რა არის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა Bitcoin ქსელში?
მთავარი
სტატიები
რა არის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა Bitcoin ქსელში?

რა არის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა Bitcoin ქსელში?

გამოქვეყნებული May 16, 2023განახლებული Dec 11, 2023
6m

 TL;DR

  • Bitcoin-ის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა არის მაინერის მიერ ტრანზაქციის საკომისიოთი მიღებული შემოსავლის ბლოკის ჯამურ ჯილდოსთან შეფარდება.

  • ეს თანაფარდობა გამოითვლება ტრანზაქციის საკომისიოს გაყოფით ბლოკის ჯამურ ჯილდოზე, რაც მოიცავს ბლოკის სუბსიდიასა და ტრანზაქციის საკომისიოს. 

  • ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს Bitcoin ქსელის სიჯანსაღესა და უსაფრთხოებაზე, რადგან ბლოკის სუბსიდია დროთა განმავლობაში ნახევრდება და საბოლოოდ, 2014 წელს ნულის ტოლი გახდება. 

  • 2023 წლის დასაწყისში BRC-20 ტოკენებთან დაკავშირებული აქტივობების მიზეზით, Bitcoin-ის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობის მაჩვენებელი 50%-ს გაცდა, რაც იშვიათი შემთხვევაა.

რა არის ბლოკის ჯილდო Bitcoin ქსელში? 

Bitcoin-ის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობის უკეთ გასაგებად, საჭიროა უკეთ გავიგოთ, რა სახის შემოსავალს იღებენ მაინერები. Bitcoin ქსელში ბლოკის ჯილდო არის გარკვეული რაოდენობის Bitcoin, რომელსაც მაინერები ახალი ბლოკის შექმნისთვის იღებენ.

ბლოკის ჯილდო ბლოკის სუბსიდიისგან და ტრანზაქციის საკომისიოსგან შედგება. 

რა არის ბლოკის სუბსიდია? 

Bitcoin-ის Proof of Work კონსენსუსის მექანიზმით, მაინერები იყენებენ კომპიუტერულ რესურსებს რთული გამოთვლებისთვის, რაც ბლოკჩეინზე ახალი ბლოკების დასამატებლად არის საჭირო. სანაცვლოდ, თითოეული დამატებული ბლოკისთვის მაინერები იღებენ ახლად შექმნილი Bitcoin-ის ფიქსირებულ ოდენობას, რასაც ბლოკის სუბსიდია ეწოდება. ეს წარმოადგენს ძირითად მატერიალურ სტიმულს მაინერებისთვის ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

ახალი მონეტების გენერირება ხდება სპეციალური ტიპის ტრანზაქციის მეშვეობით, რომელსაც coinbase ტრანზაქცია ეწოდება. ჩვეულებრივ, coinbase ტრანზაქცია ბლოკში დამატებული პირველი ტრანზაქციაა, რომელიც ცარიელ მონაცემებს შეიცავს და მისი საშუალებით მონეტები არაფრიდან იქმნება.

რა არის ტრანზაქციის საკომისიო? 

Bitcoin ქსელში თითოეული ტრანზაქცია მოიცავს მაინერებისთვის ტრანზაქციის დამუშავებისთვის გადახდილ მცირე საკომისიოს. მაინერები პრიორიტეტს უფრო მაღალი საკომისიოს გამცემ ტრანზაქციებს ანიჭებენ; შესაბამისად, რაც უფრო მაღალია საკომისიო, მით უფრო მეტია შანსი, რომ ტრანზაქცია მომდევნო ბლოკში აისახება. 

Bitcoin-ის ტრანზაქციების საკომისიო ჰგავს აუქციონის სისტემას, სადაც მომხმარებლები ტრანზაქციებს ურთავენ უფრო მაღალ საკომისიოს, რათა დიდი მოთხოვნის პირობებში მაინერებმა მათი ტრანზაქცია დაამატონ ბლოკში.  

ტრანზაქციის საკომისიო ბლოკის ჯამური ჯილდოს მხოლოდ მცირე ნაწილია, ამიტომ „ბლოკის ჯილდო“ ზოგჯერ „ბლოკის სუბსიდიის“ სინინიმად გამოიყენება. მეორე მხრივ, Bitcoin ქსელის ტრანზაქციის საკომისიოები დროთა განმავლობაში იზრდება, ამიტომ მათ შორის განსხვავების დანახვა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

ამ სტატიაში ზემოთ ნახსენებ განმარტებებს გამოვიყენებთ. შესაბამისად, ბლოკის ჯილდო შეგვიძლია გამოვსახოთ ფორმულით:

ბლოკის ჯილდო = ბლოკის სუბსიდია + ტრანზაქციის საკომისიოები 

როგორ გამოვთვალოთ საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა

საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა გამოიხატება პროცენტული მაჩვენებლით და გამოითვლება ტრანზაქციის საკომისიოს გაყოფით ბლოკის ჯილდოზე შემდეგი ფორმულით: 

საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა = ტრანზაქციის საკომისიოები / ბლოკის ჯილდო X 100% 

მისი გამოსახვა სხვაგვარადაც შეიძლება: 

საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა = ტრანზაქციის საკომისიო / ბლოკის ჯილდო 

რატომ არის ბლოკის ჯილდო აუცილებელი? 

