მთავარი დეტალები
Bitcoin-ის მაქსიმალური საერთო მარაგი შეადგენს 21 მილიონ მონეტას.
2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, უკვე განხორციელდა 19,91 მილიონზე მეტი BTC-ის მაინინგი (რაც წარმოადგენს საერთო მარაგის დაახლოებით 94,8%-ს).
ბლოკის ჯილდოების მიმდინარე მაჩვენებლის გათვალისწინებით, ყოველ 10 წუთში იქმნება დაახლოებით 3,125 ახალი BTC.
ბოლო Bitcoin-ის მაინინგი მოხდება დაახლოებით 2140 წელს, რის შემდეგაც მაინერები ვეღარ შეძლებენ ჯილდოების სახით ახლად დამზადებული BTC-ების მიღებას. ამის შემდეგ, ქსელის ოპერაციებისთვის საჭირო მაინინგის ხარჯების დაფარვა სრულად მოხდება ტრანზაქციის საკომისიოებიდან.
ბლოკჩეინის ანალიტიკოსების ვარაუდით, ამჟამად მიმოქცევაში არსებული Bitcoin-ის მონეტების 20%-მდე დაკარგულია ან მათზე წვდომა შეუძლებელია.
შესავალი
Bitcoin-ის მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია: დაწესებულია მისი საერთო მარაგის ზედა ზღვარი. Bitcoin-ის მონეტების რაოდენობა 21 მილიონს არასოდეს გასცდება. შეზღუდული მარაგი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ხალხი Bitcoin-ს ოქროს ადარებს და დანაზოგის საშუალებად მიიჩნევს. რა მოხდება, როდესაც მისი მარაგი მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს? რა ბედი ელის მაინინგს, უსაფრთხოებას და ტრანზაქციების აღსრულების პროცესს, როდესაც ახალი მონეტების შექმნა შეუძლებელი გახდება? მოდით განვიხილოთ ეს საკითხები.
რა არის Bitcoin-ის მაქსიმალური მარაგი?
Bitcoin-ის შემქმნელმა, სატოში ნაკამოტომ განსაზღვრა ამ მონეტის მაქსიმალური მარაგი, რაც 21 მილიონს შეადგენს. ამ იდეის არსი მდგომარეობდა სისტემის ინფლაციისგან დაცვაში, რაც დამახასიათებელია ტრადიციული ვალუტებისთვის. ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, რომელთაც ფულის ბეჭდვა უსასრულო რაოდენობით შეუძლიათ, Bitcoin-ის რაოდენობაზე დაწესებულია ფიქსირებული ლიმიტი. ამ მაქსიმალური ლიმიტის გამო, BTC-ის რაოდენობა არასოდეს გასცდება 21 მილიონს, რისი წყალობითაც Bitcoin ინფლაციისგან დაცულ აქტივს წარმოადგენს.
ამჟამად რამდენი Bitcoin-ია დამზადებული?
2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, მაინინგის მეშვეობით დამზადებულია დაახლოებით 19,91 მილიონი Bitcoin. მაინინგის პროცესი დაიწყო 2009 წელს, რის შემდეგაც ახალი BTC-ის დამზადების სიჩქარე მცირდება ყოველ ოთხ წელიწადში დაგეგმილი ჰალვინგის გამო, რომლის დროსაც ბლოკის ჯილდოების ოდენობა ნახევრდება. კიდევ 1 მილიონზე ოდნავ მეტი მონეტის მაინინგია შესაძლებელი. ჰალვინგის გრაფიკის გათვალისწინებით, ბოლო BTC-ის მაინინგი დაახლოებით 2140 წელს განხორციელდება.
რა მოხდება, თუ მაინინგის კომპიუტერები უფრო მძლავრი გახდება?
სატოშის მიერ შექმნილი Bitcoin-ის პროტოკოლი უზრუნველყოფს ბლოკების მაინინგის სიჩქარის რეგულირებას, რაც შეადგენს 10 წუთში ერთ ბლოკს. თუ მაინერები უფრო მძლავრი აპარატურის გამოყენებას დაიწყებენ (ან თუ ქსელში უფრო მეტი მაინერი ჩაერთვება), გაიზრდება Bitcoin-ის ჰეშრეიტი, ამის საპასუხოდ, პროტოკოლი გაზრდის მაინინგის სირთულეს. თუ მაინერები დატოვებენ ქსელს და ჰეშრეიტი დაეცემა, პროტოკოლი გაამარტივებს მაინინგს. პროტოკოლი ავტომატურად აკორექტირებს მუშაობის პარამეტრებს, ამიტომ, საერთო ჰეშრეიტის ცვლილების მიუხედავად, Bitcoin-ის ბლოკების მაინინგის სიჩქარე დაახლოებით იგივე რჩება (10 წუთში ერთი ბლოკი).
