როგორ შევქმნათ NFT
მთავარი
სტატიები
როგორ შევქმნათ NFT

როგორ შევქმნათ NFT

გამოქვეყნებული Apr 17, 2023განახლებული Dec 11, 2023
8m

TL;DR

  • ციფრული აქტივები, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები, თამაშში გამოსაყენებელი საგნები და მრავალი სხვა, შეიძლება გარდაიქმნას არაჩანაცვლებად ტოკენებად (NFT-ებად).

  • NFT-ების შექმნა შედარებით მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომი პროცესია. იმისათვის, რომ გაერკვეთ NFT-ებთან დაკავშირებულ საკომისიოებში და ფასებში, აუცილებელია იცნობდეთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და კრიპტო ეკოსისტემას.

  • NFT-ების დამზადებისთვის და გაყიდვისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორი ბლოკჩეინის და სავაჭრო ბირჟის შერჩევას.

რა არის NFT-ი?

NFT-ები წარმოადგენს ციფრულ აქტივებს, რომლებიც შეიძლება უზრუნველყოფდეს უნიკალური ობიექტების კუთვნილების მტკიცებულებას ციფრულ სამყაროში. ისინი ინახება საჯაროდ ხელმისაწვდომ დეცენტრალიზებულ ლეჯერში, რომლის შემოწმებაც ყველას შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რედაქტირება, კოპირება ან დუბლიკატის შექმნა მარტივი არ არის. 

NFT-ები ავტორებს სთავაზობს თავიანთი ქმნილებების მონეტიზაციის ახალ შესაძლებლობებს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ინოვაციის წახალისება და შემოქმედებითი ინდუსტრიების ზრდის ხელშეწყობა.

NFT-ის გამოყენების ყველაზე გავრცელებული გზები

რადგან ის ახალ და განვითარებად ტექნოლოგიას წარმოადგენს, NFT-ების შესაძლებლობების კვლევას მრავალი ინდუსტრია ახორციელებს. ქვემოთ მოცემულია NFT-ების გამოყენების მაგალითები:

ხელოვნება

ციფრული ხელოვნების ნიმუშები — რაც მოიცავს სურათებს, ინტერაქციულ გამოსახულებებს და ასევე ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებასაც კი — შეიძლება გარდაიქმნას NFT-ებად. ეს ხელოვანებს საშუალებას აძლევს შექმნან, გაყიდონ და აკონტროლონ საკუთარი ციფრული ქმნილებები.

ვიდეოები

ვიდეო კონტენტი, როგორიცაა ფილმები, მუსიკალური ვიდეოები ან სპორტული ღონისძიებების ვიდეო კლიპები შეიძლება წარმოდგენილი იქნას NFT-ების სახით. ამის საშუალებით ვიდეოების ავტორებს შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი ნამუშევრები გლობალურ აუდიტორიას გააცნონ და მოახდინონ მათი მონეტიზაცია.

მუსიკა

ანალოგიურად, მუსიკოსები და აუდიო კონტენტის ავტორებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრების ტოკენიზაცია და NFT-ებად გარდაქმნა. მათ ახლა უკვე შეუძლიათ თავიანთი სიმღერები, ალბომები ან სულაც კონცერტის ბილეთები საკუთარ ფანებს პირდაპირ, მესამე მხარის დახმარების გარეშე შესთავაზონ. გარდა ამისა, ეს ხელოვანები თავად წყვეტენ, გამოუშვან თუ არა თავიანთი ნამუშევრები უნიკალური ან შეზღუდული რაოდენობის ნივთების სახით.

თამაშის დროს გამოსაყენებელი და საკოლექციო NFT-ები

NFT-ები ასევე შეიძლება დამზადებული იქნას ციფრული საკოლექციო ნივთების, მაგალითად სავაჭრო ბარათების, ვირტუალური ცხოველების ან თამაშში გამოსაყენებელი საგნების სახით. NFT-ების გამოჩენიდან პირველად, მათი იშვიათობის შემოწმება უკვე მარტივად შეიძლება და მათი გადაცვლა ისევეა შესაძლებელი, როგორც ფიზიკური საკოლექციო ნივთების. NFT-ების თამაშებში ინტეგრირების ყველაზე გავრცელებული მაგალითებია მათი თამაშის ვალუტის, პერსონაჟების და ნივთების, მაგალითად იარაღის, ჯავშნის ან „სკინების“ სახით გამოყენება.

