FUD-ის ტრადიციული მნიშვნელობა დაკავშირებულია მავნე მარკეტინგულ სტრატეგიასთან, რომელიც მოიცავს კონკრეტული კომპანიის კონკურენტების შესახებ უარყოფითი ინფორმაციის გავრცელებას, რისი საბოლოო მიზანიც მათი სანდოობის შემცირებაა. მთავარი არსი შემდეგია - კონკურენტი ბიზნესების პროდუქტების ან სერვისების შესახებ უარყოფითი ინფორმაციისა და ჭორების გავრცელება, რათა მომხმარებლებმა დაკარგონ მათ მიმართ ნდობა.
FUD არეთიკურ პრაქტიკად ითვლება, თუმცა ის საკმაოდ გავრცელებულია ბიზნეს სივრცეში. ბევრი მსხვილი კომპანია ცდილობს გაავრცელოს FUD მათი კონკურენტების შესახებ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი მომხმარებლები ან გაზარდოს საკუთარი წილი ბაზარზე. მაგალითად, დიდმა კომპანიამ შეიძლება გაავრცელოს საეჭვო მონაცემები ბაზარზე ხელმისაწვდომ ალტერნატიულ პროდუქტებთან დაკავშირებით და მოუწოდოს მომხმარებლებს არ აირჩიონ სხვა კომპანიის პროდუქტები.
სხვა სიტყვებით, FUD არის სტრატეგია, რომელიც არ ითვალისწინებს პროდუქტის ან სერვისის რეალურ ღირებულებას. ეს მოიცავს უარყოფითი განწყობის გავრცელებას მომხმარებლებში, პროდუქტების ან სერვისების ტექნიკური მახასიათებლების, გამოყენებადობის ან ხარისხის გათვალისწინების გარეშე. ძირითადად, ის მიმართულია მომხმარებელთა ემოციებზე ზეგავლენის მოსახდენად (უმეტესწილად, შიშის დასანერგად).
კრიპტო პროექტებიც არ არის დაცული FUD-ისგან. კონკურენტებმა ან კრიტიკოსებმა შეიძლება გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია ბლოკჩეინის უსაფრთხოების ხარვეზების, განვითარების პრობლემების ან ლიდერებს შორის არსებული კონფლიქტების შესახებ, რათა ინვესტორებს ნდობა დააკარგვინონ. ზოგჯერ რეალური პრობლემებული გაზვიადებულადაა წარმოჩენილი, რაც უსაფუძვლო შიშის გაჩენას იწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ისწავლონ ლეგიტიმური რისკებისა და უსაფუძვლო სპეკულაციების ერთმანეთისგან გარჩევა.
გამოთქმა „შიში, გაურკვევლობა და ეჭვი“ 1920-იან წლებში გაჩნდა, თუმცა მისი მოკლე ვერსიის „FUD“ ფართოდ გამოყენება დაიწყო დაახლოებით 1975 წელს. FUD-ის ცნობილი მაგალითი: ჯინ ამდალმა დატოვა IBM, რათა საკუთარი კომპანია დაეარსებინა, რის გამოც ის FUD-ის სამიზნედ იქცა. ბევრი ადამიანი ამდალის მიიჩნევს პირველ ადამიანად, რომელმაც აღწერა FUD-ის სტრატეგიები კომპიუტერულ ინდუსტრიაში.
FUD არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზოგადოებრივ აზრზე, ბაზრის ქცევაზე, ბიზნესებსა და ინდუსტრიებზე ზეგავლენის მოხდენა. კრიპტო სივრცეში, სადაც არასტბილურობის დონე მაღალია და ინვესტორების განწყობა დიდ როლს თამაშობს, FUD-მა შეიძლება გამოიწვიოს ფასების მკვეთრი ცვლილებები.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი FUD რეალურ პრობლემას ეხება, უმეტესობა განპირობებულია კონკურენტების, მარეგულირებლების და გავლენიანი პირების ფარული ზრახვებით. FUD-ის მუშაობის პრინციპის გაგება და კრიტიკული აზროვნება ინვესტორებსა და ტრეიდერებს დაეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში, პანიკის თავიდან აცილებაში და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.