მთავარი დეტალები
ბლოკჩეინის ხიდი არის პროტოკოლი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ დამოუკიდებელ ბლოკჩეინ ქსელს, რაც მათ შორის აქტივებისა და მონაცემების მიმოცვლის საშუალებას იძლევა.
ხიდების მეშვეობით შესაძლებელია ერთ ქსელზე დეცენტრალიზებულ ფინანსებთან (DeFi) დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობაც, სხვა ქსელის აქტივების მეშვეობით, მათი შესყიდვის საჭიროების გარეშე.
ხიდები შეიძლება იყოს კასტოდიალური (ცენტრალიზებული) ან არაკასტოდიალური (დეცენტრალიზებული) - თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულად მიმდინარეობს ნდობის მოპოვებასთან და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცესები.
შესავალი
Bitcoin, Ethereum და BNB Smart Chain წარმოადგენს ბლოკჩეინ ეკოსისტემების ყველაზე პოპულარულ მაგალითებს. მათგან თითოეული იყენებს განსხვავებულ კონსენსუსის პროტოკოლს, პროგრამირების ენას და სისტემის წესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მოცემულობით მათი ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. ბლოკჩეინის ხიდი გახლავთ პროტოკოლი, რომელიც ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით განსხვავებულ ბლოკჩეინ ქსელებს ერთმანეთთან აკავშირებს, მათ შორის ინტერაქციის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული პროტოკოლები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ხიდი ორ კუნძულს შორის, ეს კუნძული კი შეგვიძლია ერთმანეთისგან განცალკევებული ბლოკჩეინების სახით აღვიქვათ. აღნიშული იზოლირებული ქსელების ერთმანეთთან დაკავშირებით, ბლოკჩეინ ხიდები უზრუნველყოფენ ურთიერთთავსებადობას: ერთ ბლოკჩეინზე არსებული ციფრული აქტივებისა და მონაცემების მეორე ბლოკჩეინზე გამოყენების შესაძლებლობას.
ურთიერთთავსებადობაზეა დაფუძნებული ისეთი მსხვილი ქსელებიც, როგორიცაა მაგალითად ინტერნეტი. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული კომპიუტერები ერთმანეთს ღია პროტოკოლების საერთო ქსელის მეშვეობით უკავშირდებიან. ბლოკჩეინ სივრცეში, სადაც უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთმანეთთან შეუთავსებელი ქსელი არსებობს, ხიდები მათი დაკავშირებისა და მათ შორის მონაცემების და თანხის მიმოცვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება.
რისთვისაა საჭირო ბლოკჩეინის ხიდები?
ბლოკჩეინ სივრცის განვითარების პარალელურად უფრო და უფრო იჩინა თავი მისმა მინუსებმა, რომელთაგან ერთ-ერთია სხვადასხვა ქსელის ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობის არარსებობა. თითოეული ბლოკჩეინი მოქმედებს საკუთარი წესებით, ტოკენებით, პროტოკოლებითა და სმარტ კონტრაქტებით. სწორედ ეს აჩენს ერთგვარ უფსკრულს აქტივებსა და მომხმარებლებს შორის, რომელთაც მხოლოდ ცალკეულ ეკოსისტემაში შეუძლიათ მოქმედება და არ აქვთ სხვადასხვა ეკოსისტემებს შორის პროცესების განხორციელების შესაძლებლობა.
ბლოკჩეინის ხიდები აქრობს ზემოხსენებულ უფსკრულს ინდივიდუალურ კრიპტო ეკოსისტემებს შორის და აკავშირებს მათ ერთმანეთთან. ბლოკჩეინების ქსელების დაკავშირებით იქმნება მათ შორის ტოკენებისა და მონაცემების მიმოცვლის შესაძლებლობაც. გარდა კროს-ჩეინ გადარიცხვების შესაძლებლობის უზრუნველყოფისა, ხიდები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოიპოვონ წვდომა სხვა ბლოკჩეინებზე არსებულ პროტოკოლებზე. ამასთან, სხვადასხვა ბლოკჩეინ საზოგადოების წევრ დეველოპერებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც ეძლევათ. ბლოკჩეინ ხიდები ურთიერთთავსებადობის ცნებაზე დაფუძნებული ბლოკჩეინ ინდუსტრიის ჩამოყალიბების პროცესის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
როგორ მუშაობს ბლოკჩეინ ხიდები?
