TL;DR
ქლაუდ-მაინინგი ეწოდება პროცესს, როდესაც ინდივიდები კრიპტოვალუტის მაინინგში შესაბამისი აპარატურის ფლობის ან მართვის გარეშე მონაწილეობენ.
ქლაუდ-მაინინგს აქვს რამდენიმე უპირატესობა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კრიპტო მაინინგი აინტერესებთ, მაგრამ მაინინგის აპარატურის ფლობისთვის საჭირო რესურსები ან ტექნიკური ცოდნა არ გააჩნიათ.
ქლაუდ-მაინინგის სივრცე სავსეა თაღლითობითა და მავნე საქმიანობით. აუცილებელია ფულის გადახდამდე ქლაუდ-მაინინგის კომპანიის ლეგიტიმურობა გულმოდგინედ გადავამოწმოთ.
რა არის ქლაუდ-მაინინგი?
ქლაუდ-მაინინგი ეწოდება პროცესს, როდესაც ინდივიდები კრიპტოვალუტის მაინინგში შესაბამისი აპარატურის ფლობის ან მართვის გარეშე მონაწილეობენ.
ამის ნაცვლად, მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ ქირაობს მაინინგის აპარატურას, რომლის მართვაზეც მფლობელი კომპანიაა პასუხისმგებელი. როდესაც ნაქირავები მოწყობილობა ბლოკს შექმნის, ჯილდო მომხმარებელსა და კომპანიას შორის ნაწილდება.
ტერმინი „ქლაუდ-მაინინგი“ დაკავშირებულია ქლაუდ-ტექნოლოგიის სფეროსთან, რაც აღნიშნავს მონაცემების შესანახად და დასამუშავებლად ადგილობრივი სერვერების ნაცვლად ინტერნეტში არსებული ქსელის ან დისტანციური სერვერების გამოყენებას.
ანალოგიურად, ქლაუდ-მაინინგის მომხმარებლებსაც შეუძლიათ ქლაუდ-მაინინგის კომპანიების შესაძლებლობების გამოყენება. ამ დროს, მაინინგის პროცესი არა თქვენს პერსონალურ კომპიუტერში, არამედ „ქლაუდზე“ მიმდინარეობს.
კრიპტოს მაინინგის რამდენი მეთოდი არსებობს?
ქლაუდ-მაინინგის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ კრიპტო მაინინგის განსხვავებულ მეთოდებს.
ქლაუდ-მაინინგის გარდა, არსებობს კრიპტოვალუტის მაინინგის რამდენიმე გზა:
სოლო მაინინგი
ეს მაინინგის პირვანდელი მეთოდია. სოლო მაინინგის გულისხმობს მაინერის მიერ დამოუკიდებლად მოქმედებას, რისთვისაც საჭიროა დიდი საწყისი ინვესტიცია კრიპტოვალუტის შესაბამისი აპარატურის შესაძენად. ბლოკის წარმატებით შექმნის შემთხვევაში, მაინერი მთლიანად იღებს ბლოკის ჯილდოსა და ტრანზაქციის საკომისიოს. თუმცა Bitcoin-ისა და მსგავსი კრიპტოვალუტების მაინინგი რთულდება, რაც სოლო მაინერის მიერ ბლოკის შექმნის შანსებს საგრძნობლად ამცირებს.
მაინინგ-პულები
მაინინგის გართულების პარალელურად ინდივიდუალური მაინერები ბლოკის წარმატებით შექმნის შანსების გასაზრდელად, კომპიუტერული რესურსების პულებში გაერთიანებას იწყებენ.
ამას მაინინგ-პულები ეწოდება. პულში გაერთიანებული მაინერები აზიარებენ ჰეშირების შესაძლებლობებს კომპიუტერული ამოცანების უფრო სწრაფად ამოსახსნელად, ბლოკის შექმნის შემდეგ კი ჯილდო დახარჯული კომპიუტერული ძალის პროპორციულად ნაწილდება.
