რა ტიპის შეკვეთების გამოყენება შეგიძლიათ Binance-ზე?

რა ტიპის შეკვეთების გამოყენება შეგიძლიათ Binance-ზე?

განახლებული Aug 25, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • შეკვეთის საბაზისო ტიპები (საბაზრო, ლიმიტ და ლიმიტ-მეიკერის) გვთავაზობს ვაჭრობის აღსრულების ძირითად ვარიანტებს, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული დანიშნულება აქვს.

  • ვაჭრობიდან გასვლის სტრატეგიების მეშვეობით, როგორიცაა Take Profit და Stop Loss, შეგიძლიათ მოახდინოთ შეკვეთის აღსრულების ავტომატიზაცია ფასის პირობების საფუძველზე, რაც რისკების მართვის შესაძლებლობას გაძლევთ.

  • მაღალი დონის შეკვეთების კომბინაციები (OCO, OTO და OTOCO) Binance-ის მომხმარებელს აძლევს უფრო რთული სტრატეგიების გამოყენების და ვაჭრობის უკეთ მართვის საშუალებას.

შეკვეთის ტიპები cta ბანერი

შესავალი

Binance-ზე ვაჭრობის დროს მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის სხვადასხვა ტიპების გამოყენება, რომელთაგან თითოეულს კონკრეტული დანიშნულება აქვს. შეკვეთის უამრავი სხვადასხვა ტიპი არსებობს, რომელთა შორისაა როგორც საბაზისო შეკვეთები, მაგალითად საბაზრო და ლიმიტ შეკვეთები, ასევე უფრო კომპლექსური სტრატეგიები, როგორიცაა „ერთი აუქმებს მეორეს“ (OCO) და „ერთი ააქტიურებს მეორეს“ (OTO).

ამ სტატიაში წარმოდგენილია Binance-ზე ვაჭრობისას გამოყენებული სხვადასხვა ტიპის შეკვეთების მიმოხილვა, მათი ფუნქციები და დანიშნულებები.

საბაზისო შეკვეთის ტიპები

საბაზისო შეკვეთის ტიპები შედარებით მარტივია და ისინი კონკრეტული დანიშნულებით გამოიყენება. ყველა ტიპის შეკვეთაში მითითებული უნდა იყოს სიმბოლო (მაგ., BTCUSDT) და ვაჭრობის მხარე (ყიდვა ან გაყიდვა). ჩვენ განვიხილავთ ამ ტიპის შეკვეთების ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს: საბაზრო, ლიმიტ და ლიმიტ მეიკერის.

საბაზრო შეკვეთა

საბაზრო შეკვეთა ყველაზე მარტივ და ყველაზე სწრაფ ვარიანტს წარმოადგენს. საბაზრო შეკვეთის განთავსების დროს, ტრეიდერი თანახმაა იყიდოს ან გაყიდოს აქტივი საუკეთესო ხელმისაწვდომ საბაზრო ფასად. ამ შეკვეთის აღსრულება განთავსებისთანავე ხდება და ტრეიდერი აქტივის მოთხოვნილ რაოდენობას იღებს მიმდინარე საბაზრო ფასად.

საბაზრო შეკვეთის მთავარი უპირატესობა მისი სიჩქარეა — მისი აღსრულება მომენტალურად ხდება, ამიტომ მას ირჩევენ ის ტრეიდერები, რომელთათვის მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება. თუმცა მის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რეალური აღსრულების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს მოსალოდნელისგან, განსაკუთრებით სწრაფად ცვალებად ბაზრებზე.

ლიმიტ-შეკვეთა

ლიმიტ-შეკვეთები ტრეიდერებს აძლევს ყიდვის ან გაყიდვის სასურველი ფასის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში, ტრეიდერი მიუთითებს ლიმიტ ფასს, რის შემდეგაც შეკვეთის აღსრულება ხდება მხოლოდ მითითებულ ან უკეთეს ფასად.

ეს მიდგომა სასარგებლოა მათთვის, ვინც არ ჩქარობს და ურჩევნია დაელოდოს ბაზრის სასურველი მიმართულებით შეცვლას. ლიმიტ-შეკვეთების აღსრულება ხდება მაშინ, როდესაც ფასი მიაღწევს მითითებულ მაჩვენებელს, რასაც შესაძლოა წუთები, საათები ან სულაც დღეები დასჭირდეს, რაც დამოკიდებულია ბაზრის აქტივობაზე.

გარდა ამისა, ლიმიტ-შეკვეთების გამოყენებისას ტრეიდერს შეუძლია მიუთითოს მოქმედების პერიოდი, რაც განსაზღვრავს შეკვეთის აქტიურობის ვადას, რისი ამოწურვის შემდეგაც შეკვეთა უქმდება. მისი ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:

  • Good Til Canceled (GTC): შეკვეთა დარჩება აქტიური მის სრულად შესრულებამდე ან მომხმარებლის მიერ გაუქმებამდე.