ვის შეუძლია NFT-ების შექმნა?

ღია, დეცენტრალიზებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წყალობით, NFT-ების შექმნა ინტერნეტთან წვდომის მქონე პრაქტიკულად ნებისმიერ პირს შეუძლია. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა და დემოკრატიზაცია საშუალებას აძლევს მხატვრებს, მუსიკოსებს, თამაშის დეველოპერებს, და ასევე ნებისმიერ პირს შექმნან და გამოცადონ NFT-ები. თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ NFT-ების შექმნა საჭიროებს ბლოკჩეინებთან და NFT-ების დამზადებასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ გარკვეულ ცოდნას.

როგორ შევქმნათ NFT

საფეხური 1: აირჩიეთ ბლოკჩეინი

აირჩიეთ ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელზეც გსურთ შექმნათ თქვენი NFT. Ethereum ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბლოკჩეინს წარმოადგენს, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც, მაგალითად BNB Chain, Cardano, Solana და EOS. სანამ არჩევანს გააკეთებთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია თითოეული პლატფორმის კონკრეტული მოთხოვნების, საკომისიოების და თავსებადი საფულეების შესახებ.

თქვენ მიერ არჩეულ ბლოკჩეინზე სამუდამოდ იქნება განთავსებული თქვენი NFT-ის მონაცემები, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად აირჩიოთ, ის ბლოკჩეინი, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. გაითვალისწინეთ, NFT-ის დამზადების შემდეგ, ვეღარ შეძლებთ თქვენ მიერ არჩეული ბლოკჩეინის გამოცვლას.

საფეხური 2: შექმენით ციფრული საფულე და შეიტანეთ მასზე კრიპტო

შექმენით კრიპტო საფულე, რომელიც თქვენ მიერ შერჩეულ ბლოკჩეინთან თავსებადი იქნება, რათა შეძლოთ თქვენი NFT-ების და კრიპტოვალუტის მართვა. დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ გაქვთ შენახული თქვენი პირადი გასაღები ან აღდგენის (seed) ფრაზა; მათი დაკარგვის შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაკარგოთ წვდომა თქვენს საფულესთან და მასზე განთავსებულ აქტივებთან.

თქვენ ასევე დაგჭირდებათ თქვენ მიერ შერჩეული ბლოკჩეინის ადგილობრივი კრიპტოვალუტის ყიდვა, NFT-ის დამზადებისთვის საჭირო გაზის საკომისიოების გადასახდელად. მისი შეძენა შეგიძლიათ კრიპტოვალუტის ბირჟაზე ან თქვენი საფულის გამოყენებით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქციები გააჩნია თქვენს საფულეს.

საფეხური 3: აირჩიეთ NFT პლატფორმა

აირჩიეთ პლატფორმა, სადაც შექმნით თქვენს NFT-ს და დარწმუნდით, რომ ის თავსებადია თქვენ მიერ შერჩეულ ბლოკჩეინთან და საფულესთან. NFT სავაჭრო ბირჟების სია მუდმივად იზრდება, რომლებიც NFT-ების მარტივად შექმნის შესაძლებლობას გაძლევთ. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი NFT სავაჭრო ბირჟის სრულ სერვისებს გთავაზობთ, რაც მოიცავს NFT-ების დამზადებას, სავაჭრო სიაში შეტანას და გაყიდვას.

საფეხური 4: შექმენით თქვენი NFT

NFT-ის შექმნის ვარიანტები და საფეხურები დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ NFT სავაჭრო ბირჟაზე. ამგვარად, სანამ NFT-ის შექმნას დაიწყებთ, უნდა გაეცნოთ სავაჭრო ბირჟაზე ინტერფეისს. თუმცა არსებობს NFT-ების შექმნასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ნებისმიერი NFT სავაჭრო ბირჟის გამოყენებისას:

  1. დააკავშირეთ თქვენი საფულე: გაეცანით თქვენი ციფრული საფულის თქვენ მიერ შერჩეულ NFT სავაჭრო ბირჟასთან დაკავშირების ვარიანტებს.

  2. მოძებნეთ „NFT-ის შექმნის“ ფუნქცია: სავაჭრო ბირჟაზე, მოძებნეთ „შექმნის“ ან „დამზადების“ სექცია, რომელიც დაგეხმარებათ NFT შექმნის პროცესის გავლაში. ეს პროცესი ჩვეულებრივ მოიცავს მედია ფაილის ატვირთვას, თქვენი NFT-ის მახასიათებლების არჩევას და დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას.

