წარმოდგენილი, როგორც Bitcoin-ზე დაფუძნებული NFT-ების შექმნის მეთოდი, რისთვისაც ინდივიდუალურ satoshi-ებს მეტამონაცემები ემატება. satoshi-ები, იგივე სატები არის Bitcoin-ის უმცირესი დენომინაცია, რომელიც 0.00000001 BTC-ს ტოლია.
ორდინალის ინსკრიპციის მუშაობა ეფუძნება ორდინალების პროტოკოლს, satoshi-ების დანომვრის სისტემას, რომელიც თითოეულ satoshi-ს სერიულ ნომერს ანიჭებს, რაც შესაძლებელს ხდის მათ მოძიებას ტრანზაქციებში.
მომხმარებლებს ინდივიდუალურ satoshi-ებზე 4 მეგაბაიტზე მცირე ზომის ნებისმიერი ინფორმაციის მიმაგრება შეუძლიათ, იქნება ეს ტექსტი თუ სურათი. ასე იქმნება ციფრული არტეფაქტები, რომლებიც Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ინახება და Bitcoin-ზე დაფუძნებული NFT-ების შექმნის საშუალებას იძლევა.
რატომ სურთ ადამიანებს საკუთარი ორდინალის ინსკრიპციების შექმნა?
Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ინფორმაციის დატანის იდეა ბევრს ხიბლავს. ორდინალის ინსკრიპციების ჯამური რაოდენობა 2023 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე 15 მილიონამდე გაიზარდა .
ორდინალის ინსკრიპციამ, რაც ორდინალების პროტოკოლის შემოთავაზებით გახდა შესაძლებელი, ძალიან გაამარტივა NFT-ების პირდაპირ Bitcoin-ის ქსელში შექმნა. ზოგიერთი მომხმარებელი ქმნის საყვარელი NFT-ების ორდინალის ვერსიას, ან ახდენს პირადი დანიშნულების მქონე ციფრული ფაილების ინსკრიპციას.
მათ სჯერათ, რომ მომავალში ორდინალის ინსკრიპციები უფრო ფასეული იქნება, ან Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ფაილების შენახვა შექმნის უნიკალურ მახასიათებლებს, როგორიცაა უცვლელობა და იშვიათობა. ეს კიდევ უფრო მიმზიდველია, თუ გავითვალისწინებთ ამ პროცესის დაბალ ფასს.
Bitcoin-ის ფიქსირებული მარაგი 21 მილიონ მონეტას შეადგენს, ინსკრიპციები კი მხოლოდ სატების კონკრეტულ რაოდენობას დაემატება. მომხმარებელთა ნაწილს სჯერა, რომ ამგვარად Bitcoin-ზე დაფუძნებული ციფრული არტეფაქტები სხვა ტიპის NFT-ებზე უფრო იშვიათი გახდება.
არსებობს ნიშური ბაზრები, სადაც ხდება ორდინალის ინსკრიპციებით ვაჭრობა და იგეგმება უფრო დიდი ბაზრების შექმნა. შესაძლოა ორდინალის ინსკრიპციის უფრო აქტიური ბაზარიც შეიქმნას, მაგრამ გარანტირებული არაფერია.
როგორ შევქმნათ ორდინალის ინსკრიპციები
თუ საკუთარი ორდინალის ინსკრიპციების შექმნას აპირებთ, მაგალითად გსურთ გქონდეთ ქორწინების მოწმობის ან უძრავი ქონების საკუთრების მოწმობის ინსკრიპცია, რომლებიც Bitcoin-ის ბლოკჩეინზე სამუდამოდ შეინახება, ამ სახელმძღვანელოში გაიგებთ ეს როგორ უნდა გააკეთოთ.
თუ ორდინალის ინსკრიპციის სახელმძღვანელოს გაეცნობით, დაინახავთ, რომ ორდინალის ინსკრიპციების შექმნა ძალიან ტექნიკური და რთული პროცესია. მომხმარებლებმა უნდა დააინსტალონ Bitcoin Core, მოახდინონ Bitcoin-ის ბლოკჩეინის სინქრონიზება, შექმნან Bitcoin Core საფულე და შეასრულონ რამდენიმე დამატებითი მოქმედება.
ამ სახელმძღვანელოში ჩვენ გამოვიყენებთ უფრო მარტივ მეთოდს პლატფორმა Gamma-ს დახმარებით, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს კრეატორების Launchpad-ს და ორდინალის ინსკრიპციების ღია ბაზარს.
პირველი საფეხური: დააინსტალეთ და დააკავშირეთ თავსებადი საფულე
პირველი საფეხური თავსებადი საფულის ინსტალაციაა. ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზაა გადახვიდეთ ბმულზე https://gamma.io/, დააწკაპუნოთ ღილაკზე „საფულის დაკავშირება“ და ჩამოტვირთოთ სიაში მოცემული რომელიმე საფულე.