  • Immediate Or Cancel (IOC): შეკვეთა დაუყოვნებლივ სრულდება მთლიანად ან ნაწილობრივად, ხოლო მისი შეუვსებელი ნაწილი უქმდება.

  • Fill or Kill (FOK): შეკვეთის აღსრულება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ სრულად შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უქმდება.

ლიმიტ-მეიკერი

ლიმიტ-მეიკერის შეკვეთა ძალიან ჰგავს სტანდარტულ ლიმიტ-შეკვეთას, თუმცა მისი დანიშნულებაა „მეიკერის“ ფუნქციის შესრულება და ბაზრისთვის ლიკვიდურობის შეთავაზება. ზოგჯერ მას უწოდებენ Post-Only შეკვეთას და მისი აღსრულება არ ხდება დაუყოვნებლივ.

ლიმიტ-მეიკერის შეკვეთები განსაკუთრებით სასარგებლოა ტრეიდერებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ვაჭრობის ფასის კონტროლი და ამავდროულად maker-ის/taker-ის საკომისიოების გადახდისთვის თავის არიდება, რომელთა დაკისრებაც ხდება თანმხვედრი შეკვეთების მომენტალურად მოძიების შემთხვევაში.

ვაჭრობიდან გასვლის სტრატეგიები

ვაჭრობიდან გასვლის სტრატეგიები მნიშვნელოვანია რისკების მართვისთვის და მოგების დასაცავად. ამ სტრატეგიების მაგალითებია Take Profit და Stop Loss შეკვეთები, რომლებიც გამოიყენება პოზიციის კონკრეტულ ფასზე დახურვისთვის.

Stop Loss შეკვეთები

ბაზარზე მითითებული ფასის დაფიქსირებისთანავე, Stop Loss შეკვეთა ავტომატურად ხურავს პოზიციას, რაც ტრეიდერებს ეხმარება ზარალის მინიმუმამდე შემცირებაში ფასის არასასურველი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში. მაგალითად თქვენ ყიდულობთ კრიპტოვალუტას, თუმცა ფასი დაეცა მითითებულ სტოპ-ფასამდე. ამ დროს Stop Loss შეკვეთა გაყიდის ამ აქტივს და ამით თავიდან აგაცილებთ შემდგომ ზარალს.

Stop Loss შეკვეთაში შეგიძლიათ მიუთითოთ ფიქსირებული ან ტრეილინგ-სტოპ ფასი, რაც ავტომატურად დააკორექტირებს ფასს, თუ ბაზარი მოძრაობას ტრეიდერის პოზიციის სასარგებლოდ დაიწყებს. ამ ტრეილინგ-მექანიზმის მეშვეობით ხდება მოგების ფიქსირება საბაზრო ფასის მატების შემთხვევაში, ხოლო თუ ფასი ტრეიდერისთვის არასასურველი მიმართულებით შეიცვალა, ხდება აქტივის გაყიდვა, როდესაც ფასი მითითებულ მაჩვენებელს მიაღწევს.

Take Profit შეკვეთები

Take Profit შეკვეთები ტრეიდერებს აძლევს მოგების დაფიქსირების შესაძლებლობას, როდესაც ფასი მიაღწევს წინასწარ მითითებულ მაჩვენებელს. Stop Loss შეკვეთებისგან განსხვავებით, რომლებიც აქტიურდება ფასის ვარდნის შემთხვევაში, Take Profit შეკვეთების გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც ფასი მიაღწევს მითითებულ დონეს, რაც პოზიციიდან მოგებით გასვლის შესაძლებლობას იძლევა. ამ ტიპის შეკვეთა განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ტრეიდერებისთვის, რომლებსაც სურთ მოგების მიღება ბაზარზე უწყვეტად მონიტორინგის გარეშე.

Take Profit და Stop Loss შეკვეთების კომბინირებით შესაძლებელია ერთიანი სტრატეგიის შექმნა, სადაც ტრეიდერი მიუთითებს ორ მნიშვნელობას, რომელთაგან ერთი უზრუნველყოფს მოგების დაფიქსირებას, ხოლო მეორე - ზარალის მინიმუმამდე შემცირებას.

პირობითი შეკვეთის ტიპები

პირობითი შეკვეთები უფრო მაღალი დონის სტრატეგიებია, რომელთა მეშვეობითაც შეკვეთების განთავსება ხდება მხოლოდ კონკრეტული პირობების დადგომის შემთხვევაში. ამ ტიპის შეკვეთების მაგალითებია Stop Loss Limit და Take Profit Limit.

Stop Loss Limit შეკვეთები

A Stop Loss Limit შეკვეთაში გაერთიანებულია Stop Loss შეკვეთის და ლიმიტ-შეკვეთის მახასიათებლები. სტო-ფასის მიღწევის შემთხვევაში აქტიურდება ლიმიტ-შეკვეთა, რაც ტრეიდერებს აძლევს სასურველი კონკრეტული გაყიდვის ფასის მითითების შესაძლებლობას. ამ ტიპის შეკვეთა გვეხმარება სწრაფად მოძრავ ბაზარზე ვაჭრობისას შეკვეთის არასასურველ ფასად აღსრულების თავიდან აცილებაში.

