მთავარი დეტალები
Bitcoin-ის მაინინგი არის ტრანზაქციების ვალიდაციის და ბლოკჩეინზე ახალი ბლოკების დამატების პროცესი Proof of Work კონსენსუსის მექანიზმის გამოყენებით.
კრიპტოგრაფიული თავსატეხების ამოსახსნელად მაინერები იყენებენ სპეციალურ აპარატურას, რომელსაც ASIC ეწოდება; მაინერი, ვინც სწორად ამოხსნის თავსატეხს, მიიღებს ბლოკის ჯილდოს და ტრანზაქციის საკომისიოებს.
მაინინგის მომგებიანობა დამოკიდებულია აპარატურის წარმადობაზე, ელექტროენერგიის ღირებულებაზე, ქსელის სირთულეზე და Bitcoin-ის საბაზრო ფასზე. ეს მაჩვენებლები დროთა განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
Bitcoin-ის მაინინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ახალი ტრანზაქციების ვერიფიკაცია და Bitcoin-ის ბლოკჩეინზე დამატება, რასაც თან ახლავს მიმოქცევაში ახალი BTC-ის გაშვება. მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ახალი ბლოკის შექმნის უფლების მოსაპოვებლად, რისთვისაც იყენებენ სპეციალურ აპარატურას. გამარჯვებული მაინერი იღებს ბლოკის ჯილდოს და შექმნილი ბლოკის მეშვეობით გამომუშავებულ ტრანზაქციის საკომისიოებს. წინამდებარე გზამკვლევში განხილულია, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი, რა ტიპის აპარატურა გამოიყენება ამისათვის, როგორ უწყობს ხელს ამ პროცესს მაინინგ-პულები და რა ფაქტორები ახდენს გავლენას მაინინგის სარგებლიანობაზე.
რა არის Bitcoin-ის მაინინგი?
Bitcoin იყენებს Proof of Work (PoW) კონსენსუსის მექანიზმს. ბლოკჩეინზე ტრანზაქციების ახალი ბლოკის დასამატებლად, მაინერებმა უნდა ამოხსნან რთული კრიპტოგრაფიული თავსატეხი, რასაც ესაჭიროება დიდი ოდენობით გამომთვლელი სიმძლავრე. ეს თავსატეხი მოიცავს გარკვეული მნიშვნელობის პოვნას, რომელსაც nonce ეწოდება. მისი მეშვეობით გენერირებული ბლოკის ჰეში უნდა შეესაბამებოდეს ქსელის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვით მაჩვენებელს. რადგან ჰეშირება ერთმიმართულებიანი ფუნქციაა, არ არსებობს სწორი nonce-ის პოვნის სხვა გზა, გარდა სხვადასხვა მნიშვნელობების მრავალჯერადად, მაღალი სიჩქარით გადამოწმებისა. ამ სტაბილურ და ვერიფიცირებად პროცესს ეწოდება Proof of Work მექანიზმი.
თავსატეხების სირთულე ავტომატურად იცვლება ყოველი 2016 ბლოკის შექმნის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ, ქსელის საერთო გამომთვლელი სიმძლავრის შესაბამისად. თუ ქსელში ჩართული მაინერების რიცხვი იზრდება, შესაბამისად იზრდება თავსატეხების სირთულე. თუ მაინერები ტოვებენ ქსელს, სირთულე მცირდება. ამ მექანიზმის წყალობით, ახალი ბლოკის შექმნის დრო დაახლოებით 10 წუთის ფარგლებშია შენარჩუნებული მიუხედავად ქსელის აქტიური ჰეშრეიტის მაჩვენებლისა.
რას აკეთებენ Bitcoin-ის მაინერები?
