მთავარი დეტალები
Hedera არის საჯარო, განაწილებული Proof of Stake ლეჯერი, რომელიც იყენებს hashgraph კონსენსუსის ალგორითმს.
დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) მხარდაჭერისთვის, ქსელი გვთავაზობს სმარტ კონტრაქტებს, ტოკენიზაციას და კონსენსუსის სერვისებს.
ტრანზაქციების სწრაფად და იაფად განხორციელებისთვის, Hedera-ს hashgraph ალგორითმი იყენებს gossip-about-gossip და virtual voting ფუნქციებს.
Hedera-ს კონტროლს ახორციელებს მმართველობის საბჭო, რომელიც შედგება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისგან.
რა არის Hedera?
Hedera არის განაწილებული Proof of Stake ლეჯერი, რომელიც იყენებს hashgraph კონსენსუსის ალგორითმს. ქსელი დაფუძნებულია ღია პროგრამულ კოდზე და იმართება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარი საბჭოს მიერ.
ტრადიციული ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, სადაც ტრანზაქციების ჩაწერა ხდება ბლოკების სახით, Hedera ტრანზაქციების ჩაწერისთვის იყენებს გრაფების მსგავს სტრუქტურას. მსგავსი დიზაინი ქსელს ეხმარება კონსენსუსის ეფექტურად მიღწევაში, ტრანზაქციის დადასტურება კი უფრო სწრაფად და იაფად ხდება.
როგორ მუშაობს Hedera
Hashgraph
Hedera იყენებს სტრუქტურას, რომელიც ცნობილია მიმართულებიანი აციკლური გრაფის (DAG) სახელწოდებით, ასევე ინფორმაციის სწრაფად გაზიარების სისტემას, რომელსაც ეწოდება gossip პროტოკოლი.
gossip პროტოკოლის მუშაობა ძალიან ჰგავს პატარა ქალაქში ახალი ამბების გავრცელების პროცესს. ერთი ადამიანი უყვება მეორეს, მეორე კი სხვას, სანამ ამ ახალ ამბავს ყველა არ გაიგებს. Hedera ქსელზე თითოეული ნოდი შემთხვევითობის პრინციპით უზიარებს ტრანზაქციების მონაცემებს სხვა ნოდს. რადგან ეს პროცესი რეგულარულად მეორდება, ახალი ინფორმაცია მთელს ქსელში ძალიან სწრაფად ვრცელდება.
თითოეული გაზიარებული ინფორმაცია ასევე მოიცავს ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ ვის მიერ და როდის მოხდა მისი გაზიარება, რის შედეგადაც იქმნება ეგრეთწოდებული „gossip-about-gossip“ ისტორია. რადგან ეს ჩანაწერები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, იქმნება ეგრეთწოდებული DAG, რაც თითოეულ ნოდს აძლევს საშუალებას აღადგინოს განხორციელებული ტრანზაქციების თანმიმდევრობა.
ამასთანავე Hedera იყენებს virtual voting ფუნქციას. ნაცვლად იმისა, რომ ნოდებმა პირდაპირ გააგზავნონ საკუთარი ხმები, თითოეულ ნოდს შეუძლია განსაზღვროს, თუ როგორ განახორციელებდნენ სხვები ხმის მიცემის პროცესს, რისთვისაც აანალიზებს საზიარო DAG-ს. ეს გამორიცხავს შეტყობინებების რეგულარული მიმოცვლის საჭიროებას, რისი წყალობითაც კონსენსუსის მიღწევა გაცილებით სწრაფად ხდება. ეს სისტემა ასევე არის ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ ასინქრონულად მედეგი (aBFT), რაც იმას ნიშნავს, რომ ქსელის უსაფრთხოება და სანდოობა შენარჩუნებულია მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი მონაწილე თაღლითობას ცდილობს.
ძირითადი ფუნქციები
Hedera დეველოპერებს სთავაზობს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შექმნისთვის საჭირო სამ ძირითად სერვისს.
კონსენსუსის სერვისი
კონსენსუსის სერვისი აპლიკაციებს სთავაზობს Hedera-ს დროის ნიშნულებთან და ტრანზაქციების ისტორიასთან წვდომას. ქსელისთვის გაგზავნილი შეტყობინებების ორგანიზება ხდება ჩაწერილი თანმიმდევრობით, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. ასევე შესაძლებელია ამ შეტყობინებების დაშიფვრა, რაც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა კონფიდენციალურობის დაცვა. დალაგების შემდეგ, ეს შეტყობინებები ნაწილდება სარკისებრ ნოდებს შორის, რის შემდეგაც მონაწილეები იღებენ მოვლენათა იდენტურ ჩანაწერებს.
