რა არის M2 და როგორ არის ის დაკავშირებული ბაზრებთან?
მთავარი
სტატიები
რა არის M2 და როგორ არის ის დაკავშირებული ბაზრებთან?

რა არის M2 და როგორ არის ის დაკავშირებული ბაზრებთან?

გამოქვეყნებული Apr 8, 2025განახლებული Apr 10, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • M2 (ფულის მარაგი) არის ეკონომიკაში ცირკულირებადი ფულის რაოდენობის განსაზღვრის საშუალება. ეს მოიცავს მოსახლეობის მიერ ყოველდღიურად გამოყენებულ ფულს, მათ შორის ნაღდ ფულს და მიმდინარე ანგარიშებზე არსებულ თანხებს.

  • M2 ასევე მოიცავს ფულს, რომელიც არც ისე ხშირად გამოიყენება, მაგრამ მაინც საკმაოდ სწრაფად შეიძლება დაიხარჯოს, ასეთია მაგალითად შემნახველი ანაბარები და ფულის ბაზრის ფონდები.

  • M2 მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინდიკატორს წარმოადგენს, რადგან ის ეკონომისტებს და კანონმდებლებს ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა რაოდენობის ფულია ხელმისაწვდომი ხარჯვისა და ინვესტირებისათვის.

რა არის M2 (ფულის მარაგი)?

M2 არის ეკონომიკაში ცირკულირებადი ფულის რაოდენობის განსაზღვრის საშუალება. ამაში შედის როგორც ფულის მაღალლიკვიდური ვარიანტები, მაგალითად ნაღდი ფული და მიმდინარე ანგარიშის დეპოზიტები (M1), ასევე ნაკლებად ლიკვიდური აქტივები, როგორიცაა შემნახველი ანაბრების ანგარიშები, ვადიანი ანაბრები და ფულის ბაზრის ფონდები.

ეკონომისტები, მთავრობის წარმომადგენლები და ინვესტორები M2-ს იყენებენ ეკონომიკის სიჯანსაღის განსაზღვრისთვის. თუ მიმოქცევაში დიდი რაოდენობით ფულია, სავარაუდოდ მოსახლეობა და ბიზნესები მეტ ფულს ხარჯავენ. თუ ხელმისაწვდომი ფული ნაკლებია, ბუნებრივია, რომ ხარჯვის დონე შედარებით ნაკლები იქნება.

რას მოიცავს M2?

აშშ-ს ფედერალური რეზერვი M2-ის გამოთვლისთვის რამდენიმე კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის ნაღდი ფულის და მიმდინარე ანგარიშებსა და შემნახველ ანაბრებზე არსებული თანხის ოდენობას. ეს ასევე მოიცავს სადეპოზიტო სერტიფიკატებს (CD-ებს) და სხვა აქტივებს, რომლებიც მარტივად შეიძლება დაკონვერტირდეს ნაღდ ფულში.

1. ნაღდი ფული და მიმდინარე ანგარიშები (ასევე ეწოდება M1)

ეს არის ფულის ყველაზე საბაზისო და ლიკვიდური ფორმა. ეს მოიცავს:

  • ფიზიკურ ვალუტას (მონეტებს და ქაღალდის ფულს).

  • მიმდინარე ანგარიშებზე არსებულ ფულს, რომლის გამოყენება ხდება სადებეტო ბარათების ან ჩეკების მეშვეობით

  • სამგზავრო ჩეკები (დღეისათვის ნაკლებად გამოიყენება, თუმცა მაინც გათვალისწინებულია M1-ის გამოთვლისას).

  • სხვა ჩეკის დეპოზიტები (OCD-ები). ესენია მაღალლიკვიდური ანგარიშები, რომლებზე არსებული თანხის გამოყენება ხდება სადებეტო ან საკრედიტო ბარათების მეშვეობით.

2. შემნახველი ანაბრის ანგარიშები

ესენია საბანკო ანგარიშები, სადაც მოსახლეობა ინახავს იმ ფულს, რომლის გამოყენებას უახლოეს მომავალში არ აპირებს. როგორც წესი, შემნახველ ანაბარზე ირიცხება საპროცენტო სარგებელი, თუმცა მასზე არსებული თანხის გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია.

3. ვადიანი ანაბრები

მათ ასევე უწოდებენ სადეპოზიტო სერტიფიკატებს (CDs). ამ დროს თქვენ იძლევით თანხმობას, რომ თქვენი ფული ბანკში დარჩეს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, სანაცვლოდ ბანკი გიხდით პროცენტს. ჩვეულებრივ მსგავსი ანაბრის თანხა არ აჭარბებს 100 000 აშშ დოლარს.