მაინერები Bitcoin-ის mempool-იდან იღებენ მომლოდინე ტრანზაქციებს, აერთიანებენ მათ კანდიდატ ბლოკში და შემდეგ განმეორებით ახდენენ ბლოკის ჰეშირებას nonce-ის სხვადასხვა მნიშვნელობების გამოყენებით, სანამ არ იპოვიან ჰეშს, რომელიც აკმაყოფილებს ქსელის მიმდინარე სირთულის შესაბამისად განსაზღრულ პირობებს. ვალიდური ჰეშის პოვნის შემდეგ, მაინერი აგზავნის ახალ ბლოკს ქსელში. სხვა ნოდები ამოწმებენ ბლოკის ვალიდურობას და ამატებენ მას ბლოკჩეინის საკუთარ ასლში.
წარმატებული მაინერი იღებს ბლოკის ჯილდოს და ამ ბლოკში დამატებული ტრანზაქციების საკომისიებს. დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ბლოკის ჯილდოს ოდენობა ნახევრდება. 2024 წლის აპრილში განხორციელდა მეოთხე ჰალვინგი, რის შემდეგაც ჯილდოს ოდენობა 6,25 BTC-დან 3,125 BTC-მდე შემცირდა. ბოლო წლებში გაიზარდა ტრანზაქციების საკომისიოების წილი მაინერის საერთო შემოსავალში, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ქსელში Bitcoin-ის ორდინალების და რუნების ინსკრიპციებზე მოთხოვნის ზრდასთან.
რა აპარატურაა საჭირო Bitcoin-ის მაინინგისთვის?
ASIC მაინერები
Bitcoin-ის მაინინგის კონკურენტულ დონეზე განხორციელება საჭიროებს კონკრეტული დანიშნულების ინტეგრალურ მიკროსქემის (ASIC) ტიპის აპარატურას. ASIC-ები წარმოადგენს სპეციალურად Bitcoin-ის მაინინგში გამოყენებული SHA-256 ჰეშირების ალგორითმისთვის შექმნილ ჩიპებს და მათი ეფექტურობა გაცილებით მაღალია, სამომხმარებლო აპარატურასთან შედარებით, როგორიცაა CPU-ები ან GPU-ები. Bitcoin-ის მაინინგისთვის ზოგადი დანიშნულების კომპიუტერის გამოყენება არაპრაქტიკულია, რადგან დღეისათვის მაინინგის ოპერაციების უმეტესობა სპეციალური ASIC აპარატურის მეშვეობით ხორციელდება.
ახალი მოდელები გვთავაზობს ძველ აპარატურასთან შედარებით უფრო მაღალ ჰეშრეიტს და გაუმჯობესებულ ენერგოეფექტურობას, რომლის საზომი ერთეულია ჯოული ტერაჰეშზე (J/TH). დაბალი J/TH ნიშნავს იმას, რომ ჰეშირების თითოეული სამუშაოზე იხარჯება ნაკლები ელექტროენერგია, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ოპერაციის სარგებლიანობაზე.
მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფა
მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს აპარატურას აკავშირებს Bitcoin-ის ქსელთან ან მაინინგ-პულთან და მართავს ჰეშირების პროცესს. მისი პოპულარული ვარიანტებია CGMiner და BFGMiner, მაინინგ-პულების უმეტესობა გვთავაზობს საკუთარ კონფიგურაციის კლიენტ-პროგრამებს. ამ პროგრამების მეშვეობით ხდება ისეთი დავალებების შესრულება, როგორიცაა სამუშაოს გაგზავნა პულზე, მიწოდებული საზიარო სიმძლავრეების კონტროლი და აპარატურის წარმადობაზე მონიტრორინგი.
კვების წყარო და ელექტროენერგიის ხარჯები
Bitcoin-ის მაინინგის ძირითადი ხარჯი დაკავშირებულია ელექტროენერგიასთან. ASIC მაინინგის აპარატურა დიდი ოდენობით ენერგიას მოიხმარს და ჩვეულებრივ 1000-დან 3500 ვატამდე დიაპაზონში მერყეობს, რაც დამოკიდებულია მოდელზე. მომგებიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ელექტროენერგიის ადგილობრივ ტარიფზე, ამიტომ მსხვილი მაინინგის ფერმები ხშირად განთავსებულია იაფი ელექტროენერგიის წყაროების სიახლოვეს, როგორენიცაა ჰიდროელექტროსადგურები, ბუნებრივი აირის მოპოვების პუნქტები ან განახლებადი ენერგიის სადგურები.
