მთავარი დეტალები
Euler არის სესხების გაცემის დეცენტრალიზებული ფინანსების პროტოკოლი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას შექმნას ERC-20 ტოკენებით სესხების გაცემის და მიღების პერსონალიზებული, იზოლირებული ბაზრები.
პლატფორმა იყენებს მოდულურ დიზაინს, რომელიც შედგება ისეთი კომპონენტებისგან, როგორიცაა Euler Vault Kit (EVK) და Ethereum Vault Connector (EVC), რაც აუმჯობესებს მოქნილობას და კაპიტალის ეფექტურობას.
EUL არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება მმართველობაში და Fee Flow აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად და საშუალებას გაძლევთ გამოიმუშაოთ ჯილდოები პროტოკოლში მონაწილეობის სანაცვლოდ.
რა არის Euler?
Euler არის სესხების გაცემის დეცენტრალიზებული ფინანსების მოდულური პროტოკოლი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს შექმნას პერსონალიზებული, იზოლირებული ბაზრები კრიპტო აქტივებით სესხების გაცემისა და მიღებისთვის. პროტოკოლს გააჩნია მოქნილი არქიტექტურა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ სესხის საცავები ნებისმიერი ERC-20 ტოკენისთვის და დააკავშირონ ისინი ერთმანეთთან.
თითოეული Euler საცავისთვის შეიძლება ინდივიდუალურად განისაზღვროს რისკის პარამეტრები, ფასების oracle-ები და საპროცენტო განაკვეთის მოდელი. ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს რისკების იზოლირებას, შესაბამისად ერთ საცავში წარმოქმნილი პრობლემები სხვა საცავებზე გავლენას არ იქონიებს. პროტოკოლის მართვისთვის გამოიყენება EUL ტოკენი, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ცვლილებების წარდგენასა და ხმის მიცემაში.
როგორ მუშაობს Euler
Euler Vault Kit (EVK)
Euler Vault Kit წარმოადგენს სმარტ კონტრაქტების სტრუქტურას პერსონალიზებული სესხების ბაზრების შესაქმნელად. თითოეული Euler საცავი შექმნილია ERC-4626 სტანდარტის შესაბამისად, რაც წარმოადგენს ტოკენიზებული საცავის ფორმატს, რომელიც განსაზღვრავს აქტივების დეპონირების, გატანის და სარგებლის დაგროვების წესებს, რაც ამარტივებს სხვა DeFi პროტოკოლებთან ინტეგრაციას.
EVK-ის გამოყენებით დეველოპერებს შეუძლიათ გაუშვან მართვადი ან უმართავი საცავები, უზრუნველყოფის პულები ან სარგებლის გენერირების ბაზრები. თითოეული საცავი ფასების მონაცემებისთვის უკავშირდება საკუთარ oracle-ს და იყენებს Interest Rate Model-ს (IRM), რომელიც აკორექტირებს კურსს ლიკვიდურობის და მოთხოვნის შესაბამისად. მაკონტროლებელი განკარგავს უზრუნველყოფას და სესხის მიღების წესებს, რაც ხელს უწყობს სესხების სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას.
Ethereum Vault Connector (EVC)
Ethereum Vault Connector გთავაზობთ Euler-ის ეკოსისტემაში რამდენიმე საცავთან ურთიერთქმედების შესაძლებლობას. EVC საშუალებას გაძლევთ სესხი გაიტანოთ ერთი საცავიდან, ხოლო უზრუნველყოფის სახით გამოიყენოთ სხვა საცავში დეპონირებული აქტივები, რაც იძლევა სესხების გაცემის და მიღების მოქნილი სტრატეგიების შექმნის და ამავდროულად თითოეული ბაზრის რისკის იზოლირების შესაძლებლობას.
როდესაც ასრულებთ ისეთ მოქმედებას, როგორიცაა სესხის აღება ან თანხის გამოტანა, EVC ამოწმებს შესაბამის საცავებს, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენი უზრუნველყოფა საკმარისია, ხოლო პოზიცია დაცულია. EVC ასევე საშუალებას გაძლევთ რამდენიმე ოპერაცია გააერთიანოთ ერთ ტრანზაქციაში, რაც ურთიერთქმედებას უფრო ეფექტურს და ეკონომიურს ხდის.
საცავის ტიპები
Euler მხარს უჭერს ისეთი საცავის ტიპებს, რომელთა გამოყენებასაც შეძლებთ გასესხების, სესხის აღების და აქტივების მართვისთვის თქვენი სურვილების და მისაღები რისკის დონის შესაბამისად:
ესქრო უზრუნველყოფა: ესქრო უზრუნველყოფის საცავებში არის დეპოზიტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სესხის უზრუნველყოფის სახით, თუმცა არა სარგებლის გენერირებისთვის. ის განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ სესხის აღება კრედიტებთან დაკავშირებული რისკების გარეშე.
მართული: მართული საცავები იმართება DAO-ების, რისკის კურატორების ან იმ პირების მიერ, ვინც აკორექტირებს პარამეტრებს, როგორიცაა სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი და საპროცენტო განაკვეთი. ეს საცავები შექმნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ მართვადი გასესხების მიდგომა.
არამართული: არამართული საცავები მუშაობს ფიქსირებული პარამეტრებით აქტიური მართვის გარეშე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სრულად აკონტროლონ სესხების გაცემის და აღების სტრატეგიები.