ბლოკჩეინ ხიდები ყველაზე ხშირად ტოკენების გადატანის მიზნით გამოიყენება. მაგალითად, თუ გსურთ Bitcoin-ის (BTC) გამოყენება Ethereum-ის ეკოსისტემის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ BTC და იყიდოთ ETH. თუმცა, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ტრანზაქციის საკომისიოს გადახდა და შესაძლოა, ფასების მერყეობის ზემოქმედების რისკების წინაშეც აღმოჩნდეთ. სხვა შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლოკჩეინ ხიდი და თქვენს საკუთრებაში არსებული აქტივის გაყიდვის გარეშე მოიპოვოთ წვდომა სხვა ქსელზე.
ბლოკჩეინ ხიდის მეშვეობით 1 BTC-ის Ethereum საფულეში გადატანისას, ხიდის კონტრაქტი ბლოკავს თქვენს BTC-ს და ქსელზე აგზავნის ექვივალენტური რაოდენობის Wrapped Bitcoin-ს (WBTC): ERC-20 ტოკენს, რომელიც თავსებადია Ethereum-ის ქსელთან. საწყისი BTC ინახება სმარტ კონტრაქტებში, ხოლო ექვივალენტური რაოდენობის შეფუთული ტოკენები დამზადდება საბოლოო დანიშნულების ბლოკჩეინზე. ამ ტიპის მიბმის ფარგლებში ტოკენების შეფუთული ვერსია მიბმულია საწყისი აქტივის ღირებულებასთან და ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი მისი შეფუთვის მოხსნა.
თუ აღნიშნულ პროცესებს მომხმარებლის პერსპექტივიდან შევხედავთ, შეგვიძლია პროცესი რამდენიმე ეტაპად დავყოთ: საწყისი ბლოკჩეინის და აქტივის ოდენობის შერჩევა, აქტივების გაგზავნა ხიდის კონტრაქტის მისამართზე, ექვივალენტური რაოდენობის შეფუთული ტოკენების მიღება საბოლოო დანიშნულების ბლოკჩეინზე. საწყისი აქტივების დაბრუნების შემთხვევაში, საჭიროა აღნიშნული ეტაპების საპირისპირო თანმიმდევრობით გავლა.
რა ტიპის ბლოკჩეინ ხიდები არსებობს?
ბლოკჩეინ ხიდების კატეგორიებად დაყოფა შესაძლებელია მათი ფუნქციონირების, მექანიზმების და ცენტრალიზაციის დონის მიხედვით.
კასტოდიალური და არაკასტოდიალური ხიდები
კასტოდიალური ხიდების (აგრეთვე ცნობილი როგორც ცენტრალიზებული ხიდები) შემთხვევაში, პროცესებში ჩართულია ცენტრალური ორგანო, რომელსაც ნდობას უცხადებენ მომხმარებლები და რომელიც პასუხისმგებელია სისტემის უსაფრთხოდ ფუნქციონირებაზე. არა-კასტოდიალური ხიდები დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების დაბლოკვის და დამზადების პროცესები სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით მიმდინარეობს. აღნიშნული მოდელის შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება საბაზისო კოდის მეშვეობით, ნაცვლად კონკრეტული ცენტრალური რგოლისა. თუმცა, ორივე მიდგომას ახასიათებს გარკვეული მინუსები: კასტოდიალური ხიდები მომხმარებელს სთავაზობს გაუმჯობესებულ გამოცდილებას, არა-კასტოდიალური ხიდები ამცირებს ცენტრალური რგოლისთვის ნდობის გამოცხადების საჭიროებას, თუმცა მისი კოდი შესაძლოა დაუცველი იყოს ექსპლოიტებთან მიმართებაში.