  3. შექმენით მედია ფაილი: NFT-ის შექმნის ინსტრუმენტები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს და დამოკიდებულია ციფრული აქტივის ტიპზე, რომლის შექმნაც გსურთ. მაგალითად, ციფრული ხელოვნების ნიმუშის შექმნისთვის, უნდა მოიძიოთ სპეციალური პროგრამა, რომლითაც შეძლებთ სურათების, ილუსტრაციების და ანიმაციების რედაქტირებას.

    მხატვრებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მათ სამგანზომილებიანი ობიექტების, ტექსტურის და მასალების შექმნის და რედაქტირების, ასევე დასრულებული მოდელის სათანადო ფორმატში ექსპორტის საშუალებას მისცემს. ანალოგიურად, ფოტოგრაფებს შეუძლიათ გამოიყენონ რედაქტირების პროგრამები საბოლოო გამოსახულების დასამუშავებლად. ასევე, NFT ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რისთვისაც მხოლოდ ტექსტური ბრძანებების შეყვანაა საჭირო.

    ციფრული ხელოვნების ნიმუშების შექმნისას გამოიყენეთ სწორი ფორმატის მედია ფაილები, როგორიცაა JPG და PNG, სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნისას გამოიყენეთ GLB.

  4. ატვირთეთ თქვენი მედია ფაილი: ატვირთეთ გამოსახულების, აუდიო ან ვიდეო ფაილი ან სხვა სახის მედია ფაილი, რომლის NFT-ად გარდაქმნას აპირებთ.

  5. შეიყვანეთ დეტალები: თქვენს NFT-ს დაურთეთ სახელი და აღწერა. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაურთოთ დამატებითი ფუნქციები, მაგალითად ექსკლუზიურ კონტენტთან ან ბონუსებთან წვდომა (მაგალითად გაკვეთილის ვიდეოებზე წვდომა ან დახურულ ჩატის ჯგუფებში გაწევრიანების მოსაწვევები). პოპულარულია ასევე NFT-ების რაოდენობაზე ლიმიტის დაწესება, თუმცა ამ ფუნქციის გამოყენება ყოველთვის არ არის რეკომენდებული და დამოკიდებულია კონტექსტზე.

  6. შექმენით თქვენი პირველი NFT: ყველა საჭირო ინფორმაციის შეყვანით და პარამეტრების არჩევის შემდეგ (რაც მოიცავს ბლოკჩეინის არჩევას), დააწკაპუნეთ ღილაკზე „შექმნა“ ან „დამზადება“. პლატფორმა დაიწყებს თქვენი მოთხოვნის დამუშავებას და შეიქმნება თქვენი NFT.

საფეხური 5: თქვენი NFT-ს სავაჭრო სიაში შეტანა

NFT-ის შექმნის შემდეგ, ის შეიძლება ავტომატურად არ იქნას დამატებული გასაყიდი ნივთების სიაში. თუ გსურთ მისი გაყიდვა, სავაჭრო ბირჟაზე მოძებნეთ ფუნქცია, რომელიც NFT-ის სიაში შეტანაში დაგეხმარებათ, შემდეგ აირჩიეთ სასურველი ფასი და სხვა პირობები. ეს საფეხური სავალდებულო არ არის, თუმცა თქვენი ქმნილების პოპულარიზაციაში და მონეტიზაციაში დაგეხმარებათ.

რა ღირს NFT-ის შექმნა?

NFT-ის შექმნა რამდენიმე ტიპის ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ძირითადად დაკავშირებულია ბლოკჩეინის ქსელთან, რომელზეც თქვენი NFT მზადდება. მაგალითად, როდესაც ამზადებთ NFT-ს უნდა გადაიხადოთ ბლოკჩეინის ქსელზე ტრანზაქციის დამუშავების და ვალიდაციის საკომისიო. ამ საკომისიოების გადახდისთვის საჭიროა ქსელის ადგილობრივი ვალუტა, ხოლო მისი რაოდენობა დამოკიდებულია ქსელის დატვირთვაზე და მოთხოვნაზე.