სოლო მაინინგი და მაინინგ-პულები
ბოლო წლებში Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეიტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. იმ ინდივიდუალური მაინერების მიერ ვალიდური ბლოკის დამოუკიდებლად მოძებნის ალბათობა, რომლებიც იყენებენ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ASIC მოწყობილობას, უკიდურესად დაბალია. ქსელის ამჟამინდელი სირთულის და სტატისტიკის გათვალისწინებით, სოლო მაინერს, რომელიც მცირე რაოდენობის აპარატურას იყენებს, ერთი ჯილდოს მისაღებად შესაძლოა წლობით ლოდინი დასჭირდეს.
ამის გამო, ინდივიდუალური მაინერების უმეტესობა ამჯობინებს მაინინგ-პულებში მონაწილეობას. მაინინგ-პული აერთიანებს მრავალი მონაწილისგან მიღებულ ჰეშრეიტს, რაც ზრდის ამ ჯგუფის მიერ ბლოკების მოძებნის ალბათობას. პულის წარმატების შემთხვევაში ჯილდო მონაწილეებს შორის ნაწილდება მათ მიერ მოწოდებული ჰეშრეიტის წილის შესაბამისად.
პულში გაწევრიანება გვთავაზობს რეგულარული შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, განსხვავებით სოლო მაინინგისგან, რომელიც ეფუძნება პრინციპს „ან ყველაფერი ან არაფერი“, თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ მიღებული ჯილდოები ნაწილდება მრავალ მონაწილეს შორის. როგორც წესი, პულში მონაწილეობისთვის დაწესებულია საკომისიოები, რაც მოგების 1%-დან 3%-მდე დიაპაზონში მერყეობს. პულები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, საკომისიოების სტრუქტურით და ჯილდოების განაწილების მეთოდით, ამიტომ მათში გაწევრიანებამდე რეკომენდებულია ხელმისაწვდომი ვარიანტების სათანადოდ შესწავლა.
როგორ დავიწყოთ Bitcoin-ის მაინინგი
თუ გსურთ Bitcoin-ის მაინინგის დაწყება გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცესი ზოგადად მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
აპარატურის შერჩევა. ერთმანეთს შეადარეთ ახალი თაობის ASIC მაინერების ჰეშრეიტები, ენერგოეფექტურობა (J/TH), საწყისი ხარჯი და მიწოდების ხელმისაწვდომობა. აპარატურის ღირებულება და ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია Bitcoin-ის ფასზე და ბაზრის პირობებზე.
ხარჯების და შემოსავლების დაანგარიშება. მაინინგის მომგებიანობის კალკულატორის გამოყენებით, გამოთვალეთ ელექტროენერგიის ხარჯები და სავარაუდო ჯილდოები ქსელის მიმდინარე სირთულის და Bitcoin-ის ფასის გათვალისწინებით. ეს მაჩვენებლები შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ გამოთვლის შედეგები იქნება სავარაუდო და არა გარანტირებული.
მაინინგ-პულის არჩევა. პულის შერჩევისას გაეცანით მის საკომისიოების სტრუქტურას, ჯილდოების განაწილების მეთოდებს (PPS, PPLNS, FPPS) და პულის საერთო ჰეშრეიტს. რაც უფრო დიდი ზომისაა პული, მით მეტია ბლოკების სტაბილურად მოძებნის ალბათობა, თუმცა მცირეა თითოეული მონაწილისთვის გაცემული წილის ზომა.
აპარატურის მოწყობა. ASIC აპარატურა დაამონტაჟეთ სათანადო ვენტილაციის, სტაბილური კვების წყაროს და საიმედო ინტერნეტ-კავშირის მქონე შენობაში. ადგილმდებარეობის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ASIC მაინერების მიერ გენერირებული სითბო და ხმაური.