სარგებლის აგრეგატორი: სარგებლის აგრეგატორი საცავი აერთიანებს მომხმარებლების დეპოზიტებს და ანაწილებს მათ სხვადასხვა საცავებში ან გარე სტრატეგიებში. ის გვთავაზობს დივერსიფიცირებულ სარგებლის შესაძლებლობებს რისკის მართვას.
Euler Earn
Euler Earn არის სარგებლის აგრეგატორი საცავი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს პასიური შემოსავალი სესხების პოზიციების აქტიური მართვის გარეშე. ERC-4626 სტანდარტით მომუშავე საცავები აგროვებენ მომხმარებლების დეპოზიტებს და ანაწილებენ მათ სხვადასხვა სარგებლის სტრატეგიებზე, რომლებიც რისკის კურატორების მიერ იმართება.
ეს სტრატეგიები შესაძლოა მოიცავდეს Euler-ის სესხების საცავებს ან გარე სარგებლის წყაროებს. რისკის კურატორებს შეუძლიათ დააწესონ განაწილების ლიმიტები, რათა თავიდან აირიდონ ზედმეტი ექსპოზიცია, ხოლო მცირე ზომის უმოქმედო რეზერვების გატანა მომენტალურადაა შესაძლებელი.
ნებისმიერს შეუძლია Earn საცავის გაშვება EulerEarn Factory-ის სმარტ კონტრაქტის ან მომხმარებლის ინტერფეისის გამოყენებით. სრულად არაკასტოდიალური Euler Earn მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ საკუთარი აქტივების განკარგვის შესაძლებლობა და ამავდროულად გამოიმუშაონ მოგება მართვადი რისკებით. თითოეული Earn საცავი მართავს დეპოზიტს და გამოტანის საკუთარ არხს, რათა შეინარჩუნოს უხარვეზო ლიკვიდურობა და უზრუნველყოს სწრაფი წვდომა თანხებზე.
რისკები და პრობლემები
Euler-ში მონაწილეობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, რომლებიც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ გასესხების, სესხის აღების ან საცავის შექმნის წინ. სესხის ამღებები Euler-ზე აწყდებიან ლიკვიდაციის რისკებს, თუ მათი უზრუნველყოფა საჭირო დონეზე დაბლა ჩამოდის ბაზრის მერყეობის ან პროცენტის დარიცხვის გამო. სესხის გამცემებს შესაძლოა დაემუქროთ უიმედო ვალებთან დაკავშირებული საფრთხეები, თუ უზრუნველყოფის ფასი ზედმეტად სწრაფად დაეცემა ან თუ ლიკვიდურობა ლიმიტირებული გახდება მაღალი მოთხოვნის პერიოდებში.
მართული საცავის კონტროლს ახორციელებენ კურატორები და განსაზღვრავენ ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა უზრუნველყოფის ტიპები და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი, ხოლო არამართული საცავის მფლობელები რისკებს თავად აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საცავი არაკასტოდიალურია და მომხმარებლების თანხები მათ განკარგულებაში რჩება, მომხმარებლებმა უნდა შეინარჩუნონ უზრუნველყოფის ჯანსაღი ბუფერები და თვალი ადევნონ ბაზრის ცვლილებებს პოტენციური დანაკარგების თავიდან ასაცილებლად.
EUL ტოკენი
EUL არის ERC-20 ტოკენი, რომელიც წარმოადგენს Euler პროტოკოლის ადგილობრივ ტოკენს. EUL სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
მმართველობა: EUL-ის მფლობელებს შეუძლიათ წარადგინონ და ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებების, ხაზინის მართვის და სხვა DAO ინიციატივების შესახებ განახლებებს, რაც საზოგადოებას უფლებას აძლევს იქონიონ პირდაპირი გავლენა პროტოკოლის მომავალზე.
Fee Flow აუქციონები: EUL ასევე გამოიყენება, როგორც აუქციონის ვალუტა პერიოდულ აუქციონებში: დაგროვებული პროტოკოლის საკომისიოები EUL-ში კონვერტირდება. მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მაღალი ფასის შემოთავაზებას განათავსებს, შეუძლია გადაცვალოს EUL ამ საკომისიოებზე, ხოლო ის ტოკენები, რომლებიც გამოიყენება აუქციონში, იგზავნება Euler DAO ხაზინაში.
ჯილდოები: EUL ჯილდოების სახით ნაწილდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც მონაწილეობენ ან წვლილი შეაქვთ პროტოკოლის მუშაობაში, მის მხარდასაჭერ აქტივობებში და ეკოსისტემის განვითარებაში.
ხაზინის მართვა: აუქციონებიდან მიღებული EUL ინახება DAO ხაზინაში და შესაძლებელია მისი დაწვა, ხელახლა განაწილება ან წახალისებების და განვითარების ინიციატივების დაფინანსებისთვის გამოყენება.
Euler (EUL) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 13 ოქტომბერს, Binance-მა განაცხადა რომ EUL იქნებოდა Binance HODLer Airdrop-ების პროგრამის 51-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 4-დან 6 ოქტომბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს EUL-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 543 657 EUL, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 2%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა EUL-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Euler იყენებს დეცენტრალიზებული სესხების მოდულურ მიდგომას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან პერსონალიზებული ბაზრები აქტივების ფართო დიაპაზონისთვის. ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა საცავების საზიარო უზრუნველყოფა და სარგებლის აგრეგაცია Euler Earn-ის მეშვეობით, პლატფორმა გთავაზობთ on-chain კრედიტის ბაზრების უსაფრთხო და გამჭვირვალე გზით შექმნის და მართვის ალტერნატულ მეთოდს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.