ტოკენის სერვისი
ტოკენის სერვისი იძლევა ჩანაცვლებადი და არაჩანაცვლებადი (NFT) ტოკენების შექმნის და მართვის შესაძლებლობას. ტრანზაქციების განხორციელება და დასრულება ხდება მომენტალურად, რომელთა ღირებულება ფიქსირებულია და შეადგენს 0,0001 აშშ დოლარს, რომლის გადახდა ხდება HBAR-ში. ამ სერვისის სიჩქარეა 10 000 ტრანზაქცია წამში (TPS). ეს მოიცვს ფუნქციებს, როგორიცაა ანგარიშის ვერიფიკაცია, მარაგის კორექტირება და ტოკენების გაყინვა. შესაძლებელია ტოკენების ინტეგრირება პირდაპირ Hedera-ს სმარტ კონტრაქტებში, რაც მათი უფრო მეტი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
სმარტ კონტრაქტის სერვისი
Hedera თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM), რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს სმარტ კონტრაქტების ენების მხარდაჭერა, როგორიცაა Solidity და Vyper. სმარტ კონტრაქტის სერვისი იყენებს Besu EVM-ს, რომელიც ოპტიმიზებულია hashgraph კონსენსუსის მექანიზმისთვის. მსგავსი სტრუქტურა დეველოპერებს აძლებს კონტრაქტების მაღალი სიჩქარით გაშვების შესაძლებლობას, საკომისიოები კი დაბალი და პროგნოზირებადია. Hedera ქსელში გამომთვლელი სიჩქარის საზომად გამოიყენება გაზი წამში. სმარტ კონტრაქტების ტრანზაქციებისთვის დაწესებულია სიჩქარის ლიმიტი, რაც შეადგენს 15 მილიონ გაზს წამში.
ეკოსისტემა
Hedera-ს ეკოსისტემა ძირითადი სერვისების გარდა მოიცავს ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ პრაქტიკული ინსტრუმენტების ნაკრებებს და პლატფორმებს.
AI სტუდია
AI სტუდია არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც ამარტივებს ვერიფიცირებადი AI აგენტების შექმნასა და გაშვებას. აგენტების აქტივობების რეგისტრაციისთვის და მათზე დროის ნიშნულების დამატებისთვის, ის იყენებს Hedera-ს კონსენსუსის სერვისს, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და აღრიცხვიანობას. პროგნოზირებადი საკომისიოები და მაღალი გამტარუნარიანობა უზრუნველყოფს AI აგენტების მასშტაბირებადობას და ხელმისაწვდომობას, რისთვისაც AI პროცესები „შავი ყუთებიდან“ გადაიტანება შემოწმებად და სანდო სისტემებში.
აქტივის ტოკენიზაციის სტუდია
აქტივის ტოკენიზაციის სტუდია გვთავაზობს ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების და აქციების გამოშვების და მართვის ინსტრუმენტებს. ის ორგანიზაციებს ეხმარება სირთულეების და რისკების შემცირებაში და ამავე დროს სთავაზობს ფუნქციებს, რომლებიც შესაბამისობაშია რეგულაციებთან. ტოკენიზაციის პროცესის გაუმჯობესებით, ის კომპანიებს უმარტივებს ფინანსური ინსტრუმენტების ბლოკჩეინზე გადატანას.
სტეიბლკოინის სტუდია
სტეიბლკოინის სტუდიის SDK კომპანიებს და გადახდის პროვაიდერებს აძლევს სტეიბლკოინების აპლიკაციების შემუშავების და მართვის შესაძლებლობას. მას აქვს proof-of-reserve მექანიზმების და ისეთი ფუნქციების მხარდაჭერა, რომლებიც ამარტივებს რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ზედამხედველობას. ამ ინსტრუმენტების წყალობით შესაძლებელია გამჭვირვალე და უსაფრთხო სტეიბლკოინების გაშვება უფრო სწრაფად გაშვება.