რა დრო სჭირდება 1 Bitcoin-ის მაინინგს?
ამჟამად მაინერები ყოველ 10 წუთში დაახლოებით 3,125 Bitcoin-ს გამოიმუშავებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელს ქსელში წუთში დაახლოებით 0,3125 ახალი Bitcoin იქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ყველა მაინერის მიერ ერთი Bitcoin-ის დამზადებას დაახლოებით 3,2 წუთი ესაჭიროება.
რამდენი Bitcoin-ია ამჟამად მიმოქცევაში?
თეორიულად, ამჟამად მიმოქცევაში არსებული Bitcoin-ის რაოდენობა ტოლია მაინინგის მეშვეობით დამზადებული მონეტების რაოდენობისა, რაც დაახლოებით 19,91 მილიონს შეადგენს. თუმცა რეალურად, ამ მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუდამოდაა დაკარგული. ანალიტიკოსების ვარაუდით, მიმოქცევაში არსებული Bitcoin-ების 20% დაკარგულია, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს პირადი გასაღებების არასწორად შენახვა, მყარი დისკების გადაგდება ან კრიპტო საფულეების პაროლების დავიწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად გამოყენებადი მარაგი გაცილებით ნაკლებია, რაც კიდევ უფრო ზრდის Bitcoin-ის იშვიათობის დონეს.
რა ელის მაინინგის საკომისიოებს ყველა BTC-ის მაინინგის შემდეგ?
ბოლო Bitcoin-ის დამზადების შემდეგ, ბლოკის ჯილდოების გაცემა შეწყდება. მაინერების შემოსავალი მხოლოდ ტრანზაქციის საკომისიოებზე იქნება დამოკიდებული. ამ საკომისიოებს მომხმარებლები იხდიან Bitcoin-ის გაგზავნის დროს. მათი ოდენობა საკმარისად მაღალი უნდა იყოს, რათა მაინერებმა არ დაკარგონ მუშაობის მოტივაცია და გააგრძელონ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
არსებობს მოვლენების განვითარების რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი:
ტრანზაქციების საკომისიოების გაზრდა: თუ მაინერები უფრო მაღალ კომპენსაციას მოითხოვენ, მომხმარებლებს მოუწევთ BTC-ის ტრანზაქციისთვის უფრო მაღალი საკომისიოების გადახდა.
მასშტაბირების ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების გაზრდა: ქსელის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და საკომისიოების მართვისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა ქსელები, როგორიცაა Lightning Network.
მაინინგის კონსოლიდაცია: თუ საკომისიოები არ იქნება საკმარისად მაღალი, ზოგიერთმა მაინერმა შესაძლოა დატოვოს ქსელი. თუ მსგავსი შემთხვევები მასშტაბური სახეს მიიღებს, ამან შეიძლება ქსელის უსაფრთოების პრობლემები წარმოშვას.
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ Bitcoin-ს ადაპტირების შესანიშნავი უნარი აქვს, ამიტომ სავარაუდოდ მოიძებნება ტექნოლოგია, რომელიც დაგვეხმარება მაინერის ჯილდოებსა და მომხმარებლის ხარჯებს შორის ბალანსის შენარჩუნებაში.
შეჯამება
2140 წლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ახალი Bitcoin-ების გამოშვების დასრულება მხოლოდ თეორიული თარიღი არ არის. ის გვაჩვენებს, შეძლებს თუ არა ქსელი მუშაობის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც დასრულდება ბლოკის ჯილდოების გაცემა და მაინერების შემოსავალი მხოლოდ საკომისიოებზე გახდება დამოკიდებული. ამ გარდამავალ ეტაპზე მოხდება ტრანზაქციის საკომისიოების სისტემის და მაინინგის ეკონომიკის ფორმირება.
Bitcoin-ის მაქსიმალური მარაგი მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რაც ამ მონეტის უნიკალურობას განაპირობებს. ფიქსირებული მარაგის წყალობით არის ის იშვიათი, დეცენტრალიზებული აქტივი, რაც მის ფასეულობას განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, გაიზრდება თუ არა საკომისიოები, გაუმჯობესდება თუ არა მისი მასშტაბირებადობა ან გამოჩნდება თუ არა წახალისების ახალი სისტემა, Bitcoin-ის მომავალი ყოველთვის დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორებზე, რომლებმაც მისი პოპულარობა განაპირობა: ადაპტრირების უნარზე, ინოვაციაზე და დეცენტრალიზებული სისტემის მიმართ ნდობაზე.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.