მთავარი დეტალები
Atomicals პროტოკოლი გვთავაზობს ციფრული აქტივების შექმნის და მართვის ახალ მეთოდებს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა სახის ციფრული ობიექტების, მათ შორის ჩანაცვლებადი და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) დამზადებისთვის, გადაგზავნისთვის და განახლებისთვის.
ARC-20, რომელიც ეფუძნება Atomicals პროტოკოლს, წარმოადგენს ჩანაცვლებადი ტოკენებისთვის (ფერადი მონეტებისთვის) შექმნილ ტოკენის ექსპერიმენტულ სტანდარტს. ეს ტოკენები წარმოადგენს Bitcoin-ის ქსელში ციფრული მფლობელობის მტკიცებულების წარმოდგენის მარტივ მეთოდს.
Atomicals პროტოკოლის და ARC-20 ტოკენების გამოყენება მრავალ სფეროს მოიცავს, დაწყებული მედიით და გეიმინგით და დამთავრებული დეცენტრალიზებული ფინანსებით და ციფრული იდენტობის მართვით, რაც ხაზს უსვამს ბლოკჩეინის ინოვაციებზე მისი ზეგავლენის პოტენციალს.
შესავალი
Atomicals პროტოკოლი წარმოგვიდგენს ციფრული აქტივების შექმნის და მართვის ახალ მეთოდს. ის გვთავაზობს Bitcoin-ის ეკოსისტემაში მფლობელობის მტკიცებულების წარმოდგენის მარტივ და ეფექტურ მიდგომას. ARC-20 ტოკენები დაფუძნებულია Atomicals პროტოკოლზე, თუმცა ის საზოგადოების მიერ, სრულიად დამოუკიდებლად შეიქმნა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ Atomicals პროტოკოლს და ARC-20 ტოკენების საბაზისო კონცეფციებს.
რა არის Atomicals პროტოკოლი?
Atomicals გახლავთ უფასო, ღია კოდის პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს ციფრული ობიექტების Bitcoin-ზე შექმნის მოქნილ მეთოდს ან ნებისმიერ სხვა ბლოკჩეინზე, რომელიც იყენებს იმავე UTXO მოდელს. თითოეულ ციფრულ ობიექტს ეწოდება „Atomical“ ან „ატომი“ და არსებითად წარმოადგენს ციფრული მფლობელობის მონაცემთა ჯაჭვს, რომელიც მოქმედებს მარტივი წესების შესაბამისად.
Atomicals პროტოკოლის გამოყენება შესაძლებელია ყველა სახის სტატიკური ან დინამიკური ციფრული ობიექტების, მათ შორის ჩანაცვლებადი და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) დამზადებისთვის, გადაგზავნისთვის ან განახლებისთვის. „ატომები“ იქმნება Bitcoin-ის ტრანზაქციების მეშვეობით, ხოლო პროტოკოლი თავსებადია ნებისმიერ Bitcoin-ის საფულესთან და არ საჭიროებს ცალკე ბლოკჩეინებს, მე-2 დონის ქსელებს ან მესამე მხარის სერვისებს.
რა არის ARC-20?
BRC-20 ტოკენის სტანდარტის ინსპირაციით შექმნილი ARC-20, რომელიც ეფუძნება Atomicals პროტოკოლს, წარმოადგენს Bitcoin-ის ქსელის ჩანაცვლებადი ტოკენებისთვის (ფერადი მონეტებისთვის) შექმნილ ტოკენის ექსპერიმენტულ სტანდარტს.
თითოეული ARC-20 ტოკენი დაკავშირებულია სულ მცირე ერთი satoshi-ს, Bitcoin-ის უმცირესი ერთეულის ღირებულებასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ARC-20 ტოკენის ღირებულება არ შეიძლება იყოს 1 satoshi-ზე ნაკლები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა მსგავს ტოკენებზე, ამიტომ სანამ გარისკავთ, მნიშვნელოვანია თავად ჩაატაროთ მოკვლევა.
უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ოფიციალური ARC-20 ტოკენები. ყველა მათგანი შექმნილია საზოგადოების მიერ და დამოუკიდებლად არის გამოშვებული Atomicals პროტოკოლის გუნდის მიერ.
როგორ მუშაობს ARC-20 ტოკენები?
ციფრული მფლობელობის მტკიცებულების წარმოსადგენად ARC-20 ტოკენები იყენებს satoshi-ებს. მსგავსი ტოკენები შეიძლება გადაიგზავნოს, გაიყოს ან გაერთიანდეს, სტანდარტული BTC-ის ერთეულების მსგავსად.
ARC-20 ტოკენებში ინტეგრირებულია ტიკერი და დასახელების სერვისი, რაც უზრუნველყოფს თითოეული ტიკერის, სიმბოლოს და დასახელების უნიკალურობას. ვალიდური იქნება მხოლოდ პირველად დამზადებული და დარეგისტრირებული ARC-20 ტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მუდმივად ასოცირდება ამ ტოკენთან და ხელმეორედ მისი გამოყენება ვეღარ მოხდება.
თითოეული ARC-20 აქტივი შეიცავს მისი ტრანზაქციების მთელს ისტორიას, დაწყებული მისი შექმნის მომენტიდან. ის გამორიცხავს ცენტრალიზებული ინდექსირების სერვისის საჭიროებას, რაც გთავაზობთ თითოეული ობიექტის უფრო მეტად გამჭვირვალე და დეცენტრალიზებულ ისტორიას. ციფრული აქტივის მფლობელობასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემების აღმოფხვრით, ეს მახასიათებელი ასევე ხელს უწყობს სისტემის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას.
