51%-ით შეტევა

რა არის 51% შეტევა?

51%-ით შეტევა (ან უმრავლესობის შეტევა) ეწოდება ბლოკჩეინის სისტემის მთლიანობის პოტენციურ საფრთხეს, როდესაც მავნე ინდივიდი ან ორგანიზაცია ქსელის ჯამური ჰეშირების სიმძლავრის ნახევარზე მეტს აკონტროლებს, რითაც შესაძლოა ქსელის ზიანი გამოიწვიოს.
თუ ერთი მავნე მომხმარებელი ან მათი ჯგუფი ბლოკჩეინის ქსელის ჯამური ჰეშრეითის 50%-ზე მეტს აკონტროლებს, მათ შეუძლიათ უგულებელყონ  კონსენსუსის  მექანიზმი და ჩაიდინონ საზიანო ქმედებები, მაგალითად ორმაგი ხარჯვა.
51%-ით შეტევა ხდება მაშინ, როდესაც თავდამსხმელს გააჩნია საკმარისი მაინინგის სიმძლავრე ტრანზაქციების თანმიმდევრობის შესაცვლელად, რაც ხელს შეუშლის ზოგიერთი ან ყველა ტრანზაქციის დადასტურებას. მას ასევე ეწოდება ტრანზაქციის სერვისის უარყოფა. თავდამსხმელს ასევე შეეძლება ზოგიერთი ან ყველა მაინერისთვის ხელის შეშლა, რის შედეგიც ე.წ. მაინინგ მონოპოლია იქნება.

51%-ით შეტევა: მაგალითი

თუ ბოროტმოქმედი  Bitcoin-ის  ქსელის ჰეშირების სიმძლავრის 51%-ზე მოიპოვებს კონტროლს, მას შეეძლება განახორციელოს ვაჭრობა ბირჟის გარეთ და გადარიცხოს რამდენიმე Bitcoin კრიპტოვალუტის საფულეში USD-ს სანაცვლოდ. ბლოკჩეინის მონაცემების უცვლელობის გათვალისწინებით, როდესაც ქსელის ნოდების მიერ ტრანზაქცია დადასტურდება, მყიდველი თავის USD-ს თაღლითს გადასცემს.

ამის შემდეგ ბოროტმოქმედი დაუბრუნდება ბლოკჩეინს, მოძებნის ბლოკს, რომელიც ამ BTC-ის ტრანზაქციის დადასტურებამდე შეიქმნა და განახორციელებს ალტერნატიული ჯაჭვის მაინინგს, სადაც აღნიშნული BTC-ის ტრანზაქცია აღარ იქნება შეტანილი. ქსელის სიმძლავრის უმეტესობის კონტროლი მას საშუალებას მისცემს, რომ ბლოკჩეინის ალტერნატიული ვერსია მთელ ქსელში გაავრცელოს.

51%-ით შეტევების შეზღუდვები

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელს 51%-ით შეტევით დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ის მაინც ვერ მოახერხებს ტრანზაქციების შეჩერებას ან სხვა მომხმარებლების განხორციელებული ტრანზაქციების გაუქმებას. თავდამსხმელის მიერ ბლოკის ჯილდოს შეცვლა, მონეტების არაფრისგან შექმნა ან სხვისი მონეტების მითვისება არარეალურ სცენარებს წარმოადგენს.

რაც უფრო ძველია ტრანზაქცია, მით უფრო ძნელია მისი შეცვლა, რადგან ბლოკების ჯაჭვის არსებულ სიგრძემდე მიღწევისთვის უფრო მეტი ბლოკის მაინინგია საჭირო. სწორედ ამიტომ, Bitcoin ტრანზაქციის დასრულებას მინიმუმ 6 დადასტურება სჭირდება.

შესაძლებელია თუ არა 51%-ით შეტევა Bitcoin-ზე?

Bitcoin ბლოკჩეინზე 51%-ით შეტევის შანსი ძალიან მცირეა, რასაც ქსელის მასშტაბი განაპირობებს. ქსელის ზრდასთან ერთად წარმოუდგენლად მცირდება იმის შანსი, რომ ვინმემ დანარჩენი მონაწილეების გასაკონტროლებლად საკმარისი გამომთვლელი სიმძლავრე მოიპოვოს.

შესაბამისად, დიდ ქსელებს 51%-ით შეტევები ნაკლებად ემუქრება; ეს შანსი კიდევ უფრო იკლებს Bitcoin-ის ბლოკჩეინის შემთხვევაში, რომელიც ყველაზე დაცულ კრიპტოვალუტის ქსელად ითვლება. დიდ ბლოკჩეინებზე მსგავსი შეტევები ჯერ არ დაფიქრისებულა, თუმცა უფრო მცირე ზომის ბლოკჩეინებზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა. მაგალითად ალტკოინზე Bitcoin Gold — რომელიც მთავარი Bitcoin-ის ბლოკჩეინის fork-ს წარმოადგენს — 51%-ით შეტევა 2018 წლის მაისში განხორციელდა და შედეგად $18 მილიონის ღირებულების BTG გაქრა.

როგორ ავირიდოთ 51%-ით შეტევა ბლოკჩეინზე

ბლოკჩეინები 51%-ით შეტევების თავიდან აცილებას სხვადასხვა მეთოდების კომბინაციებით ცდილობენ. მათ შორისაა ქსელში უფრო მეტი მომხმარებლის ჩართვა, რომლებიც საკუთარი ნოდებით ქსელს დაეხმარებიან. რაც უფრო მეტი მონაწილე იყენებს საკუთარ რესურსებს, მით უფრო უძნელდება ერთ სუბიექტს ქსელზე კონტროლის დამყარება.

51%-ით შეტევების აღკვეთაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ Proof-of-Work (PoW), Proof-of-Stake (PoS) და სხვა კონსენსუსის მექანიზმები. ამ მექანიზმების მიხედვით, სანამ ტრანზაქცია ბლოკჩეინს დაემატება, მისი ვალიდურობა ნოდებმა უნდა დაამოწმონ. ამიტომაც თავდამსხმელისთვის ქსელზე მანიპულირება ეკონომიკურად და ტექნიკურად ძვირი ხდება, რადგან მას უკვე ქსელის რესურსების უმრავლესობის კონტროლი სჭირდება.

პრევენციის ზომებს შორის არის დეცენტრალიზაციის გაზრდა. ნოდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილება და ბევრი მონაწილის ჩართვა ნიშნავს, რომ ერთი სუბიექტი კონტროლს ვერ მოიპოვებს.