მთავარი დეტალები
Stellar არის ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც გვთავაზობს სწრაფ და იაფ საერთაშორისო გადახდებს და აქტივების ტრანზაქციებს.
ქსელი მუშაობს Stellar Core პროგრამით, მასზე კონსენსუსის მიღწევას რამდენიმე წამი ესაჭიროება, რისთვისაც გამოიყენება Stellar-ის კონსენსუსის პროტოკოლი (SCP).
მისი ადგილობრივი ტოკენია Lumens (XLM), რომელიც გამოიყენება საკომისიოების გადასახდელად, ანგარიშზე მინიმინალური ბალანსის შესანარჩუნებლად და მოქმედებს, როგორც სხვადასხვა აქტივების დამაკავშირებელი ხიდი.
Stellar-ს მართავს არაკომერციული ორგანიზაცია „Stellar-ის განვითარების ფონდი“ (SDF) და აქვს სხვადასხვა სახის ანკორების, პარტნიორების და ტოკენიზებული აქტივების მხარდაჭერა.
შესავალი
საერთაშორისო გადახდები ნელი და ძვირადღირებული პროცესია, რასაც ზოგჯერ დღეები და რამდენიმე შუამავალი ორგანიზაციის ჩართულობა ესაჭიროება. Stellar შეიქმნა, როგორც ბლოკჩეინის ქსელი, რომლის დანიშნულება იყო ამ გამოწვევებთან გამკლავება და მომხმარებლისთვის საერთაშორისო ტრანზაქციების უფრო სწრაფი, იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდის შეთავაზება. ქსელის ადგილობრივი ტოკენი, Lumens (XLM), გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად და სხვადასხვა ვალუტის ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
რა არის Stellar?
Stellar არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული ბლოკჩეინის ქსელი, რომლის დანიშნულებაა მომხმარებლისთვის სწრაფი და ხელმისაწვდომი გადახდების და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელების შესაძლებლობის შეთავაზება. ის შეიქმნა 2014 წელს Ripple-ის თანადამფუძნებლის, ჯედ მაკკალების და ჯოის კიმის მიერ. ქსელის დანიშნულება იყო მომხმარებლისთვის უფრო ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ფინანსური სისტემის შეთავაზება.
ქსელის მხარდაჭერას უზრუნველყოფს Stellar-ის განვითარების ფონდი (SDF), რომელიც წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას და ახორციელებს პროექტის განვითარების და დანერგვის პროცესის მართვას. SDF-ის პასუხისმგებლობებია Stellar-ის ღია პროგრამული კოდის მხარდაჭერა, ეკოსისტემის ზრდის ხელშეწყობა და ფინანსური ჩართულობის უზრუნველყოფა, რისთვისაც მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა ფულადი გადარიცხვები და აქტივის ტოკენიზაცია.
როგორ მუშაობს Stellar
Stellar Core
Stellar-ის ქსელის მუშაობას უზრუნველყოფენ ნოდები, რომლებზეც გაშვებულია პროგრამა, სახელწოდებით Stellar Core. ეს ნოდები ერთობლივად ახორციელებენ ტრანზაქციების ვალიდაციას, მათი თანმიმდევრობის განსაზღვრას და საზიარო ლეჯერის განახლებას დაახლოებით ყოველ ხუთ-შვიდ წუთში. ნებისმიერს შეუძლია Stellar-ის გამოყენება ნოდის გაშვების გარეშე, თუმცა ნოდის გაშვების შემთხვევაში, თქვენ აძლიერებთ ქსელის დეცენტრალიზაციასა და უსაფრთხოებას და ამავდროულად შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ მმართველობის პროცესში, ხმა მისცეთ პროტოკოლის განახლებებს და მინიმალური საკომისიოების დაწესებას.
Stellar-ის კონსენსუსის პროტოკოლი (SCP)
ტრადიციული კონსენსუსის მექანიზმების ნაცვლად, როგორიცაა Proof of Work (PoW) ან Proof of Stake (PoS), Stellar იყენებს Stellar-ის კონსენსუსის პროტოკოლს (SCP). SCP დაფუძნებულია მოდელზე, რომელსაც ეწოდება Federated Byzantine Agreement (FBA).