4. ფულის ბაზრის ფონდი

წარმოადგენს ურთიერთდახმარების ფონდის ტიპს, რომელიც შექმნილია უსაფრთხო და მოკლევადიანი ინვესტიციების განხორციელებისთვის. ჩვეულებრივ, მის მიერ შემოთავაზებული საპროცენტო სარგებელი შედარებით მაღალია, ვიდრე შემნახველი ანგარიშებისა, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები ამ ფონდებში არსებული ფულის გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორ მუშაობს M2?

M2 ასახავს ეკონომიკაში ცირკულირებადი ფულის საერთო რაოდენობას, რაც მოიცავს ნაღდ ფულში მარტივად კონვერტირებად ფონდებს. თუ M2 მაჩვენებელი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი ფულის რაოდენობა გაიზარდა. ეს შეიძლება იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მეტ დანაზოგს აკეთებს, მეტ თანხას სესხულობს ან მეტ შემოსავალს იღებს. ხშირად ეს დაკავშირებულია ხარჯვის, ინვესტირების და ბიზნეს აქტივობების ზრდასთან.

თუ M2 მაჩვენებელი მცირდება ან არ იზრდება, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ მოსახლეობა ნაკლებს ხარჯავს ან ნაკლებ დანაზოგს აკეთებს. როდესაც მიმოქცევაში ნაკლები ფულია, ეს ეკონომიკის ზრდის შენელებას იწვევს. ამის გამო შესაძლოა შემცირდეს ბიზნესების შემოსავალი და გაიზარდოს უმუშევრობის დონე.

რა იწვევს M2-ის ცვლილებას?

1. ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები

მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ცენტრალური ბანკები ადგენენ საპროცენტო განაკვეთებს და განსაზღვრავენ, თუ რა რაოდენობის ფული უნდა იყოს ბანკების რეზერვებში. როდესაც ფედერალური რეზერვი ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, მცირდება ფულის სესხების ხარჯები, რის გამოც მეტი ადამიანი და ბიზნესი იღებს სესხს, შედეგად კი იზრდება M2-ის მაჩვენებელი.

2. სამთავრობო ხარჯები

თუ მთავრობა გასცემს ფინანსურ დახმარებას ან ზრდის სახელმწიფო ხარჯებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფულის მასის ზრდა. მთავრობის მიერ სახელმწიფო ხარჯების შემცირების ან გადასახადების გაზრდის შემთხვევაში კი მცირდება ფულის მასა.

3. ბანკების მიერ სესხების გაცემა

როდესაც ბანკები მეტ სესხებს გასცემენ, იზრდება ეკონომიკაში ცირკულირებადი ფულის რაოდენობა. შედეგად იზრდება M2 მაჩვენებელი. როდესაც ბანკები ნაკლებ სესხებს გასცემენ, M2 მაჩვენებლის ზრდა ნელდება ან სულაც შემცირებას იწყებს.

4. მომხმარებლების და ბიზნესების ქცევა

თუ მოსახლეობა და კომპანიები გადაწყვეტენ, რომ მეტი ფული დაზოგონ და ნაკლები დახარჯონ, მოხდება ფულის შემნახველ ანაბრებზე დაგროვება, მისი მიმოქცევაში გაშვების ნაცვლად. ამან შეიძლება შეანელოს M2 მაჩვენებლის ზრდა.

M2 და ინფლაცია

როდესაც მეტი ფულია ხელმისაწვდომი, მოსახლეობა და ბიზნესები მეტ ფულს ხარჯავენ. თუ ხარჯვის ზრდის ტემპი აღემატება ეკონომიკის შესაძლებლობას, მოსახლეობას მიაწოდოს შესაბამისი რაოდენობის საქონელი და სერვისები, შესაძლოა ფასები გაიზარდოს, რაც გამოიწვევს ინფლაციას.

მეორე მხრივ, თუ M2 მაჩვენებელი შეწყვეტს ზრდას და დაიწყებს შემცირებას, ამან შეიძლება ინფლაციის შენელება გამოიწვიოს. ამ მაჩვენებლის ზედმეტად შემცირების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ეკონომიკის ზრდის შენელება ან სულაც რეცესია.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და კანონმდებლებმა ყურადღებით აკონტროლონ M2 მაჩვენებელი. თუ ისინი ჩათვლიან, რომ M2 ძალიან სწრაფად იზრდება, შესაძლოა გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის დასტაბილურების მიზნით. თუ ეს მაჩვენებელი ძალიან სწრაფად მცირდება, მათ შესაძლოა შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები ხარჯვის წახალისების მიზნით.

რა გავლენას ახდენს M2 ფინანსურ ბაზრებზე

M2 მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე, მათ შორის კრიპტოვალუტებზე, აქციებზე, ობლიგაციებზე და საპროცენტო განაკვეთებზე.