შეფუთული აქტივების ხიდები
შეფუთული აქტივების ხიდები უზრუნველყოფს კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობას, რისთვისაც ხდება ერთ ბლოკჩეინზე აქტივის შეფუთვა სხვა ბლოკჩეინთან თავსებადი ფორმატის ტოკენის სახით. აღნიშნული ტიპის ტოკენების ყველაზე პოპულარული მაგალითია Wrapped Bitcoin (WBTC), რომელიც გახლავთ BTC-ის Ethereum-თან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით შეფუთული ERC-20 ტოკენი.
საიდჩეინ ხიდები
საიდჩეინ ხიდები ერთმანეთთან აკავშირებს ძირითად ბლოკჩეინსა და მასთან დაკავშირებულ საიდჩეინს. აღნიშნული პროცესის განხორციელება საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი ბლოკჩეინი და მასთან დაკავშირებული საიდჩეინი სხვადასხვა კონსენსუსის მექანიზმს იყენებს. აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი მაგალითია Ethereum-ის mainenet-ის Gnosis Chain-თან დაკავშირება, რაც აღნიშნულ ქსელებს შორის თანხების მიმოცვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ერთმიმართულებიანი და ორმიმართულებიანი ხიდები
ერთმიმართულებიანი ხიდების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია აქტივების მხოლოდ საბოლოო დანიშნულების ბლოკჩეინზე გადატანა, უკან დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე. ორმიმართულებიანი ხიდების შემთხვევაში კი, შესაძლებელია აღნიშნული მოქმედების ორივე მიმართულებით განხორციელება, რაც მათ უფრო მოსახერხებელს ხდის ზოგადი დანიშნულებისთვის.
ბლოკჩეინ-ხიდების უპირატესობები
ბლოკჩეინ ხიდების ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების შესაძლებლობა წამოადგენს. მათი მეშვეობით შესაძლებელი ხდება აქტივების მიმოცვლა სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის, იქნება ეს 1-ელი და მე-2 დონის პროტოკოლები, თუ სხვადასხვა საიდჩეინი. მაგალითად, ბლოკჩეინ ხიდების მეშვეობით Bitcoin-ის მფლობელებს შეუძლიათ DApp-ების და DeFi სერვისებით სარგებლობა Ethereum-ზე, მათ საკუთრებაში არსებული BTC-ის გაყიდვის საჭიროების გარეშე.
გარდა ამისა, ბლოკჩეინ ხიდების მეშვეობით შესაძლებელია მასშტაბირებადობის გაუჯობესება. ისეთი პროტოკოლები, როგორიცაა Ethereum-Polygon Bridge ითავსებს მასშტაბირებადობის ტექნოლოგიის ფუნქციას და უზრუნველყოფს დიდი ოდენობით ტრანზაქციების ძირითადი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავების შესაძლებლობას. აღნიშნული ამცირებს ანგარიშსწორებისთვის საჭირო დროსა და ტრანზაქციების საკომისიოების ოდენობას. კროს-ჩეინ ინფრასტრუქტურით ორგანიზაციულ დონეზე დაინტერესების დონის ზრდის პარალელურად, უფრო და უფრო მეტი გადახდის სისტემის პროვაიდერი კომპანია იყენებს ხიდებზე დაფუძნებულ სტეიბლკოინების ინფრასტრუქტურას, რაც აღნიშნული ერთეულების რეალურ სამყაროში გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ბლოკჩეინ ხიდებთან დაკავშირებული რისკები
მიუხედავად მათი ეფექტურობისა, ბლოკჩეინ ხიდები გარკვეულ რისკებთანაა ასოცირებული. 2021 წლიდან ხიდებთან დაკავშირებული ხარვეზებითა და შეფერხებებით გამოწვეულმა ზარალმა 4,3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რის გამოც, კრიპტოვალუტების სივრცეში კროს-ჩეინ ხიდები ყველაზე ხშირი თავდასხმების სამიზნედაა მიჩნეული. 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ყველაზე სამი ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმიდან ორი სწორედ ბლოკჩეინ ხიდებზე განხორციელდა. 2025 წლის მარტში Hyperbridge პროტოკოლზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად განცდილმა ზარალმა 2.,5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. აღნიშნული თავდასხმის ფარგლებში ჰაკერებმა ისარგებლეს Polkadot-Ethereum ხიდისა და მასთან დაკავშირებული ლიკვიდურობის პულების ვალიდაციის ლოგიკის ხარვეზებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი გზამკვლევი ხიდების უსაფრთხოების სისტემების ხარვეზები.