ASIC მაინინგი
ASIC აღნიშნავს კონკრეტული დანიშნულების ინტეგრალურ მიკროსქემას. ასე ეწოდება კონკრეტული კრიპტოვალუტის მაინინგისთვის შექმნილ სისტემებს. ისინი ძალიან ეფექტური, მაგრამ ძვირადღირებული მოწყობილობებია და ხშირად პროფესიონალი მაინერების მიერ გამოიყენება. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც სოლო მაინინგში, ისე მაინინგ პულებშიც.
GPU/CPU მაინინგი
ზოგიერთი კრიპტოვალუტის მაინინგისთვის გამოიყენება ჩვეულებრივი CPU (ცენტრალური პროცესორი) და GPU (გრაფიკული პროცესორი). სწორედ ასე დაიწყო Bitcoin-ის მაინინგი. თუმცა პროცესის გართულებასთან ერთად GPU და CPU მაინინგი Bitcoin-ის შემთხვევაში თითქმის არაეფექტურია, თუმცა სხვა კრიპტოვალუტებისთვის ჯერაც გამოიყენება.
ამ მეთოდების ეფექტურობა და მომგებიანობა განსხვავდება კრიპტოვალუტების, აპარატურის, ელექტროენერგიის ფასის, ქსელის არსებული სირთულისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.
როგორ მუშაობს ქლაუდ-მაინინგი?
ქლაუდ-მაინინგი მომხმარებლებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის მოწყობილი მონაცემთა ცენტრის გამომთვლელი ძალის ქირაობის ან ყიდვის საშუალებას აძლევს.
ეს მექანიზმი ასე მუშაობს:
ნაბიჯი 1: აირჩიეთ ქლაუდ-მაინინგის კომპანია
პირველი ნაბიჯი ქლაუდ-მაინინგის სანდო კომპანიის მოძებნაა. ქლაუდ-მაინინგის სივრცეში მრავალი თაღლითობაა გავრცელებული, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩაატაროთ საფუძვლიანი მოკვლევა.
ნაბიჯი 2: აირჩიეთ მაინინგ პაკეტი
ქლაუდ-მაინინგის პროვაიდერები მომხმარებელს სთავაზობენ სხვადასხვა პაკეტებს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის გამომთვლელი სიმძლავრის და რა პერიოდით დაქირავება გსურთ. რაც უფრო მეტ სიმძლავრეს იქირავებთ, მით უფრო მეტი იქნება პოტენციური მოგება. თუმცა მეტია ხარჯიც.
ნაბიჯი 3: აირჩიეთ მაინინგ-პული
ქლაუდ-მაინინგის ზოგიერთი კომპანია ასევე გთავაზობთ მაინინგ-პულების არჩევანს.
ნაბიჯი 4: გადაიხადეთ სერვისის საფასური
პაკეტის არჩევის შემდეგ, უნდა გადაიხადოთ სერვისის საფასური. ჩვეულებრივ ეს ხდება კრიპტოვალუტით, თუმცა ზოგიერთი სერვისი შესაძლოა ფიატ-ვალუტასაც იღებდეს.
ნაბიჯი 5: დაიწყეთ მაინინგი
გადახდის შემდეგ ქლაუდ-მაინინგის სერვისი გამოყოფს შესაბამის აპარატურას და დაიწყებს მაინინგს. გამომთვლელი სიმძლავრის თქვენი წილი გამოიყენება კრიპტოვალუტის მაინინგისთვის.
ნაბიჯი 6: მიიღეთ მაინინგის ჯილდოები
მაინინგ ოპერაციების ჯილდო მომხმარებლებს შორის კუთვნილი გამომთვლელი სიმძლავრის პროპორციულად გადანაწილდება. ამ ნაბიჯისთვის თქვენ დაგჭირდებათ მაინინგით შექმნილ კრიპტოვალუტასთან თავსებადი საფულის შექმნა.