დეცენტრალიზებული და პირდაპირი დამზადება
დეცენტრალიზებული დამზადება
ARC-20 ტოკენების დამზადება შესაძლებელია ორი ძირითადი მეთოდით: დეცენტრალიზებული და პირდაპირი დამზადების მეთოდით. დეცენტრალიზებული დამზადების მეთოდის შემთხვევაში, ავტორებს შეუძლიათ თავად მიუთითონ პარამეტრები, მაგალითად ტოკენების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა, ჯილდო თითო ტოკენის დამზადებისთვის და დამზადების პირობები. თუმცა მათი განაწილების პროცესი დეცენტრალიზებულია. ნებისმიერს შეუძლია ტოკენების დამზადება ავტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად.
პირდაპირი დამზადება
პირდაპირი დამზადება გულისხმობს ერთი ტრანზაქციის მონაცემების შექმნას, რომელიც შეიცავს ტოკენის მთელს მარაგს. ეს მიდგომა ავტორებს აძლევს ტოკენების მთელი მარაგის სრული კონტროლის შესაძლებლობას, თუმცა ეს საჭიროებს შესაქმნელი ტოკენების მარაგის ეკვივალენტი რაოდენობის satoshi-ს გამოყენებას პროექტისთვის. პირდაპირი დამზადების მეთოდის გამოყენებისას, ავტორებს უწევთ პროექტში გარკვეული რაოდენობის satoshi-ს ინვესტირება, რაც ზრდის ამ პროექტის სანდოობას და ამცირებს თაღლითობის ან rug-pull-ის რისკებს.
Atomicals-ის გამოყენების გზები
Atomicals პროტოკოლს მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უამრავ სფეროში, რომელთა შორისაა:
მედია, ციფრული საკოლექციო ნივთები და ხელოვნების ნიმუშები
Peer-to-peer ბირჟები და ატომური სვოპები
გეიმინგის აქტივები
ვებ-ჰოსტინგი და მონაცემთა შენახვა
ციფრული იდენტობა და ავთენტიფიკაცია
ვირტუალური მიწის ნაკვეთების და სახელწოდებების რეესტრები
სოციალური მედია, ონლაინ საზოგადოებები და სხვა.
Atomical-ები და ორდინალები
თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ Atomicals პროტოკოლი ძალიან ჰგავს ორდინალების პროტოკოლს, თუმცა Atomicals-ის ოფიციალურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ამ პროტოკოლების ძლიერი მხარეები და დანიშნულება განსხვავებულია და Atomicals პროტოკოლის შექმნის მიზანია ორდინალების და სხვა არსებული პროტოკოლების სრულყოფა.
ძირითად განსხვავებებს შორისაა Atomicals-ის სიმარტივე. ორდინალის შექმნის დროს მასში ინახება მხოლოდ ერთი ფაილი, ხოლო, Atomicals კი იძლევა ტოკენის შექმნის დროს ერთი ან რამდენიმე ფაილის დამატების შესაძლებლობას.
რაც შეეხება მისამართის ფორმატს, ორივე პროტოკოლი იყენებს P2TR (Taproot) მისამართებს, თუმცა Atomicals-ს ესაჭიროება დამზადების და განახლების მისამართები, ხოლო ორდინალებს ესაჭიროება ყველა მომხმარებლის მისამართი, მათ შორის დამზადების და გადარიცხვის მისამართები. Atomicals ასევე გვთავაზობს ინტეგრირებული ტიკერის და დასახელების სერვისს და ეგრეთწოდებულ Realm-ებს NFT-ების სახით, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს დომენის სახელებს და ციფრულ იდენტობებს.
კიდევ ერთი ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ Atomicals პროტოკოლი უზრუნველყოფს მაინერის საკომისიოების არასათანადოდ გამოყენების პრევენციას, რაც წარმოადგენს პროტოკოლის დანიშნულებისამებრ გამოყენების გარანტიას. მისი მარტივი მახასიათებლის წყალობით, გამორიცხულია Atomicals-ის მაინერისთვის საკომისიოს სახით შემთხვევით გაგზავნა. ასევე მარტივია იმის შემოწმება, რომ მფლობელობა სწორ მიმღებ პირს გადაეცა. ამ დროს არ არის საჭირო მესამე მხარის ინდექსერების გამოყენება.
რატომ არის ARC-20 ტოკენები მნიშვნელოვანი
ARC-20 ტოკენები გვთავაზობს ტოკენების ინდექსირების და მართვის სტანდარტიზებულ მიდგომას და ამარტივებს Bitcoin-ის ეკოსისტემაში ციფრული აქტივების შექმნის და გადაგზავნის პროცესს. ARC-20 ტოკენები წარმოადგენს ტოკენიზებულ აქტივების და Bitcoin-ის ადგილობრივი მონეტის დამაკავშირებელ ხიდს და შეუძლია დეცენტრალიზებულ ფინანსებს (DeFi) და აქტივების ტოკენიზაციის მართვის სისტემას შესთავაზოს ახალი შესაძლებლობები.
შეჯამება
Atomicals პროტოკოლები და ARC-20 ტოკენები Bitcoin-ის ბლოკჩეინის საინტერესო დამატებას წარმოადგენს. პოპულარობის ზრდის შემთხვევაში, ARC-20 ტოკენებს აქვს პოტენციალი გავლენა მოახდინოს დეცენტრალიზებული ფინანსების, აქტივების ტოკენიზაციის და ციფრული იდენტობის მართვის სფეროების უამრავ ასპექტზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოვლენილი, ARC-20 ტოკენები გვთავაზობს ინოვაციების ახალ შესაძლებლობებს ციფრული აქტივების სამყაროში.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.