ყველა საფულე წარმოადგენს ბრაუზერის გაფართოებას, რომელსაც მარტივად გადმოწერთ და დააინსტალებთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი საფულის seed ფრაზების უსაფრთხოდ, რამდენიმე ეგზემპლარად შენახვა.
რეკომენდებულია ორდინალის ინსკრიპციისთვის ცალკე, ახალი საფულის შექმნა. არ გამოიყენოთ საფულე, რომელშიც Bitcon-ს ინახავთ. Bitcoin ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახეთ და ექსპერიმენტებისთვის ნუ გამოიყენებთ.
მეორე საფეხური: აირჩიეთ ინსკრიპციის ტიპი
საფულის დაკავშირების შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე შექმნა/ახალი ინსკრიპცია. ახალი კოლექციის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე შექმნა/ახალი კოლექციის დამზადება. პირველ ჯერზე სჯობს მხოლოდ ერთი ინსკრიპცია შექმნათ. ამის ნაცვლად შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ბმულზე https://gamma.io/ordinals და გადახვიდეთ არჩევანის გვერდზე.
მესამე საფეხური: ატვირთეთ თქვენი ინსკრიპცია
არჩევანის გაკეთების შემდეგ, შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ფაილები, რომლებიც ინსკრიპციისთვის გსურთ გამოიყენოთ. დასაშვები ფაილების ტიპებია WEBP (რეკომენდებული), JPEG, PNG, SVG და GIF. ფოტოს რეკომენდებული ზომაა 60 კილობაიტზე ნაკლები, GIF-ის კი 200 კილობაიტზე ნაკლები. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა Gamma-მ თქვენი ფოტო შესაძლოა გაზარდოს, დააპატარაოს, შეკუმშოს ან გარდაქმნას.
ორდინალის ინსკრიპციების დაახლოებით 85% ტექსტია, მცირე ნაწილი კი სურათები და სხვა ფორმატის ფაილები.
მეოთხე საფეხური: მიუთითეთ საკომისიოები
ინსკრიპციისთვის ფაილის ატვირთვის შემდეგ, აირჩიეთ საკომისიოს რომელ გეგმას გამოიყენებთ. ზოგადად, რაც უფრო დიდია ფაილი, უფრო მაღალია საკომისიო, ამიტომ უნდა მოძებნოთ ბალანსი ფაილის ზომასა და ხარისხს შორის და აირჩიოთ საკომისიოს დონე, რომელიც არ იქნება მეტისმეტად მაღალი ერთი ინსკრიპციისთვის.
ქვემოთ მოცემულია 25 კბ ზომის სურათისთვის განსაზღვრულისაკომისიოების დიაპაზონი 2023 წლის 5 ივლისის მონაცემებით. საკომისიოების ოდენობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ბლოკის სივრცის მოთხოვნასა და კონკურენციაზე .
რაც უფრო მეტ საკომისიოს გადაიხდით, მით მეტად იზრდება თქვენი ინსკრიპციების შექმნის და პროცესის უფრო სწრაფად დასრულების ალბათობა. დაბალი საკომისიოს გადახდის შემთხვევაში შესაძლოა ამას მეტი დროს დასჭირდეს - ხანდახან რამდენიმე დღეც - ან საერთოდ ვერ შესრულდეს.
მეხუთე საფეხური: მიუთითეთ ორდინალის მისაღები მისამართი
საჭიროა მიუთითოთ თქვენი Bitcoin მისამართი, სადაც შექმნის შემდეგ ორდინალის ინსკრიპცია გაიგზავნება. ამისთვის ორდინალებთან თავსებადი საფულე უნდა გამოიყენოთ. პირველ საფეხურზე აღწერილი სამი საფულე ორდინალებთან თავსებადია და თუ ის უკვე დააკავშირეთ, შეგიძლიათ უბრალოდ მისი მისამართი დააკოპიროთ და აქ ჩასვათ.
ან შეგიძლიათ ორდინალებთან თავსებადი საფულე სხვა წყაროდან ჩამოტვირთოთ და მისი მისამართი დააკოპიროთ და ჩასვათ აქ. მოიძეთ და საფუძვლიანად შეისწავლეთ ინფორმაცია ახალი საფულის შესახებ და ყურადღება მიაქციეთ მის თავსებადობას, უსაფრთხოებასა და ფუნქციებს.
ამ საფეხურების გასავლელად საფულის დაკავშირება აუცილებელი არ არის. ეს საფეხურები ისეა დალაგებული, რომ პროცესის გავლა გამარტივდეს.