ქლაუდ-მაინინგის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები
ქლაუდ-მაინინგის გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომლებიც სხვადასხვა ვარიანტების პოტენციური მოგებისა და სარგებლიანობის შეფასების საშუალებას მოგცემთ.
ჰეშრეიტი
ჰეშრეიტი არის მაინერის მიერ ერთ წამში განხორციელებული გამოთვლების რაოდენობა. უფრო მაღალი ჰეშრეიტი ბლოკჩეინზე ბლოკის დამატებისა და ჯილდოების მიღების შანსს ზრდის.
ჰეშრეიტი იზომება წამში დაფიქსირებული ჰეშებით (ჰ/წ) მაგრამ წარმოდგენილია უფრო დიდი ერთეულებით, როგორიცაა კილოჰეში (კჰ/წ), მეგაჰეში (მჰ/წ), გიგაჰეში (გჰ/წ), ტერაჰეში (ტჰ/წ), პეტაჰეში (პჰ/წ) და ექსაჰეში (ეჰ/წ). მათი განმარტება:
კილოჰეში (კჰ/წ)
კილოჰეში არის 1000 (ან 10^3) ჰეში წამში.
მეგაჰეში (მჰ/წ)
მეგაჰეში არის 1,000,000 (ან 10^6) ჰეში წამში. ეს იგივეა რაც 1,000 კილოჰეში.
გიგაჰეში (გჰ/წ)
გიგაჰეში არის 1,000,000,000 (ან 10^9) ჰეში წამში. ეს იგივეა რაც 1,000 მეგაჰეში ან 1,000,000 კილოჰეში.
ტერაჰერში (ტჰ/წ)
ტერაჰეში არის 1,000,000,000,000 (ან 10^12) ჰეში წამში. ეს იგივეა რაც 1,000 გიგაჰეში ან 1,000,000,000 კილოჰეში.
პეტაჰეში (პჰ/წ)
პეტაჰეში არის 1,000,000,000,000,000 (ან 10^15) ჰეში წამში. ეს იგივეა რაც 1,000 ტერაჰეში ან 1,000,000,000,000 კილოჰეში.
ექსაჰეში (ეჰ/წ)
ექსაჰეში არის 1,000,000,000,000,000,000 (ან 10^18) ჰეში წამში. ეს იგივეა რაც 1,000 პეტაჰეში ან 1,000,000,000,000,000,000 კილოჰეში.
ენერგიის მოხმარება
მაინინგს დიდი ენერგია სჭირდება, რაც ნებისმიერი მოცულობის ოპერაციას აძვირებს. ხშირად ის ვატებში იზომება. მაინინგ აპარატურის ეფექტურობა ხშირად ერთ ტერაჰეშზე დახარჯული ჯოულით (ჯ/ტჰ) იზომება, რაც აჩვენებს რამდენი ენერგია სჭირდება მოწყობილობას კონკრეტული გამოთვლის შესასრულებლად. დაბალი ჯ/ტჰ უკეთესია, რადგან ეს ნიშნავს, რომ აპარატურა ეფექტურად მუშაობს.
ხარჯი ჰეშის მიხედვით
ქლაუდ-მაინინგის კონტრაქტის ხარჯი მიღებულ ჰეშ სიმძლავრეზე უნდა გაიყოს. ეს აჩვენებს რამდენს იხდით მაინინგის სიმძლავრის თითოეული ერთეულისთვის. ეს მნიშვნელოვანი საზომია სხვადასხვა კონტრაქტებისა და კომპანიების შესადარებლად.
მაინინგის სირთულე
მაინინგის სირთულე ზომავს, თუ რამდენად ძნელია ბლოკჩეინის მომდევნო ბლოკის შექმნა. ის პერიოდულად იცვლება და დამოკიდებულია მაინერების რაოდენობაზე. უფრო მაღალი სირთულე ნიშნავს, რომ იმავე ოდენობის კრიპტოვალუტისთვის მეტი ჰეშ სიმძლავრე დაგჭირდებათ.