კონფიგურაცია და მონიტორინგი. შეიყვანეთ პულის რეკვიზიტები მაინერის კონფიგურაციის ინტერფეისში, დაიწყეთ მაინინგი და რეგულარულად ადევნეთ თვალყური ჰეშრეიტს, ტემპერატურას და ჯილდოების განაწილების მონაცემებს.
არის თუ არა Bitcoin-ის მაინინგი მომგებიანი?
მომგებიანობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ესენია: Bitcoin-ის საბაზრო ფასი, ქსელის სირთულე, აპარატურის ეფექტურობა და ელექტროენერგიის ხარჯი. 2024 წლის აპრილის ჰალვინგის შემდეგ ბლოკის სუბსიდია 3,125 BTC-მდე შემცირდა, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ბლოკის ჯილდოებისგან მიღებულ შემოსავალზე. შესაბამისად გაიზარდა ტრანზაქციის საკომისიოების მნიშვნელობა, თუმცა საკომისიოების დონე მერყევია და დამოკიდებულია ზოგადად ქსელზე არსებულ მოთხოვნაზე.
Bitcoin-ის მაინინგის მომგებიანობა გარანტირებული არ არის. აპარატურა საკმაოდ ძვირადღირებულია, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა რეგულარულად მოგიწევთ, გარდა ამისა, ქსელის სირთულის და Bitcoin-ის ფასის ცვლილებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს მაინერის შემოსავალი. მომავალმა მაინერმა სცენარების მოდელირებისას კონსერვატიული მიდგომა უნდა გამოიყენოს და უნდა გაითვალისწინოს, რომ პირობები შეიძლება მისთვის არახერსაყრელი მიმართულებით შეიცვალოს. იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება ბლოკის ჯილდოების სტრუქტურა დროთა განმავლობაში, გაეცანით ჩვენს სტატიას Bitcoin-ის ჰალვინგის შესახებ.
შესაძლებელია თუ არა Bitcoin-ის მაინინგი ლეპტოპით ან ტელეფონით?
Bitcoin-ის კონკურენტული მაინინგისთვის საჭიროა ASIC აპარატურის გამოყენება. სპეციალური აპარატურის გამოყენების მასშტაბის გათვალისწინებით, მაინინგისთვის ლეპტოპის, ტელეფონის ან სამომხმარებლო GPU აპარატურის გამოყენება ბევრ შემოსავალს ვერ მოგიტანთ. გარდა ამისა, ხანგრძლივად მაღალი დატვირთვით მუშაობამ შეიძლება თქვენი სამომხმარებლო მოწყობილობების დაზიანება გამოიწვიოს.
არის თუ არა Bitcoin-ის მაინინგი კანონიერი?
Bitcoin-ის მაინინგი ბევრ ქვეყანაში კანონიერია, თუმცა ზოგ ქვეყანაში შეზღუდული ან აკრძალულია. სხვადასხვა იურისდიქციაში განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს, რაც შეიძლება მოიცავდეს ენერგიის მოხმარების წესებს, ფინანსურ ლიცენზირების მოთხოვნებს ან ზონირების პირობებს. თუ მაინინგის დაწყებას აპირებთ, აპარატურის შეძენამდე საჭიროა გაეცნოთ თქვენს რეგიონში მოქმედ რეგულაციებს.
Bitcoin-ის მაინინგი და Proof of Stake
Bitcoin-ის მაინინგი იყენებს Proof of Work მექანიზმს, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან გამოთვლითი სამუშაოების ჩატარების მეშვეობით ბლოკის დამატების და ჯილდოების გამომუშავების უფლების მისაღებად. Proof of Stake ქსელებში კი ვალიდატორების შერჩევა ხდება მათ მიერ ქსელში უზრუნველყოფის სახით განთავსებული კრიპტოვალუტის ოდენობის გათვალისწინებით. ეს მექანიზმი არ საჭიროებს მაინინგის აპარატურას. ამ ორი მექანიზმის შედარებისთვის გაეცანით სტატიას Proof of Work და Proof of Stake.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.