რეკომენდებულია მიუთითოთ თანხის დასაბრუნებელი მისამართიც, რომელზეც დაბრუნდება თქვენ მიერ გადახდილი საკომისიო ინსკრიპციის განუხორციელებლობის შემთხვევაში. ეს შესაძლოა იგივე მისამართი იყოს, რომელზეც ორდინალის ინსკრიპცია გაიგზავნება. ასევე შეგიძლიათ ქვითრის მისაღებად ელ. ფოსტის მისამართი მიუთითოთ.
მეექვსე საფეხური: განახორციელეთ ტრანზაქცია
ბოლო საფეხური ტრანზაქციის საფასურის გადახდაა. შეგიძლიათ შესაბამის მისამართზე გაგზავნოთ Bitcoin-ის განსაზღვრული რაოდენობა ან დაასკანეროთ QR კოდი და მხარდაჭერილი Bitcoin საფულით გადაიხადოთ. ამ შემთხვევაში დარწმუნდით, რომ უსაფრთხო და თავსებად საფულეს იყენებთ.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე დაინსტალებული ბრაუზერის გაფართოების საფულე. უბრალოდ გადარიცხეთ Bitcoin ამ საფულეში და დაფარეთ ტრანზაქციის ღირებულება. გახსოვდეთ, რომ თანხა ერთი ტრანზაქციით უნდა გადაიხადოთ.
ამ ინსტრუქციების შესრულების შემდეგ მოგიწევთ მოიცადოთ რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში და გაიგოთ, შესრულდება თუ არა თქვენი ორდინალის ინსკრიპცია. სიახლეების სანახავად რეგულარულად უნდა ამოწმოთ ეს გვერდი. შესაძლოა დიდხანს ლოდინი მოგიწიოთ, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ.
უსაფრთხოების რჩევები ორდინალის ინსკრიპციების შექმნის პროცესში
ორდინალის ინსკრიპციის ეკოსისტემა ჯერაც ექსპერიმენტულია, ამიტომ მომხმარებლებმა უსაფრთხოების რჩევები უნდა გაითვალისწინონ და საუკეთესო პრაქტიკა გამოიყენონ.
პირველ რიგში შექმენით მხოლოდ ორდინალის ინსკრიპციებისთვის განკუთვნილი ახალი საფულე და არ აგერიოთ ის საინვესტიციო და ჰოლდინგების საფულეებში. ინსკრიპციებისთვის გადასახდელად მხოლოდ საჭირო ოდენობის Bitcoin გაგზავნეთ, რადგან ამ საფულეში დამატებითი თანხის გადარიცხვა რისკებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა დაფიქსირდეს შეცდომა და თანხა დაიკარგოს.
ინსკრიპციების გაგზავნისას ან სხვა ტიპის გადარიცხვისას ყოველთვის გამოიჩინეთ სიფრთხილე. თუ დარწმუნებული არ ხართ, ნურაფერს მოიმოქმედებთ, სანამ არ გეცოდინებათ, რომ სწორად იქცევით. ორდინალებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გაწევრიანდით ონლაინ ფორუმებზე და სოციალურ ჯგუფებში.
შეჯამება
ორდინალის ინსკრიპციები არის უახლესი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც Bitcoin-ის ინოვაციური გამოყენების საშუალებები აინტერესებთ. მომხმარებელთა ნაწილს სჯერა, რომ ორდინალის ინსკრიპცია, როგორც უცვლელი, იშვიათი და უნიკალური ფაილების შენახვის საშულება, უპრეცედენტო ფუნქციებს გვთავაზობს. სხვები იმედოვნებენ, რომ ეს სივრცე ზრდას განაგრძობს და სხვა NFT ეკოსისტემებს კონკურენციას გაუწევს.
თუ ორდინალის ინსკრიპციების სამყაროს უკეთ გაცნობა გსურთ, ეს სახელმძღვანელო ამის გაკეთების მარტივი გზების მოძიებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენი ფაილი მცირე ზომისაა, ფასიც ზომიერი იქნება და კარგადაც გაერთობით. თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს სწრაფად გამდიდრების სქემა არ არის, ამიტომ კარგად დაფიქრდით, თუ უზარმაზარი კოლექციების შესაქმნელად ბევრი ფულის დახარჯვას აპირებთ. როგორც ყოველთვის, რეკომენდებულია ინვესტიციას ყურადღებით მოეკიდოთ.
დამატებითი საკითხავი:
რა არის ორდინალები? Bitcoin NFT-ების მიმოხილვა
რა არის და როგორ მუშაობს Bitcoin?
რა არის Taproot და რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს მან Bitcoin-ს
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.