ბლოკის ჯილდო
ეს არის ბლოკის შექმნის შედეგად მიღებული კრიპტოვალუტის ოდენობა. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ აისახება თქვენს პოტენციურ მოგებაზე. გაითვალისწინეთ, რომ Bitcoin-ის და სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში, ბლოკის ჯილდო ყოველ ოთხ წელიწადში ნახევრდება, ამას ჰალვინგი ეწოდება.
კრიპტოვალუტის ფასი
ეს არის თქვენ მიერ მაინინგით შექმნილი კრიპტოვალუტის საბაზრო ფასი. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მაინინგის მომგებიანობა პირდაპირ კავშირშია ფასთან, რომელსაც ჯილდოს სახით მიიღებთ.
პულის საკომისიოები
თუ მაინინგ-პულში ქლაუდ-მაინინგის კონტრაქტით მონაწილეობთ, შესაბამისი საკომისიოს გადახდა მოგიწევთ. ეს საკომისიო თქვენს მოგებას გამოაკლდება, ამიტომ ოდენობა ზუსტად უნდა იცოდეთ.
ამ მაჩვენებლების ცოდნა დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება, გსურთ თუ არა ქლაუდ-მაინინგში მონაწილეობის მიღება, ან რომელი კონტრაქტი ან კომპანია უნდა აირჩიოთ.
ქლაუდ-მაინინგის უპირატესობები
ქლაუდ-მაინინგს აქვს რამდენიმე უპირატესობა, განსაკუთრებით მომხმარებლებისთვის, რომელთაც კრიპტოს მაინინგი აინტერესებთ, მაგრამ მაინინგის ოპერაციებისთვის საჭირო რესურსები ან ტექნიკური ცოდნა არ გააჩნიათ.
გაეცანით ქლაუდ-მაინინგის რამდენიმე უპირატესობას:
ტექნიკური ცოდნა აუცილებელი არ არის
ქლაუდ-მაინინგის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება ტექნიკური ცოდნის გარეშეც შეიძლება. დეტალებზე კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს კი მხოლოდ მაინინგის შესაძლებლობების დაქირავება ან ყიდვა სჭირდებათ.
არ მოგიწევთ აპარატურაში თანხის დაბანდება
მაინინგის აპარატურა ძვირია, ამასთანავე ტექნოლოგია შესაძლოა სწრაფად მოძველდეს. ქლაუდ-მაინინგის შემთხვევაში ამ ხარჯებზე ფიქრი არ მოგიწევთ, რადგან მოწყობილობებს კი არ ყიდულობთ, არამედ ქირაობთ.
არც სიცხე, არც ხმაური
მაინინგის აპარატურა ბევრ სიცხესა და ხმაურს გამოყოფს, რაც პრობლემაა, თუ მათ სახლში იყენებთ. ქლაუდ-მაინინგის აპარატურა მონაცემთა ცენტრში დგას, ამიტომ ამ პრობლემებთან გამკლავება არ მოგიწევთ.
პასიური შემოსავლის წყარო
ქლაუდ-მაინინგის კონტრაქტის საფასურის გადახდის შემდეგ, კომპანია ყველაფერზე თავად იზრუნებს. ამგვარად გამოიმუშავებთ პასიურ შემოსავალს, რადგან კრიპტოვალუტის ჯილდოების მიღება შრომის გაწევის გარეშე შეგეძლებათ.
ქლაუდ-მაინინგის რისკები
ქლაუდ მაინინგს არაერთი უპირატესობა აქვს, თუმცა ის რისკებთანაცაა დაკავშირებული:
თაღლითობა
სამწუხაროდ, ქლაუდ-მაინინგის სივრცე თაღლითური აქტივობით არის სავსე. არსებობს კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს ფულს ართმევენ და უჩინარდებიან. ფულის დახარჯვამდე, აუცილებელია გამოიკვლიოთ და დაადასტუროთ კომპანიის ლეგიტიმურობა.