თავდასხმების ძირითად ვექტორს წვდომის კონტროლთან დაკავშირებული ხარვეზები წარმოადგენს, 2024 წლის ფარგლებში ბლოკჩეინ ხიდებთან დაკავშირებული ზარალის მთლიანი თანხის (1,7 მილიარდი აშშ დოლარი) 75% სწორედ აღნიშნულ ხარვეზებთან ასოცირდებოდა. გარდა ამისა, კასტოდიალური ხიდების გამოყენების შემთხვევაში, არსებობს პროცესებში მონაწილე ცენტრალური რგოლის მიერ თანხების არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოყენების რისკიც. კასტოდიალური ხიდების გამოყენებისას, პოპულარული პლატფორმების შემთხვევაში შესაძლოა რისკებთან გამკლავების საჭიროების ალბათობა შედარებით დაბალი იყოს, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არც ერთი ტიპის ხიდი არ არის სრულად თავისუფალი რისკებისგან.
კიდევ ერთი უარყოფითი მახასიათებელი, რომელიც შესაძლოა ტექნიკურ შეზღუდვად მივიჩნიოთ, გახლავთ დაბალი გამტარუნარიანობა: მაღალი მოთხოვნის პერიოდებში ცალკეული ბლოკჩეინის მიერ ტრანზაქციების დამუშავების შესაძლებლობების სიმწირემ შესაძლოა გამოიწვოს კროს-ჩეინ პროცესების სიჩქარე და შეფერხების გამომწვევ მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, აქტივების სხვა ბლოკჩეინზე გადატანა არ იძლევა საწყის ქსელზე ხელმისაწვდომი DApp-ებსა და სერვისებზე წვდომის გარანტიას.
როგორია ბლოკჩეინ ხიდების მომავალი?
ინტერნეტ ქსელის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი, შეიძლება ითქვას, მისი უნივერსალურობაა. ბლოკჩეინ ხიდებიც სწორედ ანალოგური თავსებადობის დონის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება განაწილებულ ქსელებს შორის. 2026 წლის მონაცემებით შედარებით ახალი კროს-ჩეინ შეტყობინებების პროტოკოლების მეშვეობით ხდება ხიდების ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და სანდოობის დონის გაუმჯობესება. Chainlink-ის კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობის პროტოკოლის (CCIP) მეშვეობით მოხდა 28,6 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის გადარიცხვების დამუშავება პროტოკოლის დონეზე დაფიქსირებული ექსპლოიტების გარეშე, დეცენტრალიზებული ვალიდაციისა და სტანდარტიზებული ტოკენების გადატანის ფორმატების გამოყენებით. 2024 წელს Wormhole-მა წარმოადგინა ნულოვანი ინფორმაციის ვერიფიკაციის და კროს-ჩეინ მმართველობის მექანიზმები.
აღნიშნული გაუმჯობესებები მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინ ხიდების ექსპლოიტები წარმოადგენს მუდმივ რისკებს, ინდუსტრიის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც მიზნად უფრო ეფექტური ვალიდაციის სტანდარტების დანერგვას ისახავს. სამომავლო ინოვაციების ფარგლებში შესაძლოა ვიხილოთ გაუმჯობესებული მასშტაბირებადობა, კროს-ჩეინ კომუნიკაციის შესაძლებლობები და მართვის სისტემის თავდასხმებისგან დაცვის მექანიზმები, რომლებიც დღემდე მიიჩნევა ზარალის გამომწვევ ძირითად მიზეზად.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის ბლოკჩეინ ხიდი მარტივი სიტყვებით?
ბლოკჩეინ ხიდი გახლავთ პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება აქტივებისა და მონაცემების ერთი ბლოკჩეინ ქსელიდან მეორეზე გადატანა. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში ხდება საწყის ბლოკჩეინზე არსებული აქტივის დაბლოკვა და ექვივალენტური ტოკენის გაშვება საბოლოო დანიშნულების ბლოკჩეინზე, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული ერთეულების სხვა ეკოსისტემის ფარგლებში გამოყენების შესაძლებლობას, მათი გაყიდვის გარეშე.