ამ ტიპის შეკვეთა გვთავაზობს უფრო მეტ კონტროლს, ვიდრე უბრალო Stop Loss შეკვეთა, რადგან ტრეიდერს შეუძლია მიუთითოს მისთვის მისაღები ფასი და შეამციროს აქტივის არასასურველ ფასად გაყიდვის ალბათობა.

Take Profit Limit შეკვეთები

Take Profit Limit შეკვეთების მუშაობის პრინციპი Stop Loss Limit შეკვეთების მსგავსია. ეს შეკვეთები ააქტიურებს ლიმიტ-შეკვეთას ფასის წინასწარ მითითებულ მაჩვენებლამდე მიღწევის შემთხვევაში. ტრეიდერები ამ ტიპის შეკვეთას იყენებენ პოზიციის ავტომატურად დახურვისთვის, როდესაც ფასი მიაღწევს მოგების სამიზნე მაჩვენებელს, რაც უზრუნველყოფს ვაჭრობის აღსრულებას მათთვის სასურველ ფასად.

მაღალი დონის შეკვეთის ტიპები

უფრო კომპლექსური სტრატეგიებით ვაჭრობისას, ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ კომბინირებული შეკვეთის ტიპები, რაც მათ მეტ მოქნილობას და ვაჭრობის მართვის ავტომატიზაციის შესაძლებლობას აძლევს.

ერთი აუქმებს მეორეს (OCO)

OCO შეკვეთა წარმოადგენს ორი ტიპის შეკვეთის კომბინაციას. პირველი ტიპი შეიძლება იყოს ლიმიტ ან Take Profit შეკვეთა, ხოლო მეორე - Stop Loss შეკვეთა. ერთ-ერთი შეკვეთის აღსრულების შემთხვევაში, მეორე ავტომატურად უქმდება. ეს სტრატეგია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ტრეიდერს სურს საკუთარი მოგების დაფიქსირება და ამავდროულად პოტენციური ზარალის შეზღუდვა.

მაგალითად, ტრეიდერს შეუძლია დააყენოს Take Profit შეკვეთა უფრო მაღალი ფასის მითითებით და ამავდროულად დააყენოს Stop Loss შეკვეთა უფრო დაბალი ფასის შეყვანით, შედეგად აქტიურდება ერთ-ერთი შეკვეთა, რაც დამოკიდებულია ბაზრის მოძრაობის მიმართულებაზე.

ერთი ააქტიურებს მეორეს (OTO)

OTO ტიპის შეკვეთა ტრეიდერს აძლევს ერთდროულად ორი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობას, რა დროსაც მეორე შეკვეთა აქტიურდება მხოლოდ პირველი შეკვეთის სრულად აღსრულების შემდეგ. ეს სტრატეგია გამოიყენება იმ ტრეიდერების მიერ, რომელთაც სურთ მეორადი შეკვეთის განთავსება, რომლის გააქტიურებისთვის საჭიროა კონკრეტული პირობების დადგომა.

მაგალითად, ტრეიდერს შეუძლია კონკრეტული აქტივის ყიდვისთვის განათავსოს ლიმიტ-შეკვეთა, რომლის შევსების შემდეგ გააქტიურდება მეორე, გაყიდვის შეკვეთა.

ერთი ააქტიურებს, ხოლო ერთი აუქმებს მეორეს (OTOCO)

OTOCO შეკვეთა წარმოადგენს OTO და OCO შეკვეთების კომბინაციას. პირველი შეკვეთა წარმოადგენს ძირითად, სამუშაო შეკვეთას, ხოლო მეორე შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც ძირითად შეკვეთასთან დაკავშირებულია OCO შეკვეთების სახით. ამ მომლოდინე შეკვეთების გააქტიურება ხდება პირველი შეკვეთის სრულად აღსრულების შემთხვევაში.

ეს სტრატეგია გამოიყენება იმ ტრეიდერების მიერ, რომელთაც სურთ უფრო კომპლექსური სტრატეგიებით ვაჭრობა, რომლებშიც გათვალისწინებულია გასვლის პირობების რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად ბაზრის Take Profit ან Stop Loss სცენარით განვითარება.

შეჯამება

შეკვეთის თითოეული ტიპის მუშაობის პრინციპის ცოდნა — დაწყებული სწრაფი საბაზრო შეკვეთებით და დამთავრებული კომპლექსური სტრატეგიებით, როგორიცაა OTOCO — ტრეიდერებს საშუალებას აძლევს აირჩიონ საკუთარ მიზნებზე ყველაზე უკეთ მორგებული ინსტრუმენტები. სწორი არჩევანი გვეხმარება ვაჭრობის ავტომატიზაციაში, რისკის შემცირებაში და საერთო შედეგების გაუმჯობესებაში. ამ ვარიანტების შესწავლის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ცვლილებებზე და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ვაჭრობის შედეგების ფორმირებაში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.