მთავარი დეტალები
დიდი დეპრესია იყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1929 წელს დაიწყო და 1930-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. ამ დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა მრეწველობის მასშტაბები და გაუარესდა ცხოვრების სტანდარტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კრიზისი 1929 წელს, საფონდო ბირჟის კრახით დაიწყო, რასაც მოყვა ბანკების გაკოტრება, ვაჭრობის და სამომხმარებლო პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება.
ინტერვენციები მთავრობის მხრიდან, მაგალითად შეერთებული შტატების მიერ გატარებული „ახალმა კურსი“ და მეორე მსოფლიო ომის დროს პროდუქციის წარმოების ზრდა ამ კრიზისიდან გამოსვლის წინაპირობა გახდა.
დიდმა დეპრესიამ გავლენა მოახდინა ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ხელი შეუწყო სისტემის შექმნას, რომლის მიზანი იყო მომავალი თაობების დაცვა მსგავსი კრიზისებისგან.
შესავალი
დიდი დეპრესია ეკონომიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. სამუშაო ადგილების მასიურად შემცირებამ, ბიზნესების გაკოტრებამ და მილიონობით ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებამ მთავრობები და საზოგადოებები აიძულა გადაეხედათ ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების და პოლიტიკის შემუშავების მეთოდებისთვის. დიდი დეპრესიის მიზეზების დადგენა არა მარტო ფარდას ახდის წარსულის ამ მნიშვნელოვან პერიოდს, არამედ დაგვეხმარება სამომავლოდ მსგავსი კრიზისების თავიდან აცილებაში.
რამ გამოიწვია დიდი დეპრესია?
დიდი დეპრესიის გამომწვევი იყო არა ერთი კონკრეტული მიზეზი, არამედ სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია. მოდით განვიხილოთ მთავარი ფაქტორები.
1929 წლის საფონდო ბირჟის კრახი
შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ვარდნა დაიწყო 1929 წლის ოქტომბერში საფონდო ბირჟის კრახით, რომელსაც ხშირად „შავ სამშაბათს“ უწოდებენ. საფონდო ბირჟაზე სპეკულაციები ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც გამოიწვია ფასების ხელოვნური გაზრდა.
საბოლოოდ ინვესტორებმა ნდობა დაკარგეს და აქციების ფასებმა ვარდნა დაიწყო, რამაც დომინოს ეფექტი გამოიწვია. საფონდო ბირჟის სპირალისებური ვარდნის გამო, მილიონობით ამერიკელმა—რომელთაგან ბევრს ინვესტირება ნასესხები თანხით ჰქონდა გაკეთებული—ერთ ღამეში დაკარგა მთელი თავისი დანაზოგი.
საბანკო სისტემის კრიზისი
პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა ბანკებისკენ გაეშურა საკუთარი ანაბრების გამოსატანად, რამაც უამრავი ბანკის გაკოტრება გამოიწვია. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, რომელმაც მთელი დანაზოგი დაკარგა, სულ უფრო და უფრო ნაკლებ პროდუქტს ყიდულობდა, რამაც ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო შენელება გამოიწვია.
პანიკა მალე გასცდა უოლ-სტრიტს. ბანკების გაკოტრების ტალღამ მთელს შეერთებულ შტატებს გადაუარა, რადგან მეანაბრეები ბანკებს მასიურად მიაწყდნენ. დაზღვევის მექანიზმების ან მეანაბრეთა დაცვის რეგულაციების სიმცირის გამო, ერთი ბანკის გაკოტრება ხშირად იმას ნიშნავდა, რომ მთელი საზოგადოება კარგავდა დანაზოგებს. ბანკების გაკოტრებამ საკრედიტო სისტემის კრახი გამოიწვია, რამაც გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე.
საერთაშორისო ვაჭრობის შემცირება
მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი შეერთებულ შტატებში დაიწყო, მან გავლენა მთელს მსოფლიოზე მოახდინა. ბევრი ევროპული ქვეყნის ეკონომიკა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის გამო ისედაც დასუსტებული იყო, ექსპორტის ბაზრების შემცირების ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.
მთავრობებმა დაიწყეს ახალი ტარიფების და დამცავი ბარიერების დაწესება—მაგალითად, 1930 წელს ამერიკამ გამოსცა სმუტ-ჰოულის სატარიფო აქტი—ადგილობრივი მრეწველობის დაცვის იმედით. სამწუხაროდ, მსგავსი პოლიტიკის პასუხი სხვა ქვეყნების მიერ გამოცემული რეგულაციები იყო, რამაც გლობალური ვაჭრობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
სამომხმარებლო ხარჯების და ინვესტიციების შემცირება
უმუშევრობის ზრდამ და გაურკვევლობამ ინდივიდუალური პირები და ბიზნესები აიძულა შეემცირებინათ ხარჯები, რამაც პროდუქტებზე მოთხოვნის და სამუშაო ადგილების უფრო მეტად შემცირება გამოიწვია. ეკონომიკური კრიზისი დღითიდღე ღრმავდებოდა და აშკარა ხდებოდა, რომ ეკონომიკის აღდგენა ჩარევის გარეშე შეუძლებელი იყო.