რა განსხვავებაა კასტოდიალურ და არაკასტოდიალურ ხიდებს შორის?
კასტოდიალური ხიდების შემთხვევაში პროცესებში ჩართულია და აკონტროლებს ცენტრალური ობიექტი, რომელიც მართავს მომხმარებლების აქტივებს გადატანის დროს. არაკასტოდიალური ხიდის შემთხვევაში, აღნიშნული პროცესის ავტომატიზაციის მიზნით სმარტ კონტრაქტები გამოიყენება, შესაბამისად, აღარ არსებობს ცენტრალური ორგანოსთვის ნდობის გამოცხადების საჭიროება, თუმცა აუცილებელია აღნიშნული ტიპის ხიდების კოდებთან დაკავშირებული ხარვეზები, რომლითაც შესაძლოა ისარგებლონ თავდამსხმელებმა.
რატომ ხდება ბლოკჩეინ ხიდებზე ხშირი თავდასხმები ჰაკერების მიერ?
ბლოკჩეინ ხიდები ინახავს დიდი ოდენობით დაბლოკილ აქტივებს და მოიცავს სმარტ კონტრაქტების კომპლექსურ ლოგიკას, რომელიც რამდენიმე ბლოკჩეინზეა გადანაწილებული. აღნიშნული კომბინაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბლოკჩეინ ხიდები ხშირად ხდება ჰაკერული თავდასხმის სამიზნე. ყველაზე პოპულარულ სუსტ წერტილად მიიჩნევა წვდომის კონტროლთან დაკავშირებული ხარვეზები, 2021 წლის შემდეგ განცდილი ფინანსური ზარალის ძირითადი წილიც სწორედ აღნიშნულ მახასიათებელზე თავდასხმებთანაა დაკავშირებული.
არსებობს თუ არა ტრადიციული ხიდების უფრო უსაფრთხო ალტერნატივები?
შედარებით ახალი კროს-ჩეინ პროტოკოლები დაფუძნებულია დეცენტრალიზებულ ვალიდაციის მოდელზე, ფორმალური ვერიფიკაციის პროცესებსა და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებზე, რაც ამცირებს ხიდებთან დაკავშირებული რისკების ზემოქმედების ალბათობას. ისეთი პროტოკოლები, როგორიცაა Chainlink CCIP შექმნილია ცენტრალიზებული ოპერატორების პროცესებში ჩართვის საჭიროების მინიმიზაციის მიზნით და მათი მეშვეობით შესაძლებელი ხდება დიდი მოცულობით ტრანზაქციების დამუშავება პროტოკოლის დონის ექსპლოიტების გარეშე. შესაბამისად, როგორც უკვე მიხვდით, არც ერთი კროს-ჩეინ ტექნოლოგია არ არის სრულად თავისუფალი სირკებისგან და აუცილებელია მომხმარებლებმა საფუძვლიანად შეისწავლონ თითოეული მოდელი აქტივების გადატანის დაწყებამდე.
შეჯამება
ბლოკჩეინ ხიდები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბლოკჩეინ ეკოსისტემის ურთიერთავსებადობის გაუმჯობესების პროცესში. მათი მეშვეობით შესაძლებელი ხდება აქტივებისა და მონაცემების გადატანა სხვადასხვა ქსელს შორის, რომლებიც, სხვა შემთხვევაში ერთმანეთისგან სრულად იზოლირებული იქნებოდა. დეცენტრალიზებული ვალიდაციის და ნულოვანი ინფორმაციის კრიპტოგრაფიის მოდელთან დაკავშირებული გაუმჯობესების შედეგად, შესაძლოა დაინერგოს უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ახალი საშუალებები, რაც დღემდე წარმოადგენს ბლოკჩეინ ხიდების ძირითად პრობლემას.
დამატებითი საკითხავი
რა არის ხიდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემები?
ბლოკჩეინის 1-ელი და მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიები
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.