კრიპტოვალუტები

როდესაც M2 იზრდება და საპროცენტო განაკვეთები იკლებს, შემოსავლის გაზრდის მიზნით, ინვესტორების ნაწილმა შესაძლოა გადაწყვიტოს თანხის კრიპტოვალუტაში დაბანდება. „ადვილი ფულის“ პერიოდებში, როგორც წესი, კრიპტოს ფასები იზრდება. ხოლო თუ M2 მცირდება და სესხის აღების ღირებულება იზრდება, მოსახლეობამ შესაძლოა უარი თქვას კრიპტოს მსგავს სარისკო აქტივებში ფულის დაბანდებაზე, რაც მისი ფასების დაცემას გამოიწვევს.

აქციები

აქციებზე M2-ის გავლენა კრიპტო ბაზრების ანალოგიურია. როდესაც M2 იზრდება, მოსახლეობას მეტი ფული უჩნდება აქციებით ვაჭრობისთვის და მათში ინვესტირებისთვის. ეს კი თავის მხრივ აქციების ფასების ზრდას იწვევს. თუ M2 მაჩვენებლის ზრდა ნელდება ან შემცირებას იწყებს, ამ ბაზრებზე ფასები ეცემა.

ობლიგაციების ბაზრები

როგორც წესი, ობლიგაციები უსაფრთხო ინვესტიციად ითვლება. როდესაც M2 იზრდება და საპროცენტო განაკვეთები მცირდება, ობლიგაციებში ფულის დაბანდება უფრო მიმზიდველი ხდება, რადგან ისინი ინვესტორებისთვის შემოსავლის უფრო საიმედო წყაროს წარმოადგენს. თუ M2 მცირდება და საპროცენტო განაკვეთები იზრდება, მოსალოდნელია ობლიგაციების ფასების დაცემა.

საპროცენტო განაკვეთები

საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ხშირად M2 მაჩვენებლის საპირისპირო მიმართულებით ხდება. თუ M2 ძალიან სწრაფად იზრდება, ეკონომიკური პროცესების შენელების და ინფლაციის შეჩერების მიზნით ცენტრალურმა ბანკებმა შესაძლოა გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები. თუ M2 ძალიან სწრაფად მცირდება, მათ შეიძლება შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები ხარჯვის და სესხების აღების სტიმულირების მიზნით.

მაგალითი რეალური ცხოვრებიდან: COVID-19 და M2

COVID-19-ის პანდემიის დროს, აშშ-ის მთავრობამ დაიწყო ფინანსური დახმარებების გაცემა და გაიზარდა უმუშევრობის შეღავათების ოდენობა, ხოლო ფედერალურმა რეზერვმა შეამცირა საპროცენტო განაკვეთები. ამ ყველაფერმა გამოიწვია M2 მაჩვენებლის სწრაფი ზრდა.

2021 წლის დასაწყისში, M2 მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით თითქმის 27%-ით გაიზარდა. ეს იყო რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. თუმცა 2022 წელს, მას შემდეგ, რაც ფედერალურმა რეზერვმა, ინფლაციის შეჩერების მიზნით გაზარდა საპროცენტო განაკვეთები, M2-ის ზრდა შენელდა და 2022 წლის ბოლოს კლება დაიწყო. ეს შემცირება ეკონომიკის დასტაბილურების და ინფლაციის შემცირების ნიშანი იყო.

რტომ არის M2 მნიშვნელოვანი

M2 ეკონომიკის მდგომარეობის შეფასების მარტივ, თუმცა მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს. თუ ის სწრაფად იზრდება, ეს იმის ნიშანია, რომ ინფლაცია იწყება. თუ მცირდება, ეს მიანიშნებს ეკონომიკის ზრდის შეჩერებაზე ან სულაც რეცესიაზე.

ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ საპროცენტო განაკვეთებთან, გადასახადებთან და სახელწიფო ხარჯებთან დაკავშირებით, არჩევანის გაკეთებისას ხშირად ეყრდნობიან M2 მაჩვენებელს. M2 მაჩვენებელს ასევე იყენებენ ინვესტორები ბაზრების მოძრაობის ტენდენციების განსაზღვრისთვის.

შეჯამება

M2 მხოლოდ რიცხვი არ არის. ის გვაჩვენებს სისტემაში ხელმისაწვდომი ფულის ოდენობას. ეს მოიცავს როგორც ნაღდ ფულს და მიმდინარე ანგარიშებს, ასევე შემნახველ ანაბრებს და სადეპოზიტო სერტიფიკატებს.

M2-ზე დაკვირვება გვეხმარება ეკონომიკის მდგომარეობის გაგებაში. ამ მაჩვენებლის სწრაფი ზრდა შეიძლება ნიშნავდეს მეტ სამუშაო ადგილს და ხარჯვის დონის გაზრდას, თუმცა ასევე ფასების მატებას. მისი ზრდის შენელება გვეხმარება ინფლაციის კონტროლში, თუმცა შეიძლება ასევე შეანელოს ბიზნესების განვითარება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.