გლობალური გავლენა და ცხოვრების ხარჯები
დიდი დეპრესიის ზეგავლენა მთელს მსოფლიოში შეიმჩნეოდა, ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ინდუსტრიული ქვეყნები უპრეცედენტო ეკონომიკური ვარდნის წინაშე აღმოჩნდნენ.
უმუშევრობა და სიღარიბე
ზოგ ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 25%-ს მიაღწია. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ოჯახები საარსებო პირობების გარეშე იყვნენ დარჩენილნი. გაიზარდა უსახლკაროთა რაოდენობა, ქალაქების ცენტრში სუპის და პურის დასარიგებელ პუნქტების წინ უზარმაზარი რიგები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ბიზნესების დახურვა
ათასობით ბიზნესი გაკოტრდა, რომელთა შორის იყო როგორც მცირე ზომის ადგილობრივი მაღაზიები, ასევე სამრეწველო გიგანტები. მოთხოვნის არარსებობის გამო იხურებოდა პოპულარული საწარმოები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები და ფინანსური ფირმები. წარმოების მასშტაბის შემცირება აისახა მომარაგების ჯაჭვებზე და მთელს საზოგადოებებზე.
სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობა
ეკონომიკური კრიზისი სოციალურ არასტაბილურობაში და პოლიტიკურ ცვლილებებში გადაიზარდა. ზოგ ქვეყანაში ეკონომიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია პოლიტიკური ექსტრემიზმის წახალისება, შედეგად კი შეიცვალა მათი ხელმძღვანელობა და მთავრობის იდეოლოგია. დემოკრატიულ ქვეყნებში რეფორმების გატარება დაიწყო, ზოგმა კი ავტორიტარული გზა აირჩია.
კრიზისის დაძლევის გზა
დიდი დეპრესიიდან გამოსვლის გზა გრძელი და რთული იყო. ცალკეული ზომა არ იყო საკმარისი. ეკონომიკის ხელახლა ამუშავებას დასჭირდა კანონების შემოღება და გლობალური კონფლიქტით გამოწვეული უპრეცედენტო გარემოებები.
სამთავრობო პროგრამები
შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა წამოიწყო ეკონომიკის აღდგენის ამბიციური პროგრამა და რეფორმა, სახელწოდებით „ახალი კურსი“. ეს ზომები მიზნად ისახავდა სამუშაო ადგილების გაჩენას, მოთხოვნის სტიმულირებას და ფინანსური სექტორის მიმართ ნდობის აღდგენას.
ეს ინიციატივები მოიცავდა როგორც საზოგადოებრივი პროექტების წამოწყებას, ასევე მარეგულირებელი ორგანოების ჩამოყალიბებას, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევდნენ ბანკების და საფონდო ბირჟის საქმიანობას. ამ პერიოდში ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ჩამოყალიბდა უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, საპენსიო გეგმები და სხვა სოციალური დახმარების პროგრამები.
მეორე მსოფლიო ომის გავლენა
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მთავრობები აიძულა რესურსები მიემართათ მრეწველობის და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ამან ხელი შეუწყო წარმოების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, რამაც ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში.
გრძელვადიანი ეფექტები და მიღებული გამოცდილება
დიდმა დეპრესიამ დიდი გავლენა მოახდინა როგორც ეკონომიკურ აზროვნებაზე, ასევე სამთავრობო პოლიტიკაზე. კრიზისის დასაძლევად გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები და შეიქმნა უსაფრთხოების სისტემები, რაც მოიცავდა დეპოზიტების დაზღვევას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ რეგულაციებს და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონმდებლებმა შეიმუშავეს უფრო ინტერვენციული მიდგომა, რაც გულისხმობდა მთავრობის მიერ ეკონომიკის მართვაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას, ბანკების სტაბილურობის უზრუნველყოფას და უსაფრთხოების სისტემების დანერგვას კრიზისის პერიოდებთან გამკლავების მიზნით.
შეჯამება
დიდი დეპრესია გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს მსოფლიოს ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ 1930-იანი წლების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ლიდერები და ექსპერტები კვლავ იყენებენ იმ ეპოქის გამოცდილებას დღევანდელ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.