ბლოკის ჯილდოები არის მაინერების წახალისების საშუალება, რათა საკუთარი გამომთვლელი სიმძლავრე Bitcoin ქსელის ფუნქციონირებას მოახმარონ. გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ, მაინერები ჯილდოვდებიან ახლად შექმნილი და ტრანზაქციის საკომისიოების სახით მიღებული Bitcoin-ებით. ბლოკის ჯილდო არის Bitcoin-ის ტოკენომიკის ძირითადი ასპექტი, რადგან ის სისტემაში ახალ Bitcoin-ების შემცირებადი ტემპით დამატებას აკონტროლებს. 

ეს ქმნის ეკონომიკის დეფლაციურ მოდელს, რაც ძვირფასი ლითონების მოპოვებას ჰგავს, როდესაც ახალი ლითონის პოვნა უფრო და უფრო ძნელდება. მისი დახმარებით ვიცით, რომ Bitcoin-ის პროტოკოლის მიხედვით, Bitcoin-ის რაოდენობა ვერასდროს გაცდება 21 მილიონს. 

რა არის Bitcoin-ის ჰალვინგი? 

საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობის მნიშვნელობის ზრდა ნაწილობრივ Bitcoin-ის ჰალვინგს უკავშირდება, რაც წარმოადგენს ფენომენს, რომლის დროსაც მაინერებისთვის გაცემული ბლოკის სუბსიდიის რაოდენობა ნახევრდება დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 

დასაწყისში, Bitcoin-ის ბლოკის სუბსიდია 50 BTC იყო და ყოველი 210000 ბლოკის შემდეგ, ანუ დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ნახევრდება. 2012 წელს, Bitcoin-ის ბლოკის სუბსიდია შემცირდა 25 BTC-მდე, 2016 წელს - 12.5 BTC-მდე, ხოლო 2020 წელს - 6.25 BTC-მდე. 2024 წელს ის 3.125 BTC-მდე შემცირდება. 

რატომ არის საკომისიოს შეფარდება ჯილდოსთან მნიშვნელოვანი Bitcoin-ის უსაფრთხოებისთვის? 

ჰალვინგის ტემპის გათვალისწინებით, უკანასკნელი Bitcoin-ის მაინინგი დაახლოებით 2140 წლისთვის მოხდება. ამის შემდეგ მაინერები ბლოკის სუბსიდიებს ვეღარ მიიღებენ და მათი მუშაობის კომპენსირება მხოლოდ ტრანზაქციის საკომისიოთი მოხდება. 

მართალია ჯერ იქამდე შორია, მაგრამ უკვე გაჩნდა კითხვა, გაიზრდება თუ არა ტრანზაქციის საკომისიო ისე, რომ მაინერებმა ბლოკის სუბსიდიის გარეშე საკმარისი კომპენსაცია მიიღონ. 

2024 წელს, ბლოკის სუბსიდია ჯერ 3.135-მდე შემცირდება, 2028 წელს კი - 1.5625 BTC-მდე და გასულ ათწლეულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაიკლებს, ამიტომ ეს შეკითხვა ახლო მომავალშივე გახდება მნიშვნელოვანი. 

რა ელის Bitcoin-ის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობას? 

Bitcoin-ის ქსელის არსებობის უმეტეს პერიოდში, საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა ერთნიშნა რიცხვის ფარგლებში მერყეობდა. ტრანზაქციის საკომისიო მაინერის მთლიანი შემოსავლის მცირე ნაწილის წარმოადგენს. 

თუმცა ტრანზაქციის საკომისიოს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს. როდესაც Bitcoin-ის ბლოკში დამატებაზე მოთხოვნა იზრდება, მომხმარებლებს შორის კონკურენცია იმატებს, ისინი ზრდიან საკომისიოს, რათა მათი ტრანზაქცია მომდევნო ბლოკში აღმოჩნდეს.

მაგალითად, 2017-2020 წლებში ტრანზაქციის საკომისიო მნიშვნელოვნად გაიზარდა, სავარაუდოდ მასობრივი გამოყენების მასშტაბების ზრდის, Bitcoin-ის ფასის მერყეობისა და ქსელის გადატვირთვის გამო. 

2023 წლის დასაწყისში BRC-20 ტოკენებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა Bitcoin-ის საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობის მაჩვენებელი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე აიყვანა. საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობამ 50%-ს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ ტრანზაქციის საკომისიოებით მიღებული შემოსავალი ბლოკის სუბსიდიაზე მეტი გახდა, რაც იშვიათი მოვლენაა. თუმცა საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობის ამ მაჩვენებელზე შენარჩუნება შეიძლება ვერ მოხერხდეს.

შეჯამება

საბოლოოდ, როდესაც ბლოკის სუბსიდია ნულოვან ნიშნულს მიაღწევს, ტრანზაქციის საკომისიო მაინერის კომპენსაციის 100 % გახდება. მანამდე კი ტრანზაქციის საკომისიოები შესაძლოა ნელ-ნელა გაიზარდოს და შეინარჩუნოს ზრდის სტაბილური ტემპი, რათა მაინინგი საკმარისად მომგებიანი იყოს Bitcoin-ის ქსელის პროცესებში მონაწილე მაინერებისთვის. 

ამის მისაღწევად, საკომისიოს და ჯილდოს თანაფარდობა უნდა გაიზარდოს, თუმცა ტრანზაქციის საკომისიო მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს. 

დამატებითი საკითხავი 

Bitcoin-ის ფასის ისტორიის მიმოხილვა

როგორ ხდება Bitcoin-ის მაინინგი

რა არის ორდინალები? Bitcoin NFT-ების მიმოხილვა

ტერმინოლოგია: ჰალვინგი 


უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.