ასევე, ზოგიერთი NFT სავაჭრო ბირჟებს დაწესებული აქვთ NFT-ის შექმნის საკომისიო. ეს საკომისიო შეიძლება ფიქსირებულ თანხას ან NFT-ის გაყიდვის ფასის პროცენტს წარმოადგენდეს. თუ თქვენ ყიდით თქვენს NFT-ს სავაჭრო ბირჟაზე, ასევე შეიძლება დაგეკისროთ პლატფორმის გადასახადები ან საკომისიოები.

და ბოლოს, ისევე, როგორც ტრადიციული შენახვის სერვისისთვის, ციფრულ საცავში NFT-ების შენახვისთვისაც შესაძლოა დაწესებული იყოს გადასახადი. როდესაც გეგმავთ NFT-ის შექმნას, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კონტენტის განთავსებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ხორციელდება ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული შენახვის სერვისის გამოყენებით.

როგორ განვსაზღვროთ NFT-ის ღირებულება

NFT-ის ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა იშვიათობა, გამოყენების სფერო, ავტორის რეპუტაცია, ესთეტიკურობა, ნარატივი და საზოგადოების ჩართულობა. თქვენი NFT-ის სწორი ფასის განსაზღვრისთვის რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო. პირველი, შეაფასეთ მისი უნიკალურობა და ფუნქციური გამოყენება ვირტუალურ ეკოსისტემებში.

მეორე, შეადარეთ თქვენი NFT სხვა მსგავს NFT-ებს და მოიძიეთ ინფორმაცია არსებული საბაზრო ტენდენციების შესახებ. მაგალითად, ორიენტირად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი NFT-ების კოლექციების ფასების ქვედა ზღვარი და ამის საშუალებით განსაზღვროთ თქვენი NFT-ის საწყისი ფასი, რათა შეძლოთ სხვებისთვის კონკურენციის გაწევა.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ NFT-ის ფასის განსაზღვრა ხელოვნებაცაა და მეცნიერებაც. ამგვარად, მუდმივად მზად უნდა იყოთ ფასების კორექტირებისთვის, საზოგადოებიდან მიღებული გამოხმაურებების და საბაზრო პირობების გათვალისწინებით. NFT-ების სხვა ავტორებთან კონსულტაციების გავლით ასევე შესაძლებელია სასარგებლო ინფორმაციის მიღება — კრიპტოს უკან ძლიერი საზოგადოება დგას, ამიტომ არ იქნება რთული ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც თქვენი დახმარების სურვილს გამოთქვამენ.

საავტორო უფლებები და NFT კონტენტის მოპარვა

საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნები ისევე ვრცელდება NFT-ებზე, როგორც ნებისმიერ სხვა ნაშრომზე, შესაბამისად სხვისი ნამუშევრის უნებართვოდ გამოყენებას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. შესაბამისად, რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, ავტორი უნდა დარწმუნდეს, რომ მას აქვს NFT-ების კონტენტის გამოყენების უფლება.

საკუთარი თავის და თქვენი NFT-ების დაცვის საუკეთესო გზას წარმოადგენს NFT-ის კონტენტის გამოყენების ნებართვის მიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორს ან თავად უნდა გააჩნდეს კონტენტის საავტორო უფლებები, ან ორიგინალი ავტორისგან მისი გამოყენების ნებართვა უნდა აიღოს.

სხვისი ნაშრომის მოპარვის გამო არა მხოლოდ თქვენ დაგეკისრებათ სამართლებრივი სასჯელი, არამედ ამით ორიგინალი ავტორიც დაზარალდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პატივი სცეთ სხვის შრომას და მოიპოვოთ შესაბამისი ნებართვა, როდესაც NFT-ს ქმნით მასალების გამოყენებით, რომლებიც თქვენ არ გეკუთვნით.

დასკვნა

NFT-ებმა რევოლუცია მოახდინეს ციფრული აქტივების სფეროში: ისინი გვთავაზობენ ციფრული აქტივების, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშების, მუსიკის ან ვიდეოების კუთვნილების და ავთენტურობის დამტკიცების მარტივ გზას.

რადგან NFT-ების შექმნის საშუალებებთან წვდომა ყოველდღე უფრო მარტივი ხდება, უფრო მეტი ავტორი უერთდება ამ მოძრაობას და იწყებს მისი საბაზისო ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპების შესწავლას. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ წარმატებული NFT-ის შექმნისთვის არ არის საკმარისი, რომ ხალხს ის მოსწონდეს — ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა ხარჯები და ფასების განსაზღვრა.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..