Hedera Guardian
Hedera Guardian წარმოადგენს ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომლის დანიშნულებაა ეკოლოგიური მდგრადობის მხარდაჭერა. ის უზრუნველყოფს ეკოლოგიური აქტივების ციფრულ გაზომვებს, ანგარიშგებასა და ვერიფიკაციას (dMRV), როგორიცაა ნახშირბადის კრედიტები და ბიომრავალფეროვნების პროექტები. Hedera-ს საჯარო ლეჯერში მონაცემების ჩაწერით, Guardian უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგრადობის ბაზრების გამჭვირვალობას, მიკვლევადობას და თაღლითობისგან დაცვას.
მმართველობის მოდელი
Hedera-ს მართვას ახორციელებს Hedera-ს მმართველობის საბჭო, რომელიც შედგება სხვადასხვა ინდუსტრიის და რეგიონის საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ხმის თანაბარი უფლება, მმართველობაში მონაწილეობის უფლებამოსილება ენიჭება ფიქსირებული ვადით და არ იღებს პირდაპირ შემოსავალს ქსელის აქტივობებიდან.
ამჟამად ამ წევრების მოვალეობაა კონსენსუსის მთავარი ნოდების გაშვება, ისინი ერთობლივად იღებენ პროგრამის განახლებებთან, ქსელის საკომისიოებთან და ხაზინის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. მმართველობის ეს მოდელი გვთავაზობს სტაბილურობას, თუმცა ბადებს გარკვეულ კითხვებს დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით.
სარკისებრი ნოდის გაშვება და ქსელის მონაცემებთან წვდომა ნებისმიერ პირს შეუძლია, თუმცა ქსელის გაფართოების პარალელურად, Hedera-ს გრძელვადიანი მიზანს წარმოადგენს კონსენსუსის პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვა.
Hedera-ს ტოკენი
HBAR ტოკენი წარმოადგენს Hedera ქსელის ადგილობრივ ტოკენს. მისი მაქსიმალური მარაგია 50 მილიარდი ტოკენი და Hedera-ს ეკოსისტემაში ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება:
გაზის საკომისიოები: HBAR გამოიყენება ქსელში განხორციელებული აქტივობების დროს ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად. ეს აქტივობები მოიცავს ტოკენების გადარიცხვას, NFT-ების დამზადებას, სმარტ კონტრაქტების აღსრულებას და მონაცემების რეგისტრაციას.
ნოდის ჯილდოები: მთავარი ქსელის ნოდები ამუშავებენ ტრანზაქციებს, აღწევენ კონსენსუსს და აკონტროლებენ ლეჯერის მდგომარეობას, ამის სანაცვლოდ კი იღებენ ჯილდოებს HBAR-ის სახით. ამჟამად ამ ნოდების გაშვების უფლება მხოლოდ მმართველი საბჭოს წევრებს აქვთ.
სტეიკინგში მონაწილეობის დელეგირება: HBAR-ის მფლობელებს შეუძლიათ თავიანთი ტოკენების კონსენსუსის ნოდებისთვის გადაცემა, რაც აუმჯობესებს Proof of Stake (PoS) ქსელის უსაფრთხოებას. სანაცვლოდ ისინი იღებენ HBAR ჯილდოებს მათი წილის პროპორციული ოდენობით. ჯილდოების გაცემა ხდება Hedera ქსელის სტეიკინგის ჯილდოების სპეციალური ანგარიშის მეშვეობით, კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
აპლიკაციები: Hedera-ზე გაშვებული თითოეული DApp-ის მუშაობისთვის საჭიროა HBAR. თითოეული API ბრძანების ან ქსელის სერვისის მოთხოვნის გაგზავნისას, დეველოპერები და მომხმარებლები იხდიან საკომისიოებს HBAR-ში, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებასა და მდგრადობას.
შეჯამება
Hedera არის საჯარო, განაწილებული ლეჯერი, რომელიც იყენებს hashgraph კონსენსუსის მექანიზმს ტრანზაქციების სწრაფად და იაფად დამუშავებისთვის. მისი ძირითადი სერვისები, როგორებიცაა სმარტ კონტრაქტები, კონსენსუსი და ტოკენიზაცია, წარმოადგენს ქსელის ფუნდამენტს, რაც იძლევა მის ფინანსებში, ეკოლოგიური მდგრადობის პროექტებში და სხვა სფეროებში გამოყენების შესაძლებლობას. Hedera-ს მართვას ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, ის დაფუძნებულია ღია პროგრამულ კოდზე და მომხმარებელს დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.