ამ მოდელში, თითოეული ვალიდატორი ირჩევს სანდო ვალიდატორების ჯგუფს, რომელსაც ქვორუმის ნაკრებს უწოდებენ. კონსენსუსის მიღწევა ხდება მაშინ, როდესაც ფიქსირდება ამ ნაკრებებს შორის საკმარისი თანხვედრა, რაც მათ საშუალებას აძლევს მიაღწიონ შეთანხმებას ბლოკში დასამატებელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. ხმის მიცემის და დადასტურების პროცესის მეშვეობით, საბოლოოდ ყველა ნოდი თანხმდება ტრანზაქციების ერთი და იმავე ნაკრებზე.
ამ მიდგომის წყალობით, Stellar შედარებით სწრაფი და ენერგოეფექტურია და გაცილებით მარტივია ახალი მონაწილეების ქსელში ინტეგრაცია. ტრანზაქციების დადასტურება წამებში ხდება, მაინინგის ან დიდი რაოდენობით ტოკენების სტეიკინგზე განთავსების საჭიროების გარეშე. SCP-სთვის პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოება და თანმიმდევრულობა, რაც უზრუნველყოფს ლეჯერის შეუსაბამო ვერსიების გამოქვეყნების თავიდან აცილებას, თუმცა ეს შესაძლოა მოკლე პაუზების მიზეზი გახდეს, რადგან ვალიდატორებს შორის შეთანხმების მიღწევას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.
Stellar-ის ძირითადი მახასიათებლები
სმარტ კონტრაქტები (Soroban)
Soroban არის Stellar-ის სმარტ კონტრაქტების პლატფორმა. Soroban კონტრაქტები დაწერილია Rust პროგრამირების ენაზე და კომპილირებულია მარტივი WebAssembly (Wasm) ფორმატში, რაც უზრუნველყოფს კონტრაქტების სწრაფად და უსაფრთხოდ აღსრულებას სხვადასხვა გარემოში.
Stellar-ის ტრადიციულ ანგარიშებში გამოიყენება საბაზისო რეზერვების სისტემა, რაც საჭიროებს ბალანსზე XLM-ის მცირე ოდენობის ქონას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ლეჯერის ავსება გამოუყენებელი ჩანაწერებით. Soroban გვთავაზობს იჯარაზე დაფუძნებულ მოდელს, სადაც საკომისიოების გადახდა ხდება კონტრაქტების მიერ გამოყენებული მეხსიერების ოდენობის და აქტიურობის ხანგრძლივობის საფუძველზე.
ეს მიდგომა დეველოპერებს აძლევს სხვადასხვა აპლიკაციების, მაგალითად სესხების გაცემის პლატფორმების და აქტივების მართვის ინსტრუმენტების შექმნის და ამავდროულად რესურსების ეკონომიურად გამოყენების და Stellar სწრაფი და იაფი საბაზისო ბლოკჩეინით სარგებლობის შესაძლებლობას.
ანკორები
ანკორები წარმოადგენს სანდო ორგანიზაციებს, მაგალითად ბანკებს, ფინანსური ტექნოლოგიის კომპანიებს ან გადახდის პროვაიდერებს, რომლებიც Stellar-თან დამაკავშირებელი სისტემების როლს ასრულებს. ისინი იღებენ ფიატ-ვალუტას, მაგალითად აშშ დოლარს ან ევროს, სანაცვლოდ კი Stellar-ის ქსელზე უშვებენ ეკვივალენტური ღირებულების ტოკენებს. ეს ტოკენები შეგიძლიათ რამდენიმე წამში გადარიცხოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და შემდეგ ისევ ფიატ-ვალუტაში გადაცვალოთ იმავე ან სხვა ანკორის დახმარებით. ამის წყალობით, Stellar შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საერთაშორისო გადახდების და ფულადი გადარიცხვების სისტემა, სადაც სისწრაფე და დაბალი ფასები პრიორიტეტს წარმოადგენს.
გამოყენების გზები
Stellar შეიქმნა, როგორც გადახდების სისტემა, თუმცა მისი დიზაინი ამ ქსელის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს:
საერთაშორისო გადახდები: ტრანზაქციების განხორციელებას რამდენიმე წამი და მცირე ოდენობის საკომისიო ესაჭიროება, რისი წყალობითაც ეს ქსელი იდეალურია ფულადი გზავნილებისა და საერთაშორისო გადარიცხვებისთვის.