ნაკლები მოგების რისკი
სერვისის გამოყენებისთვის თანხის გადახდა გჭირდებათ, ამიტომ შესაძლოა ქლაუდ-მაინინგის პოტენციური სარგებელი უფრო დაბალი იყოს, ვიდრე საკუთარი აპარატურის გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა. კომპანიამ ხარჯები უნდა გაისტუმროს და მოგება ნახოს, ამიტომ ჩვეულებრივ ეს ხარჯები მომხმარებლებზე ნაწილდება. ზოგჯერ თქვენი მოგება შესაძლებელია უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე უბრალოდ კრიპტოვალუტის ყიდვის და ჰოლდინგის შემთხვევაში.
კონტროლის არარსებობა
ქლაუდ-მაინინგით სარგებლობის შემთხვევაში, პროცესის კონტროლს ფაქტობრივად სხვას გადასცემთ. ქლაუდ-მაინინგის კომპანია თავად წყვეტს, რომელი კრიპტოვალუტის მაინინგი აწარმოოს და როდის გაყიდოს. თუ კომპანია დაიხურება, სამართლებრივი ან ტექნიკური პრობლემები შეექმნება, თქვენი პოტენციური მოგება რისკის ქვეშ დადგება.
ნაკლები გამჭვირვალობის რისკი
ქლაუდ-მაინინგ კომპანიების ნაწილი ბოლომდე არ ამჟღავნებს ინფორმაციას საკომისიოების, მაინინგის ოპერაციების და სხვა მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ. ამის გამო პოტენციური მოგებისა და რისკების ზუსტად გამოთვლა რთულდება.
ბაზრის მერყეობა
კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა ძალიან არასტაბილური იყოს. ეს ნიშნავს, რომ ქლაუდ-მაინინგით გამომუშავებული კრიპტოვალუტის ღირებულება შესაძლოა შემცირდეს, რაც თქვენს მოგებას შეამცირებს.
რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები
კრიპტოვალუტისა და მაინინგის აქტივობების სამართლებრივი სტატუსი განსხვავდება იურისდიქციის მიხედვით და შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია კარგად იცნობდეთ თქვენი ქვეყნის რეგულაციებს და იმ სახელმწიფოს კანონებს, სადაც მაინინგის კომპანია ოპერირებს.
მაინინგის პროცესში ჩართვამდე, მნიშვნელოვანია აწარმოოთ დეტალური კვლევა და გაითვალისწინოთ ყველა პოტენციური რისკი და ჯილდო.
შეჯამება
აუცილებელია ფულის გადახდამდე კარგად გამოიკვლიოთ კომპანია: წაიკითხოთ შეფასებები, გადაამოწმოთ მათი რეპუტაცია კრიპტო ფორუმებზე და გაეცნოთ რაც შეიძლება ბევრ ოპერაციასა და გამოცდილებას. ზოგადად უფრო საიმედოა კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება, ცნობილი ბრენდი და მნიშვნელოვანი ზომა.
ასევე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კარგად გესმით ქლაუდ-მაინინგის კონტრაქტის საფასურის სტრუქტურა, მათ შორის საკომისიოები და სხვა ხარჯები. გაითვალისწინეთ ელექტრობისა და აპარატურის მოვლის ფასი, რაც ხშირად კონტრაქტის ფასში შედის.
ყველა კვერცხს ერთ კაალთში ნუ ჩაალაგებთ. სჯობს ქლაუდ-მაინინგი გამოიყენოთ როგორც დივერსიფიცირებული ინვესტიციის სტრატეგიის ნაწილი და მთელი თქვენი შემოსავალი ან საინვესტიციო მოგება მას არ მიანდოთ.
დამატებითი საკითხავი:
რა არის და როგორ მუშაობს კრიპტოვალუტის მაინინგი?
როგორ ხდება Bitcoin-ის მაინინგი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..