აქტივების ტოკენიზაცია: ქსელს აქვს ობლიგაციების, ETF-ების, საქონლის, ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივების ტოკენიზებული ვერსიების გაშვების შესაძლებლობა. ტოკენიზაციის შემდეგ ეს აქტივები შეიძლება გადაიგზავნოს ციფრულ საფულეებში და გაიყიდოს დახურულ ეკოსისტემებში ან სხვადასხვა სავაჭრო ბირჟების ან გადახდის პლატფორმების მეშვეობით.
სტეიბლკოინების გამოშვება: Stellar-ზე გაშვებულია რამდენიმე ფიატ-ვალუტით მხარდაჭერილი სტეიბლკოინი, მათ შორისაა USDC, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადახდებისთვის და გადარიცხვებისთვის.
მიკროგადახდები: ქსელი გთავაზობთ მცირე თანხის გადარიცხვებს, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ გასამრჯელოს, შემოწირულობების ან ციფრულ სერვისებზე წვდომის საფასურების გადასახდელად.
ფინანსური ჩართულობა: სუსტი საბანკო სისტემის მქონე რეგიონებში, Stellar მომხმარებელს საბაზისო ციფრულ ფინანსურ სერვისებზე წვდომას მობილური საფულეების და ანკორების მეშვეობით.
XLM ტოკენი
XLM წარმოადგენს Stellar პროტოკოლის ადგილობრივ utility ტოკენს. ის Stellar-ის ინფრასტრუქტურასა ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
ვალუტა-ხიდი: XLM შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ორი სხვადასხვა ვალუტის დამაკავშირებელი ხიდი, რაც იძლევა საერთაშორისო ტრანზაქციების იაფად განხორციელების შესაძლებლობას.
ტრანზაქციის საკომისიოები: თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისთვის საჭიროა მცირე ოდენობის XLM-ის გადახდა, რაც გვეხმარება ქსელის გადატვირთვის თავიდან აცილებაში და უზრუნველყოფს ტრანზაქციების პრიორიტიზებას მაღალი აქტივობის პერიოდებში.
მინიმალური ბალანსები: Stellar-ზე ანგარიშის აქტიური სტატუსის შესანარჩუნებლად, მომხმარებელს მოეთხოვება ბალანსზე მცირე ოდენობით XLM-ის ქონა. ამ მოთხოვნის მნიშვნელობა იზრდება ანგარიშზე ახალი ფუნქციების, მაგალითად სანდო კონტაქტების ან შემოთავაზებების დამატების პარალელურად.
სმარტ კონტრაქტები: Soroban-ზე, XLM გამოიყენება ლეჯერზე სმარტ კონტრაქტის მონაცემების შენახვის საფასურის გადასახდელად.
გაშვება და განაწილება
2014 წელს, Stellar ქსელის გაშვების დროს, გენეზის ბლოკში შეიქმნა 100 მილიარდი XLM ტოკენი. პირველი წლების განმავლობაში, ტოკენის მარაგი იზრდებოდა წლიურად 1%-ით. ეს პროცესი იმართებოდა ინფლაციის მექანიზმის მეშვეობით, თუმცა საზოგადოების გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ეს ფუნქცია აღარ გამოიყენება. SDF-ის გადაწყვეტილებით, იმავე წელს მოხდა დაახლოებით 55 მილიარდი ტოკენის დაწვა, რის შედეგადაც ტოკენის საერთო მარაგი დაახლოებით 50 მილიარდამდე შემცირდა და შეწყდა ახალი ტოკენების დამატება.
2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, მიმოქცევაშია დაახლოებით 31,3 მილიარდი ტოკენი, ხოლო დაახლოებით 18,4 მილიარდი ტოკენი SDF-ს გამოყოფილი აქვს ქსელის განვითარებისა და ეკოსისტემის ზრდის მხარდასაჭერად.
შეჯამება
Stellar არის ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც გთავაზობთ სწრაფ და იაფ საერთაშორისო ფულად გადარიცხვებს. მისი კონსენსუსის პროტოკოლის, Lumens ტოკენის და ანკორების კომბინაციის მეშვეობით, Stellar ერთმანეთთან აკავშირებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიასა და ტრადიციულ ფინანსებს. Soroban სმარტ კონტრაქტების წყალობით, ქსელის ფუნქციები აღარ შემოიფარგლება გადახდებით და ის დეველოპერებს სთავაზობს დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და პროგრამირებადი ფინანსური სერვისების შექმნის შესაძლებლობას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.